მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 20 

 

1. ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.

 

2. და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა?

 

3. მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ:

 

4. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?

 

5. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?

 

6. ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.

 

7. და მიუგეს: არ ვიცით, საიდან.

 

8. ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

 

9. და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.

 

10. როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს.

 

11. ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.

 

12. და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.

 

13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო.

 

14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.

 

15. ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?

 

16. მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!

 

17. იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?

 

18. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.

 

19. მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.

 

20. და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.

 

21. ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას;

 

22. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?

 

23. ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა:

 

24. მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.

 

25. და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.

 

26. ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.

 

27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:

 

28. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი.

 

29. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.

 

30. მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.

 

31. ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო.

 

32. ბოლოს კი ქალიც მოკვდა.

 

33. მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.

 

34. იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;

 

35. ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;

 

36. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.

 

37. ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს.

 

38. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.

 

39. ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.

 

40. და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.

 

41. უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?

 

42. ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

 

43. ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.

 

44. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?

 

45. ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:

 

46. ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;

 

47. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი.

 

 20