1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.
3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
4. ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:
5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
6. და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.
9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?
10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.
13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.
14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.
15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
16. არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.
17. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18. იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19. მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
21. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
22. და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
23. და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
24. და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი.
25. და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
40. და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას.
41. და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა.
42. რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.
43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.
44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.
45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
47. და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!
49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.
51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!
55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.
56. და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.