1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.
5. მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე.
6. და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
7. და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8. და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.
9. რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
13. და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.
14. და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.
15. და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.
16. ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
17. და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.
18. და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა.
19. და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.
20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!
21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
22. გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა? 23. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
24. არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
25. და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.
26. განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.
27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.
28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.
29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.
30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?
31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.
32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.
33. ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
35. ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
36. და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.
37. და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38. არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39. და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.