წიგნი აღწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას სახარების სინოფსის მიხედვით; მოვლენები აღწერილია ქრონოლოგიურად. ერთვის მცირედი განმარტებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ტექსტის სწორად გასაგებად.
გათვალიწინებულია ახალმოქცეულთა და კათაკმეველთათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს, გაეცნოს სახარების ადაპტირებულ ტექსტს.
უფლის შესვლა იერუსალიმში, ღამე ბეთანიაში
ზეთისხილის მთა, იერუსალიმი, ბეთანია, კვირა, 2 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე, ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომიყვანეთ. ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებს-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და შეეშვნენ ისინი. მიჰგვარეს ვირი და ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ჩოჩორზე შესვეს იგი. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - პალმის ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ (ეს ხალხი პასექის დღესასწაულზე იყო დასასწრებად მოსული). წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. ოსანა მაღალთა შინა! მეუფე ისრაელისა! როდესაც იესო მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! იესოს მოწაფეები პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას. მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. როცა იესომ მოიხილა ტაძარი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. (მათე 21, 1-11//მარკოზი 11, 1-11//ლუკა 19, 29-44//იოანე 12, 12-19)
იერუსალიმი, დიდი ორშაბათი, 3 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა (საქმე ისაა, რომ ისრაელში ხარობს ლეღვის საგვიანო ჯიში, რომელიც გაზაფხულზეც კი ინარჩუნებს ფოთლებსა და ნაყოფს. ანუ იესო ხედავდა ლეღვის ხეებს, რომლებიც უფოთლო და უნაყოფო იყო, რადგან ჯერ გაზაფხული იწყებოდა. აქ კი იდგა საგვიანო ჯიში, რომელზეც ფოთლებია და წესით, ნაყოფიც უნდა ყოფილიყო. იესომ ამ ხის შერისხვით აჩვენა, რომ ურწმუნო და უნაყოფო სულები ისეთივე მიუღებელია ღმერთისთვის, როგორც უნაყოფო ხე.). მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გაეტან-გამოეტანათ ტაძარში. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ; და ეძებდნენ ხერხს მის მოსაკლავად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ერს უკვირდა მისი მოძღვრება. მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან ყველა მონუსხულივით უსმენდა მას. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! განრისხდნენ. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება? მიატოვა ისინი, შებინდებისას გამოვიდა ქალაქიდან, გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ (მათე 21, 12-22//მარკოზი 11, 12-24//ლუკა 19, 45-48).
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
კვლავ მივიდნენ იერუსალიმში. როცა იესო ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად. და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა? მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას: ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. და მიუგეს: არ ვიცით, საიდან. ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას (მათე 21, 23-27//მარკოზი 11, 27-33//ლუკა 20, 1-8).
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში. ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი (მათე 21, 28-32).
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და ხელშეკრულებით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. და როცა რთვლობამ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, ქვაკუთხედად თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. მიატოვეს და გაეცალნენ. (მათე 21, 33-46//მარკოზი 12, 1-12//ლუკა 20, 9-19)
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი (მათე 22, 1-14).
კეისარს - კეისრისა, ღმერთს - ღვთისა
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები, ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი. და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ. ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ (მათე 22, 15-22//მარკოზი 12, 13-17//ლუკა 20, 20-26).
სადუკეველთა კითხვა მიცვალებულთა აღდგომის შესახებ
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან; ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი (რწმენაში გარდაცვლილნი) არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან. ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან. არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის. ხოლო თქვენ დიდად სცდებით. ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება. და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
(მათე 22, 23-30//მარკოზი 12, 18-25//ლუკა 20, 27-40)
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ. და ერთმა მათგანმა, მწიგნობართაგან, რჯულის მცოდნემ, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, ჰკითხა იესოს გამოსაცდელად: მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა; და რომ უნდა შეიყვაროს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის (მათე 22, 34-40//მარკოზი 12, 28-34).
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში და ჰკითხა მათ: რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა. უთხრა მათ იესომ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. ამრიგად, თუ თვით დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ? ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე. დიდძალი ხალხი კი სიამოვნებით უსმენდა მას. (მათე 22, 41-46//მარკოზი 12, 35-37//ლუკა 20, 40ბ-44)
მწიგნობართა და ფარისეველთა მხილება
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს: მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან; მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი! თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. (იესოს არ უარყვია ხორციელი მამების, ასევე სულიერი მამების ასეთად მოხსენიება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ აუკრძალა მოწაფეებს განდიდებისკენ სწრაფვა, რადგან სიტყვები - „მოძღვარი“, „მამა“, „წინამძღვარი“ - უდიდეს პატივისცემის მოთხოვნასა და იერარქობრივ დაყოფას მოითხოვდა) და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს? და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს? რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდეთ სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (მათე 23, 1-39//მარკოზი 12, 38-40//ლუკა 20, 45-47)
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.
მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი (მარკოზი 12, 41-44//ლუკა 21, 1-4).
საყდარი, იერუსალიმი, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გაქვთ ნათელი, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ გაქვთ ნათელი გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა? ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი (იოანე 12, 20-50).
წინასწარმეტყველება იერუსალიმის დანგრევასა და მეორედ მოსვლაზე
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები! ასევე ზოგიერთნი ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო. მიუგო იესომ და თქვა: ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? ყოველივე ეს რომ აღსრულდება? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს. და მრავალს აცდუნებენ. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერცერთი თქვენი მოპირისპირე. რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, წმინდა ადგილზე მდგომს, წამკითხველმა გაიგოს, მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში ანდა შაბათს. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. და მაშინ, მსწრაფლ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ხმაურითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა. (მათე 24, 1-31//მარკოზი 13, 1-27//ლუკა 21, 5-28)
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც, ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ (ასე იმიტომ თქვა, რომ მეორედ მოსვლა არის არა აბსოლიტური დრო, არამედ დამოკიდებულია ადამიანთა სინანულზე. მეორედ მოსვლა დაიწყება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სინანული და სიყვარული თითქმის გაქრება). ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მაშ, ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა (მათე 24, 32-44//მარკოზი 13, 28-36//ლუკა 21, 29-36).
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი (მათე 24, 45-51).
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური.
უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა (მათე 25, 1-13).
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თითოეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. (მათე 25, 14-30).
ზეთისხილის მთა, დიდი სამშაბათი, 4 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი-საუკუნო სიცოცხლეში. (მათე 25, 31-46)
იუდა ისკარიოტელი მოელაპარაკა მღვდელმთავრებს იესოს გაცემაზე
იერუსალიმი, დიდი ოთხშაბათი, 5 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი (უფუარობის, გაუფუებელი პურების დღესასწაული) და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი. მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან იესოს გასაცემად და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და 30 ვერცხლი აღუთქვეს მას. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი. (მათე 26, 1-5; 14-16//მარკოზი 14, 1-2; 10-11//ლუკა 22, 1-6)
ბეთანია და იერუსალიმი, დიდი ხუთშაბათ, 6 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
დადგა პირველი დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი, გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი. ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? და უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისთანავე შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; გაჰყევით იმ სახლამდე, რომელშიც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი? გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ. ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი. (მათე 26, 17-19//მარკოზი 14, 12-16//ლუკა 22, 7-13)
იერუსალიმი, სიონის მიდამო, დიდი ხუთშაბათ, 6 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
როცა მოაწია მწუხრის ჟამმა, მივიდა თორმეტთან ერთად. დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი. რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში. (საქმე ისაა, რომ ებრაული წესებით, სახლში შესვლისას სტუმრებს ფეხები უნდა დაებანათ. ამას სახლის პატრონი, ან ამისთვის გამოყოფილი მსახური აკეთბდა. რადგან დარბაზი ნაქირავები ჰქონდათ, არც სახლის პატრონი ჩანდა სადმე და არც მსახური. ჰოდა მოციქულებიც იმას არკვევდნენ, ვისთვის დაეკისრებინათ ეს საქმე, რა თქმა უნდა, უდიდესი მათ შორის არ გააკეთებდა ამას. ამიტომ მათი ფეხების დაბანა იესოს მოუწია.) ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი. ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური. რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური. თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი (ლუკა 22, 15-30). პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე. სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის, წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა. მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა. მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა. ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო. ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით? თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი. თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას. ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი. ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს (იოანე 13, 1-20). ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო? ხოლო მან პასუხად თქვა: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში. ის გამცემს მე. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს. მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას (იოანე). სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის? იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო. ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე (მათე 26, 21-25 // მარკოზი 14, 18-21 // ლუკა 22, 21-23 // იოანე 13, 21-30). და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად. ხოლო მე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში (მათე 26, 26-29 // მარკოზი 14, 22-25 // ლუკა 22, 19-20). და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები. ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის. მზადა ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც; იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ პეტრე, დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე. და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი. კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი. რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება. მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია (იესომ თქვა „საკმარისია“ ორ მახვილზე არა იმიტომ, რომ ეს იარაღი ეყოფიდათ, არამედ იმიტომ რომ შეაჩერა მოწაფეები და აგრძნობინა, საკმარისია ამაზე საუბარიო). (ლუკა 22, 31-38 // იოანე 13, 36-38).
გამოსათხოვარი საუბარი მოწაფეებთან
იერუსალიმი, სიონის მიდამო, საღამო, დიდი ხუთშაბათ, 6 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
როგორც კი გავიდა იუდა სიმონის ძე (ქალაქ ისკარიოტიდან), იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ. ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე. შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის. ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე (იოანე 13, 31-38). ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. უთხრა მას იუდამ, არაისკარიოტელმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ (იოანე 14). მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი. როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში. ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული. ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ? უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია, არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ (იოანე 15). ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. მაგრამ ეს გითხარით, რათა როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და სასჯელისათთვის: ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. სასჯელისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე დასჯილია. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ: კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ. ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო? ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს. იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ. ქალი შობისს წუხს, ვინაიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას (იოანე 16). ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში (იოანე 17).
ხელმეორე წინასწარმეტყველება პეტრეს მიერ უარყოფისა და სხვა მოციქულების გაფანტვის შესახებ
გეთსიმანიისკენ გზაზე, საღამო, დიდი ხუთშაბათ, 6 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი დაბრკოლდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე. მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე (მათე 26, 30-35//მარკოზი 14, 26-31).
გეთსიმანია, საღამო, დიდი ხუთშაბათ, 6 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ეს რომ თქვა პეტრემ, იესო გამოვიდა და ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები. ისინი კედრონის ხევს გაღმა გავიდნენ, სადაც იყო გეთსიმანიის ბაღი, რომელშიც შევიდნენ. ადგილზე მისვლისთანავე მოწაფეებს: ისხედით მანდ, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ. თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა. მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, პირქვე დაემხო, მუხლმოყრილი ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, ყველაფერი შესაძლებელია შენთვის. თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას. ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ჩემთან ერთად? რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი. მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის. მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში. ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი. (მათე 26, 36-46//მარკოზი 14, 32-42//ლუკა 22, 39-46//იოანე 18, 1)
გეთსიმანია, დიდი პარასკევი, ღამე, 6-დან 7 აპრილზე, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა, ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. სიტყვა არ დაესრულებინა იესოს, რომ მოვიდა იუდა, თანმხლები ხალხით. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ. კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს. მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს? მოყვასო, რისთვის მოსულხარ? როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? მოსულები იესოს მისცვივდნენ, ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც (მაშინდელ ლეგიონში 6000 ჯარისკაცზე მეტი შედიოდა). როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა? მოეშვით, კმარა; შეეხო დაჭრილის ყურს და განკურნა (კვლავ გაამთელა) იგი. ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში მჯდომი, ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე და არ შეგიპყრივართ მე. მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ. მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი. (მათე 26, 47-56 //მარკოზი 14, 43-52//ლუკა 22, 47-53//იოანე 18, 2-12)
იესოს დაკითხვა ანნას (მღვდელმთავრის) სასახლეში
იერუსალიმი, მღვდელმთავარ ანნას სასახლე, დიდი პარასკევი,
ღამე, 6-დან 7 აპრილზე, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. ხოლო მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი. იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა. მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი. ეს რომ თქეა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს? უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ? მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან (იოანე 18, 13-24) (ანნა იყო სხვა წლის მღვდელმთავარი).
იესო სინედრიონის წინაშე კაიაფას სასახლში
იერუსალიმი, ღვდელმთავარ კაიაფას სასახლე, დიდი პარასკევი,
ღამე, 6-დან 7 აპრილზე, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას და სხვა მოწაფე (იოანე). ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე. პეტრე შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა, მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა. ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე, რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია, დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი შუაში ჩადგა და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ? მაგრამ იესო დუმდა, და მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია. მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი დასცინოდნენ, სახეს უფარავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარ-მეტყველე, ქრისტე ვინ დაგარტყა შენ? და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი. (მათე 26, 57-67/მარკოზი 14, 53-65//ლუკა 22, 54; 63-65//იოანე 18, 15-16).
მღვდელმთავარ კაიაფას სასახლე, დიდი პარასკევი,
ღამე, 6-დან 7 აპრილზე, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე (იოანე) ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა. ხოლო მხევალმა მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან კი ყველას წინაშე უარყო და თქვა: დედაკაცო, არ ვიცნობ მას. არ ვიცი, რას ამბობ. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზარეველთან იყო. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო. ცოტა ხნის შემდეგ, ასე, ერთი საათის შემდეგ, იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს. გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო. ასევე მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში? მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა (მათეს 26, 68-75 // მარკოზი 14, 66-72 // ლუკა 22, 55-62 // იოანე 18, 15-18, 25-27).
სინედრიონს გამთენიისას გამოაქვს განაჩენი
იერუსალიმი, ღვდელმთავარ კაიაფას სასახლე, დიდი პარასკევი,
რიჟრაჟი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი; და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ: თუ გეტყვით, არ მერწმუნებით; ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ. ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ. თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ. ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე მოვისმინეთ მაგისი პირით (მათეს 27, 1//მარკოზი 15 1ა//ლუკა 22, 66-71).
იესო პილატე პონტოელთან, პილატე ცდილობს, იესო გაათავისუფლოს
იერუსალიმი, პილატე პონტოელის სასახლე, დიდი პარასკევი,
დილა, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იესო შეკრეს, და კაიაფასგან პრეტორიაში წაიყვანეს, პონტიუს პილატესთან, მთავართან. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტთმოქმედი არ იყოს შენ როდი გადმოგცემდით. დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ? მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, დიდად უკვირდა პილატეს. და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში. მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
(მათეს 27, 2-14///მარკოზი 15, 1ბ-5//ლუკა 23, 1-5//იოანე 18, 28-30)
იერუსალიმი, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო. მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ (ლუკა 23, 6-12).
პილატე ხელმეორედ ცდილობს იესო გაათავისუფლოს
იერუსალიმი, პილატე პონტოელის სასახლე, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ. და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. რადგან ჩვევად ჰქონდა მთავარს, ყოველ დღესასწაულზე უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინა ერთი პატიმარი, რომელსაც სთხოვდა ხალხი. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ. ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე? თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო. ხოლო პილატემ კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ? ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. (საქმე ისაა, რომ ხელის დაბანა არ იყო რომაული წესი, არამედ ებრაული, და ამ კერძო შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ პილატემ პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისრა ებრაელებს, რაკიღა იესო რომაული წესებით უდანაშაულო იყო.) მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი. მაშინ პილატემ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო ჯარისკაცებს გადასცა (მათე 27, 15-26 // მარკოზი 15, 6-15 // ლუკა 23, 13-25 // იოანე 18, 31-40).
იერუსალიმი, პილატე პონტოელის სასახლე, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ჯარსკაცებმა (ორმა) ჯერ გაშოლტეს იესო, შემდეგ კი შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი. ტანთ გახადეს, შემოსეს ძოწეულით, (მეწამული ქლამიდით) დაწნეს ეკლის გვირგვინი (მიტრის ფორმით, ისე რომ ეკლები ყველა მხრიდან ერჭობოდა კანში და თავზე დაადგეს. მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, სახეში ურტყამდნენ მას. აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ (მათეს 27, 26ა-30//მარკოზი 15, 15ბ-19//იოანე 19, 1-3).
პილატე მესამედ ცდილობს, იესო გაათავისუფლოს
იერუსალიმი, პილატე პონტოელის სასახლე, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; (პილატეს უნდოდა ხაზი გაესვა, რომ იესო ისედაც დასჯილია და იმედი ქონდა, ებრაელებს გულს მოულბობდა, მაგრამ უარესი გამოვიდა) ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია, ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც? იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა. ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; (ანუ VI საათი - 09-12 საათი) და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. (იოანე 19, 4-16)
იერუსალიმი, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. დაყარა ვერცნლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ იყიდეს იმით მეთუნის მიწა. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. (მათე 27, 3-10).
იერუსალიმი, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ. გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, მინდვრიდან მომავალი და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი, იესოს კვალდაკვალ (იესოს აღარ შეეძლო მძიმე ჯვრის ტარება, იმდენად იყო დასუსტებული). უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ; რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს? მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ხოლო ებრაულად - გოლგოთა, მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა (მაშინდელ სიკვდილმისჯილებს ასმევდნენ ამგვარ სასმელს, რათა ტკივილები შეემსუბუქებინათ). (მათეს 27, 31-34//მარკოზი 15, 20-23//ლუკა 23, 26-33//იოანე 19, 16ბ-17)
იერუსალიმის გარეუბანი, გოლგოთას მთა, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და როცა ჯვარს აცვეს, მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. (ეს კვართი ამჟამად სვეტიცხოვლის საძირკველშია) წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. (მარკოზი, რომელმაც ახსენა 3 საათი, ეს არის ჩვენი დროით 3 საათი, ანუ ლუკასა და იოანეს ნათქვამი IX საათი რომაული დროით) დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. ხოლო იუდეველთა მღვდელმთავრებმა უთხრეს პილატეს: ნუ დაწერ: იუდეველთა მეფე, არამედ როგორც მან თქვა: მე ვარ მეფე იუდეველთა. მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე.
(მათეს 27, 35-38 // მარკოზი 15, 24-28 // ლუკა 23, 36ბ-38 // იოანე 19, 18-24)
იერუსალიმის გარეუბანი, გოლგოთას მთა, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხალხი კი იდგა და უყურებდა. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. ასევე მათთან ერთად დასცინოდნენ მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად ამბობდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა. დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი. იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე. ხოლო ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში; ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი (ეს მოწაფე იყო იოანე). იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. დაბნელდა მზე. და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო. სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის სახსნელად. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. მყისვე გაიქცა ერთი მეომართაგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე (უსუპზე) წამოაგო და მიაწოდა სასმელად. როდესაც იგემა ძმარი, იესომ ხმამაღლა შეჰღაღადა: აღსრულდა, მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; თავი დახარა და სული განუტევა. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა. საფლავებიდან, გამოვიდნენ, და იესოს აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს. ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეები, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი. იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიღან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობის და იოსებისა, და სალომე ზებედეს ძეთა დედა, და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს. სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
(მათე 27, 39-49 // მარკოზი 15, 29-36 //ლუკა 23, 35-45//იოანე 19, 25-29)
იერუსალიმის გარეუბანი, დიდი პარასკევი, 7 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო და აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ. ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება. ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს. მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, - მოვიდა იოსებ არიმათიელი, (ქალაქ არიმათეის მკვიდრი) მრჩეველთა კეთილშობილი და წარჩინებული წევრი, კაცი კეთილი და სამართლიანი, მდიდარი, რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა,) თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა? და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, მოვიდა ნიკოდემოსი (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. იესო სამარხში დაასვენეს, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდეს სამარხის კარს. ასე გააკეთეს, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი. უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს (მათე 27, 57-61 // მარკოზი 15, 42-47 //ლუკა 23, 50 -56//იოანე 19, 31-42).
ფარისეველები იესოს სამარხთან დაცვას აყენებენ
იერუსალიმის გარეუბანი, დიდი შაბათი, 8 აპრილი, 30-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. მაშ, ბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება. უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ. ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს (ეს იყო რომაული დაცვა). (მათე 27, 62-66)