წიგნი აღწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას სახარების სინოფსის მიხედვით; მოვლენები აღწერილია ქრონოლოგიურად. ერთვის მცირედი განმარტებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ტექსტის სწორად გასაგებად.
გათვალიწინებულია ახალმოქცეულთა და კათაკმეველთათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს, გაეცნოს სახარების ადაპტირებულ ტექსტს.
ბეთლემი, მე-5 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ ქვეყანას ხორციელად მოევლინა იუდეაში, ქალაქ ბეთლემში 25 დეკემბერს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 წელს (საქმე ისაა, რომ დიონისე მცირე (VI ს.), რომელმაც ახლანდელი წელთაღრიცხვა შემოიღო, გაანგარიშებებში რამდენიმე წლით შეცდა). გამზრდელი „მამა“ იყო იოსები, ხურო (ხის სპეციალისტი), დედა კი - ქალწული მარიამი. იესო ქრისტე სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისგან დაიბადა. იოსებს ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი ცოლი, მარიამი სულიწმიდისგან დაორსულდებოდა და იესოს დაარქმევდნენ. (იესო არის ებრაული სიტყვა (იეშუა) და ნიშნავს მაცხოვარს, გადამრჩენელს. ქრისტე ნიშნავს მირონცხებულს, ანუ მესიას (მესია ებრაული ისტყვაა). ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს).
ამ დროს რომაელებმა ისრაელში აღწერა მოაწყეს. ყველა უნდა ჩასულიყო იმ ქალაქში, საიდანაც გვარად იყო და აღწერილიყო. იოსები, თავისი ცოლით, მარიამით ჩავიდა გალილეიდან, ნაზარეთიდან იუდეაში, ბეთლემში, დავითის ქალაქში, რადგან წარმომავლობით იქიდან იყვნენ. სწორედ აქ იშვა იესო ქრისტე, გამოქვაბულში გაკეთებულ ბაგაში, რადგან მისმა მშობლებმა სასტუმროში ადგილი ვერ იშოვეს.
იესოს დაბადება პირველად მწყემსებს ეუწყათ
ბეთლემის შემოგარენი, მე-5 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და დიდად შეშინდნენ. ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში“ (ლუკა 2, 10-12). ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2, 14). როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“ (ლუკა 2, 15). სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლიარე ყრმა. ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ. ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი. ხოლო მარიამი თითოეულ მათ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში იმარხავდა.
მწყემსები გაბრუნდნენ და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.
(ბეთლემი ებრაულად ნიშნავს პურის სახლს. მწყემსებს კი იმიტომ ეუწყათ პირველად, რომ ეს ხალხი ყველაზე უბრალო და თავმდაბალი იყო იმ შემოგარენში). (ლუკა 2, 8-20)
ბეთლემის შემოგარენი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
როდესაც მაცხოვარი რვა დღისა გახდა, წინადაცვითეს ებრაელთა კანონების თანახმად და უწოდეს იესო (ლუკა 2, 21).
იერუსალიმი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
როცა, მოსეს სჯულის მიხედვით (40 დღე), მათი განწმენდის დღეები გასრულდა, იესო იერუსალიმში უფლის წინაშე წარსადგენად აიყვანეს და ყველა წესი შეასრულეს.
ამ დროს იერუსლიმში იყო სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში. მას ანგელოზმა აღუთქვა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ უფლის ცხებულს არ იხილავდა. (სიმონი პტოლომეოს II ფილადელფოსის (285-246 ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეგვიპტის ფარაონის დროს, შედიოდა იმ 72 ებრაელი ბრძენკაცის სიაში, რომელთაც თარგმნეს ძველი აღთქმის წიგნები ალექსანდრიის ბიბლიოთეკისთვის ეგვიპტეში. ეს თარგმანი შესრულდა III-II საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მას, სხვათა შორის, სათარგმნელად შეხვდა ის ადგილი, სადაც აღწერილი იყო იესოს შობა ქალწულისგან. სიმონს უნდოდა ეს ადგილი ეთარგმნა, როგორც „ახალგაზრდა ქალი“. სიმონი შეაჩერა ანგელოზმა, რომელმაც უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ იესოს არ იხილავდა. გამოდის რომ იესოს შობისას სიმონი 300 მეტი წლის იყო). იგი ტაძარში მაშინ შევიდა, როცა ყრმა იესო შეიყვანეს. სიმონმა ღმერთი ადიდა და ყრმა აკურთხა. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი და მანაც დაადასტურა იესოს უფლისძეობა. (ლუკა 2, 22-38)
ბეთლემი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
ამის შემდეგ, იმავე წელს (და არა უშუალოდ დაბადებისას, სადღაც 2 წელზე ნაკლებ დროში) მოვიდნენ მოგვები იერუსალიმში აღმოსავლეთიდან და თქვეს: „სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“. (მათე 2, 2) (მოგვები იყვნენ აღმოსავლეთელი ბრძენები, იცოდნენ მრავალი მეცნიერება, მათ შორის ასტრონომია).
ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა ჰეროდე და მასთან მთელი იერუსალიმი (ჰეროდეს საშინლად ეშინოდა ყველასი, ვისაც ოდნავადაც კი შეეეძლო მისთვის მეფობაში შეცილება და ყველას ანადგურებდა, ჩვილებსაც კი). „მეფემ შეკრიბა მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე. მათ კი უპასუხეს: „იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ: „და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს“ (მათე 2, 5-6).
მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოიკითხა. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: „წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვსცე მას“ (მათე 2, 8).
ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს არ დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. (ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ გახლდათ, რომელიც ცაზე მოჩანს, არამედ ხილულად მოძრაობდა დღისით მოგვებთან ერთად და როცა მოგვები ისვენებდნენ, ჩერდებოდა. ამავე დროს, ვარსკვლავი მოძრაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, საიდანაც მოდიოდნენ მოგვები სამხრეთში, სადაც იერუსალიმი მდებარეობს. არც ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავი ამ ტრაექტორიით არ მოძრაობს).
ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. როდესაც შევიდნენ სახლში (და არა ბაგაში), იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. (ოქრო, როგორც მეფობის, ძალაუფლების მქონეს, გუნდრუკი - საკმეველი, როგორც ღმერთს და მური - მირონის სახეობა, როგორც მოკვდავ ადამიანს. მირონი კეთდებოდა, როგორც სურნელოვანი ნელსაცხებელი, რომელიც ცხედარს გახრწნისგან იცავდა) და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. (მათე 2, 1-12) (ისინი სამნი იყვნენ (მათ ერქვათ ბაღდასარ (ბალთასარი), გასპარ (კასპერი) მელქონ (მელქიორი))
ბეთლემიდან ეგვიპტეში, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
როცა მოგვები წავიდნენ, სიზმარში იოსებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი“ (მათე 2, 13).
იოსებიც მაშინვე ადგა, ყრმა იესო და დედამისი მარიამი წაიყვანა ეგვიპტეს. ისინი იქ იყვნენ ჰეროდეს სიკვდილამდე. (მათე 2, 13-15)
ბეთლემი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
როცა ჰეროდემ ნახა, რომ მოგვებმა გააწბილეს, ბეთლემში და მის სანახებში გააგზავნა და მოაკვლევინა ყველა ყრმა 2 წლამდე ასაკის, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია (მას უნდოდა იესო მოეკლა). (მათე 2, 16-18)
იესოსა და მისი მშობლების ეგვიპტიდან ნაზარეთში გადმოსახლება
ისრაელი, გალილეა, ნაზარეთი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსებს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს. (მათე 2, 20) ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს. დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო. (მათე 2, 19-23 // ლუკა 2, 39)
იესოს ბავშვობა, იერუსალიმში ასვლა 12 წლის ასაკში
ისრაელი, გაგლილეა, ნაზარეთი, მე-4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე - 8 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე.
მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე და იესოც თან დაჰყავდათ (დღესასწაულზე მთელი ებრაელობა იკრიბებოდა, იყვნენ ებრაული დიასპორის წარმოგზავნილები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. ისტორიკოსების თქმით. 2 მილიონამდე კაცი იკრიბებოდა და დღესასწაული 8 დღეს გრძელდებოდა).
როდესაც იესო თორმეტი წლისა გახდა, მაშინაც ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ. დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, იესო ტაძარში დარჩა. მშობლებმა კი მისი ჩამოშორება ვერ შეამჩნიეს. ერთი დღის სავალი რომ გაიარეს, მერეღა დაინახეს მშობლებმა, რომ მათი შვილი არც ნათესავებს და არც ახლობლებს შორის არ იყო. რომ ვერ იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვრებს შორის მჯდომარე. ყველა მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი.
ამის დანახვამ ისინი გააოცა, გაუკვირდათ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ (ლუკა 2, 48). უთხრა მათ: „მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?“ (ლუკა 2, 49). მაგრამ მსმენელებმა ნათქვამი ვერ გაიგეს. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმიტომ კი არ ეძებდნენ იესოს, რომ არ დაკარგულიყო (იესომ ეს სამყარო მათზე კარგად იცოდა) არამედ იმიტომ, რომ თვითონ არ დაკარგულიყვნენ იესოს გარეშე ამ სამყაროში).
წაჰყვა მათ და მივიდნენ ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე. 30 წლამდე იესო მშობლებს ეხმარებოდა. სავარაუდოდ, მამამისივით ისიც ხუროს პროფესიას დაეუფლა. (ლუკა 2, 40-52)