წიგნი აღწერს იესო ქრისტეს ცხოვრებას სახარების სინოფსის მიხედვით; მოვლენები აღწერილია ქრონოლოგიურად. ერთვის მცირედი განმარტებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ტექსტის სწორად გასაგებად.
გათვალიწინებულია ახალმოქცეულთა და კათაკმეველთათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს, გაეცნოს სახარების ადაპტირებულ ტექსტს.
იესო ქრისტე იერუსალიმში მე-2 პასექზე
იესრუსალიმი, აპრილი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იმავე წლის აპრილში (28-ე წელი) იესო ავიდა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ამღვრევას. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ამღვრევისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: „გინდა განიკურნო?“ სნეულმა მიუგო: „უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ამღვრევისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“. და უთხრა იესომ: „აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი“. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ის დღე შაბათი იყო. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: „დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი“. მან კი მიუგო: „ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი“. ჰკითხეს: „ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: „აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს“. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს. ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: „მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი“. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს, რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად. ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს. რადგანაც მამა არავის სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა. რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ. დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის? ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს? (იოანე 5, 1-47). (ღმერთი სიყვარულია. ეს ვერ გაიგეს იუდეველებმა და, სამწუხაროდ, XXI საუკუნეშიც არ ესმის ბევრ ქრისტიანს. ამიტომ გარეგანი რელიგიური წესების ზედმიწევნით შესრულებაში დაიკარგა მთავარი: გულისმიერება!!! ანუ იცავენ რა კანონის სიტყვას (არიან აღმსარებელნი, მაზიარებელნი და წიგნებსაც ბეჭდავენ ქრისტიანობის თემებზე, არ ასრულებენ კანონის სულს და არც იესოს მთავარ მცნებას: შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ)
გალილეისკენ გზაზე, ზაფხულის დასაწყისი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ამის შემდეგ, დაახლოებით ზაფხულის დასაწყისში, შაბათ დღეს. იესო მიდიოდა გალილეისკენ და გზად გადიარა მწიფე ყანებზე მოწაფეებთან ერთად. მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა. ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. ხოლო იესომ უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? როგორ მევიდა ღმერთის სახლში აბიათარის მღვდელმთავრობისას და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უბრალოთ. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“. და უთხრა მათ: „შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის“. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. (მათე 12, 1-8 // მარკოზი 2, 23-28 // ლუკა 6, 1-5). (ებრაული კანონებით შეიძლებოდა, მშიერ ადამიანს სხვის ყანაში ხორბალი ხელით მოეკრიფა და ეჭამა, ეს ქურდობად არ ითვლებოდა. არ შეეძლო მხოლოდ თან წაღება, ან ხორბლის რაიმე იარაღით მოკრეფა. ამიტომ ფარისევლებს ამაზე არც გაუმახვილებიათ ყურადღება. მათ არ ესმოდათ, რომ შაბათი დასასვენებლად შეიქმნა და ამ დღეს სიკეთის კეთება და მოწყალება შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა მხოლოდ ისეთი საქმიანობა, დღეს ბიზნესს რომ უწოდებენ).
ხელგამხმარი კაცის კურნება შაბათს
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
წამოვიდა იქიდან იესო და მეორე შაბათს შევიდა კაპერნაუმის სინაგოგაში. იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს იესო, ბრალდების საბაბი რომ ეპოვათ მისთვის. და ჰკითხეს მაცხოვარს, რათა ბრალი დაედოთ: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს? იესომ იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „ადექი და შუაში გამოდი“ ისიც ადგა და გამოვიდა. და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას? ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა. თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა?“ ხოლო ისინი დუმდნენ. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „აბა გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე. ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო. (მათე 12, 9-14ა) // (მარკოზი 3, 1-6) // (ლუკა 6, 6-11) (ეს მეორე შემთხვევაა, როცა იესო ავლენს მრისხანებას, მაგრამ შეხედეთ: ორივე შემთხვევაში არ ჩხუბობს და არ ყვირის. მისი მრისხანება სამართლიანია და სიყვარულითაა გამოწვეული. აიღეთ მაგალითი მისგან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამართლიანი მრისხანება ნებადართულია მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისას; ანუ ჯარისკაცების სამსახური არ უარყვია არც იოანეს ნათლისმცემელს, არც იესოს. ყველამ, ილაპარაკეთ ქართულად და ნუ დაანაგვიანებთ მას უცხო სიტყვებით, იყავით სამაგალითო ქრისტიანები და სხვები თქვენ გამო აღარ შევლენ სექტებში, დაიცავით თქვენი მიწა-წყალი და მასზე მცხოვრები ქართველი და აღარ იქნებით უმცირესობაში თქვენსავე ქვეყანაში).
კაპერნაუმის მახლობლად, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. მაგრამ იესომ გაიგო ეს (გულისხმაჰყო, მიხვდა) და მოწაფეებითურთ ვაკეზე, ზღვის პირას (იგულისხმება გალილეის ტბა) გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტვიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. ისე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. ყველა განიკურნა, მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს. და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს. (მათე 12, 14ბ-21 // მარკოზი 3, 7-12 // ლუკა 6, 17ბ-19).
კაპერნაუმის მახლობლად, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, ვინც თვითონ სურდა; რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი. მოციქულები უწოდა და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია:
1. პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე;
2. ანდრია, პეტრეს ძმა (პირველწოდებული);
3. იაკობ ზებედეს ძე (მათ იესომ უწოდა „ბანერგეს“, რაც
4. იოანე ზებედეს ძე ნიშნავს „ქუხილის ძენი“);
5. ფილიპე;
6. ნათანაილი, რომელსაც ბართლომეს უწოდებდნენ, როგორც თოლომეს შვილს, (ბარ+თოლომე);
7. თომა;
8. მათე მეზვერე;
9. იაკობ ალფეს ძე;
10. ლებეოს, რომელს ეწოდა თადეოსი (ანუ იუდა იაკობისი);
11. სიმონ კანანელი, ზილოტი, (ანუ ზილოტთა - „მოშურნეთა“ რელიგიური პარტის მიმდევარი, შემდგომ ქადაგებისას დაიღუპა და დასაფლავებულია საქართველოში, აფხაზეთში, კომანში);
12. იუდა სიმონის ძე ისკარიოტელი, რომელმაც გასცა ქრისტე.
(მათე 10, 2-4 // მარკოზი 3, 13-19 // ლუკა 6, 12-17). (იუდა იყო ისკარიოტიდან, მისი თვითმკვლელობის შემდეგ მის მაგივრად ამოირჩიეს მატათა. მატათა კი აჭარაშია დასაფლავებული, გონიოში).
კაპერნაუმის მახლობლად, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იხილა იესომ ერი იგი, მრავალი ადამიანი მის მოსასმენად მოსული, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. (მთაზე იმიტომ, რომ აქ ამოვიდნენ ისინი, ვისაც მართლა უნდოდა მისი მოსმენა, ხოლო ვინც გულგრილი იყო, დაეზარა და არ ამოვიდა). განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
(ანუ ისინი, ვინც თავმდაბალია, გრძნობს თავის ნაკლოვანებებს; ვინც ამქვეყნიურ სიკეთეებს არ მიეჯაჭვა)
მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
(თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, მაგრამ ცხადია, რომ თუ მდიდარმა სიმდიდრე ქველმოქედებაში არ დახარჯა და მოწყალე არ გახდა, მისი სიმდიდრე არას არგებს. ამ კერძო შემთხვევაში მდიდრები იმდენად მდიდრები არიან, რომ უკვე მეტი აღარ შეიძლება და მიიღეს ნუგეში. ამგვარ სიმდიდრეს კი ვერავინ შეაგროვებს თუ არა სიხარბის, სიძუნწისა და სხვათა ჩაგვრის ხარჯზე. სწორედ ამგვარ „ზემდიდრებს“ აფრთხილებს იესო. გაიხსენეთ ქართველი დიდებულები და მდიდრები, რომელთა სრა-სასახლეები არ შემოგვრჩა, რადგან არ ჰქონდათ ამგვარი, მაგრამ მათი აშენებული რელიგიური, სამხედრო, სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები ახლაც მნიშვნელოვანია, ხელოვნების ნიმუშებზე რომ არაფერი ვთქვათ)
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
(ანუ ისინი, ვინც საკუთარ ცოდვებს გლოვობს, გამოსწორებას ცდილობს და არა ისინი, ვინც წლობით არ იხდის სამგლოვიარო ტანსაცმელს)
ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;
(იესოს დროს ისრაელი დამონებული იყო რომის იმპერიის მიერ, ყველა აქედან გამომავალი შედეგებით. ანუ ისინი, ვინც მხიარულ გუნებაზე იყო:
1. არც სამშობლოს ბედი აწუხებდა;
2. არც თავის ცოდვებს გლოვობდა;
3. არც სხვის უბედურებას თანაუგრძნობდა.
ასეთ გულქვა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი სიამოვნება და გართობა აინტერესებდათ, ამგვარი პიროვნებების ბედი ლუკას სახარებაშია აღწერილი (ლუკა 12, 13-21 // ლუკა 16, 19-21)
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
(ასეთები იხარებენ ორთავ სოფელსა შინა).
(ანუ ის, ვინც მშვიდია, თავმდაბალი და მრისხანებს მხოლოდ სიწმინდეების დასაცავად, როგორიცაა მამული, ენა, სარწმუნოება; სხვა ყველაფერზე კი, მშვიდია. სრულიად მშვიდი მხოლოდ სულიერად ავადმყოფია. თვით ქრისტეც კი მრისხანედ მოექცა ტაძარში მყოფ გამყიდველებს, თუმცა ისინი საეკლესიო საქონელს ყიდიდნენ).
ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
(ანუ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას და აქედან გამომდინარე სრულყოფას ეძებს)
ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით;
(ანუ, ყველაფრით უზრუნველ და მაძღარ ადამიანს:
1. ან ჭეშმარიტება არ სჭირდება და არც ეძებს, რაც უკვე ცუდია,
2. ან მხოლოდ მუცელზეა მიჯაჭვული და მისი სული აუცილებლად დაიმშევა).
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
(ანუ თქვენმა მოწყალებებმა შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სული. უფალი ყველაზე მეტს მოწყალებაზე ქადაგებს: ესწრაფეთ, თქვენი სიკეთის შესახებ არავინ გაიგოს: „როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად“. (მათე 6, 2-4). ასევე უფალმა ბრძანა „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“, (მათე 9, 13) ანუ ის, რაც თქვენი გულიდან გამოდის.
“ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური“ (მათე 10, 40-42).
ასევე მეორედ მოსვლისას, როცა განარჩევს მართალთა და მცდართა უფალი იესო ქრისტე ეტყვის მათ:
“მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“. (მათე 25, 34-46). ამით იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, რომ ყოველივე, რასაც გავცემთ, არ გვეკარგება, არამედ იესო ქრისტესთან აღირაცხება.
“ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი (მღილი ესაა ჩრჩილი, ანუ საზოგადოდ ყველაფრის, რაც ლითონი არაა, იმის მავნებელი, ლითონებს კი ჟანგი აზიანებს) ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.“ (მათე 6, 19-21)
მაინც რითი უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ხომ ჩვენ თვითონაც არა გვაბადია, იკითხავს ვინმე. მაგრამ არის ის, რისი მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია. ეს არის თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი (ზეციური ანუ ღმერთი ლუკა 6, 36). ასე რომ ესწრაფეთ, საყვარელნო წყალობის კეთებას როგორც ცოცხლებისთვის, ასევე მიცვალებულთათვისაც. კარგი, იკითხავს ზოგი, ვთქვათ ცოცხალთათვის წყალობის მიცემა კარგია, მაგრამ მიცვალებულს როგორღა უნდა შევეწიოთ?
რა თქმა უნდა სულის ცხონება მთლიანად უფლის ნებაა, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ლოცვა შეეწევა მიცვალებულს. ამ დროს უფლის უსაზღვრო წყალობას გამოვითხოვთ გარდაცვალებულისათვის. სასურველია ახლობლებმა გააკეთონ საკურთხი და გადაიხადონ ეკლესიაში პანაშვიდი გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის, თუ ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას, საეკლესიო დღესასწაულებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად. (გარდაცვალებულისთვის საკურთხეველში აგზავნიან სეფისკვერს და ფურცელს მიცვალებულის ან მიცვალებულების სახელებით). განსაკუთრებულ შემთხვევაში მოძღვართან პირადი შეთანხმებით შესაძლებელია მიცვალებულის ბარძიმთან მოხსენიებაც.
შვიდი ხორციელი მოწყალება | შვიდი სულიერი მოწყალება |
1. მშიერთა დაპურება | 1. ცოდვილთა მოქცევა |
2. მწყურვალთათვის დალევინება | 2. უცოდინართა სწავლება |
3. უპოვართა შემოსვა | 3. დაბრკოლებაში დახმარება |
4. უცხოთა შეწყნარება | 4. მწუხარეთა ნუგეშისცემა |
5. სნეულთა მოკითხვა | 5. უსამართლობის ატანა |
6. პატიმართა მონახულება | 6. შემცოდეთა პატიება |
7. მიცვალებულთა დამარხვა | 7. ღვთისადმი ლოცვა ადამიანების საცხოვნებლად |
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
(ანუ იმდენად სპეტაკნი, რომ მათ გულში ავხორცული აზრებიც კი ვერ ჩერდება)
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
(ანუ ისინი, ვინც თვითონაა მშვიდი და სხვასაც ამშვიდებს, ასევე მოციქულნი, რომელნიც ადამიანებს ღვთის რჯულზე მოაქცევენ)
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
(ყველანაირი დევნილნი, სისხლის სამართლით დევნილების გარდა, ანუ ქურდების, „ძველი ბიჭების“ და მათი მომდევრების გარდა)
ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
(ანუ ისინი, ვინც იტანენ ყოველგვარ უბედურებას ქრისტეს მტრებისგან და ქრისტეს მცნებების აღსრულებისთვის)
ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.
(ადამიანები უნდა ეძებდნენ ცათა სასუფეველს და მის დიდებას, რაც ღმერთისაგანაა და არა ადამიანების პირფერულ და დროებით დიდებას, რაც ეშმაკისგანაა) (მათე 5, 1-12 // ლუკა 6, 20-26)
თქვენა ხართ მარილი მიწისა. ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად. გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
(მარილს აქვს თვისებები:
1. აგემრიელებს საკვებს;
2. ინახავს გაფუჭებისგან;
3. აშრობს (მრეწველობაში მარილი გამოიყენება სხვადასხვა მიზნით)
4. ზამთარში გზებზე ყრიან, რომ არ მოსრიალდეს ვინმე,
5. მარილი გამოიყენება ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა დარგებში.
ადამიანი კი უნდა იყოს ცხოვრების „გამაგემრიელებელი“, არ უნდა იყოს „უგემური“, „უმარილო“ ვერაფერში რომ ვერ გამოიყენებ, ისეთი). (მათე 5, 13 // მარკოზი 9, 49-50 // ლუკა 14, 34-35)
თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი და შინ მყოფნი ხედავდნენ ნათელს; დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. (ანუ იყავით იესოს ღირსეული მიმდევრები) (მათე 5, 14-16 // მარკოზი 4, 21 // ლუკა 8, 16 და 11,33)
ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში. რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. (მათე 5, 17-20 // ლუკა 16, 17)
(ანუ, ვინც თვითონ აღასრულებს და ასწავლის, დიდი ჯილდო მიეცემა, ხოლო ის, ვინც არ აღასრულებს და სხვას ასწავლის, დიდი დასჯა მოელის. რადგან თუ ადამიანს გზა არ შეუსწავლია, სხვას როგორღა ასწავლის? და თუ ის სხვა გადაიჩეხა, ვისი ბრალი იქნება? ასევე, ვინც აღასრულებს, სხვასაც ასწავლოს, რათა მადლი გამრავლდეს)
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ (უმიზეზოდ ვმრისხანებთ ქონების, პატივისა და საკუთარი თავის შურისძიების გამო) ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უპატივცემულობის გამომხატველი სიტყვა. იესო საერთოდ კრძალავს ბილწსიტყვაობას, დავით აღმაშენებელი კი უზრდელს ვირზე უკუღმა სვამდა და ქალაქში შემოატარებდა ყველას დასაცინად), სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. (გეენა ეწოდებოდა ადგილს, სადაც იდგა წარმართული კერპი (მოლოქის კერპი). ეს კერპი შიგნიდან ინთებოდა და ლითონის სხეული ვარვარებოდა. კერპს ჰქონდა წინ გაშვერილი ხელები, რომლებშიც ებრაელები აწვენდნენ ბავშვებს. ისმოდა ბავშვების და მათი მშობლების საშინელი წივილ-კივილი და გოდება. ამ ხმის ჩასახშობად ებრაელები ხმაურს ტეხდნენ ყველა საშუალებით, რათა გადაეფარათ. როცა ებრაელები ჭეშმარიტ რწმენას დაუბრუნდნენ, ისე შესძულდათ ის ადგილი, რომ იქ ყრიდნენ ყველა სიბინძურეს, უპატრონო მკვდრებს. იქ ისეთი მყრალი სუნი იდგა, რომ მოგიზგიზე ცეცხლიც კი ბოლომდე ვერ ახშობდა. ამისთანა საშინელ ადგილად დაუსახა იესომ ებრაელებს ჯოჯოხეთი). ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგახართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს. (კოდრანტის გაღება ნიშნავს უკანასკნელი ფულის გადახდას. სხვა აზრით, არ დაიტოვოთ ადამიანი ზავის შეთავაზების გარეშე, თორემ შეიძლება, ამ ცოდვამ სამოთხეში არ შეგიშვათ. ამიტომაა დადგენილი პანაშვიდები, რომ ყველა მიმსვლელმა მიუტევოს მიცვალებულს შეცოდებები და არა იმიტომ, რომ ჭირისუფალს თანაუგძნოს, როგორც ახლაა მანკიერად დადგენილი) (მათე 5, 21-26 // ლუკა 12, 58-59)
თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. (ანუ საშუალება არ არის. შესაძლებელი რომ ყოფილიყო თუ იმრუშებდი? ასევე ქალებიც მოტკეცილი და მოღიაღებული ტანსაცმლით რომ დადიან, აცდუნებენ კაცებს და ცოდვაში ეთვლებად. მრუშობა არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საშუალება არ იყო) თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. (აქ ლაპარაკია ადამიანებზე. ხომ გსმენიათ გამოთქმა „ჩემი მარჯვენა ხელი“, „თვალის ჩინი“, „შეუცვლელი“. ჰოდა თუ ასეთი ახლობელი ადამიანი გაცდუნებს, ჯობს დაშორდე, რომ დიდ უბედურებაში არ გაგხვიოს როგორც აქ, ისე იქ) ესეც თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს. (აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მამაკაცი უნდა იყოს ღირსეული და არ დაშორდეს ცოლს, ღალატის მიზეზის გარეშე. ვინც ამნაირ მოღალატე ქალს შეირთავს, ისიც სცოდავს) (მათე 5, 27-30. და 18, 8-9, და 5, 31-32// მარკოზი 9, 43-48 //ლუკა 16, 18)
კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება. არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია. (ეშმაკისგანაა) (მათე 5, 33-37)
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც. ანდა თუ ვინმე გაიძულებს, ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ. ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ. (მათე 5, 38-42 //ლუკა 6, 29-30)
(აქ ლაპარაკია პირად ურთიერთობებზე. რამდენჯერ ყოფლია შემთხვევა, ხუთ წუთს მომიცადეო და მთელი საათი გიცდიათ? სადღაც უნდა წასულიყავით და მთელი ქალაქი შემოირბინეთ იმ საქმის გადამკიდე. ხელის გარტყმაზე კი შეიძლება ვთქვათ, რომ ასე პირდაპირ მხოლოდ გიჟი ირტყმევინება, რომელსაც ჯობია, არ გაეპასუხო. ჩვეულებრივ კი საქმე დარტყმამდე არ უნდა მიიყვანო, მანამდე უნდა მოაგვარო. საქვეყნო საქმეში კი სამხედრო საქმე ერთვება, რომელიც არ უარყვია იესოს)
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა. (აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ მოვექცეთ ჩვენს პირად მტერს. ებრაელებს უყვარდათ მხოლოდ ებრაელები და ყველა სხვა მათთვის მტერი იყო. იესომ ეს მცნება გააფართოვა და ყველა ადამიანის სიყვარული მოითხოვა. ხოლო ლოცვა მოითხოვა იმ აზრით, რომ იქნებ თქვენი ლოცვით მტერიც მოყვარე გახდეს, რა იცით თქვენ). (მათე 5, 43-48 //ლუკა 6, 27-36)
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. (მათე 6, 1-4)
ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
(მათე 6, 5-15 // ლუკა 11, 2-4 // მარკოზი 11, 25-26)
(პურის ქვეშ იგულისხმება საკვები, აუცილებელი სიცოცხლისათვის და არა „გამოსკდომისათვის“ როგორც ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა. თანაც პური ყველგან არ მოდის, მაგალითად ციმბირში, აფრიკის ზოგიერთ მხარეში და ა.შ. ამიტომ მათთვის „პური“ არის ის, რაც ძირითადი საკვებია მათთვის).
და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. (აღმოსავლეთში წესად ჰქონდათ, სურნელოვანი ნელსაცხებელი წაესვათ თავზე, რომელიც აორთქლებისას თავს იცავდა მზის დარტყმისგან, სურნელებას აფრქვევდა და სიხარულის ნიშნად იყო მიჩნეული. ეს ფრაზა ნიშანავს, რომ ნელსაცხებლები ზომიერად უნდა ვიხმაროთ. და რას ნიშნავს მარხვა? არა იმდენად საკვებისაგან თავშეკავებას, რამდენადაც- ცოდვებისგან.) (მათე 6, 16-18)
ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთ ქისები და ულევი საუნჯე ცაში, ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. (ეს არის მოწოდება ზეციური საუნჯისადმი, ზეციური „ბანკისადმი“, სადაც სიკეთე სრულად აღირაცხება და არაფერი იკარგება. ზოგმა „განვადებით“ ანუ ნელ-ნელა გადარიცხა ამ ბანკში მოწყალებებით, ზოგმა კი ერთბაშად გაყიდა ყველაფერი, ბერად წავიდა და ზეციური მოქალაქე გახდა). (მათე 6, 19-21 // ლუკა 12, 33-34)
სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
(მათე 6, 22-23 //ლუკა 11, 35-36)
არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. (ანუ ან ღმერთს ემსახურებით, ან ეშმაკს. მამონა იყო სიმდიდრის წარმართული კერპი. მისი მიმდევრები სულ სიმდიდრის შოვნაზე ფიქრობდნენ და სულის ცხონება დავიწყებული ჰქონდათ) (მათე 6,24// ლუკა 16,13)
ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ? ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის? ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. (მათე 6, 25-34 // ლუკა 12, 22-31)
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ (ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, ძველქართულად). ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ; გაეცით და მოგეცემათ: საუკეთესო საზომით, შერხეული, დატენილი და გადავსებული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი (მათე 7, 1-5 // ლუკა 6, 37-42). (რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ? აღვასრულოთ და ვიმხიარულოთ, რამეთუ რა არის მიტევებასა და მოწყალებაზე უფრო ადვილი. როგორც ვხედავთ, იესო ქრისტემ ცხადად გვაჩვენა ცხონების უმარტივესი და უმოკლესი გზა.
ისღა დაგვჩენია, ვთქვათ, ეს ყოველივე როგორ განვახორციელოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგრამ აქ წარმოიშობა კითხვა, თუ არავინ განვიკითხეთ და ყველაფერი ვაპატიეთ, ხომ არ გამოიწვევს ეს დანაშაულის ზრდას, უზნეობის გამეფებას. როგორ შეიძლება, გამოვასწოროთ ადამიანი ისე, რომ არ განვიკითხოთ?
რა ნიშნებით განვარჩიოთ განკითხვა შეგონებისგან? აი ის კითხვები რომლებიც ხშირად აწუხებთ ადამიანებს.
ა. როცა ჩვენ გვინდა ადამიანი გამოვასწოროთ, უნდა გვიყვარდეს იგი, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გვაინტერესებს მისი პრობლემები და დახმარების გაწევა გვსურს. შენიშვნა უნდა მისცეთ ცალკე, ისე რომ ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ამასთან, არ უნდა გადაამეტოთ თქვენი უფლებამოსილების ჩარჩოებს. მაინც როგორ უნდა მოხერხდეს ამ რთული დაბრკოლების მოგვარება?
ხელმძღვანელებს (უფროსებს, მასწავლებლებს, მოსამართლეებს, მოძღვრებს) შეუძლიათ, მოსთხოვონ, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს, ანგარიში დავალებული საქმის აღსრულების შესახებ და შეცდომისა და თუ ხარვეზის გამო დაადონ შესაბამისი სასჯელი. მაგრამ არავის, ვიმეორებ არავის აქვს უფლება, შეურაცხყოს არათუ ადამიანი, არამედ პირუტყვიც კი.
დაქვემდებარებაში მყოფებს (ყველას, ვისაც ჰყავს მშობლები, ასაკით ან მდგომარეობით უფროსები, მოძღვრები და ა.შ.) შეუძლიათ მოსთხოვონ უფროსებს, აღებული მოვალეობების შესრულება, მაგრამ მათი მოქმედების განხილვისას გამოიჩინონ დიდი სიფრთხილე, რადგან არ ვიცით ჭეშმარიტი მიზეზები და განკითხვა წარმოიშობა. მრავალგზის ჯობია, ვიყოთ გულისხმიერნი და შევეწიოთ, დავეხმაროთ ადამიანს, ჩვენთვის იგი უფროსია, თუ უმცროსი.
ბ. უბრალოდ მიუტევეთ ადამიანებს მათი შეცდომები და სისუსტეები. აპატიეთ მათ და უფალი თქვენს შეცდომებსაც გაპატიებთ. იქნებ შემცოდე ადამიანმა ისეთი გმირობა ჩაიდინოს, რომელიც გარდაამეტებს ყველა მის შეცდომას, რა იცით თქვენ? ასევე საზოგადოებრივ დანაშაულზე მოსამართლემ გაასამართლოს დამნაშავე, მაგრამ მასაც ნუ დაავიწყდება ბ. პუნქტის პირობები.
გ. თქვენი სამართალის სასწორი, დაე, მსუბუქი იყოს. იყავით კეთილშობილნი და დიდსულოვანნი პატიებისას და ზარმაცნი სხვისი შეფასებისას. სხვებზე ილაპარაკეთ კარგი, ან არაფერი. შეეცადეთ გამოასწოროთ ადამიანი, მაგრამ ნუ შეურაცხყოფთ მას.
ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. (მათე 7, 6) (აქ ძაღლების ქვეშ იგულისხმება ურწმუნოები, ღორების ქვეშ კი მორწმუნეები, რომლებიც არაჯეროვნად იქცევიან. მაშ რა ვქნათ, არ ვუქადაგოთ? ერთხელ და ორჯერ მოვუწოდოთ და მეტი აღარ ველაპარაკოთ მათ, რადგან, მაინც არ ირწმუნებენ და ამაო საუბრით დაგღლიან. თვით თქვენი ცხოვრება უნდა ქადაგებდეს სწმინდეს და ნათელი უნდა იყოს ყველასთვის. თუ ამითაც არ მოექცნენ, სხვა ამაოა).
ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სულიწმინდას, (სიკეთეს) მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ? (მათე 7, 7-11 // ლუკა 11, 9-13) (უფალი გვასწავლის ვეძებოთ და ვითხოვოთ სულიერი სიმდიდრე, ვეძებოთ უფლის საუფლო, რადგან ღმერთის სასუფეველი რომელიც ქრისტემ განუმზადა მის მოყვარეებს, შეუდარებლად დიდია მიწიერ სამყაროზე, რომლის სიკეთეებსაც ძირითადად ითხოვენ ადამიანები. ამიტომაც თქვა ქრისტემ მანამდე: მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.)
როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი (მათე 7, 12 // ლუკა 6, 31). (ქრისტემ აქ მთელი ძველი აღთქმა ერთ წინადადებაში ჩაატია)
ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას (მათე 7, 13-14 // ლუკა 13, 23-24).
ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.
(მათე 7, 15-20 // ლუკა 6, 43-45)
რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
(მათე 7, 21-23 // ლუკა 6, 46)
ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს: ჰგავს იგი სახლის მაშენებელ გონიერ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი, კლდეზე დააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, წყალდიდობისას მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი (მათე 7, 24-27 // ლუკა 6, 47-49). (აქ იგულისხმება გულისხმიერი ქრისტიანები, რომლებიც, მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობებისა, მაინც ღმერთთან არიან და, მეორეს მხრივ, უგულისყურო ქრისტიანები, რომელთაც თუმცა სწამთ, მაგრამ ამქვეყნიური სიამენი სჯობნის მათ და ორმაგ ცხოვრებას ეწევიან: 1. საეროს - ორშაბათიდან შაბათამდე და 2. ეკლესიურს - კვირაობით, ანუ გარეგნულადაც ქალები სადაგ დღეებში შარვლებით დადიან და მხოლოდ კვირაობით აცვიათ კაბა, კაცები კი სადაგ დღეებში მრისხანებენ და მხოლოდ კვირას არიან მშვიდნი).
უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან? არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი. (მათე 15, 14//ლუკა 6, 39-40)
და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.
(მათე 7, 28-29//მათე 8.1)
რომაელი ასისთავის მონის განკურნება
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
როცა იესო კაპერნაუმში დაბრუნდა, მას ასისთავის მიერ წარგზავნილი ხალხი დახვდა. (ასისთავი-რომაელი სამხედრო ოფიცერი). რომაელის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო, სულს ებრძოდა და სასტიკად იტანჯებოდა. იესოს ამბავი რომ გაიგო, ასისთავმა იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა. იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას და წაჰყვა მათ. როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. წარგზავნილებს უთხრა ასისთავისთვის სათქმელი: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და მონა განკურნებული დაუხვდათ (მათე 8, 5-13 //ლუკა 7, 1-10).
ნაინელი ქვრივის ვაჟიშვილის გაცოცხლება
ნაინი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ ტირი. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
(ლუკა 7, 11-17)
იოანეს შეკითხვა ქრისტეს შესახებ
გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ყოველივე ზემოთნათქვამის შესახებ მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? (იოანემ იცოდა იესოს შესახებ, მაგრამ ეს კითხვა დასვა თავისი მცირედმორწმუნე მოწაფეების გულისთვის, რომელთაც ვერ შეასმინა და ამიტომ იესოსთან გაგზავნა)
ხოლო იმ ხანად იესომ მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკებს ეხარებათ. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც, რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია (აქ იესო თავის თავზე ლაპარაკობს, რადგან მაცხოვარი ასაკითაც და ებრაელთა შორის პატივისცემითაც იოანეზე მცირე იყო. არის მეორე განმარტებაც, რომ იესოს მოწაფეებს იმისთანა წინააღმდეგობები შეხვდებათ, რომ უმცირესი მათგანი იოანეზე მეტ ჯილოდის მიიღებს). ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! (აქ მინიშნებაა იმაზე რომ ელია მეორედ გამოჩნდება მესიის გამოჩენამდე, ასევე იოანეც წინ უძღოდა იესოს) მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელიღეს იოანეს ნათლის ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი? ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;. და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. (აქ ლაპარაკია, ფარისეველებზე, რომელთა მოსაწონსაც ვერც იოანე და ვერც იესო ვერ აკეთებდნენ. ამის საწინაარმდეგოდ უბრალო ხალხს შესანიშნავად ესმოდა იესოს მოძღვრება). (მათე 11, 2-19 //ლუკა 7, 18-35)
ცოდვილი ქალი და ფარისეველი სიმონი
გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი; მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! (ლუკა 7, 36-50)
უნდა აღინიშნოს რომ ქალები, რომლებმაც სურნელოვანი ზეთი ცხეს იესოს, იყვნენ სამნი:
• ეს ქალი, იესოს სცხო ზეთი სიმონ ფარისევლის სახლში (ლუკა 7, 37)
• ლაზარეს და, იესოს სცხო ზეთი პასექამდე 6 დღით ადრე (იოანე 12, 3)
• სხვა ქალი, იესოს სცხო ზეთი პასექამდე 2 დღით ადრე
(მათე 26 2, 6-7 // მარკოზი 14, 1-3)
სვლა გალილეაში მოწაფეებთან და ზოგიერთ ქალთან ერთად
გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ამის შემდეგ დადიოდა გალილეის ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ მას. (ლუკა 8 1-3)
ეშმაკეული ბრმა-მუნჯის განკურნება. სულიწმიდის გმობის შესახებ
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? ხოლო ამის გამგონე იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველები და მწიგნობრები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. ზოგი კი, გამოსაცდელად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, გაპარტახდება, არამედ ახლოა მისი აღსასრული. და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. (ანუ ხედავდნენ ღმერთის აშკარა მადლს და მაინც უარყოფდნენ. მორწმუნეთა შორის შეუძლებლად მიგვაჩნია ასეთი ცოდვის ჩადენა) ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენვე სიტყვებით განიკითხები. (მათე 12, 22-37 //მარკოზი 3, 20-30 // ლუკა 11, 14-23)
პასუხი სასწაულების მთხოვნელებს
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს, სასწაული ვიხილოთ შენგან. ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს. ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და აჰა, აქ იონაზე უმეტესია. სამხრეთის დედოფალი (დედოფალი სავიდან ან საბადან, რომელიც სოლომონ მეფის მოსასმენად მივიდა) აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. (აქედან მოყოლებული მოთხრობილია ადამიანზე, რომელსაც მონათლავენ და ვერ შეიმშვენებს) როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც. (აქ იგულისხმება წეს-ჩვეულებები, რომლებიც ებრაელებმა არ მოიშალეს და ქრისტე არაფრისდიდებით არ მიიღეს დღევანდელ დღემდე) (მათე 12, 38-45 //ლუკა 11, 24-32)
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს ახლოს მისვლა. დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას. კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ. (იოსებს მარიამის შერთვამდე ჰყავდა ცოლი, მარიამის დეიდა, რომელიც მანამდე გარდაიცვალა ლოდიგინა-სოფიო. მასთან იოსებს ყავდა 7 შვილი: იაკობ მცირე, შემდგომ მოციქული, იოსია, სვიმონი, იუდა, ესთერი, თამარი, სალომე - ზებედეს ცოლი, რომლის შვილები იყვნენ მოციქულები 12-დან იოანე მახარებელი და იაკობი. იოსები მარიამის დაწინდვისას უკვე ღრმად ასაკოვანი იყო - 70-80 წლისა. (ლიტერატურა - ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე. თბილისი 1999, გვ. 216), ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ, გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ვინც ისმენს ღმრთის სიტყვას და აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი. (შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იესოს დედა ურწმუნო იყო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. იესო პატივს სცემდა ღვთისმშობელს, მაგრამ ყველას აგრძნობინა, რომ უფალთან ახლო ნათესაობაც კი არ უშველის იმ ადამიანს, ვისაც ღვთის მცნებების ასრულება არ სურს. ძმები კი მას ჰყავდა იოსების პირველი ცოლისგან, ღვიძლი და-ძმა მას არ ჰყავდა) (მათე 12, 46-50 //მარკოზი 3, 31-35 // ლუკა 8, 19-21)
იგავ-არაკებით სწავლება ღვთის სასუფეველზე
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა. და შემოიკრიბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგიც კლდეზე, ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მრწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, და სინესტეც აკლდა, გახმა. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; გაიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
(მათე 13, 1-9 //მარკოზი 4, 1-9 // ლუკა 8, 4-8)
როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია. გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. (ანუ გულისხმიერება და რწმენა) იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოექცნენ, არ მიეტევოთ ცოდვები. რათა განვკურნო ისინი. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? (მათე 13, 10-17 //მარკოზი 4, 10-12 // ლუკა 8, 9-10)
მაშ, ისმინეთ რას ნიშნავს მთესავის იგავი: მთესავი სიტყვას თესავს. თესლი სიტყვაა ღმრთისა; ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ გულისხმიერად არ მიიღებს, მიადგება უკეთური (სატანა, ეშმაკი) და მოსტაცებს გულში ჩათესილ სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ; ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავს მას და ამიტომაც ნაყოფიც გამოაქვს მოთმინებით, ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად (ანუ ვის როგორც შეუძლია). (მათე 13, 18-23 //მარკოზი 4, 13-20 // ლუკა 8, 11-15)
და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. (მარკოზი 4, 21-25 // ლუკა 8, 16-18)
სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა. როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში (მათე 13, 24-30). (აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ღმერთი აცლის ეშმაკის მიმდევრებს, იქნებ გამოსწორდნენ, რამეთუ არავის წარწყმედა არ სურს. ასე რომ, ყველას აქვს დრო უკანასკნელ საშინელ სამსჯავრომდე, თუ მანამდე ადამიანმა არ მოინანია და არ გამოსწორდა, შემდეგ არაფერი უშველის. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, როცა ურწმუნო და ცუდი ზნეობის ადამიანები გამოსწორებულან და მოქცეულან.)
და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. (მარკოზი 4, 26-29).
სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფეველი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა ამ ქვეყნად, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველები მოფრინავენ და შეუძლიათ მის ჩრდილში და ტოტებზე დაიბუდონ. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ ლაპარაკი არ არის იმ მდოგვზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იზრდება, ერთწლიანი მცენარეა და რომლისგანაც ცხარე საწებელს ამზადებენ. აქ ლაპარაკია ისრაელში გავრცელებულ სახეობაზე, რომლის თესლიც, მართლაც, ყველაზე მცირეა, მაგრამ მრავალწლიანია და ხის ფორმას იღებს, მის ქვევით კი ცხენოსანი კაციც დაეტევა. ამავე დროს, იესოს უნდოდა ეთქვა, რომ თუ ადამიანს მცირეოდენი რწმენა აქვს, გაიზრდება და დიადი გახდება, ისე, რომ ანგელოზებს და ღმერთს გაახარებს). (მათე 13, 31-32 //მარკოზი 4, 31-32 //ლუკა 13, 18-19)
მერე კვლავაც სხვა იგავიც უთხრა მათ: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან. თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს (მათე 13, 33-35 //მარკოზი 4, 33-34 // ლუკა 13, 20-21). (როგორც მახარებელი მარკოზი ამბობს, მრავალი სხვა იგავიც უთქვამს იესოს, მაგრამ მოციქულებმა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვნები ჩაწერეს. ასევე მახარებელი ლუკა ამბობს, რაც იესომ იღვაწა, მთელი ქვეყნის წიგნები ვერ დაიტევდნენო, ანუ მოციქულებმა მხოლოდ აუცილებელი მცირედი გადმოგვცეს.)
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! (მათე 13, 36-43)
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. (მათე 13, 44)
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. (მათე 13, 45-46)
და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. (მათე 13, 47-50)
ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. (მათე 13, 51-53)
აცალე მკვდრებს თავისი მკვდრების დამარხვა
გალილეის ტბის ნაპირი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მოწაფეებს ნავით. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე. იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. (კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმ ამბავს, რომ მთელი ცხოვრება იესოს თავისი საკუთარი სახლი არ ჰქონია, მუდმივად ვიღაცის სახლში ცხოვრობდა და იქაც არ ასვენებდნენ ხორციელი კურნების მსურველები, სულიერ კურნებას კი იშვიათად თუ ეძებდა ვინმე). ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევი, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მათე 8, 18-22). (როგორც ვხედავთ, მოწაფის მამის დამმარხავი ხალხი საკმაოდ იყო, ანუ ტირილისა და პანაშვიდის აუცილებელი დრო გასულა. მაშასადამე, მოწაფე იესოს უნდა გაყოლოდა, რომ ისევ ამქვეყნიურ ამაოებაში არ ჩაძირულიყო, რადგან დამმარხველები ურწმუნონი იყვნენ და, ამდენად, სულიერად მკვდრები).
გალილეის ტბა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო. გაისტუმრეს ხალხი, ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები და გაცურეს. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს ისე, რომ ტალღებით იფარებოდა და ლამის წყლით აივსო იგი. ხოლო იესო კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. მიუგო მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? სად არის თქვენი რწმენა? რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მოწაფეები საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? (მათე 8, 23-27 // მარკოზი 4, 35-41 //ლუკა 8, 22-25)
2 ეშმაკეულის განკურნება ღადარინელთა ქვეყანაში
გალილეის ტბის აღმოსავლეთ ნაპირი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
გავიდნენ ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მიადგნენ გენესარეთის (ღადარინელთა) მხარეს, გალილეის გაღმა. (აქ იყო ქალაქი ღადარა, ასევე გერგესა. ორივე ეს ქალაქი შედიოდა „ათქალაქის“ ოლქში) ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელიც შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში (მთის გამოქვაბულებში მოწყობილ სამარხებში) და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა, ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი, ისე, რომ ყველას ეშინოდა იმ გზაზე გავლა, სადაც შეიძლებოდა ეშმაკეული გამოჩენილიყო.. უდაბნოში გარბოდა, დღედაღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს (აქვე იყო მეორე ეშმაკეული, მაგრამ რადგან პირველი უფრო საშინელი იყო, მეორე მხოლოდ მახარებელმა მათემ ახსენა, ისიც გაკვრით). შორიდან რომ მოჰკრეს თვალი იესოს, შეჰყვირეს, გამოიქცნენ მის წინაშე დაემხნენ თაყვანი სცეს მას, შეღაღადეს და შესძახეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ გვტანჯავ ჩვენ! რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. (მაშინდელ რომაულ ლეგიონში 6 000 ლეგიონერი ირიცხებოდა) და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა. იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკებმა მუდარით უთხრეს იესოს: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ტბის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა. მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, იესოს ფერხთით ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ. (რა თქმა უნდა მეორეც განიკურნა, მაგრამ მახარებლები მას უკვე აღარ ახსენებენ). ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. ღადარინელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა იესოს, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას. (ღადარინელებს ღორები ერჩივნათ სულის ცხონებას. მათ იესოს ნივთიერი ზარალის გამო სთხოვეს წასვლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათესთან ეშმაკეული ორია, მარკოზთან და ლუკასთან კი - ერთი. საქმე ისაა, რომ მათე წერდა ბოლოს, თანაც იუდეველებისთვის და, ამდენად, ყურადღება გაამახვილა 1 ეშმაკეულზე, იმაზე, რომელიც უფრო საშინელი იყო) (მათე 8, 28-34 // მარკოზი 5, 1-20 //ლუკა 8, 26-39)
იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება და სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება
კაპერნაუმი, გალილეის ტბის დასავლეთ ნაპირი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს (კაპერნაუმში, სადაც გადმოსახლდა ნაზარეთიდან), დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან, აღიარებული ჰყავდათ იგი, რადგან ყველანი ელოდნენ მას. და იყო იგი ზღვის პირას. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა (მამა ფიქრობდა, რომ ასული უკვდებოდა ან ეს-ესაა მოკვდა და იესოს სახით ბოლო ხავსს ებღაუჭებოდა). მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წამოდგა მაცხოვარი და მოწაფეებითურთ გაჰყვა მას. თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა მიმავალს. ამ მსვლელობაში მიუახლოვდა ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და პირიქით, უარესად შექმნილიყო. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მისი სამოსის კალთას შეეხო. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვიღაცა შემეხო მე, ვინ შეეხო ჩემს სამოსს? მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს ქრისტეს: მოძღვარო, ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და გავიწროებს, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან. მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა, მთელი სიმართლე მოახსენა. (ქალს შეეშინდა, რადგან, მოსეს კანონით, სისხლმდინარე ქალს საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებოდა). ხოლო იესომ უთხრა: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან. და განიკურნა ქალი იმავე წამს. ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს? ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. შევიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი, მოზარენი და მოყაყანე ბრბო. (მდიდარი ებრაელები ქირაობდნენ განსაკუთრებულ მოტირლებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ ტიროდნენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ). უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? ნუ ტირით, გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. ხელი მოჰკიდა, შეღაღადა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღსდეგ! გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. განცვიფრდნენ და გაოგნდნენ დიდად მშობლები. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის (მათე 9, 18-26 // მარკოზი 5, 21-43 // ლუკა 8, 40-56).
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი. (მათე 9, 27-31)
კაპერნაუმი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული. და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. (მათე 9, 32-34)
ნაზარეთი, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში (ნაზარეთში). შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. (მათე 13, 54-58 // მარკოზი 6, 1-6ა)
12 მოციქულის წარგზავნა საქადაგებლად
გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში. მაშინ მოუხმო თორმეტს და წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა ღმრთის სასუფევლისა და სინანულის საქადაგებლად, მისცა მათ უწმინდურ სულთა განდევნის, ეშმაკთა დათრგუნვის, ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნების ხელმწიფება და ძალა. უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს; ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცის მტრები მისი სახლეულნი იქნებინ. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად. მოციქულნი კი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ. ასრულებდნენ იესოს სიტყვას, აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
(მათე 9, 35-38; 10, 5-42; 11, 1 // მარკოზი 6, 6ბ,7-13 // ლუკა 9, 1-6)
იოანეს მოკვლა მახერონტის ციხე-სიმაგრეში
მახერონტის ციხე-სიმაგრე, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
სასახლის ინტრიგების გამო, რომელთა მოყოლას აქ არ შევუდგებით, იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს მახერონტის ციხე-სიმაგრეში. იოანეს მოწაფეებმა კი დამარხეს იოანე და ყოველივე მოუთხრეს იესოს (მათე 14, 1-12 // მარკოზი 6, 14-29 // ლუკა 9, 7-9).
12 მოციქულის დაბრუნება ქადაგებიდან
გალილეის ტბა, ჩრდილო - აღმოსავლეთი ნაპირი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
დაბრუნდნენ მოციქულები, შეიკრიბნენ იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ. ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა (მარკოზი 6, 30 // ლუკა 9, 10).
გალილეის ტბა, ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაპირი, ბეთსაიდასთან აპრილი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. და მარტონი გაემგზავრნენ გალილეის ანუ ტიბერიის ტბის გაღმა, ბეთსაიდას მიდამოებში, უდაბურ ადგილას ნავით. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას. გამოვიდა იესო, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; შეიწყნარა ისინი და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება და განკურნა მათი სნეულნი. დიდმა დრომ განვლო, შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. კითხა იესომ ფილიპეს: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? ხოლო მან პასუხად თქვა: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. აქ მომიტანეთ, უთხრა მოწაფეებს იესომ. უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი, ხოლო იმ ადგილას მოლზე, ხშირი ბალახი იყო. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის და ორი თევზიც უწილადა ყველას ვისაც რამდენი სურდა. ყველამ ჭამა და გაძღა. როცა გაძღნენ, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. და გაავსეს ქერის პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი გოდორით. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად (ანუ მაშინ თითო ოჯახს სულ მცირე 4-5 შვილი ჰყავდა ე.ი. მჭამელი იყო 25 000 -ზე მეტი).
(მათე 14, 13-21// მარკოზი 6, 31-44 //ლუკა 9, 10ბ-17//იოანე 6, 1-14)
გალილეის ტბა, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, იესო კი მარტო იდგა ხმელეთზე. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა, ღელავდა და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს. ღამის მეოთხე გუშაგობისას მოხდა ეს. ზღვაზე სვლით მივიდა მათთან იესო და დააპირა გაესწრო და უკან მოეტოვებინა ისინი. მოწაფეებს შეეშინდათ, მოჩვენება ეგონათ და შეყვირეს. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე! მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა? და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ. მოწაფეებს უნდოდათ იესოსთან ერთად ემგზავრათ, მაგრამ ნავი სასწაულებრივად მაშინვე მიადგა ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.
(მათე 14, 22-33 // მარკოზი 6, 45-52 // იოანე 6, 15-21)
იესო კურნავს გენესარეთის მცხოვრებლებს
გენესარეთი, 29-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ასე ნავით გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა (მათე 14, 34-36 // მარკოზი 6, 53-56).