1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.
2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
3. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს
4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.
5. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?
6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.
7. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.
8. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა.
9. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის.
10. ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?
11. ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.
12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.
13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.
14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.
15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.
16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.
18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.
20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.
22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?
23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.
24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.
26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.
27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.
28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.
29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.
30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?
34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.
35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.
36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.
37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.
38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.
39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.
40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.
41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.
42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.
43. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.
44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.
45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.
46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?
47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.
48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?
49. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.
51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.
53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?
54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.
55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.
56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.
57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?
58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.
59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.