(ბავშვებისათვის)
ისრაელთ დაისაკუთრეს აღთქმის ქვეყანა. სიკვდილის წინ ისუ ნავემ მოიხმო მათი თავკაცები. დაარიგა და უთხრა: „უკეთუ თქვენ (ე.ი. ისრაელნი) არ დაივიწყებთ ღმერთს და მტკიცედ დაიცავთ მის სჯულს, ღმერთი თქვენთა იქნება და მტრები ვერას დაგაკლებენ; და თუ არა, ღმერთი განეშორება თქვენგან და მტრები ადვილად დაგიმორჩილებენო“. პირველ ხანებში ისრაელნი მართლაც მტკიცედ იცავდნენ ღვთის სჯულს და მტრის შიშიც არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ხშირად კერპთაყვანისცემას ეძლეოდნენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ისინი მტრებს უცვიოდნენ ხელში, სანამ არ შეინანებდნენ და ღვთის სჯულს არ დაადგებოდნენ, მაშინ ღმერთი უგზავნიდა მათ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც ათავისუფლებდნენ მტრებისგან და სიკვდილამდე მართავდნენ ხალხს. ასეთ პირებს დაერქვათ მსაჯულები, რომელთაგან შესანიშნავი იყვნენ გედეონი, სამსონი და სამოელი. გედეონმა და სამსონმა რამდენჯერმე გაათავისუფლეს ისრაელნი ფილისტიმელთაგან. სამოელის შემდეგ ისრაელთ მეზობელ ხალხებს წაბაძეს და მეფეების არჩევა დაიწყეს.
ისრაელთა პირველი მეფე იყო საული. საული პირველად ვირის უბრალო მწყემსი იყო და ღმერთმა კი უბრძანა სამოელს მეფედ ეკურთხებინა. სანამ საული მტკიცედ იდგა სჯულზე და სამოელს უჯერიდა, ღმერთი ეხმარებოდა მას და მტრები ვერაფერს აკლებდნენ, ხოლო როცა სჯულს გაუდგა და სამოელს ურჩობა დაწყო, მტრებმა მძლავრობა დაუწყეს. ღმერთმაც მალე სრულიად შერისხა იგი, წაართვა მეფობა და მისცა მის ახლო ნათესავს, უფრო ჭკვიანს და ღვთის მოშიშ დავითს.
საულის მაგალითიდან ჩანს, რომ ღმერთი რომელიმე სიკეთისათვის აამაღლებს ადამიანს, მისცემს მას სიმდიდრეს და გავლენას; მაგრამ თუ ადამიანი ამით გამედიდურდა, ღმერთი უარყო და მისი სჯული დაგმო, იგი წაართმევს მას თავის მოწყალებას და სხვას მისცემს. რომ საულის სენი არ დაგვემართოს, უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ყოველი სიკეთე ღვთისგან გვაქვს ნაბოძები და მანამ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ სიკეთით, სანამ ღვთის მორჩილნი ვართ და მისი ნების აღმსრულებელნი.
შერისხა თუ არა საული, ღმერთმა უბრძანა წინასწარმეტყველ სამოელს წასულიყო ქალაქ ბეთლემში და იუდას ტომიდან, იესეს უმცროსი შვილი მეფედ ეკურთხებინა. დავითი ამ დროს ახალგაზრდა იყო და ცხვრის ფარას მწყემსავდა. სამოელი წავიდა ბეთლემს და დავითს სამეფო ზეთი სცხო.
ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ საულ მეფეს ომი მოუხდა ფილისტიმელებთან. მტრის ბანაკიდან გამოვიდა ერთი დევ-გმირი, სახელად გოლიათი, რომელიც გმობდა ღმერთს და იწვევდა ისრაელთაგან მებრძოლს. იგი ამბობდა: „თუ მე მოვკლავ თქვენს გმირს, ისრაელები ფილისტიმელების მონები შეიქნებიან, თუ მე მომკლავს - ფილისტიმელები გახდებიან ისრაელთა მონებიო“. ვერავინ გაბედა გოლიათთან შებრძოლება, ის კი ყოველდღე გამოდიოდა და უშვერი სიტყვებით გმობდა ღმერთს და ლანძღავდა მეფეს. ამ დროს ისრაელების ბანაკში ძმების სანახავად მოვიდა მეფედცხებული ჭაბუკი დავითი. საულის თანხმობით დავითი გავიდა გოლიათის წინააღმდეგ, მაგრამ არა იარაღით, არამედ შურდულით და რამდენიმე ქვით. გამოვიდა გოლიათიც; იგი დასცინოდა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ქვებით რომ მოდიხარო?“ „შენ მოდიხარ ჩემზე იარაღით, მე კი შენზე ღვთის ძალით მოვდივარო“, - უპასუხა დავითმა, თან შურდულით ქვა სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა. გოლიათს რეტი დაესხა და ძირს დაეცა. მიიჭრა დავითი და მისივე ხმლით მოჰკვეთა თავი. მტერმა პირი იბრუნა და გაიქცა. ისრაელები დაედევნენ და მრავალი დახოცეს. ამის შემდეგ დავითი ხშირად გადიოდა ომში და საქმე ყოველთვის ისრაელების გამარჯვებით თავდებოდა.
საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელთ მეფედ დავითი აირჩიეს. რადგან დავითი ღვთისმოყვარე კაცი იყო და მტკიცედ იდგა სჯულზე, ამიტომ ღმერთი ეხმარებოდა მას. ღვთის შეწევნით მან გაათავისუფლა ისრაელნი მტრებისაგან და ისეთი ძლიერი სამეფო შექმნა, რომ მეზობელი ხალხები ომს ვერ უბედავდნენ. დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი და თავის სატახტო ქალაქად აქცია. აქ მან ააშენა კრებულის კარავი და დაასვენა შიგ აღქმის კიდობანი, მისი სურვილი იყო დიდებული ტაძარი აეგო ღვთისათვის, დიდძალი და ძვირფასი მასალაც შეაგროვა ამისთვის, მაგრამ ტაძარი კი არ აუშენებია. ღმერთმა განუცხადა დავითს, რომ მისი თესლისაგან განხორციელდება მაცხოვარი ქვეყნისა. დავითი შესანიშნავი მუსიკოსი და მგალობელი იყო. მან ბევრი საგალოგელი შეთხზა, რომლებსაც ფსალმუნები ჰქვია. ამ ფსალმუნებში დავითი მხოლოდ ღმერთს უგალობს; იგი აქ ხან სთხოვს ღმერთს მოწყალებას, ხან მადლობას უძღვნის, ხან ადიდებს. ამ საგალობლებისგან შედგა მთელი წიგნი, რომელსაც „დავითნი“ ეწოდება და რომელიც ყოველ წირვა-ლოცვაზე იკითხება.
დავითი წინასწარმეტყველიც იყო და ბევრი რამ თქვა თავის ფსალმუნებში მომავალი მხსნელის შესახებ.
დავითს შემდეგ გამეფდა მისი შვილი სოლომონი. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ეწარმოებინა რჩეული ხალხის მართვა-გამგეობა. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა სოლომონი, როგორიც არავის ჰქონია, არც წინათ და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. ყველა მეზობელ მეფეებს აკვირვებდა მისი სიბრძნე და მოდიოდნენ მასთან სამუსაიფოდ.
თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: „ჩვენ ორივე ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ მაგან ძილში თავისი შვილი უცაბედად მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მან მიითვისაო“. „არა, - ამბობდა მეორე დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო“. „გასჭერით ბავშვი შუაზე, ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო“, - ბრძანა მეფემ. „არა მეფევ, - უთხრა პირველმა, - ნუ გასჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს“. „გასჭერით, - იძახოდა მეორე, - ნურც ჩემთვის იქნება და ნურც მაგისთვისო“. სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვიც პირველ დედაკაცს მიაკუთვნა. სოლომონმა წიგნებიც ბევრი დაწერა; ამ წიგნებში კიდევ უფრო მომეტებული სიბრძნე გამოიჩინა და ბევრი რამეც თქვა მომავალ მაცხოვარზე. სოლომონმა გაამშვენა და გააძლიერა ისრაელთა სამეფო. ეხლა მეზობელი მეფეები იმის ფიქრშიღა იყვნენ, თუ როგორ დამეგობრებოდნენ სოლომონს. მანვე ააშენა ის დიდებული ტაძარი, რომელზედაც ფიქრობდა დავითი და დიდი ზეიმით გადმოასვენა დავითის ტაძრიდან აღქმის კიდობანი.
მოხუცობაში სოლომონი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მან ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო დროს თითონაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით.
სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - რობუამი. ავიდა თუ არა რობუამი ტახტზე, ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი დაგვიწესა გადასახდელად), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილი ვიყოთო“. რობუამმა უარი განუცხადა და უფრო მეტი ხარჯისა და სასჯელის დადებას დაჰპირდა. მაშინ ისრაელთა ათი ტომი გამოეყო მას ცალკე მეფე დაისვა, დარჩა რობუამის ერთგული ორი ტომი, რომელიც იერუსალიმში და მის მახლობლად ცხოვრობდა. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს - ისრაელისა.
ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად. მეფეს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი დაიარებით, აი ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. მალე ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა მალე შეითვისეს ასურელების ზნე-ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა.
ასი წლის შემდეგ იუდეველების სამეფოც დაემხო. იგი დაიპყრო ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი, დაწვა სოლომონის ტაძარი და გადაასახლა იუდეველები ბაბილონში. ასე მოისპო ისრაელთა ორი სამეფო მათი ცოდვებისა და უსჯულოებისათვის.
თუმცა ისრაელნი ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ ივიწყებდა მათ; დროგამოშვებით უგზავნიდა ისეთ კაცებს, რომლებიც ასწავლიდნენ ღვთის სჯულს, აუწყებდნენ ღვთის ნებას, ამხილებდნენ ცოდვისათვის და წინასწარმეტყველებდნენ მომავალზე, განსაკუთრებით მაცხოვარზე - ესენი იყვნენ წინასწარმეტყველები. ისრაელის სამეფოში შესანიშნავი წინასწარმეტყველენი იყვნენ ელია, ელისე და იონა.
ელია ამხილებდა ხალხს კერპთაყვანისცემისათვის და ეუბნებოდა: თუ არ მოიქცევით, სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნება, არც ნამიო, ხალხმა არ შეინანა და განაგრძო კერპების თაყვანისცემა. დადგა სამწლიანი გვალვა, დაშრა წყლები და ხალხი შიმშილ-წყურვილით იხოცებოდა. ბოლოს შეინანეს, მოსპეს კერპები და დახოცეს ქურუმები. მაშინ ელიას ლოცვით წვიმაც მოვიდა და მოსავალიც. ელია წმინდა კაცი იყო და ამიტომ ღმერთმა ცოცხლად აიტაცა იგი ზეცაში, ამ შემთხვევას დაესწრო მისი მოწაფე, წინასწარმეტყველი ელისე.
ელისეც წმიდა კაცი იყო და დიდი სასწაულმოქმედი. ერთხელ მან მწარე წყალი ერთი მუჭა მარილით დაატკბო და სასმელად ვარგისი გახადა; განკურნა კეთროვანებისაგან ნეემან ასური; მკვდრეთით აღადგინა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივის ვაჟიშვილი; სიკვდილის შემდეგ ელისეს ძვლებმა აღადგინეს მიცვალებული, რომელიც შემთხვევით მის საფლავში დაასვენეს.
იონა ღმერთმა ქალაქ ნინევში გაგზავნა საუწყებლად, რომ ქალაქი დაინგრევა, თუკი მოქალაქენი არ მოიქცევიანო. ნინეველები ისრაელების მტრები იყვნენ და იოანას არ უნდოდა ქალაქი დაღუპვისგან გადაერჩინა. ამიტომ იგი ჩაჯდა ხომალდში და სხვა მხარეს წავიდა. უეცრად ზღვა აღელდა. მეზღვაურებს შეეშინდათ და წილი იონას ხვდა, რომელიც ყველაფერში გამოტყდა და სთხოვა ზღვაში გადაეგდოთ, რომ ზღვა დაწყნარებულიყო. ზღვაში გადაგდებული იონა ვეშაპმა გადაყლაპა, სამი დღე და ღამე მუცლით ატარა და მეოთხე დღეს ნაპირზე გამოაგდო. მაშინ იონა წავიდა ნინევში და ქადაგება დაიწყო: ქალაქი დაიქცევა, თუ არ შეინანეთო. მოქალაქენი მოიქცენენ და ქალაქიც დაქცევას გადარჩა.
წინასწარმეტყველენი იუდეველების სამეფოშიც იყვნენ. მათ შორის შესანიშნავი არიან: ესაია, იერემია და დანიელი.
როცა ბაბილონის მეფემ იერუსალიმი დააქცია, მაშინ, სხვათა შორის, ტყვედ წაიყვანა ერთი შესანიშნავი ყმაწვილი დანიელი და სამი მისი ამხანაგი - ანანია, აზარია და მისაილი. როგორც დიდი გვარისშვილები, ყმაწვილები სასწავლებელში მისცეს და საჭმელ-სასმელს სასახლიდან აძლევდნენ. ყმაწვილებმა დიდი ნიჭი გამოიჩინეს სწავლაში და მალე სახელოვნად დაასრულეს სასწავლებელი, თან ღვთის სჯულსაც მტკიცედ იცავდენ, რომ ნაკერპალი საჭმლით არ შერყვნილიყვნენ, მხოლოდ პურით და მწვანილით იკვებებოდნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სახელმწიფო სამსახური უბოძეს ნიჭიერ ყმაწვილებს. გარდა ამისა დანიელმა სახელი გამოითქვა იმით, რომ მეფეს სიზმარი აუხსნა.
კარისკაცებს შეშურდათ ყმაწვილების ასეთი დაწინაურება და მოინდომეს მათი დაღუპვა. ერთხელ მეფემ მათი რჩევით მინდორში კერპი დაადგმევინა და ბრძანება გასცა, ყველას თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი ამ დროს შინ არ იყო და მისმა ამხანაგებმა კი არ შეასრულეს მეფის ბრძანება. მაშინ იდროვეს მტრებმა და დანიელის ამხანაგები მეფესთან დააბეზღეს. განრისხდა მეფე და ბრძანა, ურჩები გახურებულ სახმილში ჩაეყარათ. თვით მეფე დაესწრო მათ დასჯას და მაღლობიდან უყურებდა. სახმილ ისეთი გახურებული იყო, რომ ჯალათებიც კი ახლოს მისვლისას დაინთქენ. მაგრამ ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა და სახმილი გაუგრილა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ თვითონ ჩაიხედა სახმილში და გაოცებული დარჩა, როცა იქ სამი კაცის მაგიერ ოთხი დაინახა და ისიც სრულიად უვნებელი. მეფემ ბრძანა მათი გამოყვანა. ყრმები სრულიად უვნებელი გამოვიდენ, ისე, რომ თმაც კი არ შერუჯოდათ. ასეთი სასწაულის შემდეგ მეფემ ბრძანება გასცა არავის შეეგინებინა იუდეველთა ღმერთი, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა.
გავიდა ხანი, მოკვდა ბაბილონის მეფე და ბაბილონი სპრასეთის მეფე დარიოსმა დაიპყრო. დარიოსს გამორჩეულად უყვარდა დანიელი, რაც ძალიან აწუხებდა მის კარისკაცებს. ამიტომ მათ მოინდომეს დანიელის დაღუპვა, შეაგონეს მეფე: ხალხს გამოუცხადე სამი დღის განმავლობაში არავის თაყვანი არა სცენ შენს გარდაო, და ვინც წინააღმდეგი იქნება, ლომებს ჩაუგდეთ შესაჭმელადო. დარიოსმა დაუჯერა ცბიერ კარისკაცებს და ბრძანება გასცა. დანიელმა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა მეფის ბრძანება და მტრებსაც ეს უნდოდათ. დანიელი მეფესთან დააბეზღეს. დარიოსი მიხვდა კარისკაცების ვერაგობას, მაგრამ სიტყვა ვეღარ გატეხა და დანიელი მშიერი ლომების ორმოში ჩააგდებინა. მეორე დღეს მეფე თავისი ფეხით მივიდა და ჩაიხედა ორმოში. დანიელი ცოცხალი იყო, ლომებს არაფერი ევნოთ მისთვის. გაკვირდა მეფე. კარისკაცებმა მოახსენეს, ლომები უთუოდ მაძღრები არიანო, მაშინ დარიოსმა ამოაყვანინა დანიელი და კარისკაცები ჩააყრევინა. რასაკვირველია, ლომებმა მყისვე დაგლიჯეს ისინი.
წინასწარმეტყველი ესაია სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა. როგორც თვითონ მოგვითხრობს, მისი მოწოდება ღმერთის მიერ მოხდა იმ წელიწადს, როცა ოზია მეფე გარდაიცვალა. ესაიამ იხილა ტაძარში ღმერთი, მჯდომარე დიდებულსა და ზესთა ამაღლებულ ტახტზე; მას გარს ეხვივნენ სერაფიმნი; თითოეულ მათგანს ექვს-ექვსი ფრთა ესხა, - ორით პირს იფარავდნენ, ორით - ფეხებს, ხოლო ორით ფრინავდნენ და ყველანი ღაღადებდნენ: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა! ამ დიდებული სანახაობით ზარ-განხდილმა ესაიამ წამოიძახა: „ვაიმე რომ ბაგენი ჩემნი უწმინდურნი არიან და ვცხოვრობ ისეთ ხალხში, რომელთა ბაგენიც უწმინდურნი არიან, დავიღუპე, რადგან ვიხილე უფალი ღმერთი საბაოთი“ (იუდეველთა რწმენით ცოდვილი კაცი ღვთის ხილვას ვერ აიტანს და მოკვდება. ეს იყო მიზეზი ესაიას გოდებისა). ამ დროს მოფრინდა ერთი ანგელოზი, მარწუხით ნაკვერცხალი შეახო ბაგეზე და უთხრა: „აი, ესერა შევახო ბაგეთა შენთა, მოგეტევნეს შენ უსჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განგეშორენ“. ცოდვებისაგან განწმენდილი ესაია უფალმა გაგზავნა მისი რჩეული ხალხის სამხილებლად. ამის შემდეგ ესაია განუწყვეტლივ ქადაგებდა იერუსალიმში და ურჩევდა იუდეველთ, ხელი აეღოთ კერპებზე, შესდგომოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და მტკიცედ დაეცვათ მოსეს სჯული; წინააღმდეგ შემთხვევაში უქადდა ღვთის რისხვას, იერუსალიმის განადგურებას, ტაძრის დაქცევას და ტყვეობას. მაგრამ თანაც ანუგეშებდა, რომ ღმერთი არ დაივიწყებს რჩეულ ხალხს, დასჯიდა მის მტრებს, გაათავისუფლებდა ტყვეობიდან, დააბრუნებდა იერუსალიმში და მოუვლენდა მშვიდობის მეფეს - მესიას (მაცხოვარს).
ესაიამ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა მომავალ მაცხოვარზე. თითქმის მთელი მისი ცხოვრება აგვიწერა დაბადებიდან დაწყებული სიკვდილამდე.
როგორც ამბობენ, ესაია წამებით გარდაიცვალა: არაწმინდა მეფე მანასემ იგი ხის ხერხით გაახერხინა.
იუდეველნი ბაბილონის ტყვეობაში 70 წელიწადს დარჩენ. ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარეს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს ტყვეობა მათთვის სასარგებლო გამოდგა. ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და ხელი აიღეს კერპებზე. იუდეველთა ტყვეობა არც იმ ხალხებისთვის დარჩა უმნიშვნელო, რომლების ხელშიაც ისინი რიგრიგობით გადადიოდნენ. იუდეველებისგან ამ ხალხებმა გაიგეს ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა და შეითვისეს აზრი და მოლოდინი მომავალ მხსნელზე.
სამოცდაათი წლის დასასრულს ბაბილონის სამეფო სპარსეთმა დაიპყრო და იუდეველნიც მის ხელში გადავიდნენ. სპარსეთის მეფემ კიროსმა თავისი მეფობის პირველ წელიწადსვე მისცა იუდეველებს ნება სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმში ტაძარი აეგოთ. ამასთანავე დაუბრუნა ის ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთებიც, რომლებიც ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, გამოეტანა სოლომონის ტაძრიდან. იუდეველთა წინამძღვრობა ბაბილონიდან იერუსალიმში თავს იდვა ვინმე ზორობაბელმა. ამანვე ააგებინა იერუსალიმში ტაძარი იმ ადგილზე, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა. სოლომონის ტაძრის მომსწრენი წუხდნენ, რომ ახლადაგებული ტაძარი ბევრად ნაკლები იყო პირველზე, მაგრამ ზაქარია წინასწარმეტყველი ანუგეშებდა ხალხს და ეუბნებოდა: ახალი ტაძარი ძველზე უდიდებულესი იქნება, რადგან იგი ღირსი იქნება თავის ჭერქვეშ მაცხოვრის მიღებისაო.
ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ იერუსალიმი რომაელებმა დაიპყრეს, რომაელებმა მოუსპეს იუდეველთ საკუთარი მთავრები და დაუყენეს თავისი არჩეული უცხო ტომის მმართველები. აქ ასრულდა წინასწარმეტყველება იაკობისა: - ისრაელთ მოესპო იუდას ტომის მთავრები და მოაწია მისმა დაბადებამ, „რომელი-იგი არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მოაწია მაცხოვრის დაბადების დრომ.