(ბავშვებისათვის)
იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰაყვდა, რომელთაგან ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, რადგან იგი მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ, როცა იოსებმა ძმებს სიზმრები უამბო.
„მე სიზმრად ვნახე, - უთხრა იოსებმა ძმებს, - რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა ცხვარი შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.
ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაცს პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში, სხვათა შორის, იყო ორი პყრობილი - მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო. მეპურეთუხუცესმა უთხრა: სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა, ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.
ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იოსებმა მეღვინეთუხუცესს სიზმარი აუხსნა და ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. მეფემ დაიბარა იოსები და შემდეგი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე ძროხა - შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონმა დაუჯერა იოსებს, დააყენა იგი ეგვიპტის მთავრად და მიანდო მოსავლიან წლებში პურის დაუნჯება.
გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმოდენა პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. მისვლისთანავე ისინი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, - მოახსენეს ძმებმა, - ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, - უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი თავის ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. შემდეგ გამოვიდა და ძმების სურვილის წინააღმდეგ, ერთი ძმა, სვიმონი, მძევლად დაიტოვა, მოსამსახურეებს კი უბრძანა პურის საყიდლად მოტანილი ფული შეუმჩნევლად ტომრებში ჩაეყარათ და უკან გაეტანებინათ.
ძმებმა მიიტანეს პური შინ და ყველაფერი უამბეს მამას. იაკობი შეწუხდა, მეტადრე მაშინ, როცა პურის საყიდლად წაღებული ფული ისევ უკან მოტანილი ნახა; ეგონა სვიმონი გაყიდესო, ამიტომაც უმცროსი შვილის, ბენიამენის, გაგზავნაზე უარს ამბობდა. მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. კიდევ რამოდენიმე გამოცდის შემდეგ, რამაც ძმები ძალიან შეაწუხა, იოსებმა განუცხადა თავის თავი ძმებს და უთხრა თქვენი ძმა იოსები ვარო, ძმებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ თანაც შეეშინდათ, - ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“. ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა, ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ეგვიპტეში გადასახლდა. ღმერთმა მიიღო იაკობის მსხვერპლი და აღუთქვა: შენი შთამომავლობა ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდება და მისგან წარმოსდგება მაცხოვარიო. იაკობი ეგვიპტეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უთხრა: „შენი ტომისაგან არ შეწყდება წარმოშობა მეფეებისა და წინამძღვრებისა, სანამ არ მოვა აღთქმული, რომელიც არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მაცხოვარი, რომელსაც წარმართნიც მოელიანო.
იაკობის შვილები ძლიერ გამრავლდნენ ეგვიპტეში; ასე რომ მალე მთელი ხალხი შეიქნა, რომელსაც ისრაელნი დაერქვათ. ისრაელთა უზომო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები. მათ ეშინოდათ, ვაი თუ ისრაელნი შემთხვევის დროს ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება სხვადსხვა მძიმე სამუშაოებით, ამასთანავე, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია, მოეკლა კიდეც ისრაელი, ისრაელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ერთმა ფარაონმა ბრძანება გამოსცა, რაც ისრაელთა შორის ვაჟი დაიბადოს, ყველა დაახრჩვეთ ან მდინარეში გადაყარეთო.
ამ საშიშარ დროს ერთ ისრაელის ოჯახში ფრიად შესანიშნავი სილამაზის ვაჟი დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი და, რადგან მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას დადგა, თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა ფარულად ყური ეგდო. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე საბანაოდ მეფის ასული ჩამობრძანდა; კალათი რომ გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ისრაელის ბავშვი იყო, მას შეებრალა საცოდავად დაგდებული ბავშვი და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა თავისი საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ თავის დედის ხელში აღიზარდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ქალიშვილმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსე სასახლეში იზრდებოდა საუკეთესო მასწავლებლების ხელში და მაშინდელი ეგვიპტის მთელი მეცნიერება შეისწავლა.
მოსემ კარგად იცოდა თავისი შთამომავლობა და წუხდა ისრაელთა უნუგეშო მდგომარეობის გამო. უნდოდა რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.
ერთხელ გზაში მოსემ შენიშნა, რომ ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ისრაელს, მოსე გამოესარჩლა ისრაელს და მოკლა ეგვიპტელი. მეფეს რომ არ გაეგო, ეგვიპტელი იქვე მიწას მიაბარა, მაგრამ გაუგებარი მაინც არ დარჩა ეს ამბავი და მოსე იძულებული გახდა დამალოდა მეფის რისხვას. იგი გაექცა მადიამის ქვეყანაში და თავი შეაფარა მღვდლის იოთორის ოჯახს; ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და ცხვრის მწყემსი გახდა.
ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს ეგონა, რომ ისინი სრულიად მოისპობოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე გამოიხსნა იგი ეგვიპტის მონობისაგან.
ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორენ მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა მოსეს, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან ასეთი სიტყვები გაიგონა: „მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან“. მოსე მიხვდა, რომ ღმერთი აგზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე დადგა სხვადსხვა მიზეზების გამო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუნიშნა.
ქორებ მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში, წაიყვანა თავისი ძმა აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ფარაონი ჯერ უარზე დადგა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე. მეფის ჯიუტობამ ათი სხვადასხვა სასჯელი მიაყენა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი სასჯელი მათი უფროსი შვილების უეცარი დახოცვა იყო. ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელთა თავკაცები და გამოუცხადა მათ ღვთის ბრძანება, რომ 14 მარტს თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე მოეცხო, ხორცი მთლად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ. ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პიმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, სადაც კარებზე სისხლი არ ეცხება. ისრაელთ შეასრულეს მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი ტირილი გაისმა მთელ ეგვიპტეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეგვიპტელს, მეფიდან დაწყებული, პირმშო მოკვდომოდა. მაშინ ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელნი ეგვიპტიდან. ისრაელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და ღვთის ბრძანებით წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოესახლა ეგვიპტეში. ეს ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.
14 მარტი ებრაელებმა დღესასწაულად დაიდვეს და პასექი უწოდეს (ე.ი. ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა ვნებამიუყენებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო.)
როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ისრაელთა გაშვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაედევნა უკან დასაბრუნებლად. ისრაელნი მეწამული ზღვის პირას იყვნენ, როცა ეგვიპტელები დაიწიენ; მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივ ზღვა შუა გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ისრაელნი მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ ძლივს შუამდის მიაღწიეს, რომ წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.
მეწამული ზღვიდან ისრაელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა; როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყერები მოუვლინა; როცა წყალი შემოალდებოდათ ხოლმე, მოსე სასწაულებრივ უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.
გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელნი მიადგნენ სინის მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ეს ქვის ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში გარდა ამისა შენახული იყო მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.
შემდეგ მოსემ ღვთის ჩვენებით მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელნი მოგზაურობაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: - ეზო, საწმიდარი და წმიდათა-წმიდა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, საწმიდარში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმიდათა-წმიდაში მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ.
საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია მღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად აარონის შვილები და უბრალო მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.
დიდხანს დააგვიანდათ ისრაელთ აღთქმის ქვეყანაში შესვლა. ღმერთმა დასაჯა ისინი და ორმოცი დღის მაგიერ ორმოც წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს მათ წარამარა ყვედრებითა და თავიანთი ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობის დროს, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლისა ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმის ქვეყნის საზღვარზე განუტევა სული, აარონი კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალებ და ისუ ნავე. მოსეს მაგიერ ისრაელთა წინამძღვარი აღთქმის ქვეყანაში ისუ ნავე გახდა. ღმერთი ეხმარებოდა ისუ ნავეს ისე, როგორც მოსეს: მიუახლოვდნენ თუ არა აღთქმის ქვეყანას, ისრაელნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დროს ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ისრაელნი მშრალად გავიდნენ მეორე ნაპირზე. შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული. ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა, აღთქმის კიდობნით, და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარა ქალაქს და მათ ყვირილზე კედლები თავისთავად დაიქცა. ისრაელებმა იოლად აიღეს ქალაქი. მის შემდეგ ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაიყვეს თორმეტ ნაწილად იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამნაირად აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მისცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.