მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
თესალონიკელთა მიმართ (მეორე)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 3 

 

1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,

 

2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.

 

3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.

 

4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ.

 

5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.

 

6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.

 

7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის.

 

8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.

 

9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.

 

10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.

 

11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

 

12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.

 

13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა.

 

14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.

 

15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

 

16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

 

17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.

 

18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

 

 3