(წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით)
1. პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
2. ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა.
3. მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა.
4. უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი,
5. რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე.
6. და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა,
7. ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას.
8. რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე.
9. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა
10. და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა.