მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ტიმოთეს მიმართ (მეორე)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)

 

 2 

 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,

 

2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.

 

3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

 

4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.

 

5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.

 

6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.

 

7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.

 

8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.

 

9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.

 

10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

 

11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.

 

12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.

 

13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.

 

14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.

 

15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.

 

16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.

 

17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,

 

18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.

 

19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.

 

20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.

 

21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.

 

22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.

 

23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს.

 

24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;

 

25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.

 

26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.

 

 2