მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ტიმოთეს მიმართ (პირველი)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)

 

 6 

 

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

 

2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.

 

3. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,

 

4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,

 

5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.

 

6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

 

7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.

 

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

 

9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.

 

10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.

 

11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

 

12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

 

13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -

 

14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,

 

15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,

 

16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.

 

17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;

 

18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

 

19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.

 

20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,

 

21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.

 

 6