მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ტიმოთეს მიმართ (პირველი)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 5 

 

1. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,

 

2. დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.

 

3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.

 

4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.

 

5. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს.

 

6. განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.

 

7. ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ.

 

8. ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.

 

9. ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი

 

10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.

 

11. ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,

 

12. რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა.

 

13. ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.

 

14. ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.

 

15. რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.

 

16. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.

 

17. ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.

 

18. რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.

 

19. ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.

 

20. შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად.

 

21. ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით.

 

22. ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.

 

23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.

 

24. ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.

 

25. ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.

 

 5