მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ტიმოთეს მიმართ (პირველი)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 3 

 

1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.

 

2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

 

3. არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,

 

4. თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით,

 

5. (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?),

 

6. არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს.

 

7. უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.

 

8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,

 

9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.

 

10. ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება.

 

11. მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი.

 

12. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.

 

13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.

 

14. ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.

 

15. მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.

 

16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.

 

 3