(წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით)
1. მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა ვითარცა ძმათა,
2. მოხუცებულთა დედათა ვითარცა დედათა, ჭაბუკთა ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა.
3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.
4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
5. ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე.
6. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.
7. და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.
8. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.
9. ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ,
10. და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა.
11. ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ.
12. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს.
13. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა.
14. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა.
15. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.
16. უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.
17. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.
18. რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
19. ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.
20. და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის.
21. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით.
22. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე.
23. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.
24. რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.
25. ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.