მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
რომაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)

 

 5 

 

1. ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,

 

2. ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;

 

3. და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,

 

4. მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას,

 

5. სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

 

6. ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის.

 

7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.

 

8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

 

9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.

 

10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.

 

11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.

 

12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.

 

13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.

 

14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.

 

15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.

 

16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.

 

17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.

 

18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.

 

19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,

 

20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

 

 5