მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
რომაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 3 

 

1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?

 

2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.

 

3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?

 

4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.

 

5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.

 

6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?

 

7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?

 

8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?

 

9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.

 

10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.

 

11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.

 

12. ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.

 

13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.

 

14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.

 

15. ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.

 

16. ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.

 

17. ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა.

 

18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.

 

19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.

 

20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.

 

21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,

 

22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,

 

23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.

 

24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,

 

25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,

 

26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

 

27. მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.

 

28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.

 

29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.

 

30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.

 

31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.

 

 3