მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
რომაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 14 

 

1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.

 

2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.

 

3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.

 

4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.

 

5. ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.

 

6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.

 

7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.

 

8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

 

9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.

 

10. შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.

 

11. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.

 

12. ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.

 

13. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური.

 

14. ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.

 

15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

 

16. ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.

 

17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.

 

18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.

 

19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება.

 

20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.

 

21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.

 

22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.

 

23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.

 

 14