მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
კორინთელთა მიმართ (მეორე)

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)

 

 6 

 

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.

 

2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.

 

3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.

 

4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,

 

5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,

 

6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

 

7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

 

8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.

 

9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;

 

10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

 

11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.

 

12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.

 

13. თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით.

 

14. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?

 

15. რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?

 

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

 

17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

 

18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

 

 6