(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)
1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე;
2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,
3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით.
5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში.
7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.
9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება.
10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა.
11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა.
12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.
14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი.
15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.
16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო.
17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.
18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული,
19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით.
20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:
21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით?
23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.