(წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით)
1. რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,
2. აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით,
3. ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა.
4. ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი.
5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,
7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
8. დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.
9. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,
10. რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,
11. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
12. ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ.
13. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.
14. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,
15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.
18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.
19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.
20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.
21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.
22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას.
23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. 24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
25. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,
26. ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა.
27. და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს.
28. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო.
29. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,
30. რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.