მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ეფესელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 4 

 

1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.

 

2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.

 

3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.

 

4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.

 

5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.

 

6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

 

7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.

 

8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.

 

9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?

 

10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.

 

11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.

 

12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,

 

13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,

 

14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,

 

15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,

 

16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.

 

17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.

 

18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

 

19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.

 

20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,

 

21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -

 

22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,

 

23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით

 

24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.

 

25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.

 

26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.

 

27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.

 

28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.

 

29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.

 

30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.

 

31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.

 

32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

 

 4