1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
2. ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
3. ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.
4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,
6. მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.
7. რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.
8. ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
9. თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.
10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.
15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.
16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.