მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა იოანეს
III კათოლიკე ეპისტოლე

(ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე.)

 
*****

 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

1

 

1. უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.

 

2. საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო, როგორც კეთილად ვალს შენი სული.

 

3. რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.

 

4. რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.

 

5. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,

 

6. ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას.

 

7. რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.

 

8. ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას.

 

9. ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.

 

10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.

 

11. საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.

 

12. დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.

 

13. ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო.

 

14. რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ.

 

15. მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს მეგობრებს.

 

1