1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.
3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.
5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.
8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.
9. იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
10. დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.
12. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?
13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,
14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -
16. თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა.
17. ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.