მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იოანეს გამოცხადება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 19 

 

1. შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!

 

2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.

 

3. განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.

 

4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!

 

5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.

 

6. და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.

 

7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.

 

8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.

 

9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.

 

10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.

 

11. ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

 

12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.

 

13. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.

 

14. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი.

 

15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.

 

16. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.

 

17. და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით,

 

18. რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი.

 

19. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას.

 

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

 

21. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.

 

 19