მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იოანეს გამოცხადება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 13 

 

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

 

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

 

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.

 

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

 

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

 

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.

 

7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

 

8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.

 

9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს.

 

10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.

 

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

 

12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.

 

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

 

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.

 

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

 

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

 

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

 

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.

 

 13