მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იოანეს გამოცხადება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 11 

 

1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.

 

2. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.

 

3. მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.

 

4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.

 

5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.

 

6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.

 

7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.

 

8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.

 

9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.

 

10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.

 

11. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ.

 

12. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.

 

13. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.

 

14. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.

 

15. მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.

 

16. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.

 

17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.

 

18. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.

 

19. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა

 

 11