მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


უსინათლოთა და ყრუ-მუნჯის განკურნება. ხალხის გაკვირვება და ფარისეველთა გმობა
მათე 9, 27-35

დიდი სასწაულმოქმედი, აღადგინა რა იაიროსის ასული, გამოვიდა ბედნიერი სახლიდან; გარს ზღვა ხალხი ეხვია, რომელმაც მიუხედავად აკრძალვისა, რომ მომხდარი სასწაული არ გაეხმაურებინათ, უკვე იცოდა იმის შესახებ, რაც სინაგოგის მთავრის სახლში მოხდა. და წარმორავიდოდა მიერ იესო, მოჰსდევდეს მას განუშორებლად ორნი ბრმანი, უბრალო გულით ხმამაღლა ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, მოწყალება გამოიჩინე ჩვენზე, ძეო დავითისაო! ყველასათვის ასე სასურველო, ასე დიდხანს ყველასგან მომლოდინე მესიავ ჩვენო!.. ხოლო უფალი, თითქოს არც კი აქცევდა მათ ყურადღებას, ვიდრე არ მივიდა იმ სახლში, სადაც ჩერდებოდა ხოლმე. „რატომ ავალებდა ქრისტე ბრმებს თავისთან სიარულს? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: იმისათვის, რათა ამ შემთხვევაშიც ესწავლებინა ჩვენთვის, რომ ადამიანთაგან დიდებას ყოველმხრივ მოვერიდოთ. მას სახლისაკენ ისინი მიყავდა იმ განზრახვით, რომ ცალკე განეკურნა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ არავისთვის დაუვალებია მათი დაბარება. ეს ცოტათი არ ამხელს იუდეველებს: ბრმები, მხედველობა წართმეულნი, მომავალში მიიღებენ რწმენას ერთი მოსმენით, იუდეველები კი ხედავდნენ რა სასწაულებს, რომელთა უტყუარობასაც საკუთარი თვალით ამოწმებდნენ, იქცეოდნენ სრულიად საპირისპიროდ. უსინათლოთა გულმოდგინებაზე შეიძლება მათი ყვირილითა და ვედრებით ვიმსჯელოთ: „შემწყალენ ჩუენ“. დავითის ძედ იმიტომ იხსენებდნენ, რომ ეს მათ საპატიო სახელად მიაჩნიათ. ხშირად წინასწარმეტყველნიც კი ასე უწოდებდნენ მეფეებს, როცა მათ შექებასა და განდიდებას ცდილობდნენ“. „როგორც ღმერთს შეჰღაღადებენ ბრმები „შემიწყალენ ჩუენ“, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, ასევე ადამიანს: „ძეო დავითისო“.

მაგრამ უფალი არ ჩქარობდა იმათი თხოვნის შესრულებას. მას ეხლა სურდა, რომ ხალხი ამდენი სასწაულების შემდეგ, მეტად ჩაწვდომოდა მის ღვთაებრივ მოძღვრებას, ვიდრე მის მიერ მოხდენილით გაკვირვებულიყო. შესაძლოა, ამასთან, მას არ სურდა შექება თავისი თავისა დავითის ძედ წოდებით, რადგან ამას შეეძლო უცოდინარი ხალხი განეწყო რომაელთა საწინააღმდეგოდ და მის სასიკეთოდ. ბრმებისათვის კი უფლის დუმილი მათი რწმენის გამოცდას ემსახურებოდა. და ვითარცა შევიდა იესო სახლსა, ბრმებიც თან შეყვნენ. მოუხდეს მას ბრმანი იგი, „უფალი, - ამბობს წმ. ოქროპირი, უმეტესად კურნავდა თხოვნით, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი პატივმოყვარეობის გამო თავად ეძიებდა სასწაულებისათვის შემთხვევებს, რათა ეჩვენებინა, რომ მის მიერ განკურნებულნი, ღირსნი იყვნენ განკურნებისა. მასთან კაცთმოყვარეობა რამდენადმე თანაზომიერი იყო განკურნებულის რწმენისა“. ამასთან, ისინი ამბობდნენ: „ძეო დავითისაო“, და აი იგი მათ ასწავლის, თუ როგორი აზრით შეეძლოთ მათ ეწოდებინათ მისთვის დავითის ძე. და ჰრქუა მათ იესო: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიძს ესე ყოფად, რომ შემიძლია თქვენი განკურნება უსინათლობისგან? - იესო ქრისტემ, ვითარცა გულთამხილავმა ღმერთმა, იცოდა უსინათლოთა რწმენაც და მათ კეთილმოსაობასაც ხედავდა; თუმცა მაინც ჰკითხა ამის შესახებ მათ, რათა ჩვენ ვისწავლოთ, რომ რწმენის გარეშე მადლი არ მიეცემა კაცს. არა თქვა, - ამბობს ოქროპირი: გწამს, რომ მე შემიძლია ვევედრო ჩემს მამას, და გამოვითხოვო მისგან, არამედ თქვა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიძს ესე ყოფად?“ - რა უპასუხეს ამაზე მათ: ჰრქუა მას: ჰე, უფალო! მთელი გულითა გვწამს, - ეხლა უკვე აღარ უწოდებენ მას დავითის ძეს, არამედ ზევით მიმართავენ თავიანთ აზრს და აღიარებენ მის მეუფებას“. მაშინ შეახო ხელით თუალთა მათთა, და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!

„ამ სიტყვებითაც განამტკიცებდა იმათ რწმენას, აჩვენებდა, რომ იმათ თვითონ, - როგორც ამბობს წმ. ოქროპირი, - მიეღოთ მონაწილეობა თავიანთ განკურნებაში“. „საკმარისი იყო, - ამბობს მღვდელმთავარი ნიკიფორე, უფლის ერთი სიტყვა: „გეყოს თქვენ“, - „განათლდეს ბრმათა თვალნი“, რადგან ასეთივე სიტყვით უფალმა შექმნა ნათელი: თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ (შექ. 1, 3). მაგრამ, იგი მაინც შეეხო მათ თვალებს, რათა ეჩვენებინა, რომ იგი იმ დროს არ იყო უსხეულო, როგორც იყო მაშინ, როცა ნათელი შექმნა, რომ იგი ეხლა იყო სრული კაცი, ისევე როგორც იყო სრული ღმერთი, და როგორც ყოვლად ძლიერი იყო მისი ღვთაებრივი განგებულება, ასევე ყოვლადძლიერი იყო მისი ყოვლად უხრწნელი ღვთაებრივი სხეულის მარჯვენა“. - და მეყუსეულად აღეხილნეს თუალნი მათნი. ამრიგად, ეს სასწაული მოხდა უფრო სწრაფად, ვიდრე განკურნება შობიდან ბრმისა, რომელზეც ყვება მახარებელი იოანე. იქ წინ უძღოდა თვალებზე თიხის ცხება და შემდეგ მობანვა სილოამის საბანელში, აქ კი სასწაული მოხდა ხელის ერთი შეხებით. ბრმადშობილს მაცხოვარმა რწმენის აღიარებისაკენ მოუწოდა უკვე თვალის ახელის შემდეგ, ეხლა კი ბრმებს ეკითხება რწმენის შესახებ განკურნებამდე, - და შეჰრისხნა მათ იესო და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. - ნურავის გააგებინებთ რაც შეგემთხვათ. უფალი ყოველთვის გვაძლევს ჩვენ ადამიანური ქცევის უსრულეს მაგალითებს, რომლებიც ეთანხმება ღვთის მცნებებს. იგი ჩვენ განგვაწყობს მისი მიბაძვისაკენ ფიქრებში, გრძნობებსა და მოქმედებაში. ეს გაკვეთილები ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისგან ხილული მოწყალებანი სნეულთა განკურნების სახით. რა თქმა უნდა, განკურნებულთათვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი ისინი კეთილი გულით შეასრულებდნენ ღვთის მოთხოვნას სიტყვა-სიტყვით, და მისი მოწყალების სასწაულს დაჰფარავდნენ კეთილკრძალული დუმილითა და მორჩილებით; ღვთის საქმე მათ გარეშეც გახდებოდა სხვებისათვის ცნობილი, მაგრამ ჩანს, რომ მათი გულები ვეღარ იტევდა სიხარულს და მათი ბაგენი თავისით ღაღადებდნენ მოჭარბებული სიხარულით: ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმო-დაჰსდუეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. თვით სასწაულის ხედვა აცხადებდა მას. ბრმებს, ცხადია, იცნობდნენ მეზობლები და არ შეიძლებოდა, რომ მათთვის არ ეკითხათ; როგორ გახდნენ მხედველნი? და განკურნებულნიც არ ჩუმდებოდნენ „არა ურჩობით, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, არამედ მადლიერების გრძნობით“. და მოწყალე მკურნალმა დაჰფარა მათი ეს დაუმორჩილებლობა თავისი უსაზღვრო შემწყნარებლობით.

და ვითარცა იგი გამო-ოდენ-ვიდეს, გვიყვება წმიდა მათე, მოჰგუარეს მას კაცი ყრუ და ეშმაკეული. „არის ბუნებით სიმუნჯე, ზოგჯერ ამის მიზეზი უბედური შემთხვევის გამო მეტყველების დაზიანებული ორგანოა, მაგრამ ეს ავადმყოფობა, - ამბობს წმ. ოქროპირი, არ იყო ბუნებრივი, არამედ ეშმაკის ბოროტი განზრახვით გამოწვეული. ამიტომ საჭირო იყო, ეშმაკეული მოეყვანათ სხვებს“. ეშმაკმა დაუბა მას ენა, და ენასთან ერთად სული; მას არ შეეძლო თხოვნა არც თავისით, არც სხვების პირით, ამიტომ უფალი არც ეკითხება მას რწმენის შესახებ, არამედ მაშინვე კურნავს მას სატკივრისაგან, იმათი რწმენით, ვინც მოიყვანა იგი. და ვითარცა განჰხდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუ იგი.

ეს კეთილი სასწაულები სულ უფრო და უფრო აღვივებდა ხალხში მის მიმართ პატივისცემას, როგორც ღვთისაგან საგანგებოდ მოვლენილისადმი. და დაუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ვითარმედ არა სადა ისრაელისა შორის ესრეთ გამოჰსჩნდა. გაკვირვებული ხალხი ქრისტეს, წინასწარმეტყველებსა და მამამთავრებზე მაღლა აყენებდა უკვე, რადგან ხედავდა, რომ იგი კურნავდა და ასწავლიდა უფლებით, როგორც ღმერთი, და არა ისე, როგორც მოქმედებდნენ ლოცვა-ვედრებით ღვთის მსახურნი. სწორედ ეს აწუხებდა ფარისევლებს, რომ ქრისტეს აღიარებდნენ იმისათვის კი არა, რომ იგი კურნავდა, არამედ იმისათვის, რომ კურნავდა თავისუფლად და უცებ, და ამასთან ურიცხვ და უკურნებელ სატკივრებს. ფარისევლები არა მარტო არასწორად განმარტავდნენ მის მოქმედებას, არამედ ურცხვად თავიანთ საწინააღმდეგოსაც ამბობდნენ. ასეთია ბოროტება. მაინც რას ამბობდნენ ისინი? ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა.

„შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მეტი უგუნურება? - ამბობს წმ. ოქროპირი. რადგან სრულიად შეუძლებელია, როგორც თავად ქრისტე ამბობს შემდგომ, რომ ეშმაკმა განდევნოს ეშმაკი, რადგან ეშმაკი ჩვეულბრივ ცდილობს დაამტკიცოს თავისიანი და არ განდევნოს იგი. ქრისტე კი, არა მარტო განდევნიდა ეშმაკებს, არამედ განწმენდდა კეთროვანებს, აღადგენდა მკვდრებს, აცხრობდა ზღვის ღელვას, პატიობდა ცოდვებს, ქადაგებდა სასუფეველს და ხალხი მიჰყავდა მამისკენ, რასაც ეშმაკები არასოდეს ისურვებენ და ვერც შეძლებენ. ეშმაკებს ადამიანები მიჰყავთ კერპებთან, და აშორებენ ღმერთს, ჩააგონებენ ადამიანებს, რომ საუკუნო ცხოვრება არ იწამონ. მაგრამ რადგან ეხლა ფარისევლები ხმამაღლა ჯერ კიდევ ვერ კადნიერდებოდნენ და გაცხადებულად ასეთი უაზრობის გამოჩენას ერიდებოდნენ, ამიტომ უფალმაც არ მიაქცია მას ყურადღება, ანდა უკეთ რომ ვთქვათ, სიტყვებით კი არა, საქმეებით უარყო მათი ღვთისმგმობელი სიბრძნე: და მოჰვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა წარჩინებულთა და უბრალო ხალხს, მდიდრებსა და ღარიბებს, შესაკრებელსა შორის მათსა, და ჰქადაგებდა სახარებასა სასუფევლისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა ყოველგვარ სატკივრებს და ყოველთა უძლურმათა ერსა შორის. იგი არ ელოდა, თუ როდის მოვიდოდნენ მასთან, არამედ თვითონ მიდიოდა ყველგან, რათა არავის ჰქონოდა საბაბი თავის გასასამართლებლად, რომ თითქოს არავინ მოსულა მასთან, რათა ესწავლებინა. იგი ყველას იზიდავდა თავისაკენ სიტყვით და საქმით, ასწავლიდა და სასწაულებს ახდენდა“.

მსჯელობს რა უფლის ამ სასწაულებზე, ეკლესიის ერთი მასწავლებელი მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე, შესძახებს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმერთისა ცხოველისაო! ჩვენზეც მოახდინე სასწაულები, რომელზედაც ჩვენ მოვისმინეთ შენს წმიდა სახარებაში. როგორც უბოძე ნათელი უსინათლოთა თვალებს, ასევე განანათლე ჩვენი სულის უხილავი თვალნი, რათა ვიცნათ და ვაღიაროთ შენი ძალა, როგორც განაღე ყურნი უსმენოსი, ასევე განაღე ჩვენი სულის სასმენელნი, რათა ვისმინოთ ზეციური და სულის მაცხოვნებელი შენი სწავლანი. როგორც მაშინ ჰკურნავდი ყოველგვარ სნეულებებს და უძლურებებს, განჰკურნე ეხლა ურიცხვი ვნებანი ჩვენნი. ძეო დავითისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!“