მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


სისხლმდინარის განკურნება და იაიროსის ასულის აღდგინება
მათე 9, 18-26

ფარისევლები თავიანთი სიამაყით ქედმაღლურად განიკითხავდნენ უფალს იმის გამო, რომ იგი შემწყნარებლურ დამოკიდებულებაში იყო ცოდვილებთან და მეზვერეებთან, ის კი არცხვენდა მათ ორგულებას, აჩენდა რა თავისი მოწყალებით ყველაზე უამრავ სასწაულს, რაც თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებისაკენ იზიდავდა მორწმუნეთა და გულით მდაბალთ. იგი ჯერ ისევ თავისი ახლადმოქცეული მოციქულის მათეს სახლში იჯდა მაგიდასთან და ესაუბრებოდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს, რომ ხალხი, რომლიც კარებთან იდგა, მოკრძალებით გაიყო: და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი, სახელად იაიროსი, კაპერნაუმის სინაგოგის ერთ-ერთი უფროსი, ანუ მრევლის მთავარი უხუცესი, იუდეველთა შორის რომ სარგებლობდა განსაკუთრებული პატივისცემით. შესაძლოა ეს იმ უხუცესთაგანი იყო, რომლებიც სინაგოგის აღმშენებელი ასისთავისაგან იყვნენ წარმოგზავნილი თხოვნით, რომ განეკურნა მისი მსახური. ეხლა ამას ჰქონდა თავისი დიდი მწუხარება: მისი ერთადერთი შვილი, თორმეტი წლის გოგონა, სიკვდილის პირას იყო მისული; ვერავითარმა წამალმა, კაპერნაუმელი ექიმებისა, მას ვერ უშველა; და აი, უბედური მამა, რომელმაც იცოდა ღვთაებრივი დიდებულება იესო ქრისტესი, უკიდურესად აღელვებული გაეშურა მისკენ, მათეს სახლში, თაყუანისცემდა მას, არ მიაქცია ყურადღება გარშემორტყმულ ხალხს და უდიდესი თავმდაბლობით დაემხო მის ფეხებთან და იწყო ხვეწნა, და ეტყოდა: ვითარმედ ასული ჩემი კვდება, შესაძლოა აწღა, ვიდრე მე აქ მოვიდოდი, კიდეც აღესრულა; არამედ მოვედ, და დასდევ ხელი შენი მას ზედა და მე მწამს, რომ შენი მადლიანი ძალით იგი ჰსცხოვნდეს!

„მათ, რომლებიც დახმარებას თხოულობენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ჩვევად აქვთ უფრო მეტად გამოაჩინონ თავიანთი გასაჭირი, რათა უფრო მეტი მოწყალებისაკენ მისდრიკონ ისინი, ვისგანაც მოელიან წყალობას“. „ჩანს, - მიანიშნებს ნეტარი ტეოფილაქტე, იაროსს ჰქონდა რწმენა, მაგრამ არც ისე დიდი, რადგან სთხოვდა იესოს არა მარტო სიტყვის თქმას, როგორც ასისთავი, არამედ მასთან მისვლასა და ხელის დადებას“. მაგრამ იესო ცდილობდა იაიროსის რწმენის მცირედი ნაპერწკალი ექცია ცეცხლად. მან შეისმინა უბედური მამის მწუხარე გოდება: და აღჰსდგა იესო ტრაპეზიდან და შეუდგა მას, და მოწაფენი მინი მისთანა გაყვნენ, ასევე ხალხიც შეუდგა მას. იაიროსის გული ისე ძლიერ იტანჯებოდა დარდით, რომ ვერ მოეძია საჭირო ძალა ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გადასალახად: ამასთან მის სუსტ რწმენას მალე ელოდა საშინელი განსაცდელი, რისიც მას ეშინოდა, მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი სინამდვილეში უკვე მომკვდარიყო. საჭირო იყო ამ რწმენის განმტკიცება, და აი, რას მოიმოქმედებს ღვთაებრივი სიბრძნე, იაიროსის რწმენის განსამტკიცებლად.

ხალხი ყოველი მხრიდან ავიწროვებდა უფალს; ყველას სურდა იმისი დანახვა, თუ რას უზამდა ავადმყოფს სასწაულმოქმედი მკურნალი და მასწავლებლი. და აი, ამ უამრავ ხალხში იყო ერთი ავადმყოფი ქალი, რომელსაც უქმი ცნობისმოყარეობა არას არგებდა; და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლის დინებასა ათორმეტ წელ: ბევრი დაეთმინა მას მრავალი მკურნალისაგან, მათ შეალია მთელი ქონება, მაგრამ აქედან ვერ მიიღო ვერანაირი შვება, არამედ თავი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაიგდო. როგორც კი მოისმინა იესო ქრისტეზე, სნეულებით გაწამებულმა ქალმა გადაწვიტა მისულიყო ღვთაებრივ მკურნალთან; დიდი მონდომებით გაარღვია ზღვა ხალხი, ქალური სიმორცხვის გამო ვერ გაბედა პირდაპირ ეთხოვა უფლისათვის თავისი სატკივრის განკურნება, ვერ გაბედა მისი შეჩერება და უფლის წმიდა ხელის შეხებაც კი, - არამედ მხოლოდ მოუხდა ზურგით და უდიდესი რწმენითა და კეთილკრძალულებით შეახო შეუმჩნევლად ფესუსა სამოსლისა მისისასა - თეთრ ფუნჯებს მისი სამოსელისა, რისი ტარებაც იუდეველებს ევალებოდათ მოსეს სჯულით იმის ნიშნად, რომ მათ ახსოვდათ და ასრულებდნენ ღვთის მცნებას. იგი შეეხო სწორედ მისი მოსასხამის კალთას, რადგან მას განსაკუთრებულ სიწმიდედ მიიჩნევდა...

„მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, - ამბობს წმ. ოქროპირი, სათანადო და სრული წარმოდგენა იესოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იფიქრებდა, რომ შეძლებდა მისგან თავის დაფარვას, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარებოდა და არც ამბობდა თავისთვის გულში; არ ვიცი, განვიკურნები თუ არა სატკივრისაგან? არამედ მიეახლა მტკიცედ დაჯერებული, რომ მიიღებდა განკურნებას. „რამეთუ იტყოდა გულსა თვისსა: ჩანს, რომ ქრისტეს გარდა არავის შეუძლია ჩემი ჯანმრთელობის აღდგენა; მაგრამ როგორ ვეჩვენო მას, როგორ მივიდა მასთან? მოსეს სჯულის მიხედვით მე არაწმდა ვარ, თუ მე იესოს წინშე დავემხობი მთელი ამ ხალხის წინაშე, მაშინ მე დავიმსახურებ საყოველთაო ზიზღს მათგან; თუ ხელით შევეხები მას - მაშინ მე თავად შევბილწავ... რა ვქნა, როგორ მოვიქცე? მაგრამ მან რომ არ ითაკილა მეზვერის სახლში მისვლა: მასთან ყოველნაირი ცოდვილები მიდიან და იგი არ დევნის მათ თავისგან... მივალ მეც ცოდვილი, მის მოსასხამს მაინც შევეხები; იგი ისეთი მოწყალე, ისე სავსეა ღვთიური ძალით, რომ ეს ღვთის ძალა მიღებული ექნება მის სამოსელსაც, ამიტომ ვითარმედ შეხოლო თუ ვეხო სამოსელსა მისსა, ვჰსცხონდე“.

ასე გაჩნდა მის გულში კეთილი იმედი, და ამ იმედმა არ გააწბილა ის, მოციქულებზე უწინ იცნო მან გონებით კი არა, არამედ უბრალო გულით, ის დიდი ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტეში არსებობს „დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსება ღმრთაებისა ხორციელად“ (კოლ. 2,9) შეეხო, მაგრამ ქრისტეს სამოსელის კალთას იგი კი არ აღმერთებდა, არამედ მხოლოდ გამოხატა თავისი მტკიცე რწმენა იესო ქრისტეს ყოვლისშემძლეობაზე. შემდგომში ავადმყოფები იკურნებოდნენ პავლე მოციქულის თავსაბურველითა და ძელაკებით; ასე, ავადმყოფთა რწმენით, მხოლოდ აჩრდილიც კი პეტრე მოციქულისა, კურნავდა სნეულთ.

ახლაც ასევე ღვთის მადლით, მორწმუნენი იკურნებიან, როცა ეხებიან რწმენით სასწაულმოქმედ ხატებს, წმიდათა ნაწილებს, ანდა ეკლესიის საიდუმლოებებს ღებულობენ. „ჩვენთვის, მგრძნობიარეთათვის, - ამბობს მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული, აუცილებელია გრძნობით შეხება, რათა მივიღოთ არაგრძნობიერი სულიერი ძალა. უფალმა ასეც მოაწყო: მის წმიდა ეკლესიას აქვს ხილული მოწყობილობა: ღვთის მადლიანი ძალა შეიძინება წმიდა საიდუმლოებების რწმენით მიღებისას. ღვთის ტაძრების სიწმიდეებთან, წმიდა ხატებთან და წმიდა ნაწილებთან შეხებისას. უფალი ხედავს შემხებლის რწმენას და მის გულშივე წარმოთქვამს: „ისწრაფე, შვილო!“ - მაგრამ ხალხი სიმრავლეში, რომელიც მჭიდროდ გარს ეკრა უფალს, უდავოდ იყვნენ ძველი სატკივრებისაგან განაწმები სხვა სნეულებიც; შესაძლოა ისინი სხეულით უფრო ახლოსაც იყვნენ ზეციურ მკურნალთან, ვიდრე სისხლმდინარე ქალი, მაგრამ ისინი არ ეხებოდნენ უფალს ისეთი დიდი რწმენით, როგორითაც შეეხო ქალი, ამიტომაც ვერ განიკურნენ. ასევე ხდება ქრისტეს ეკლესიაშიც: ბევრი თვლის თავს ქრისტეს მიმდევრად, სახელად ქრისტიანებად იწოდებიან ისინი, მონაწლეობენ ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში, მაგრამ არ ეხებიან ქრისტეს, არ მიდიან მასთან ცოცხალი გულთადი რწმენით, არ ეძებენ და ამიტომ არც ღებულობენ სიცოცხლესა და განკურნებას მისგან მადლიანი საშუალებებით, რომელთაც სთავაზობს მათ ეკლესია ქრისტესი“.

შეიგრძნო რა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა, ქალი მაშინვე მიეფერა ხალხში. ეს ვერავინ შეამჩნია, მაგრამ გულთამხილავი უფალი ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს ცნობდა. ღვთის დიდებისათვის, და კიდევ იმისათვის, რომ ბევრისთვის ყოფილიყო მაგალითი იმისა, თუ რაში მდგომარეობდა მდაბალი, მაცხოვნებელი რწმენის არსი, მან არ ისურვა ამის დაფარვა სხვათათვის. ამასთან, დატოვა რა თითქოს შუმჩნევლად მისი განკურნება, ამით აძლვედა მას საბაბს, რათა ეფიქრა, რომ თითქოს ქრისტეს სამოსელი თავისთავად იყო ამ ძალთა მფლობელი. „რატომ არ დატოვა უფალმა დაფარულად იგი? - კითხულობს წმ. ოქროპირი: ნუთუ დიდება შეიყვარა მან, რომელიც სხვებს უკრძალავდა და თავადაც არ იცოდა ლაპარაკი თავის ურიცხვ სასწაულებზე? არა, იგი, უპირველესად ათავისუფლებდა ქალს შიშისგან, რათა მას, სტანჯავდა რა სინდისი, მადლის მიმტაცებლად წარმოედგინა თავი, და არ გაეტარებინა ცხოვრება წამებაში; მეორედ კიდევ, გამოასწორა იგი, რადგან ტყუილად ცდილობდა გარიდებას; მესამედ, ყველას გაუცხადა მისი რწმენა, რათა სხვებსაც მიებაძათ მისთვის; მეოთხედ, რათა ეჩვენებინა თავისი ყოლისმხილველობა, რომელიც თავისთავად არის უდიდესი სასწაული. და ბოლოს, სინაგოგის უფროსსაც, რომელსაც ადვილად შეეძლო დაეკარგა რწმენა მისადმი, და მისთან კიდევ სხვებსაც, განამტკიცებს ქალის მაგალითით“.

წმინდა მახარებლები მარკოზი და ლუკა გვიყვებიან, რომ უფალმა მაშინვე ინება შეჩერება და მიმართა ხალხს კითხვით: „ვინ შემეხო სამოსელსა ჩემსა“ - როცა ყველამ უარყო, მაშინ პეტრე მოციქულმა, რადგან არ იცოდა რა ხდებოდა, უთხრა უფალს: მოძღვარო! შენ თავად ხედავ ხალხი როგორ გავიწროვებს, და მაინც კითხულობ: „ვინ შეეხო სამოსელსა ჩემსაო“... უფალმა მიუგო: მე ვიღაც შემეხო განსაკუთრებული განზრახვით, რადგან ვიგრძენი ჩემგან ძალის გასვლა. წმინდა მახარებელი მათე კი გვიყვება მოკლედ: ხოლო იესო მიექცა, ირგვლივ მიმოიხედა და თავისი ღვთიური მზერა განკურნებლს მიაპყრო. იხილა იგი, ერთი შემწყალებელი შეხედვით მასში აღძრა აღიარების სურვილი. სურდა რა, გამოესწორებინა თავისი დანაშაული, მან დაივიწყა ქალური სიმორცხვე, და რომელიც ძრწოდა შიშისაგან, დაემხო მის წინაშე. და მთელი ხალხის წინაშე აღიარა მომხდარი. ჩანს, რომ მას ეშინოდა ხალხის რისხვისა, რადგან სჯული ცხადად განმარტავდა, რომ სისხლმდინარის შეხება, ადამიანს ხდიდა არაწმიდას დაღამებამდე. იგი თითქოს ასე ეუბნებოდა: „შემინდე ჩემი თავხედობა, მოწყალეო უფალო! მთელი 12 წელი ვიტანჯებოდი მე უბედური; ყველაფერი უსარგებლოდ დავხარჯე ექიმებში; მესმის, რომ სხვები ადვილად ღებულობენ შენგან დახმარებას, როგორც მოწყალე მკურნალისაგან, ხდებიან ოჯახებში შენი მიღების ღირსნი, მე კი, ცოდვილს, ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია, - მე მხოლოდ შევეხე შენი სამოსელის კალთას და აი, მე განვიკურნე. ნუ მიიჩნევ ჩემს შეხებას შენს შებღალვად!“ მაგრამ ეხლა სისხლმდინარე ქალის შეხებამ არა მარტო არ შებღალა მაცხოვარი, არამედ თავად განსწმიდა იგი. და მაცხოვარმა მამობრივი სიყვარულით ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! და ამ მოსაფერებლ სიტყვაში „ასულო“ უკვე ისმოდა მისი პატიების შესახებ. - ნუ გეშინია, სარწმუნოებამან შენმან ღვთის სამწყსოდ გაქცია შენ და გაცხოვნა შენ. იყავი მშვიდობით, და განიკურნე შენი სატკივრისაგან.

საკვირეველია ჩვენი უფლის სიმდაბლე! სასწაული, რომელიც მან მოახდინა, მიაკუთვნა განკურნებულის რწმენას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. საკვირველია მოჭარბებულობა მისი მადლისა: ეშურება რა მოწყალების ერთ საქმეს, მან არ მოსთხოვა ავადმყოფს, რომ ყველას წინაშე გაეცხადებინა თავისი სატკივარი, ვიდრე არ განკურნა იგი, რადგან ასეთი არაწმიდად იყო სჯულის მიხედვით მიჩნეული; და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან, სრულიად გამოჯანმრთელდა იმ წუთიდან, როგორც კი შეეხო მაცხოვრის სამოსელს“. ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ამ ქალის უპირატესობას სინაგოგის უფროსთან? მან არ გააჩერა, არც ხვეწნა დაუწყო მას, არამედ თითებით ოდნავ შეეხო მის სამოსელს, და რომელიც ყველაზე ბოლოს მიეახლა, ყველაზე უწინ მიიღო განკურნება. სინაგოგის უფროსმა დიდებული მკურნალი სახლში მიიწვია, მისთვის კი საკმარისი იყო ერთი უბრალო ხელის შეხებაც“.

მაცხოვრის ეს შეყოვნება, მისი საუბარი მოწაფეებთან, შემდეგ კი სისხლმდინარე ქალთან, - ყოველივე ეს მეტად მძიმე გადასატანი გახდა მამისათვის, რომელსაც გული დარდით მოცული ჰქონდა, როცა მისთვის ყოველი წუთი ძვირფასი იყო, როცა სიკვდილი სწრაფად აქრობდა მის შვილში უკანასკნელ ნაპერწკალსაც სიცოცხლისა. შემდგომში ასე გამოიცადა მართასა და მარიამის რწმენა, როცა ისინი უდიდესი გულისტკივილით უყურებდნენ, რომ მათი საყვარელი ძმა ლაზარე უახლოვდებოდა სამარის კარს, უფალი კი, ამის მიუხედავად, აყოვნებდა... მაგრამ, როგორც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო მამისათვის ამისი დათმენა, ჩვენ მასში ვერ ვხედავთ მოუთმენლობის ვერავითარ ნიშანს, და ამის გამო, უფალმა დამსახურებისამებრ მიაგო მას. უბედურმა იაროსმა, მოისმინა ყოველივე, რაც თქვა ქალმა, და ვის შეეძლო უფრო ახლოს მიეღო გულთან ეს შემთხვევა? თუ ქალი მხოლოდ შეეხო იესოს სამოსელს და განმრთელდა, რატომ არ შეიძლება მისმა სნეულმა შვილმაც მიიღოს განკურნება? აკი იესომ ამაზე უარი არც უთხრა მას, - იგი ხომ ამისთვის მიდის მასთან სახლში..

მაგრამ სწორედ ეხლა, როცა მას იმედი გაუჩნდა გასნაცდელი ეწვია: მაცხოვარს თავისი სიტყვები დამთავრებულიც კი არ ჰქონდა ქალთან, რომ იაროსს აცნობეს: შენი ქალიშვილი უკვე აღესრულა, ამიტომ ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს, მკვდარს რაღა განკურნება უნდაო. მაგრამ უფალმა არ მისცა საშუალება, რომ ამ საშინელი უწყებით თავზარდამცემული მამის სულში დაეჭვებას შეეღწია: სასწაულმოქმედი იმ წამსვე დაეშურა მის დამშვიდებას: „ნუ გეშინია, იწამე და ცოცხალი იქნება“. მკვდარი - ცოცხალი შეიქმნება! ვის შეეძლო ამის გაკეთება? მაგრამ სწორედ იქაა საჭირო რწმენა, სადაც ვერ წვდება გონება. და რწმენამ იაროსი არ დასტოვა: ქრისტემ ნელა გააგრძელა გზა, ბევრს ესაუბრებოდა მოწაფეებსა და ქალს, რათა სნეულ ბავშვს სიცოცხლე დაესრულებინა, და ისინი გამოჩენილიყვნენ, რომელთაც ბავშვის სიკვდილი აცნობეს მამას. ქრისტეს სურდა, რომ ყველანი დარწმუნებულიყვნენ ბავშვის სიკვდილში, რათა შემდგომ მის აღდგომაში ეჭვი არ შეპარვოდათ, ასე იგი გარდაცვალებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ მივიდა ლაზარესთანაც“. - ბოლოს, როგორც იქნა სინაგოგის მთავრის სახლიც გამოჩნდა. იქ უკვე გაისმოდა ტირილი და მოთქმა მტირალ ქალთა, რომელთაც იმ დროს ჩვეულებისამებრ იწვევედნენ ხოლმე ახლობლები მიცვალებულისა, და რომლებიც გულში ხელის ცემითა და მიმსგავსებული ქვითინით ადამიანთა სულებს გვრიდნენ მწუხარებას: იქ უკვე გაისმოდა სამგლოვიარო მუსიკა. გარდაცვლილის ცხედარი ალბათ კიდეც გაებანათ და მოემზადებინათ დასამარხად, რადგან აღმოსავლეთში მიცვალებულის გარდაცვალების დღესვე დაკრძალვა ჰქონდათ ჩვევად.

უამრავი ხალხი განუშორებლად მისდევდა უფალს იაიროსის სახლამდე. და მოვიდა იესო სახლსა მის მთავრისასა, კარებთან შეჩერდა, ხალხს დაუშალა მიყოლა, და სახლში შევიდა მხოლოდ განსვენებულის მამასა და სამ უახლოეს მოციქულთან ერთად; ესენი იყვნენ: პეტრე, იაკობი და იოანე, და იხილა მუნ მგოსნები მუსიკოსები და ერი კრებული და შფოთი. ჭირისუფალთა გარდა ბევრი იყო საყურებლად მოსულიც. იესომ მიმართა და ჰრქუა მათ: რა შფოთია? რაზე ტირიხართ? ნუ იტირებთ, განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ასე ამოწურა რა სიკვდილის მეუფება ბოლომდე, მან არ დაუტოვა მას სახელიც კი: „არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს“. ასე მოიქცა იგი ლაზარეს აღდგინებისას, როცა თქვა: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა“(ინ. 11,11). ამით ჩვენ გვასწავლის, რომ არ შევუშინდეთ სიკვდილს, რადგან სიკვდილი უკვე აღარაა სიკვდილი, არამედ ძილად იქცა. რადგან თავად მასვე ელოდა სიკვდილი, სხვების მკვდრეთით აღდგომით, ადრევე ამზადებდა თავის მოწაფეებს ამის სიმშვიდითა და მამაცურად გადასატანად, რამეთუ მისი მოსვლით, სიკვდილი ძილად გადაიქცა“ - ამბობს წმ. ოქროპირი. უწოდა რა სიკვდილს ძილი, უფალმა განუმტკიცა გარდაცვლილი შვილის მამას რწმენა, „რომელიც ადვილი შესაძლებელი იყო ჩამქრალიყო მასში, რადგან შეესწრო მომეტებულ წუხილსა და დრტვინვას და იმის დამოწმებას, რომ თითქოს ყველაფერი დასრულდა, და აი, სიცოცხლის მეუფემ საშინელი სიტყვები „იგი მოკვდა“ შესცვალა უფრო დამამშვიდებელი სიტყვებით „ჰსძინავს“. ამავე დროს, თავისი წმიდა სიმდაბლით, რომელიც მას მუდამ ჩააგონებდა მორიდებით ყოფნას, რათა მისი საკვირველი საქმენი სხვათათვის ნაკლებად საცნაური გამხდარიყო, იგი ამ სიტყვებით, რომელსაც ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ფარდით, ისე ხალხისაგან ჰფარავდა იმ საქმეს, რომლის მოხდენაც მას სწადდა. „და“ ამ სიმდაბლისათვის, მწუხარე და გამწარებული მშობლების ასეთი სიყვარულის მომცველი ნუგეშისათვის, ზეციურმა მასწავლებელმა თავად მიიღო დაცინვა და გაკილვა: ხოლო იგინი გკიცხვიდეს მას. აი - რწმენის გარეშე ცრუ სიამაყე გონებისა! რაც არ ესმოდათ, იმას დასცინოდნენ. ისინი უღირსნი იყვნენ ყოვლისშემძლე ღმერთის სასწაულების ხილვისა. ჩანს, რომ იქ მყოფმა, მუსიკოსებმა და მომტირალე ქლებმა, ადვილად მიატოვეს ყალბი ცრემლები და იწყეს იესოს უხეში დაცინვა. მაგრამ სწორედ ეს დაცინვა მათი ამოწმებდა სასწაულს: გოგონას სიკვდილი ყველას მიერ იყო დამოწმებული და არავის შეეძლო ეთქვა, რომ მას რაღაც ავადმყოფური შეემთხვა, ან უბრალოდ, გული შეუღონდა“, - ამბობს მიტროპოლიტ ფილარეტი.

იესომ ბრძანა ყველანი გაეყვანათ იქედან. „მას არ შეურაცხყოფდა ის, - ამბობს წმ. ოქროპირი, რადგან თვით ეს სიცილი, საკრავები და ყველაფერი დანარჩენი მოწმობდა ბავშვის სიკვდილს“. „რადგან ხალხს ხშირად არ სჯერა უკვე მომხდარი სასწაულები, ამოტომ უფალმა ადრევე დაიცვა ამ ურწმუნოებისაგან ისინი თავიანთვე პასუხებით. ასევე იყვნენ დაცული ურწმუნოებისგან ლაზარს აღდგომის მომსწრენიც: მაშინაც იკითხა უფალმა: „სადა დასდევით იგი“, რათა იმათ რომელთაც უპასუხეს: „მოვედ და იხილე“ და კიდევ „ჰყროდისღა“ (ინ. 11, 34-39), რადგან იგი ოთხი დღე იყო სამარეში, და არ შეიძლებოდა არ ერწმენათ, რომ უფალმა აღადგინა მიცველებული“, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი. „თუ მოციქულთაგანაც კი მხოლოდ სამი გახდა ღირსი მოწმე გამხდარიყო აღდგომის საშინელი საიდუმლოსი, მით უმეტეს არ შეიძლებოდა რომ საღმრთო მოქმედების მარგალიტი დაეყარა მათთვის, ვინც თავხედურად განიკითხავდა სასწაულმოქმედს“.

და რაჟამს გამოსხა ერი იგი, დადგა სიმშვიდე, მან თავისთან იახლა მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და სამი გამორჩეული მოციქული - „გვირგვინი მოციქულთა კრებულისა“, და მშვიდადა შევიდა იმ ოთახში, სადაც ესვენა მიცვალებული, და უპყრა დინჯად აიღო გაციებული ხელი მისი, და როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფემ, წარმოსთქვა მხოლოდ ორი სიტყვა: „ტალიფა კუმი - ბავშვო წამოდექი!“ და მაშინვე აღადგინა ქალი იგი, როგორც ძილისაგან გამოღვიძებული, ბავშვი წამოდგა და გაიარა... შეიძლება წარმოვიდგინოთ მშობლების გაოცება და სიხარული, ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ მოხდენილი შემძვრელი სასწაულის ხილვაზე რომ იქნებოდა მათში! „სხვა სული კი არ ჩაუდგა მომკვდარს, - ამბობს წმ. ოქროპირი, არამედ დაუბრუნა სწორედ ის, რომელიც მისგან იყო გამოსული და როგორც ღრმა ძილისაგან, გააღვიძა ბავშვი. უფრო მეტად რომ დარწმუნებულიყვნენ მოხდარში, უფალმა იგი აიყვანა ხელში, რათა ამით გაეკვალა მათთვის გზა მისი აღდგომის რწმენამდე. მამამ სთხოვა მას: „დასდევ ხელი შენი მას ზედა“, უფალმა კი უფრო მეტი მოიმოქმედა: ხელი მარტო კი არ შეახო, არამედ მომკვდარი აიყვანა ხელში, აღადგინა იგი, რითაც გვაჩვენა, რომ მისთვის ყველაფერი იოლია; მან არა მარტო აღადგინა, არამედ უბრძანა სხვებს, რათა მიეცათ მისთვის საზრდელი, რათა მომხდარი არ მიეჩნიათ სიცრუედ. თვითონ კი არ მისცა ბავშვს საკვები, არამედ ეს საქმე მშობლებს დაავალა, როგორც თქვა ლაზარეზეც: „განხსენით ეგე და უტევეთ ვიდოდეს“, შემდეგ კი თავისი ტრაპეზობის თანამონაწილედ გაიხადა იგი. შემდეგ ქრისტემ უბრძანა მშობლებს, რათა მათ ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ და ყველაზე უწინ კი ესწავლათ სიმდაბლე და არ მიდრეკილიყვნენ ცუდდიდობისკენ“. ამ აკრძალვით, უფალს სურდა ღვთის საქმე შემოეზღუდა ადამიანური მითქმა-მოთქმისა და ბჭობისაგან, ასევე სიფრთხილის გამო, რათა არ გაეძლიერებინა მტრების სიძულვილი და არ გამოეწვია ხალხში ცრუ წარმოდგენები მესიის მეფობაზე. ასე შემდგომშიც, როცა მან მოახდინა პურის გამრავლების სასწაული, ხალხს სურდა მისი მეფედ გამოცხადება: იგივე შეიძლებოდა ეხლაც მომხდარიყო. და მაინც, მიუხედავად აკრძალვისა, და განჰხდა ამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. აღნიშნული სასწაული გახმაურდა მთელ გალილიასა და პალესტინაში.

ეს იყო პირველი გამოვლინება ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა სიკვდილზე, პირველი აღდგომა მიცვალებულისა. ხსნის რა სახარების მოთხრობას იაიროსის შვილის აღდგინებაზე, წმ. ოქროპირი თავის სიტყვას მიმართავს შვილის დაკარგვით დამწუხრებულ მშობლებს: „სძინავს შენს შვილს და არ მომკვდარა იგი; განისვენებს და არ დაღუპულა. იგი აღსდგება და მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს, უკვდავებას და ანგელოზთა კუთვნილს. არ გესმის რას ამბობს ფსალმუნთმგალობელი: „მოიქეც სულო ჩემო, განსასვენებლად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ“ (ფს. 114, 7). ღმერთი სიკვდილს უწოდებს სიკეთეს, შენ კი მწუხარებ, რამდენჯერ უფრო მეტს იზამდი, შენ რომ ყოფილიყავი გარდაცვლილის მტერი? თუ ვინმემ უნდა იტიროს, დაე ეს ეშმაკმა გააკეთოს და იგლოვოს მასზე, რომ ჩვენ მივდივართ უმაღლესი სიკეთის მისაღებად, სიკვდილი არის მშვიდი საყუდელი. ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ნათქვამია: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ (ინ. 16, 33), ხოლო მომავალზე: „ვაება და კვნესა კი უკუიქცევა“ (ეს. 51, 11). იქ სულიერი სასახლეა და ბრწყინვალე სანათურები და ზეციური ცხოვრება: რაღაზე უნდა იტიროს კაცმა?“.