|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
პასუხი ფარისევლებსა და იოანეს მოწაფეებს მარხვის შესახებ. ღვინო ახალი და ძველი
მათე 9, 14-17
როცა უფალმა გააჩუმა ფარისეველთა ბაგეები, რომლებიც განიკითხავდნენ მას
მეზვერეებთან და ცოდვილ ხალხთან სიახლოვისათვის, მაშინ მოუხდეს მას მოწაფენი
იოანესნი, რომლებსაც, როგორც აღნიშნავს წმ. ოქროპირი, ქრისტეს მიმართ ჰქონდათ რაღაც
შური, რათა მას არ გარდაემეტებინა თავიანთი სულიერი მასწავლებლის დიდებისათვის, და
მხოლოდ მაშინ დაცხრნენ, როცა იოანე საპყრობილეში იქნა ჩაგდებული. იოანე თავად იყო
დიდი მმარხველი და თავის მოწაფეებსაც აწრთობდა მკაცრ მარხვაში. მათ ესმოდათ, რასაც
იოანე ამბობდა მომვალ მესიაზე, და ეხლა დაეჭვებულიყვნენ, რომ ეს, იოანეს მიერ
მინიშნებული მესია, არა მარტო თვითონ მარხულობდა, არამედ მან მძიმე მარხვისაგან
გაათავისუფლა თავისი მოწფენიც კი? „ალბათ - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, ისინი
საგონებელში იყვნენ ჩვარდნილნი, როგორ შეეძლო მას მკაცრი მოღვაწეობის გარეშე
დაეთრგუნა ვნებები, რასაც ვერ აკეთებდა წინამორბედი. ის, რომ იოანე იყო ჩვეულებრივი
ადამიანი, და მართალი გახდა მხოლოდ ღვთის სათნოებების წყალობით, ქრისტე კი თავად
იყო ღმერთი და ყოველი სიკეთე იყო მასში - არ უნდოდათ ცნობა ამისა“.
შესაძლოა იოანეს მოწაფეებს აკვირვებდათ შემდეგიც: რატომ არ ცდილობდნენ ქრისტეს
მოწაფენი, რომ თავიანთი მარხვა შეეერთებინათ იმათი მარხვისთვის, რათა გამოეხატათ
მწუხარება
თავიანთი დიდი მასწავლებლის დატყვევების გამო, რომელმაც მონათლა მათი მასწავლებელი.
- წმინდა მახარაველი ლუკა ამბობს, რომ ქრისტეს მოწაფეებს ადანაშაულებდნენ
ფარისევლები; შესაძლოა, - ამბობს წმ. ოქროპირი, ფარისევლებმა არ იცოდნენ რა ექნათ,
თან გაიყოლეს იოანეს მოწაფენიც, ისე, როგორც შემდგომში დაიახლოვეს იორდანელები. -
მაგრამ როგორ შეიძლება მომხდარიყო, რომ ფარისეველთა მეტად მკაცრი მამხილებლის -
იოანეს მოწაფენი, შეუერთდნენ ამ ორგულებს, რათა გამოეკითხათ მაცხოვარი? - შეიძლება
ვიფიქროთ, რომ ესენი ალბათ იოანეს ის მოწაფენი იყვნენ, რომელთაც არ ესმოდათ არსი
თავიანთი მასწავლებლის ქადაგებისა, როცა იგი მათ ასწავლიდა მკაცრ მარხვას;
ფარისევლები კი ხარობდნენ, ოღონდ კი ვინმე გადაებირებინათ თავიანთ მხარეს, რათა
შური ეძიათ უფალზე მათი შერცხვენისათვის, მისი კანონების სისუსტის გაკიცხვით, რომ
თითქოს არც ის და არც მისი მოწაფენი არაფრით განსხვავდებიან ცოდვილი ხალხისაგან
თავშეკავების საქმეში. და აი, შესაძლოა მათგან ასეთი სწავლების გამო, იოანეს
მოწაფეებმა, ვერ შეჰკადრეს თვითონ ქრისტეს რომ ეთქვათ: რატომ არ მარხულობ შენ,
ამიტომ მიუთითეს უფლის მოწაფეებზე: და ეტყოდეს: რასათვის ჩუენ და ფარისეველნი
ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწფენი შენნი არა იმარხუენ? ანდა, ჩვენზე ბევრად ნაკლებს
მარხულობენ? დაუშვათ, შენ თვითონ, როგორც მკურნალი ასე იქნები, მაგრამ რატომ
აკლებენ მარხვას შენი მოწაფენი და ისეთ ტრაპეზობებს არ ერიდებიან, როგორც ეხლა? -
აი, ის სნეულება, რომელსაც ადრევე მკურნალობდა ქრისტე, როცა ამბობდა: „რაჟამს
იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“ (მთ. 6,17). ეს არის ფუჭი დიდების
ტრფიალების სატკივარი. იგი უკარგავს ფასს ღვთის თვალში ყოველგვარ კეთილ საქმეს. მას
უძღვნიდა მსხვერპლად თავის მარხვას ქედმაღალი ფარისეველი, როცა ამბობდა: „ვიმარხავ
ორ გზის შაბათსა შინა“ (ლკ. 8,12).
უფალს შეეძლო ეთქვა: თქვენ არა გაქვთ უფლება დაიდგინოთ კანონი მრხვაზე; რა სიკეთე
მოაქვს თქვენს მარხვას, როცა სული თქვენი სავსეა ბოროტებით, როცა ეხლაც კი
განიკითხავთ სხვებს, საკუთარი თავის გამოსაჩენად? უპირველესად, განდევნეთ
ცუდმედიდურობა, დაიცავით მცნებები სიყვარულისა, სიმშვიდისა, სიმდაბლისა“...
მაგრამ უფალმა არ გაკიცხა იოანეს მოწაფენი, არ უწოდა მათ ფუჭი დიდების მოყვარენი და
გაყოყოჩებულნი“. მან შეამჩნია რომ სულები მათი იყო დამძიმებული, რაც გამოწვეული იყო
იმათი მასწავლებლის საპყრობილეში ჩაგდებით, ამიტომ თანაუგრძნო და სიმშვიდით უპასუხა
იმათ უგუნურ კითხვას: ჰრქუა მათ იესო: ხელეწიფების ძეთა მათ სიძისათა გლოვად,
მარხვა შეუძლიათ იმათ, რომელთაც სიძემ დაავალა საქორწინო სუფაზე ზრუნვა, და
რომელნიც არიან ყველზე უახლოესი მეგობრები სიძისა და ყველაზე დაფასებული სტუმრები
საქორწინო ლხინისა, ვიდრემდე მათ თინა არს სიძე? იოანე, თქვენი მეგობარი და
მასწავლებელი საპყრობილეშია: ამის გამო თქვენთვის ეხლა მწუხარებისა და მარხვის
დროა; თქვენ მოისმინეთ მისგან, რომ თავად იგი არის მხოლოდ მეგობარი სიძისა, სიძე კი
- ეს მე ვარ, ახალ ეკლესიაზე რომ დავიწინდე, ძველი, სინაგოგის ნაცვლად; ასე რომ,
ახლანდელი დრო, ვიდრე მე ვიმყოფები ჩემს მოწაფეებთან, მათთვის არის ჟამი
სიხარულისა, როგორც ამბობდა მასწავლებელი თქვენი: „ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი
ჰსდგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმათა სიძისათა“ (ინ. 3,29). მარხვა, თავის
თავში ნამდვილად შეიცავს რაღაც სევდას, რაც მისთვის არსებითი არაა, რადგან იმათთვის
რომელთაც განუზრახავთ სულიერი წარმატება, იგი სასიამოვნო და ნანატრი საქმეა. ჩემი
მოწაფენი კი ჯერ სუსტნი არიან, და ეხლა მარხვა მათთვის უადგილოა, მაგრამ ეს ასე არ
გაგრძელდება მუდამ: მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე, ე.ი. სიძე
განეშორება მათ, მაგრამ არა თავისით, არამედ იძულებით განაშორებენ მათ, ისე როგორც
თქვენ მოგარიდეს სიახლოვეს თქვენი მასწვლებელ იოანესთან, - დადგება დრო, როცა მე
მივეცემი ჯვარზე სიკვდილს, შემდეგ კი ავმაღლდები ზეცას და მაშინ იმარხვიდენ, მაშინ
ჩემი მოწაფენი, თავიანთი მწუხარების გამოსახატად, თვითონ დაიდგენენ მარხვას და
მიეცემიან ჩემი სახელისათვის დევნას; იქნებიან მშიერნი და მწყურვალენი. ამ
სიტყვებში, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, უფალმა პირველად განაცხადა თავისი წამების
შესახებ, რათა მოწაფეები ადრევე მიეჩვია მომავალში მოსალოდნელი სამწუხარო ამბებზე
ფიქრს. მაცხოვარს ეს საკუთრივ მათთვის რომ ეთქვა მეტად მძიმე და წუხილის მომგვრელი
გახდებოდა: შემდგომშიც, როცა კი მოწაფეებს პირდაპირ ელაპარაკებოდა თავისი წამების
შესახებ, ეს დიდად აშფოთებდა მათ, მაგრამ როცა იგი ამის შესახებ სხვებს ეუბნებოდა,
მისი მოწაფეებისათვის უფრო ნაკლებ სამძიმო ხდებოდა“.
უფლის სიტყვები იმაზე, რომ მისი მოწაფენი იმარხულებდნენ როცა იგი ხილულად აღარ
იქნებოდა მათთან, ზუსტად აღესრულა: უფლის ამაღლების შემდგომ მათ მარხვასა და
ლოცვაში ვხედავთ. რათა აჩვენოს, თუ როგორი სუსტები იყვნენ მაშინ მისი მოწაფერი, იგი
დაურთავს: არავინ დაადგის სადგმელი უმრკნუელი სამოსელსა ძუელსა; რამეთუ აღიღის
სავსება სამოსლისა მისგან, და უფროსი განხეთქილება იქმნის. ჩემი მოწაფენი ჯერ კიდევ
არ განახლებულიან სულით, ამიტომ ჯერ არ შეიძლება მათ დავაკისრო მძიმე მოთხოვნები:
ისინი ჯერ კიდევ ითხოვენ შეწყნარებას და მსუბუქ ტვირთს, - ამბობდა რა ამას,
მაცხოვარი თავის მოწაფეებს აძლევდა მაგალითს, რათა იმათაც, როცა მოუწევდათ ქვეყნის
დამოძღვრა, შეეწყნარებინათ ხალხი და თავიდანვე მძიმე მცნებათა შესრულება არ
დაეკისრებინა მათთვის. იგი არ აიძულებდა მოწაფეებს მარხვას, წმინდა ოქროპირის
თქმით, „სხეულის საამებლად კი არა, არამედ თავისი განსაკუთრებული შეხედულებისამებრ“,
განსაკუთრებით ბრძნული მიზნით, როგორც ეს კიდევ აგვიხსნა შემდეგ ორ მიმსგავსებულ
შემთხვევაში, რაც მოტანილია პირდაპირ ცხოვრებიდან: არცა შთაასხიან ღვინოი ახალი
თხიერთა ძუელთა, ძველ ტყავის ტიკებში, რათა არ განსქდენ თხიერნი, და ღვინო
დაითხიოს, და თხიერნი წარჰსწყმდნენ. არამედ შთაასხიან ღვინოი ახალი ძლიერი და
მაგარი, თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხიან. არ შეიძლება გონებით ჩვილს დროზე
ადრე მივაწოდოთ მაღალი სწავლება: წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შემდგომშიც ამ
სწავლების მოსმენისაგან არ იქნება თავისუფალი. ახალი მაგარი საკერებელი და ახალი
ღვინო მოასწავებს მარხვას, ხოლო ძველი სამოსელი და ძველი ტიკები - მოწაფეებს. აი,
რატომ იყო, რომ თვით მაცხოვარი, ესაუბრებოდა რა თავის მოწაფეებს, ხშირად ხმარობდა
უბრალო გამოთქმებს, როგორც თავად ახსნა ეს: „ფრიადღა მაქუს სიყუად თქუენდა, არამედ
აწ არღარა ძალ-გიძსთ ტვირთვად“ (ინ. 16,12). აი, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენც სხვების
მიმართ, შემწყნარებელნი, და მაშინ გვექნება წარმატებაც.
სიტყვების ქვეშ: „ახალი სამოსელი, ახალი ტიკები, ახალი ღვინო“ უნდა ვიგულისხმოთ
მთელი ახალი აღთქმა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, როგორც ამას წერს მოციქული პავლეც:
„ხოლო დაძუელდა იგი და დაბერებადი მხახლობელ-არს განრყუნისა“. „პირველად იგი
წარჰხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ“ (ებრ. 8,13; 2 კორ. 5,17). ახალ აღთქმას
გააჩნია ახალი საღვთო წიგნები და მადლიანი, ჩვენი განმაახლებელი წმიდა
საიდუმლოებები, ახალი ღვთისმსახურება და ახალი მარვხა; ერთი სიტყვით ყოველივე
ახალი დადგენილი აქვს, რადგან უძველეს, ძველი აღთქმის სჯულს ქრისტემ ახალი სიცოცხლე
მისცა. მან გადააქცია ძველი შაბათი თავისი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულად; მან
გახსნა და განმარტა თვით არსი, ძველი აღთქმის მცნებისა, მოკლედ: დააარსა ახალი
მადლის სამეფო დედამიწაზე, რაც არის მისი წმინდა ეკლესია. და ქრისტეს ეს საპარატძლო
- ღვთის ეკლესია, მიყვება რა თავისი ზეციური სიძის - ქრისტე მაცხოვრის მცნებებს და
გზას, იცავს და ასრულებს მის ამ მცნებას: არ შეუძლიათ საქორწინო ლხინში მყოფთ
ტირილი და მარხვა, ვიდრე სიძე მათთანაა. მკაცრ მარხვას ეკლესია სინანულის დღეებში
იცავს, რაც წინ უძღვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. სწორედ ქრისტეს აღდგომა
აჩერებს მარხვასა და სინანულს იმ წუთიდან, როცა ქრისტე, როგორც ზეციური სასიძო
სასახლიდან, ანუ საფლავიდან გამოვიდა. მარხვებშიც და დღესასწაულებზეც, წმინდა
ეკლესია მკაცრად ხელმძღვანელობს სამოციქულო გადმოცემებით, ბრძნულად ანაწილებს რა
მარხვასა და დღესასწაულის დღეებს წლის განმავლობაში. რათა იმათი მეშვეობით აღზარდოს
თავისი სამწყსო ცათა სასუფევლისათვის, მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის.
წმინდა მამანი ურთავენ რა მაცხოვრის სიტყვებს „ძველი და ახალი ღვინის შესახებ“,
გვასწავლიან, რომ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანი არ უნდა შეეჭიდოს ზედმეტ
საგმირო საქმეთა კეთებას: „ჯერ უნდა აანთო შენში გულმოდგინება და მონდომება, და
ამის შემდეგ დააკისრო სიმკაცრენი თავს“, - წერს წმინდა თეოფანე დაყუდებული. „თუ ეს
გულმოდგინება არა გაქვს და ამის გარეშე გაიმკაცრებ ცხოვრებას, მაშინ იცოდე, რომ ეს
სასიკეთოდ არ იქნება, ცოტას შეიძლება გაუძლო ამ სიმკაცრეს, შემდეგ კი განელდები და
ბოლოს სულაც მიატოვებ მას. და იქნება შენთვის უფრო უარესი, ვიდრე იყო აქამდე. ეს არ
ნიშნავს იმას, რომ სიმკაცრე საჭირო არაა, არამედ ის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს
თავის რიგზე, საჭიროა, რომ ყველაფერი მოდიოდეს გულიდან, სულიდან, და არა
დასანახად“... - ამას გარდა, მარტო გარეგან, ხორციელ გმირობას, შინაგანი
განწმენდის, გულიდან ბოროტი გულისთქმებისა და ვნებათა განდევნის, და რაც მთავარია -
სინანულისა და თვითმდაბლების გარეშე, შეუძლიათ ავნონ კიდეც სულის ცხონების საქმეს:
ასეთი უგუნური მოღვაწე, შეხედავს რა ვითომ საკუთარ წარმატებას, ადვილად შეიძლება
გაამაყდეს და ჩავარდეს ხიბლში: მაშინ კი ასეთი ადამიანისათვის, მაცხოვრის სიტყვებით
რომ ვთქვათ, „იქმნის უკანასკნელი უძვირეს პირველისა“ (მთ. 12,45).
| |