მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


პეტრეს სიდედრისა და სხვა ავადმყოფთა განკურნებანი
მათე 8, 14-18

მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც არ ჰქონდა თავის შესაფარებალიც კი, მოსვენებას პოულობდა თავისი მოწაფეებისა და მიმდევრების სახლებში. კაპერნაუმში იყო სვიმონ-პეტრეს სახლი: სწორედ აქ მოვიდა ერთ შაბათ დღეს, სინაგოგაში ჩვეულებრივი ქადაგების შემდეგ, ალბათ იმისათვის, რომ დანაყრებულიყო პურით და ცოტა მაინც მოესვენა საყვარელი მოწაფის ღარიბულ ქოხში. „პეტრემ კი არ მიიყვანა იესო თავის სახლში, - ამბობს წმ. ოქროპირი, არამედ იგი თავად მივიდა იქ, რითაც აჩვენა, თუ როგორ კეთილად იყო განწყობილი თავის მოწაფისადმი. ადვილი წამოსადგენია, როგორი იქნებოდა უბრალო მეთევზეთა სახლები, მიუხედავად ამისა, ქრისტეს ოდნავადაც კი არ ეთაკილებოდა შესვლა იქ, რათა ჩვენთვის ესწავლებინა ადამიანური სიამაყის აღმოფხვრა ჩვენს ცხოვრებაში.“ - აქაც დახვდა მას ადამიანური გასაჭირი: წმიდა მახარებელი ლუკა, როგორც მკურნალი, ამას გვიყვება უფრო სიხარულით: „სიდედრი სვიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა“ (ლკ. 4,38), ანუ დაავადებული იყო ტიფით. იგივე მახარებელი დასძენს: „უთხრეს მას მისთვის“. შეიძლება იგი იყო ბოდვასა და უგონობაში, და არ შეეძლო თვითონ მიემართა დასახმარებლად ზეციური მასწავლებლისათვის. „აქაც, - ამბობს წმ. ოქროპირი, ჩანს პეტრეს მოკრძალება მისადმი. რადგან სახლში სიდედრი ეწვა, მხურვალებაში მყოფი და არ მოიყვანა უფალი, არამედ ელოდა როდის დაასრულებდა ხალხის სწავლა-დარიგებას და სხვათა გაკურნებას იგი და მხოლოდ მაშინღა სთხოვა დახმარება, როცა უფალი შევიდა მის სახლში; ასე თვიდანვე ასწავლიდა იგი თავისიანთ, რათა ემჯობინებინათ ჯერ სხვათათვის მოეტანათ სარგებელი“. და უფალმაც რათა ცხადად ეჩვენებინა თავისი დამოკიდებულება თავმდაბალი მოციქულისადმი. და ამით უფო დაეახლოვებინა იგი, ამასთან მისი ოჯახისათვის ჩაეგონებინა, რათა მზად ყოფილიყვნენ სიმონთან განშორებისათვის. - მაშინვე მივიდა მწოლიარე ავადმყოფთან და შეახო ხელი მისი, ანდა როგორც ამბობს მახარებელი მარკოზი, ხელით წამოაყენა იგი, შეჰრისხა სნეულებას, და დაუტევა იგი მხურვალებამან, - არა მარტო შეწყდა მისი სნეულება, არამედ - როგორც შენიშნავს წმ. ოქროპირი, - სრულიად დაუბრუნდა მას ჯანმრთელობა და იგი აღჰსდგა და მსახურებდა მას, - წამოდგა და მასინვე დაიწყო ვახშმის შემზადება უფლისა და მისი მოწაფეებისათვის. „ეს იყო, - ამბობს წმ. ოქროპირი, ნიშანი ქრისტეს ძალისა და ქალის დიდი გულმოდგინებისა, რაც მან გამოიჩინა ქრისტესადმი. აქაც შეიძლება დავინახოთ, რომ სხვათა თხოვნით ქრისტე კურნავდა სნეულებს: „აქაც სთხოვდნენ მას სხვები ავადმყოფისათვის, როგორიც იყო ასისთავია მსახურის შემთხვევაში“.

უფლის მოწაფეებმა უკვე იცოდნენ, მზის ჩასვლამდე რომელი საქმეებისგან თავის შეკავებას თხოულობდა შაბათ დღეს სჯული, ამიტომაც სიმონის სახლში მშვიდად სთხოვეს უფალს განკურნება ავადმყოფისა: მაგრამ უბრალო ხალხი ჯერ კიდევ ფარისევლურ გაგებას იცავდა შაბათის შესახებ, რომ თითქოს შაბათ დღეს ავადმყოფის მიყვანა მკურნალთან იყო დანაშაული; ამიტომ მხოლოდ მზის ჩასვლისას, და ვითარცა შემწუხრდა, როგორც ამბობს წმ. მათე ანუ როცა უკვე გავიდა შაბათის უქმობის დრო და დაუბერა საღამოს სიგრილემ, როცა უფრო მოსახერხებელი იყო ავადმყოფების ქუჩაში გადაყვანა, - ამოძრავდა მთელი კაპერნაუმი: ჯანმრთელიც და სნეულიც - ყველანი მიიჩქაროდნენ იმ სახლის კარებისაკენ, სადაც იმყოფებოდა ქრისტე. ასე მიიყვანეს ავადმყოფები სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი. მათ შორის იყვნენ ბოროტი ძალით შეპყრობილნიც. მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალნი. და მოწყალე უფალი გამოვიდა მწუხარებაში მყოფებთან, და განასხა სულები იგი სიტყვითა და გადადიოდა რა ერთი ავადმყოფიდან მეორეზე, თითოეულს აცქერდებოდა უსაზღვრო სიყვარულითა და მწუხარების გაზიარებით, დამამშვიდებელი და გამამხნევებელი სიტყვებით თითოეულს ადებდა თავის ღვთაებრივ ხელს, და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ-იყუნეს განჰკურნა.

მახარებელს არ შეეძლო თითოეულ სასწაულებრივ განკურნებაზე ცალ-ცალკე მოეთხრო, რადგან ისინი უამრავი იყო. ამიტომ წმ. მახარებელ მათეს, რომელიც უმეტესად მორწმუნე ებრაელებისათვის წერდა თავის სახარებას, რათა ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულების სიდიადეს, სიუხვესა და მრავალფეროვნებას ვინმესთვის არ მოეგვარა ეჭვი ან ურწმუნოება, თუ როგორ შეძლო ქრისტემ ამ მოკლე დროში უამრავი ადამიანის განკურნება მოჰყავს ისაიას წინასწარმეტყველება: რათა აღესრულოს თქმული იგი ისაიას წინასწარმეტყუელისა, რომელ ჰსთქუა: მან უძლურებანი ჩვენი მიიხუნა და სნეულებანი ჩვენი იტვირთნა. წმ. ოქროპირი შენიშნავს: „წინასწარმეტყველი არ ამბობს: გაანთავისუფლა, არამედ, „მიიხუნა და იტვირთნა“; ეს, მე მგონია, რომ უფრო ცოდვებზე თქვა, რადგან მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ სნეულებანი უმეტესწილად შედეგია სულიერი ცოდვებისა; თუ კი თვით სიკვდილს, რომელიც ფუძე და თავია სნეულებისა, თავის სათავედ ეგულება ცოდვა, მით უმეტეს ბევრი ავამდყოფობა წარმოსდგება ცოდვისგან“.

იესო ქრისტე მკურნალობდა რა სნეულებსა და უძლურებს, ამით იგი მათგან თითქოსდა ხსნიდა ავადმყოფობებსა და უძლურებებს, და ყოველივეს ტვირთულობდა თავის ღვთაებრივ მხრებზე. მძიმე ხორციელ სნეულებებს იგი მკურნალობდა თავისი ყოვლისშემძლებელი ძალით, ხოლო სულიერ სატკივრებს, ვნებებსა და სინდისის სატანჯველებს, - თავისი მაცოცხლებელი მცნებებითა და პირადი წმიდა ცხოვრების მაგალითით. მათე მახარებლის მიერ მოყვანილი წინასწარმეტყველის ეს სიტყვები, რითაც აღწერილია უფლის მიერ კაპერნაუმში გატარებული ერთი დღის სიმძიმენი, თავისუფლად გამოდგებოდა უფლის მთელი ცხოვრების აღწერისათვის. მთელი ქვეყნიური ცხოვრება ეზიდებოდა იგი ჩვენს უძლურებასა და სნეულებებს: წვალობდა, წუხდა და იტანჯებოდა იმათ გამო, ვიდრე სისხლიან ოფლამდეც კი, როგორც ეს შეემთხვა გეთსამანიის ბაღში, და ბოლოს, - ყველაფერი გააკრა ჯვარზე! ასე აღნიშნა უფალმა თავისი შესვლა კაპერნაუმში.

ქრისტიანო, როგორც შეძლებ, მის მოწყალებას მიბაძე: ნუ იუარებ, მაგალითად, შეხვიდე იმ ნესტიან, ბნელ, უსიამოვნო სამყოფელში, სადაც დასადგურებულია სიღარიბე შეუწევნელი, სადაც ტირიან შიმშილისა სიცივისაგან ობოლი ბავშვები, სადაც წვანან ყველასაგან დავიწყებულნი, ღატაკი ავამდყოფები, ნუ იუარებ, რომ დაამშვიდო ისინი, გაუწოდო მათ დახმარების ხელი და გწამდეს: შენი გული იგრძნობს რომ შენთან ერთად იქ შევიდა ქრისტე - მწუხარეთა ღვთაებრივი ნუგეშისმცემელი, და შენ დაგეუფლება ის გრძნობა რითაც იყვნენ აღვსილნი ქრისტეს სასწაულის მხილველნი სიმონ პეტრეს სახლში, კაპერნაუმში.

და ვითარცა იხილა იესო ერი მრავალი გარემოს მისა, უბრძანა თავის მოწაფეებს წიაღსლუაი მიერ-კერძო - გადასვლა გალილიის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორი უცხოა მისთვის ქვეყნიური ქება-დიდება? ეს მან მოიმოქმედა იმიტომ, რომ სიმდაბლე ეჩვენებინა ჩვენთვის და ამასთან შეემცირებინა ებრაელებში შური. შეხედე როგორ კეთილგონივრულად ირიდებს ხალხს, - არ უთხრა მათ: მომშორდით, არამედ უბრძანა რომ გადასულიყვნენ ტბის მეორე მხარეს, იმ იმედით, რომ მივიდოდა იქ. ასე უყვარდა ხალხს იგი და ასეთი გულმოდგინებით მისდევდა უფალს. მხოლოდ მას შემდეგ უბრძანა მოციქულებს ტბის გადაცურვა, როცა განკურნა სნეულები“.