|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ორგულო აღმოიღე პირველად დვირეი თვალისაგან შენისა... ნუ დაუფენთ მარგარიტსა თქვენსა წინაშე ღორთა...
მათე 7, 5-6
„უფალს, - ამბობს წმ. ოქროპირი, სურს გვაჩვენოს თავისი დიდი წყრომა იმათზე,
რომლებიც განიკითხავენ მოყვასს, ამიტომაც თავის მხილებას იგი იწყებს
საყვედურით: ორგულო! მართალია განმკითხველი ატარებს კაცთმოყვარეობის ნიღაბს,
მაგრამ სინამდვილეში იგი სავსეა დიდი ბოროტებით“; იგი მიითვისებს მკურნალის
სახელს, სინამდვილეში კი ავადმყოფია; ის ცდილობს სხვისი ცოდვის გამოჩენას მისი
გამოსწორების საბაბით, სინამდვილეში კი ამას აკეთებს გაკიცხვის მიზნით, -
ამიტომაც უწოდებს ასეთსას ქრისტე ორგულს. - „თუ შენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, სხვის
მიმართ ხარ ასეთი მკაცრი, ისე, რომ ხედავ მის უმნიშვნელო ცოდვებსაც კი, მაშინ
რატომა ხარ ასეთი უყურადღებო საკუთარი თავისადმი, რომ ვერ ამჩნევ ჩენს დიდ
ცოდვებსაც კი? აღმოიღე პირველად დვირეი თუალისაგან შენისა! ხედავ: მაცხოვარი
არ გვიკრძალავს განკითხვას, ოღონდ ჯერ გვავალებს ამოვიღოთ დვირე ჩვენი თვალიდან
და მაშინ, ამბობს, იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა, თუ
როგორ უნდა გამოსწორდეს მისი შეცოდებანი. ყოველ ადამიანს უფრო მეტად უყვარს
საკუთარი თავი, ვიდრე მოყვასი; ამიტომაც, თუ შენ სხვებს განიკითხავ, მათთვის
სიკეთის გაკეთების სურვილით, მაშინ ჯობია სიკეთე ჯერ შენთვის ისურვო: საკუთარი
ცოდვა შენთვის უფრო ადვილი დასანახია; ხოლო თუ დაუდევარი ხარ საკუთარი თავისადმი,
მაშინ ცხადია, რომ შენს ძმას არ განიკითხავ მისდამი კეთილმოსურნეობით, არამედ
იმიტომ, რომ მის მიმართ სიძულვილი გაქვს და გსურს შეარცხვინო და დაამდაბლო იგი“.
„განა გვეყვარებიან ისე, რომ ოდესმე არ გავკიცხოთ ისინი? - კითხულობს ნეტარი
ავგუსტინე და პასუხობს: მკაცრად განვსჯით, მაგრამ დავიწყოთ შენგან. შენ ისე ხარ
მომართული, რომ გინდა განიკითხო ძმა შენი? მაგრამ განა საკუთარი თავი სხვებზე უფრო
ახლობელი არ არის შენთვის“.
აქაც, ისე როგორც ქრისტეს ყველა სწავლაში, ძალაშია იგივე კანონი: გიყვარდეს და
სიყვარული გასწავლის შენ, როდისაა საჭირო და სასარგებლო, რომ დაჰფარო მოყვასის
ცოდვები, და როდის იქნება უკეთესი სიყვარულით ამხილო იგი. ღირსი მოსე ამბობდა:
„უგუნურობაა, საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის
დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი
მოყვასის ცოდვებს“. და როცა ეს წმიდა ბერი მიიწვიეს მამათა შეკრებაზე, რომელსაც
უნდა გადაეწყვიტა შეცოდებული ძმისათვის სასჯელი, არ უნდოდა იქ მისვლა, მაგრამ
მოძღვის მიწვევის შემდგომ მაინც წავიდა შემდეგნაირად: მხარზე ჩამოიკიდა გახვრეტილი
კალათა, რომელშიც ქვიშა ეყარა. „რა არის ეს, მამაო?“ - ჰკითხეს მას ძმებმა. - „ეს
ჩემი ცოდვები მცვივა უკან“ - უპასუხა წმიდა ბერმა. „მე არ ვუყურებ მათ, მოვედი კი
სხვისი ცოდვების განსასჯელად“. მოისმინეს რა ძმებმა მოხუცი ბერის ნათქვამი,
ყოველივე აპატიეს შეცოდებულს. - „და მართლაც, ვინ იცის სხვისი სინდისი? - ამბობს
მღვდელმთავარი ფილარეტი, - შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ
ახლა შენ განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ
წმიდანს...“
გინდა აიცილო მოყვასის განკითხვის ცოდვა? მიბაძე იმ მოღვაწე მამას, რომელმაც
დაინახა რა, რომ ძმამ შესცოდა, ამოიოხრა და თქვა: „ვაი ჩემს თავს! როგორც მას
შესცოდა დღეს, ასე შევცოდავ მე ხვალ. იგი ნანობს ამას, მე კი, ვინ იცის, იქნებ ვერც
კი მოვასწრო ეს, სინანულისათვის არ მეყოს ძალა“. „თუ შენი თანდასწრებით ვინმე
განიკითხავს ახლობელს, - გვასწავლის წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, უთხარი მას:
„შეჩერდი, ძმაო, მე ყოველ დღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო
სხვა?“ ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან სხვას
განიკითხავს“. - „ნუ დაგამშვიდებს ძმის ცოდვა, - ამბობს მღვდელმთავარი დიმიტრი
როსტოველი, რათა შენს ცოდვებზეც არ გაიხარონ ეშმაკებმა და ხალხმა“. - „ჩვენ კი,
შეჩვენებულები, - ამბობს ღირსი დოროთე, განურჩევლად განვიკითხავთ ჩვენს მოყვასთ, და
კიდევ უარესი, ჩვენ არ ვჯერდებით ჩვენს დანაშაულს და გვინდა ვავნოთ სხვებსაც, როცა
სხვათა ცოდვებზე ვუყვებით, რითაც მათ გულებში განკითხვის ცოდვა შეგვაქვს. ჩვენ რომ
სიყვარული გვქონოდა, მაშინ ახლობლის ნაკლის დანახვა ჩვენში წუხილსა და თანაგრძნობას
აღძრავდა, როგორც ნათქვამია: „სიყვარულმან დაჰფარის სიმრავლე ცოდვათა“ (1 პეტ.
4,8). - „ისმინეთ ჩემი, სხვათა ნამოქმედარის ბოროტო მსაჯულებო, - გვაუწყებს წმ.
იოანე კიბისაღმწერელი: თუ ჭეშმარიტებაა ის, რომ „რომლითა განკითხვითა
განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“, მაშინ, რა თქმა უნდა, რა ცოდვებისათვისაც განვიკითხეთ
მოყვასი, იმათშივე ჩავცვივდებით, სხვანაირად ნამდვილად არ ხდება“. მაგრამ როცა მამა
ხედავს შვილის ნაკლს, ანდა უფროსი ქვეშევრდომთა ნაკლოვანებებს, ისინი არ უნდა
იყვნენ გაჩუმებულნი; ძველი აღთქმის მღვდელმთავარი ილი, თავისი გულჩვილობის გამო არ
ამხელდა და არც სჯიდა თავის უზნეო შვილებს, რისთვისაც ღვთისაგან მკაცრად დაისაჯა.
ღირსმა მაკარი მეგვიპტელმა ღირს მამა პახომს მისცა ასეთი წესი: „ასწავლე და მკაცრად
განიკითხე შენი ქვეშევრდომნი, ხოლო უცხოთ ნურავის განიკითხავ“.
აგვიკრძალა რა მოყვასის განკითხვა, უფალმა არ დაგვიშალა ბოროტებას ვუწოდოთ
ბოროტება და სიკეთე განვასხვაოთ ბოროტებისაგან. პირიქით, თავადაც, ხოლო შემდეგ
მოციქულები და წმიდანები ღვთისა, ყოველთვის სჯიდნენ და ასამართლებდნენ ღვთის
რწმენისა და მცნების საწინააღმდეგო საქმეებს და ყოველთვის ებრძოდნენ ბოროტებას.
„სამართალი სასჯელი ჰსაჯეთ“ (ინ. 7,24). ასევე აქაც, გმობს რა განკითხვას, იგი
იმავე დროს თავის მოწაფეებს ავალებდა ყურადღება მიექციათ: ვინ იყო ღირსი და
უნარიანი ღვთის სიტყვის მოსასმენად და ვინ უღირსი, ნუ მიჰსცემთ, ამბობს იგი,
სიწმიდესა ძაღლთა, ნუ შესთავაზებთ ჭეშმარიტი რწმენის საიდუმლოებებს უბოროტეს
მტრებს ჭეშმარიტებისა, ურყევ მწვალებლებს, რომელთაც არ შესწევთ უნარი მათი
მორჩილებით მიღებისა, არამედ გაავებული ძაღლებივით უყეფენ ჭეშმარიტების
მქადაგებლებს და მზად არიან დაფლითონ ისინი. ნუ დაუფენთ მარგარიტსა თქუენსა
- ნუ დაუყრით ფასდაუდებელ მარგალიტს - ღვთის სიტყვას - წინაშე ღორთა, ისეთ
ხალხს, ვინც არ ცხოვრობს ადამიანურად, არამედ პირუტყვულად, რომელნიც მისცემიან
არაწმიდა ავხორცობასა და გახრწნილებას, და არ სურთ შეცნობა და გაგონება ღმერთზე,
ზეცაზე, სულის ცხონებაზე. ღორი ელის საკვებს - მარცვალს; მარგალიტი მარცვალს
წააგავს; გადაუგდე მარგალიტი ღორს: თავიდან იგი ეცემა მას, ჰგონია რა, რომ ეს
მარცვალია; მაგრამ შემდეგ, როცა მოლოდინი გაუმტყუნდება, მის გათელვას იწყებს,
შემდეგ კი აქეთ გეცემა. ასევეა წამხდარი ხალხი: ყველგან მხოლოდ პირუტყვულ
კმაყოფილებას ეძიებს, ხოლო როცა მას სთავაზობენ ღვთიურ სიტყვას, რომელიც გმობს მათ
მანკიერებებს, თავხედურად დასცინის ღვთის სიტყვის მქადაგებლებს და მათ უხეშად
დევნის კიდეც.
ასე რომ, მოერიდეთ, ნუ უკუე დაჰსთრგუნონ იგი - მხსნელი ჭეშმარიტების ეს
მარგალიტები, თავიანთი განრისხებით, ფერხითა მათითა, რათა მათ არ შეურაცხყონ
სიწმიდე, თავად ჭეშმარიტება არ შელახონ, რათა იგი კაცობრიულ ცრუ სიბრძნეს არ
შეურიონ, როგორც მარგალიტი უბრალო ქვებს; შემდეგ კი მოიქცენ თავს დაგესხნენ
ჭეშმარიტების მქადაგებელთ, და განგხეთქნენ თქუენ. ასეთ დროსაც
იხელმძღვანელეთ ადამიანთა მიმართ სიყვარულითა და სულიერი განსჯით: შეიცოდეთ ეს
ცოდვის მონები და სიბნელის შვილები, რათა თქვენი მოუფრთხილებელი ქადაგება არ გახდეს
მათთვის უმეტესი სასჯელისა და საუკუნო დაღუპვის მიზეზი. მართალია სხვა ადგილას
უფალი ამბობს: „რომელი ყურთა გესმა, ჰქადაგებდით ერდოთა ზედა“ (მთ. 10,27). მაგრამ
ეს ნათქვამია მხოლოდ ისეთ მსმენელებზე, რომელთაც აქვთ უნარი თავიანთვის სასიკეთოდ
მოისმინონ ღვთის სიტყვა.
წმ. ისიდორე პელუსიოტი ამბობს, რომ სიტყვებით: „ნუ მიჰსცემთ სიწმიდესა ძაღლთა“,
- უფალი ასევე გვიკრძალავს ნათლობის შესრულებას მათზე, ვინც წმიდა სარწმუნოებას
ღებულობს მიმსგავსებით, წმიდა მსახურების უფლების მათთვის მიცემას, რომლებიც
ცხოვრობენ არაწმიდად. წმ. ათანასი ალექსანდრიელი კი ნათქვამს დასძენს, რომ უფალი
კრძალავს თავისი უწმიდესი ხორცისა და სისხლის მოუნანიებელი ცოდვილებისათვის
მიცემას, - ვიცავთ რა ქრისტეს სწავლების სიწმიდეს სხვათა შებღალვისაგან, უნდა
გავისარჯნეთ, რათა ჩვენც არ ვიქცეთ დამნაშავეებად ამ შეურაცხყოფაში. წმ. ბასილი
დიდი ამბობს, რომ ჩვენ შეურაცხვყოფთ უფლის სიტყვას მათი დარღვევით. ურწმუნო ხალხი, მიუხედავად ჩვენი
ცოდვილი ცხოვრებისა, თვლის, რომ უფლის მცნებათა შესრულება არ არის იოლი, და
ამიტომაც ჩვენი ცოდვებითაც იბღალება ქრისტეს წმიდა მცნებები.
| |