მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ჰყუნეს იგინი, ვამგსგავსო იგი კაცასა გონიერსა...
მათე 7, 24-29

უფალმა იცის ადამიანის გული: იგი ხედავს ჩვენს გასაჭირს და საზრუნავებს ამ ქვეყნიურ, ტანჯვით სავსე წუთისოფელში, ამიტომაც თავისი ღვთაებრივი საუბრის დასასრულს, ახალი აღთქმის სულზე, გვაჩვენებს, როგორი ძლიერია და სასარგებლო სათნოებანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი. „რაში მდგომარეობს სათნოების ეს ძალა? იმაში, - პასუხობს წმ. ოქროპირი, რომ მასთან ერთად ცხოვრება უსაფრთხოა, არ ირყევა კაცი არანაირი უბედურებისგან, ყოველგვარ მდევნელზე მაღლა დგება ასეთი. რა შეედრება ამას?“ - ყოველმან, - ამბობს მაცხოვარი, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი, და ჰყუნეს იგინი, ვინც სინამდვილეში ასრულებს, ჩემი მადლიანი დახმარებით, ჩემს მცნებებს, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, კეთილგონიერ ადამიანს, რომელმან აღაშენა სახლი თვისი, თავისი სული დააფუძნა, კლდესა ზედა ჩემს მცნებებზე, რომლებიც ნებისმიერ ქვაზე უფრო მტკიცე და გამძლეა, ყოველგვარ ადამიანურ განზრახვებზე საიმედოა; ვინც ზედმიწევნით იცავს ამ მცნებებს, იგი სძლევს არა მარტო ხალხისგან დევნას, არამედ ეშმაკის ყოველ განსაცდელს. და გარდამოხდა წვიმა დაგვატყდა ზეციდან გადმოგდებული ეშმაკისაგან განსაცდელნი, მოვიდეს მდინარენი - ყველგან გარს მოცული უბედურებანი და ხალხისაგან ბოროტებანი, ეშმაკისაგან ჩაგონებანი, ჰქროდეს ქარნი, ცილისწამებანი და ყოველგვარი შეურაცხყოფანი, სულში აღიძვრება ვნებიანი ფიქრები და ცოდვიანი სურვილები, და ეკუეთნეს სახლსა მას - მთელი ეს უბედურებანი თავს დაატყდა ადამიანის სულს, გულის სიმშვიდით რომ ასრულებს ჩემს მცნებებს, და სახლი არა დაეცა, და ამ მორწმუნის სული გაუძლებს, ოდნავადაც არ შეირყევა ამ განსაცდელთა შემოტევისგან, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“. ასე იყო მართალ იობთანაც; ასე შეემთხვათ მოციქულებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ აღძრული ყოველგვარი შემოტევებისას ქვეყნებიდან, ხალხებიდან და ქვეყნიურ მეუფეებისგან, გული არ გაიტეხეს და სულით არ დაეცნენ, არამედ ქვაზე უფრო მტკიცედ იდგნენ და მთელს ქვეყანას სძლიეს.

ასეთ სიმამაცეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, ჩვენ ვერ გვაძლევს ვერც სიმდიდრე, ვერც ხორციელი სიძლიერე, ვერც დიდება და პატივი, არაფერი სხვა, არამედ მხოლოდ ერთი ღვთის სათნოება. გსურს, რომ არაფერმა დაგაღონოს? ამისათვის თავი უნდა შემოისაზღვრო ქრისტეს მცნებათა დაცვით. მოინდომებს მტერი წაგართვას ქონება? მაგრამ იმის დამუქრებამდე ქრისტემ მცნებად დაგიდგინა, რომ არაფერი ფასი არ დასდო მიწიერ ღირებულებებს. ბოროტი სიტყვებით მოგმართავს შენ? მაგრამ ქრისტე გიცავს ყოველი მხრიდან თავისი მცნებებით მრისხანებისა და წყენისაგან, გიდგენს რა შენი მტრებისათვის ლოცვას, და მარტო ერთი მოთმინებისათვის, დიდ ჯილდოს აღგითქვამს. ყველანაირად ცდილობს მტერი შენს ცუდს? მაგრამ იგი ამით შენ ბრწყინვალე გვირგვინს გიწნავს. მოგკლავს შენ? - მაგრამ იგი მხოლოდ მოგიმზადებს მოწამეობრივ ჯილდოს, დაგეხმარება შენ საერთო სამსჯავროზე გამართლებაში: ჭეშმარიტად, ყველაზე საკვირველია ის, რომ ბოროტი ხალხი, თავისი ბოროტებით, არა მარტო არ გვაყენებს ზიანს, არამედ ამით უფრო გვადიდებს. შემთხვევით როდი ადარებენ წმიდა მამები მწუხარებებს ცეცხლს: ერთი და იგივე ცეცხლი თივას ფერფლად აქცევს, ხოლო ოქროს განწმედს ყოველგვარი არაწმიდებისგან. მაცხოვარმა თქვა, რომ ვიწროა და დარდიანი სათნოებების გზა, მაგრამ ამასთან კიდეც დაგვამშვიდა, გვაჩვენა რა დიდი უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ გზაზე და გარდუვალი საფრთხე ფართო გზისა.

როგორც სათნოებანი სასარგებლოა დროებითი ცხოვრებისათვისაც კი, ასევე მანკიერებანი დამღუპველია არა მარტო მომავალი ცხოვრებისთვის, არამედ დიდად საზიანოა ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც. და ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ჰყუნეს იგინი, - ამბობს უფალი, ესგავსოს თვითონ მიემსგავსება იგი კაცს ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა. ასეთი ფიქრობს იპოვოს ბედნიერება, სიმშვიდე და კმაყოფილება ბიწიერებაში, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი უაზრობა?“ ჯერ კიდევ არ არის უბედურება, არსაიდან ჩანს განსაცდელი, უზნეო კაცს კი უკვე აშფოთებს სინდისი: „ბოროტი მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს“ (იგ. 28,1) მას აძრწუნებს ჩრდილიც კი, ეჭვით უყურებს მეგობრებსა და მტრებს, ნაცნობებსა და უცნობებს, „ითმენს სატანჯველს საუკუნო სატანჯველებამდე“. იუდეველებმა შეიპყრეს მოციქულნი და მიიყვანეს თავიანთ სამსჯავროზე; მოციქულებმა კადნიერად განუცხადეს მათ, რომ მათ არ შეეძლოთ დაეტოვებინათ თავიანთი ქადაგება. რა დაემართათ იუდეველებს? ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ: „რამე უყოთ კაცთა ამათ“ (საქ. 4,16), ამბობდნენ ისინი. აი, როგორი უძლურია უკეთურება!“ ის ვინც ურტყამს ანდამატს, თვითონ არის დამარცხებული, - ამბობს წმ. ოქროპირი: ვინც რქების წინააღმდეგ მიდის, მწარე ჭრილობებს ღებულობს იგი. ასევე ემართება ბოროტ განმზრახველს კეთილისმოქმედის წინააღმდეგ, თვითონ იგდებს თავს განსაცდელში. არავის შეეძლო დაემწუხრებინა იოანე წინამორბედი, პირიქით, მან ჩააგდო იროდი მწუხარებაში. იოანე, რომელსაც არაფერი გააჩნდა, აღსდგა მბრძანებლის წინააღმდეგ, ხოლო პორფირშემოსილ მბრძანებელს აძრწუნებდა და აშინებდა იგი, მას არ შეეძლო შიშის გარეშე ეცქირა იოანეს მოკვეთილი თავისთვისაც კი“.

ასეთი უძლურია უკეთურება მაშინაც კი, როცა იგი გარეგნულად არც კია საშიში, მაგრამ რა ემართება უკეთურ კაცს, როცა დგება გამოცდის ჟამი? და გარდამოჰხდა წვიმა, ამბობს მაცხოვარი, მოვიდეს მდინარენი, ჰქროდეს ქარნი, მოვიდა ყოველგვარი განსაცდელი და ბედის უკუღმართობანი ქვეყნიურ ცხოვრებაში, და ეკუეთნეს სახლსა მას - ეკვეთნენ მთელი თავიანთი სიმძიმით ცოდვილი კაცის სულის სახლს, და დაეცა, ვერ გაუძლო მან, და იყო დაცემა იგი მისი დიდ ფრიად, დაცემა იყო დამღუპველი. „მართლაც და, - განმარტავს წმ. ოქროპირი; აქ საფრთხე ემუქრება არა რაიმე უმნიშვნელო საგნებს, არამედ ადამიანის სულს, და მასთან ზეცასა და მისი უხრწნელი სიკეთენის დაკარგვას“. ამიტომაცაა დიდი ეს დაცემა: ეცემა სული რომელსაც ესმის ღვთის მაცხოვნებელი სიტყვა, მაგრამ არ უნდა მისი შესრულება. - რა საკვირველი ძალა აქვს მაცხოვრის მოძღვრებას, ამ თვალსაჩინო, სულისათვის შემძვრელ სახეებში! ყოველივე ამის მსმენელნი - ებრაელნი ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც მთლიანად დაფარულია მთებითა და გორაკებით; მთის პატარა მდინარეები და ნაკადულები უწვიმობის ჟამს ხდებოდნენ მშრალი ღატაფები; მაგრამ აი, ციდან წამოვიდა კოკისპირული წვიმა, და ეს ღარტაფები გადაიქცნენ დიდ ნიაღვრებად, რომლებსაც თან მოჰქონდათ ყველაფერი, რაც კი ხვდებოდათ გზაზე. შეიძლებოდა სახლის აშენება ასეთი დინების ციცაბო, ქვიშიან ნაპირზე? სახლებს ჩვეულებრივად აშენებდნენ კლდოვან ადგილებზე, რათა წყლის ნაკადს არ შეძლებოდა მისი ძირის გამორეცხვა და დარღვევა. ყოველივე ეს ქრისტეს მსმენელებისათვის კარგად იყო ცნობილი, და აი, მათ ესმოდათ ღვთაებრივი მასწავლებლის პირიდან ბუნების ამ მკაცრ მოვლენებზე იმათ სასწავლებლად. კაცმა არ იცის უბედურება თავს როდის დაატყდება, იგი მშვიდად ტკბება ცხოვრებით; მაგრამ უცებ მასზე იქუხებს მწუხარებანი და მოულოდნელად, ერთი გაელვებით, - შეიძლება დაიღუპოს ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიმდიდრე, სულიერი სიმშვიდე - ყოველი სიკეთე ქვეყნიური. და აი, ვინც მტკიცედ დგას ქრისტეს მცნებათა ქვაზე, ანუ სიმაგრეზე, იგი მშვიდად ხვდება ყოველგვარ გასაჭირს, ყველა უბედურებასა და შემოტევას, მან იცის, რომ უფალი ფხიზლობს მისთვის, არ ინებებს მის დაღუპვას, განსაცდელებს არ დაუშვებს ზომაზე მეტად: მაგრამ რა იქნება ავდარისას განსაცდელები იმისთვის, ვინც ღმერთი დაივიწყა, ვინც მთელ თავის ბედნიერებას გამოელის მხოლოდ ქვეყნიური ცხოვრების სიამეებში? ვაი, მას, იგი სასოწარკვეთილებაში ვარდება და საუკუნოდ იღუპება! აი, როგორი მხსნელი მადლი აქვს ქრისტეს მცნებებს დროებითი ცხოვრებისათვისაც კი. მათი დაცვის გარეშე, ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გველის დაღუპვა.

აი ასეთი, მართალთათვის გასახარი, ხოლო ცოდვილთათვის - მკაცრი შეგონებით დაამთავრა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მთაზე თავისი დიდებული ქადაგება. ადამიანის ყურს აქამდე არასოდეს მოესმინა ასეთი დიდებული საუბარი საუკუნო ცხოვრებაზე, უდიდესი კრძალულებით უსმენდა ხალხი მას; ათასობით მსმენელი, მისჩერებოდა რა ღვთაებრივ მასწავლებელს, უბრალო გულით ღებულობდა მადლის თითოეულ სიტყვას, რომელიც ქრისტეს ბაგებიდან გადმოდიოდა; და მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრნენ მისი ღვთაებრივი ბაგენი, ხალხი აღელდა, გაისმა ხმები დაკვირვებისა, განცვიფრებისა და აღფრთოვანებისა. აკი წერს მახარებელი, და იყო რაჟამს დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, განუკვირვებოდა ერსა მას მოძღვრება იგი მისი. ამ სწავლებას არ გაუკვირვებია მწიგნობრები და ფარისევლები; თუ იყვნენ ისინი იქ, მაშინ მათ უმეტესად შური შეაწუხებდათ;

რა უკვირდა უბრალო ხალხს? - არა მშვენიერი საუბარი ქრისტესი, არამედ ღვთაებრივი ხელმწიფება მისი სიტყვებისა: რამეთუ იყო სწავლა იგი მისი მათდა მიმართ, ვითარცა იგი ვის ხელეწიფება აქვნ, და არა ვითარ იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. ეს მშრალი, ამაყი ფორმალები, რომლებიც მაღალფარდოვნად განმარტავდნენ და კამათობდნენ წვრილმანებზე, სხვადასხვა ადამიანურ გამონაგონებზე, და არ აქცევდნენ ყურადღებას ყველაზე უმთავრესს - რაშიც იყო არსი ღვთის ნებისა და ღვთის სჯულისა. ქრისტეს სიტყვა კი იყო უბრალო, მნიშვნელოვანი, ღვთიური, იგი ძველი წინასწარმეტყველების სიტყვაზე უფრო მეტიც კი იყო: ძველები ამბობდნენ: „ასე ამბობს უფალი“. ხოლო ქრისტე, როგორც ღმერთი ბრძანებდა: „მე გეუბნებით თქვენ.“ იგი არა მარტო გვიხსნის სჯულს, არამედ ავსებს კიდეც მას, ცვლის მის მოძველებულ ფორმას, გვიხსნის ღვთაებრივი ჭეშმარიტების სულს. იგი გვაუწყებს როგორც ღმერთი - სჯულმდებელი და მსაჯული.