მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან... არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა
მათე 7, 15-23

ვიწრო და მწუხარე ცათა სასუფევლის გზა იმიტომაც არის, რომ ჩვენს შორის ბევრნი არიან ისეთები, რომლებიც ვითომ ქადაგებენ ჭეშმარიტებასა და სიკეთეს, სინამდვილეში კი ცდილობენ გაავრცელონ სიცრუე და ყოველგვარი ბოროტებანი. მაცხოვარი გვიცავს ამ ორგულებისგანაც: ეკრძალენით, ამბობს იგი, ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, მოერიდეთ და დაიცავით იმათგან თავი. „შეხედე მაცხოვრის თავმდაბლობას, - ამბობს წმ. ოქროპირი: იგი არ ამბობს: დასაჯეთ ისინი, არამედ მხოლოდ „ეკრძალენით“, მოერიდენით, რათა იმათგან არ მიიღოთ წყენანი“. გაცხადებული მწვალებლები, რომელთაც უწოდა ძაღლები, და იმედგადაწურული ცოდვილები, რომელთაც უწოდა ღორები, ისე არ არიან საშიშნი, რადგან ყველასთვის არიან ცნობილნი; ხოლო ცრუ წინასწარმეტყველები ჯერ არიან შესაცნობნი, რადგან ისინი ცდილობენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად გაასაღონ თავი: რომელნი მოვიდოდენ თქუენად სამოსლითა ცხოვართათა, თავს იფარავენ მოჩვენებითი სიმშვიდითა და უბრალოებით, გარეგნული ღვთისმოსაობით: მოწყალებით, ლოცვით, მაგრამ ყველაფერ ამას აკეთებენ, როგორც ფარისეველნი, ხოლო შინაგან - სინამდვილეში ისინი იყუნენ მგელ-მტაცებელ. ვინ არიან ეს ცრუ წინასწარმეტყველები? - ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი არის ღვთის რჩეული, რომელსაც ღმერთი აგზავნის ხალხთან, რათა გამოუცხადოს მას თავისი ნება და აუწყოს მომავალი. მაგრამ, რადგან ძველი წინასაწრმეტყველები არა მარტო მომავალს აუწყებდნენ, არამედ ხალხს ღვთისმოსაობასაც ასწავლიდნენ, ამიტომ წინასწარმეტყველებს ზოგჯერ უწოდებდნენ ღვთისაგან გამოგზავნილ რწმენის მქადაგებლებსა და ღვთის კრძალულების მასწავლებლებს. ამიტომ ცრუ წინასწარმეტყველი არის თვითმარქვია, რომელიც თავს ასაღებს ღვთისაგან მოვლენილად და ჭეშმარიტების მქადაგებლად: ეს არის ცრუმასწავლებელი და მატყუარა.

ეხლაც არ არიან ასეთები ცოტანი. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ცრუნი მართალთაგან? უფალი მიუთითებს ამის საიმედო საშუალებას. ყველა ისინი დაავადებულნი არიან ისეთი სიამაყით, რომელიც მათ მოჩვენებით სათნოებებსაც კი არარაობად აქცევს ღვთისათვის. ხეს შეიძლება, ჰქონდეს ყვავილები მშვენიერი და სურნელოვანი, ხშირი და მწვანე ფოთლები, მაგრამ მთავარი მაინც არის ნაყოფი: კარგია ნაყოფი - ხეც კარგია, ცუდია ნაყოფი - ხეც ცუდია; ასევე ადამიანიც შეიცნობა არა მარტო მისი სიტყვებით, არამედ მისი საქმეებით: მისი ქცევითა და ცხოვრებით: ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი! მარტო იმათ სწავლებას კი ნუ მიხედავთ, რომელიც უბრალო და გამოუცდელი ადამიანებისათვის ძნელად შესაცნობია და უარსაყოფი: შეხედეთ, როგორ იქცევიან ისინი. ის გზა, რომელზე სიარულიც დავუდგინე ჩემს მოწაფეებს, არის გზა მძიმე და მოუხერხებელი: ორგულებს არ შეუძლიათ ამ გზის გავლა, ამისათვის მათ არ ყოფნით ყველაზე უმთავრესი - თავმდაბლობა. ნუ უკუე შეჰკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროსთავთაგან ლეღვი? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან, ნაყოფი ხენეში გამოიღოს. „უფალი ადამიანს ადარებს ხეს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, რადგან მას თუ სურს, უნაყოფო ცოდვა შეუძლია სათნოებაზე დაამყნოს, მსგავსად იმისა, როგორც ამყნობენ უნაყოფო ხეს, რათა იგი ნაყოფიერი გახადონ“.

ვერ ხელ-ეწიფების ხესა კეთილსა, ვიდრე იგი არის საღი, ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა, ვიდრე იგი არ იქნება კეთილ ხეზე დამყნობილი, ნაყოფი კეთილი ყოფად. ასევე ცრუმასწავლებელთაგანაც არ შეიძლება მოველოდეთ სუფთა, ღვთისათვის სათნო, ჭეშმარიტად ქრისტიანულ, მდაბალ სათნოებებს. „ქრისტე, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, იმას კი არ გვასწავლის, რომ თითქოს შეუძლებელია სასიკეთოდ შეცვლა ავი ადამიანისა, ანდა პირიქით, კეთილს არ შეეძლოს ჩავარდეს ბოროტებაში, არამედ იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია კეთილი ნაყოფის გამოღება, ვიდრე ცხოვრობს ბოროტებით. როგორ მოხდა, რომ მეფე დავითმა, რომელიც იყო კარგი, გამოიღო ავი ნაყოფი? - მან ეს მოიმოქმედა არა კეთილმოქმედების ჟამს, არამედ სულ სხვა მდგომარეობაში: იგი რომ კეთილისმყოფელად დარჩენილიყო, მაშინ ვერ გაბედავდა იმის ჩადენას, რაც იკადრა“.

ბოლოს, რათა ანუგეშოს ორგულთაგან განაწყენებულნი და შეაშინოს თვით ისინი, უფალი ამცნებს იმათ სასჯელსაც: ყოველმან ხემან, რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას - საწვავად იქნება გამოყენებული. ასევე ყველა ცრუმასწავლებელს მიეზღვება მუდმივი ცეცხლი და სატანჯველი. მაცხოვარი ახსენებს ებრაელებს განაჩენს, რომელიც მათ ერთხელ უკვე მოისმინეს მისი წინარმობედის, წმიდა იოანეს პირიდან. ბოლოს, უფალი თითქოს ცდილობს ცოტათი მაინც შეარბილოს თავისი მკაცრი ნათქვამი და ამიტომაც დაძენს: ნაყოფთა სამე მათთაგან, ცრუმასწავლებელთა საქმეებისაგან იცნნეთ იგინი!

მეტად მრისახენეა ღვთის განაჩენი ორგულთა და ცრუმასწავლებელთათვის: მაგრამ, ვისაც სწორადა სწამს, მაგრამ დაუდევრად ცხოვრობს, ამ ხვედრს ვერ გაექცევა ისიც. „იუდეველები ყველაფერს საზღვრავდნენ დოგმატებით, ცხოვრებაზე კი სულაც არ ფიქრობდნენ. ამიტომაც ამხელს მათ პავლე: „უკეთუ შენ ურია სახელგედების. და განისუენებ ჰსჯულსა ზედა, და იქადი ღმრთისა“ (რომ. 2,17); მაგრამ ამაში არაფერი სარგებელი არ არის, როცა ის არ ჩანს შენი ცხოვრებიდან და საქმეებიდან“. - მოისმინე შენნაირებს რას ეუბნება უფალი: არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო! უფალო! - ისინი კი არა, ვინც მაღიარებს მხოლოდ სიტყვებით თავის უფლად და მასწავლებლად, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს - მხოლოდ ის, რომელმაც ყოველთვის და ყველაფერში, თავისი შეძლებისდა მიხედვით და ჩემი მადლის შეწევნით, დაიცვა ნებაი - წმიდა მცნებები მამისა ჩემისა ზეცათასა. „მაცხოვარმა არ თქვა: ჩემი ნების შემსრულებელი, რადგან თავიდანვე ასეთი აზრი იქნებოდა მიუწვდომელი მათი სისუსტისათვის. ძის ნება არ განსხვავდება მამის ნებისაგან“;

ასე, მარტო რწმენა, კეთილი საქმეების გარეშე, ვერ გადაარჩენს ადამიანს. ამას ამოწმებს თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როცა ამბობს ისეთ ძლიერ რწმენაზე, რომელსაც სასწაულების მოხდენაც კი შეუძლია. ნახეთ, რას ბრძანებს იგი შემდგომ: მრავალთა მრჰქუან მე მას დღესა შინა - ყველას მიერ მომლოდინე ჩემი საშინელი სამსჯავროს დღეს: უფალო! უფალო! არა სახელითა შენითა წინასაწრ-ვმეტყუელებდითა? განა შენი სახელით არ ვასწავლიდით და ვწინასწარმეტყველებდით? და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით? და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვჰმქნენით? მას ჟამსა ცხადად ვჰრქუა მათ, ვითარმედ არა გიცნით თქუენ, ჩემად თქვენ არა გთვლიდით, მე თქვენ არ მიყვარდით თქვენი ბოროტი გულების გამო, მაშინაც კი, როცა თქვენ ჩემი სახელით სასწაულებს ახდენდით. მაგრამ თქვენც არასოდეს მიცნობდით და არ გიყვარდით, რადგან ზეციური მამის ნებას არ ასრულებდით; ამიტომ მე თქვენ არ გიცნობთ, ვერ გცნობთ ჩემიანებად ეხლაც კი: განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!

„ოი, მოულოდნელობა საშინელი - მსჯელობს მღვდელმთავარი ფილარეტი: ისინი მოუწოდებდნენ უფალს, მაშასადამე სწამდათ იგი, იცნობდნენ მას; ისინი წინასწარმეტყველებდნენ, ეშმაკებს განდევნიდნენ, სასწაულებს ახდენდნენ, ცხადია, არ ექნებოდათ ცოტა რწმენა: მაგრამ უფალი მათ თავის სასუფეევლში არა მარტო არ მიიღებს, არამედ არც კი იცნობს!“ როგორი წარმოუდგენელი ბოროტება და წახდენაა ადამიანისა! მაგრამ როგორღაა ნათქვამი: „ყოველმან, რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ჰსცხოვნდეს“ (რომ. 10,13)? დიახ, ცხონდება, თუ მოუხმობს არათვალთმაქცურად - მთელი გულით, როცა მთელი თავისი სულიერი ძალებით მიისწრაფის ღვთისაკენ და თავის რწმენას გამოაჩენს კეთილ საქმეებში. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც „ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან; ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ (ტიტ. 1,16). ასეთი რწმენა - მკვდარია, რომელიც აქვთ განდგომილთა სულებსაც: „ეშმაკთაცა“ ნათქვამია „ჰრწამს და ჰსძრწიან“. „რა სარგებელი არს, ძმანო ჩემნო“ და საქმენი არა ჰქონდენ? ნუ ძალ-უძს-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა“ (იაკ. 2,19,14). რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ამაზე პავლეც ამბობს: „მაქუნდესღათუ წინასწარ-მეტყუელებაი, და უწყოდე ყოველი საიდუმლო, და ყოველი მეცნიერებაი, მაქუნდესღათუ ყოველივე სარწმუნოებაი, ვიდრე მთათაცა ცვალებადმე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არავე რა ვარ“ (1 კორ. 13,2). „ხედავ, სასწაულებსაც კი არ მოაქვთ იმისთვის სიკეთე, ვინც მას სათნოებების გარეშე სჩადის. ვინ არიან ისინი, იკითხავ, რომელთაც იესო ქრისტე, თავიანთი სასწაულთქმედებების მიუხედავად, განუწესებს სატანჯველს? ღმერთი მოქმედებდა ვალაამითაც, მომავალს უცხადებდა ფარაონსა და ნაბუქოდონოსორს, კაიფა მღვდელმთავარმაც იწინასწარმეტყველა ისე, რომ თვითონ არც კი იცოდა, რას ამბობდა, ზოგიერთები მართლა განდევნიდნენ ქრისტეს სახელით ეშმაკებს, თუმცა თვითონ ქრისტესნი არ იყვნენ. იუდაც ახდენდა სასწაულებს, მაგრამ მაინც ვერ ეღირსა სასუფეველს“.

ეხლაც ასეა, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, ხშირად ჩვენ ვიკურთხებით უღირსი მღვდლებისაგან, რომლებიც ასრულებენ საიდუმლოებებს: და ეს ხდება არა მღვდლების სიწმიდისა და ღირსების მიხედვით, არამედ საიდუმლოს მიმღებთა რწმენისამებრ. „ისე კი ნუ ვიფიქრებთ, საყვარელნო, - გვაუწყებს წმ. ოქროპირი, რომ ჩვენ ნაკლები მადლი გვაქვს, რადგან ეხლა არ ვახდენთ სასწაულებს. სასწაულებისათვის ჩვენ ვრჩებით მევალეებად ღვთის წინაშე, ხოლო ცხოვრებისა და საქმეებისათვის - ღმერთი გვეგულება ჩვენს მოვალედ“. - ამას გარდა, „სასწაულისმომქმედს, როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ყოველთვის ემუქრება საფრთხე თვითდაჯერებისა და გაამაყებისა, ხოლო ღვთის მცნებათა შესრულებას სიმდაბლემდე მიჰყავს კაცი“.

მთაზე თავისი საუბრის დასასრულს, მაცხოვარმა თავი გამოაცხადა ქვეყნის მსაჯულად. მართალია მან ეს პირდაპირ არ თქვა: „მე განვსჯი“, თუმცა თვითონ არ ყოფილიყო მსაჯული, მაშინ როგორ იტყოდა: „მას ჟამსა ვჰრქუა მათ „განმეშორენით ჩემგან“...? „ბევრს აშინებს მხოლოდ ერთი გეენია, მაგრამ მე ვფიქრობ, - ამბობს წმ. ოქროპირი, უმჯობესია თავს დაგვატყდეს ურიცხვნი ელვანი, ვიდრე ვიხილოთ ჩვენგან მიბრუნებული მაცხოვრის უწყინარი სახე, და მისი ნათელი თვალი, არ შეეძლება რა დანახვა ჩვენი. მართლაცდა: თუ მან მე, თავისი მტერი, ასე შემიყვარა, რომ ჩემთვის სასიკვდილოდ გაიმეტა თავი, და ამის შემდგომაც მე არ გავიმეტებ მისთვის პურს, როცა მას შია (მოყვასის სახით), როგორი თვალითღა შევხედავ მას? - ო, ნეტავი კი არასოდეს შეგვხვედროდა ასეთი სირცხვილი! ღვთის მხოლოდშობილო ძევ! ნტავი ჩვენ არასოდეს გამოგვეცადა ეს საშინელი სასჯელი!“