მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ... რასა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა...
მათე 7, 1-4

ვინც იტაცებს სამეფო უფლებებს, იგი თვითმარქვიაა; ვინც ითვისებს ღვთისათვის განკუთვნილს, იგი არის მოწინააღმდეგე ღვთისა და ანტიქრისტე. „მხოლოდ ერთ ღმერთს აქვს უფლება გაამართლოს ან დასაჯოს, - ამბობს ღირსი მამა დოროთე, რადგან მან იცის თითოეულის სულიერი მდგომარეობაცა და ძალაც, აღზრდის სახე და ნიჭი, რომელიც აქვს მიცემული, სხეულის აგებულება და შესაძლებლობები და იმის მიხედვით თითოეულსა სჯის, როგორც მან ერთმან იცის“. მხოლოდ იგია მართალი მსაჯული ცოცხლებისა და მკვდრების, ადამიანებს კი შეუძლიათ ერთმანეთი განსაჯონ მაშინ, როცა ამის უფლებასა და ხელმწიფებას მათ მისცემს ღმერთი. ეს უფლება აქვს ყველა ხელისუფალს, ღვთისაგან დადგენილს. მათ შეუძლიათ დასაჯონ ბოროტი ადამიანები, ამისათვის აქვთ მათ მიცემული მახვილი, დანარჩენთ კი უფალმა დაგვიდგინა: ნუ განიკითხავთ.

განსჯა - ღვთის საქმეა. „ნუ განიკითხავთ“, - გვეუბნება უფალი, რათა არა განიკითხნეთ. ვინც დაჰფარავს მოყვასის ცოდვებს, არ განიკითხავს მას, იმას ღმერთიც შეიწყნარებს თავის მართალ სამსჯავროზე, როგორც მისი წმიდა მცნების დამცველს, რადგან „ყოვლად მართალი არ ივიწყებს თავის მცნებებს“. მამათა წიგნში არის მოთხრობილი: კვდებოდა ერთი განდეგილი, რომელიც სხვების აზრით თავის ცხონებაზე თავს არ იწუხებდა. მას გარდაცვალებისას სახეზე ღიმილი ადგა. „რატომა ხარ ასეთი უდარდელი ამ საშინელ ჟამს?“ - ჰკითხეს მას ძმებმა: „ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის, რატომა ხარ ასე მშვიდად; გამაგრდი ჩვენი უფლის ქრისტეს ძალით და გვითხარი, რათა ვადიდებდეთ იმის მოწყალებას“ - მაშინ მომაკვდავმა უთხრა მათ: „ასე, მამებო და ძმებო, მე ვცხოვრობდი დაუდევრად, და ეხლა ანგელოზმა ყველა ჩემი საქმე წაიკითხა ღვთის სამსჯავროზე, მე მდაბლად ვცანი დამნაშავედ თავი და მოველოდი ღვთისაგან მკაცრ განაჩენს, მაგრამ უცებ ანგელოზებმა მითხრეს მე: ყოველი შენი დაუდევრობის მიუხედავად, შენ უბოროტო იყავი და არავის არ განიკითხავდი“. ამ სიტყვებზე მათ დახიეს ჩემი ცოდვების ფურცელი; აი, რატომა ვარ ასე გახარებული“ - თქვა ეს და მან მაშინვე მიაბარა უფალს თავისი სული. ასე აღესრულა მასზე ქრისტეს სიტყვები: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“. რამეთუ, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, ასეთივე მსჯავრით განიკითხნეთ - განგსჯის ღმერთი, არც ისე იშვიათად ადამიანებით; და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, ასეთივე საწყაულით მოგეწყოთ თქუენ. ნაწილობრივ მოგეზღვება ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე, სრულიად კი - მომავალში. მოყვასის შეწყალებისა და სიყვარულისათვის ღმერთი მოგხედავს თავისი მოწყალებით; მოყვასის მიმართ შენი უსამართლობისათვის, ღმერთიც მკაცრად განსაზღვრავს შესაფერისს თავისი მსჯავრით. „მოყვასის განკითხვით, - ამბობს წმ. ოქროპირი, შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ შენს თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს. როგორც თავიდანვე ჩვენზეა დამოკიდებული ცოდვების პატიება, ასევე ამ სამსჯავროზეც: ჩვენ თვითონ ვადგენთ საზომს ჩვენი განსჯისა. რა გამოდის? ნუთუ არ უნდა დავადანაშაულოთ დამნაშავენი? - დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ; პავლეც იგივეს გვეუბნება, უფრო სწორედ ქრისტე გვასწავლის პავლეს პირით: „ხოლო შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14,10,4). „ნუ წინასწარ ჟამისა რას განიკითხავ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი“ (1 კორ. 4,5).

„მაგრამ რატომ დაადგინა ქრისტემ ამდენი მამხილებელი და არა მარტო მამხილებელი, არამედ დამსჯელნიც, ისე, რომ, ვინც არ დაემორჩილება იმათგანს, ის უნდა მივიჩნიოთ როგორც მეზვერე და წარმართი? - იმიტომ, რომ იმათ გარეშე ყველაფერი აირეოდა ეკლესიაში, საზოგადოებასა და ოჯახებშიც. ბოროტება უფრო მეტად გავრცელდებოდა, თუ ბატონი არ განსჯიდა თავის მონას, ქალბატონი კი თავის მსახურს, მამა - შვილს, მეგობარი - მეგობარს. მაცხოვარი ყველას განურჩევლად როდი უკრძალავს ცოდვების განსჯას, არამედ მხოლოდ იმათ, რომელნიც, თავად ურიცხვი ცოდვებით არიან დაავადებულნი და განიკითხავენ სხვებს უმნიშვნელო საქმეებისათვის“. ეს ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: ანუ რასა ჰხედავ წუელსა - როგორ ამჩნევ სხვის მცირეოდენ შეცდომას თვალსა შინა - სინდისში ძმისა შენისასა, და დვირესა, უმძიმეს ცოდვას თუალსა შინა შენსა, შენს სინდისში, არა განიცდი - ვერ ამჩნევ? ნებისმიერს შეუძლია უკეთ დაინახოს საკუთარი ცოდვები, ვიდრე უცხოსი, უფრო კარგად შეამჩნიოს დიდი, ვიდრე ნაკლები. ანუ, ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, მომეცი საშუალება, და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა; და აჰა, ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა. როგორ ცდილობ მის მკურნალობას, როცა შენ იმაზე მეტი მკურნალობა გჭირდება? მაგალითად: განრისხება არის წუელი ანუ ბეწვის ოდენა რაღაც, სიძულვილი კი დირე, მორის ოდენა. ვინც კვებავს თავის ძმის მიმართ მრისხანებას ბოროტი ეჭვებით, იგი წყალს უსხამს წუელს, რომელიც იზრდება და დიდ მორად იქცევა. მაშ ასე, თუ შენ განიკითხავ მრისხანებაში მყოფს, ხოლო შენს გულში ინახავ სიძულვილს, იცოდე რომ შენც გეხება ქრისტეს სიტყვები: „ანუ რასა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?“ ასე განურისხდა მეფე დავითი მართალთ, როგორც მას მოეჩვენა, აღშფოთდა ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც საწყალ და ღატაკ მეზობელს ბატკანი წაართვა, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ ვერ დაინახა თავისი მძიმე დანაშაული, როცა მან ურიას ცოლი წაართვა და თავად სიცოცხლესაც კი გამოასალმა.

„ბევრი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ეხლაც ასე იქცევა: ხედავენ მონაზონს, რომ ზედმეტი სამოსელი აქვს და ახსენებენ მას უფლის მცნებას, მაშინ როცა თვითონ უამრავს სტაცებენ სხვას და ყოველ დღე მექრთამეობაში არიან; ანდა ხედავენ, რომ მოწესე ღებულობს ნაკლებად ღარიბულ საკვებს და ისინი ამის გამო მას უწესოდ განიკითხავენ, თუმცა თავად ყოველდღე სმას მისდევენ და ლოთობენ, და არ იციან, რომ ამით თავიანთი ცოდვებისათვის უფრო დიდ ცეცხლს იმზადებენ, და თავს ყოველგვარ გამართლებას არიდებენ“.

წმიდა ათანასი ალექსანდრიელი წერს: „ერეტიკოსები მზად არიან დაამტკიცონ, რომ არ უნდა განვიკითხოთ ისიც კი, ვინც სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, რადგან უფალი ამბობს: - „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ მართალი ნოეც უნდა მისცემოდა სასჯელს, რადგან მან მამის სასაცილოდ ამგდები ქამი დასაჯა და დაუდგინა თავისი ძმების მონად ყოფნა“ ... შემდეგ მღვდელმთავარს მოჰყავს მაგალითები მოსეზე, ისუ-ნავესზე, ფინეზზე და წინასწარმეტყველებზე: სამუელზე, ილიასა და დანიელზე, მოციქულებზე პეტრესა და პავლეზე და ამბობს: „თუ ღვთის მართალნი სჯიდნენ და თავად არ განისაჯნენ, რატომ არ შეიძლება განსჯა და განკითხვა, როგორც ამას ამბობენ ერეტიკოსები? უფალმა თქვა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ იმისათვის კი არა, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ განსჯის გარეშე, არამედ მხედველობაში ყავდა ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავებს“.

- „ვისაც სურს სხვისი გაკიცხვა, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, იგი თვითონ არ უნდა იყოს შებღალული. თუ იგი, რომელსაც საკუთარ თვალში აქვს დვირე, ანუ, მძიმე ცოდვა, გაკიცხავს სხვას, რომელსაც ბეწვისოდენა აქვს, მაშინ იგი მას მხოლოდ უსირცხვილოს გახდის; რადგან ასეთი, გაწყრება რა, განმკითხველის მიმართ განეწყობა წყრომით და ამრიგად ჩავარდება განკითხვის ცოდვაში. მოკლედ, უფალი გვაჩვენებს, რომ დიდმა ცოდვილმაც კი შეიძლება კარგად ვერ დაინახოს თავისი ძმის ცოდვანი; რომელსაც თვალში დვირე აქვს, იგი როგორ დაინახავს სხვას, ადვილად რომ არის თავმოყვარეობაშელახული?“ - „შენ იტყვი, - წერს წმ. ოქროპირი, თუ ვინმე მრუშებაშია, ნუთუ მე არ უნდა ვთქვა, რომ მრუშობა არის ცოდვა და ნუთუ მე არ უნდა გამოვასწორო მემრუშე? - გამოასწორე, მაგრამ არა როგორც მისმა არაკეთილმოსურნემ, არა როგორც მტერმა, რომელსაც სურს მისი დასჯა, არამედ როგორც მკურნალმა, წამლის დადება რომ სურს. რამეთუ მაცხოვარმა არ თქვა, ნუ შეაჩერებ მცოდველს, არამედ თქვა: „ნუ განიკითხავთ“ ე.ი. ნუ იქნები მკაცრი მსაჯული; ამასთან ეს ითქვა არა განსაკუთრებულ და აშკარად აკრძალულ ცოდვებზე, არამედ ისეთებზე, რომლებიც არც კი ითვლება ცოდვებად, ამიტომაც ახსენებს უფალი ძმის თვალში წუელს და არა დვირეს“.

„უფალი, - ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, - არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ გვიკრძალავს განსჯას შეუწყალებელს“. „თუ ცოდვის ჩამდენი ღირსია სასამართლოსი, დაე, იგი იმან გაასამართლოს, ვისაც მსგავსი არაფერი აქვს ჩადენილი, და არა შენ. სხვები არ უნდა განსაჯოს იმან, ვისაც იგივე დანაშაულში მიუძღვის ბრალი. და შენ გაკვირვებს, რომ უფალმა მოგვცა ასეთი კანონი, როცა ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმაც კი აღიარა იგი და გამოხატა იესო ქრისტეს აზრი თავის სიტყვებში, რითაც მან მეორე ავაზაკს მიმართა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?“ (ლკ. 23,40). შენ კი, არა მარტო არ გინდა ამოიღო შენი თვალიდან დვირე, არამედ ვერც ამჩნევ მას; და ამის საპირისპიროდ, სხვის თვალში არა მარტო ბეწვის ოდენასა ხედავ, არამედ ცუდად განიკითხავ კიდეც და ცდილობ მის ამოღებას. ამიტომ, თუ საკუთარი ცოდვების დაუნახაობა არის ცუდი, მაშინ ორჯერ ან სამჯერ უფრო უარესია სხვების განკითხვა, როცა საკუთარ თვალში გაქვს დვირე, რადგან ცოდვა დვირეზე უფრო მძიმე არის“.

ამრიგად, მაცხოვრის მცნებაში ასეთი აზრია: ვინც თვითონაა სხვადასხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილი, იგი ვერ იქნება სხვათა შეცოდებების მკაცრი მსაჯული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ნაკლებადმნიშვნელოვანია; ნუ გაკიცხავ, აუგს ნუ იტყვი, არამედ შეაგონე; ნუ დაადანაშაულებ, არამედ ურჩიე; სიამაყით ნუ დააცხრები, არამედ გამოასწორე სიყვარულით; იმიტომ, რომ მოყვასს კი არა, არამედ შენს თავს მისცემ უსაშინლეს სასჯელს, როცა მას არ შეიბრალებ, როცა განიკითხავ მის შეცოდებებს, შენი თავისთვის გამოიტან განაჩენს.