მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


მამაო ჩვენო
მათე 6, 9-13

ხოლო თქვენ ესრეთ ილოცევდით: - ამბობს უფალი, და გვთავაზობს ლოცვის ღვთაებრივ მაგალითს იმისათვის კი არა, რომ ჩვენ ვილოცოთ მხოლოდ ამ ლოცვით, არამედ იმიტომ, რომ მისგან, როგორც წყაროსაგან დავეწაფოთ აზრებს ყველა დანარჩენი ლოცვისათვის, რათა არ შევიტანოთ მათში ის, რაც საწინააღმდეგოა საუფლო ლოცვისათვის. პატარაა უფლის ეს ლოცვა, მაგრამ იგი მაცხოვრის მთელ სწავლებას მოიცავს, გვახსენებს ყველა მის შეგონებასა და მოძღვრებას, ისე, რომ იგი ჭეშმარიტად „შემცირებული სახარება“ არის. და მართლაც, რომელი ლოცვა შეიძლება იყოს უფრო მომქმედი ზეციურ მამასთან, ვიდრე ის, რომელიც თვით უზენაესი მამის მხოლოდშობილი ძის წმინდა ბაგენით გამოითქვა? „საყვარელნო ძმანო, - გვარიგებს წმ. კიპრიანე, - ისე ვილოცოთ, როგორც გვასწავლა ღმერთმა. მამა ღმერთი შეიცნობს თავისი ძის სიტყვებს, როცა ჩვენ მისეული ლოცვით მივმართავთ მას. როცა ჩვენ ცოდვილნი ვლოცულობთ ჩვენივე ცოდვებისათვის, უნდა წარმოვთქვათ სიტყვები ჩვენი შუამდგომელისა. იგი თვითონ ამბობს, რომ რაც არ უნდა ვთხოვოთ მამას მისი სახელით, მოგვცემს მას; ამიტომ გამოვითხოვოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, ქრისტეს სახელით, და შევთხოვოთ მისივე ლოცვით“. - მაგრამ, იმისათვის, რომ საუფლო ლოცვა ჩვენმა გულმა აითვისოს სრულად და მთელი გულით აღევლინოს მამა ღმერთის მიმართ, ამისათვის უნდა ჩავწვდეთ ამ მადლიანი ლოცვის ყოველ სიტყვას, და ყური მივუგდოთ წმინდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა კეთილგონიერ მსჯელობას, რომლებიც განმარტავენ აღნიშნულ ლოცვას. საუფლო ლოცვა თავის თავში შეიცავს წმინდა რიცხვს - შვიდ თხოვნას; მის სათავეში დგას მოწოდება ღმერთისა, როგორც მამისა, ბოლოში კი - მისი ქება-დიდებაა.

მამაო ჩვენო! „ოი, როგორი თავმდაბლობაა ჩვენთვის, - ამბობს წმ. კიპრიანე, - როგორი მოზღვავებაა უფლის კეთილი ნებისა, როცა მან მოგვცა ნება ღმერთს ვუწოდოთ მამა, ხოლო ჩვენ ვიწოდნეთ ღვთის შვილებად, როგორც იესო ქრისტე ძე ღვთისა! ვერავინ გაბედავდა მისი წმიდა სახელის ლოცვაში ხსენებას, თავად მას რომ არ მოეცა ასეთი ლოცვის ნება“. „როგორი დიდებული ღვთიური კაცთმოყვარეობაა! - მსჯელობს წმ. კირილე იერუსალიმელი. - ჩვენ, რომელნიც დავეცით და დავშორდით მას, და მივედით უკიდურეს ბოროტებამდე, მოგვეცა ასეთი ვედრება და ასეთი მადლი, რომ ვუწოდებთ მას მამას: მამაო ჩვენო!“ - „ო, როგორი განსაკუთრებული კაცთმოყვარეობაა! ო, როგორი გარდამეტებული პატივია! - იძახის წმიდა ოქროპირი: - რომელი სიტყვა შეძლებს მიაგოს მადლიერება მას, რომელმაც ეს დიდი წყალობა გაიმეტა? შეხედე, საყვარელო, შენს არარაობას და მის ბუნებას, ჩაწვდი მასთან ნათესაობას - ამ მიწას, მტვერს, ჭუჭყს, თიხასა და ფერფლს, რადგან ჩვენ შექმნილნი ვართ მიწისაგან, და ისევ ვიხრწნებით მიწაში. წარმოიდგინე ეს და გაიოცე, მიუწვდომელი სიმდიდრე ღვთის დიდი სიკეთისა, რომლის მიხედვითაც მოგეცა შენ უფლება მისი მამად წოდებისა, მიწიერს - ზეციურის, მოკვდავს - უკვდავისა, ხრწნადს - უხრწნადისა, დროებითს - მარადიულისა“. „ყოველ თხოვნაში, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ყველაზე მეტად ცდილობენ მისი კეთილი განწყობის მოპოვებას, ვისაც თხოვნით მიმართავენ, და შემდეგ უკვე ეუბნებიან თავიანთ სათხოვარს. ეს კეთილი ნება ჩვეულებრივ ქებით ებოძება იმას, ვისგანაც სწადიათ თხოვნა. წმინდა წერილში ბევრი სიტყვაა, რითაც გამოხატულია ღვთის ქება-დიდება, მაგრამ ვერსად იპოვი, რომ ისრაელებს მიცემული ჰქონდათ უფლება, რომ ღვთისათვის მიემართათ სიტყვებით: მამაო ჩვენო. ეს უპირატესობა მიეცა ახალ ისრაელთ - ქრისტიანებს; სწორედ მათ აქვთ უფლება იყვნენ ღვთის სამწყსოდ და შეღაღადონ: - აბბა, მამაო! - „უფალი ხშირად უწოდებდა ღმერთს ჩვენს მამას, შენიშნავს კიდევ ერთი ძველი მასწავლებელი: ეს მან თითქმის მცნებად დაგვიტოვა. მივმართავთ რა მას ასე ლოცვისას, ჩვენ ვასრულებთ მის მცნებას. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც იცნობენ მას ღმერთ-მამად“.

მამა ღმერთის სახელი ჩვენ გაგვეხსნა ძეში, როგორც თავად ღვთის ძემ ბრძანა: „მე გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“ (ინ. 17,6). „ვუწოდებთ რა ღმერთს მამას, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ჩვენ ამით ვამოწმებთ ჩვენს სიყვარულსაც: რა არის ბავშვისათვის მამის სახელზე უფრო ძვირფასი? ამით ჩვენ რასაც ვითხოვთ, იმის მიღების რწმენასაც ვაცხადებთ: მართლაც რომელ თხოვნაზე უპასუხებს ღმერთი უარით თავის შვილებს, როცა მან თავად მისცა უფლება ღვთის შვილად წოდებისა?“ - მამაო ჩვენო! როგორი ტკბილი მოწოდებაა! „ვისაც ყავს მამა, იგი თავის თავს გრძნობს ძლიერი ფრთების ქვეშ, რომელიც მას ყოველგვარი განსაცდელისაგან იცავს; გრძნობს, რომ მისთვის არ არის საჭირო შეწუხდეს რაიმეს გამო: ყველაფერი ექნება - საზრდელიც, ტანსაცმელიც, საფარიც, და რომ მისთვის საკმარისია მამას მიმართოს, და რასაც ისურვებს, ყოველივეს მიიღებს“. - რწმენით მოვუწოდოთ ღმერთს, როგორც მამას, - გვასწავლის წმ. ტიხონ ზადონელი: მისკენ გავიშვიროთ ჩვენი ხელები, როგორც ბავშვებს აქვთ მშობლებისაკენ ხელები გაწვდილი, ყოველგვარი მოთხოვნებისას“.

მამაო ჩვენო! შენ ჩვენ შეგვქმენი კიდეც, შენ ზრუნავ ჩვენთვის ისე, როგორც არ ზრუნავს არც ერთი მამა ქვეყნად თავისი საყვარელი შვილებისათვის, რადგან შენი წმიდა ნების გარეშე თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდება თავიდან. „უფალი არ ამბობს: მამაო ჩემო, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, არამედ მამაო ჩვენო, და ამით გვავალებს ვილოცოთ კაცობრიობის მთელი მოდგმისათვის; ნურასოდეს გვექნება მხედველობაში მარტო საკუთარი სიკეთენი, არამედ ყოველთვის ვიზრუნოთ მოყვასის სარგებლისთვის. ამით მტრობასა სპობს და სიამაყეს ამდაბლებს, და შურსაც ანადგურებს, და სიყვარულს ამკვიდრებს“. -„უფალი ჩაგვაგონებს, - ამბობს ნეტარის ავგუსტინე, რათა მდიდრებმა და წარჩინებულებმა ამ ქვეყანაზე, გახდებიან რა ქრისტიანები, არ იამაყონ ღარიბებსა და უბრალო ხალხზე, რადგან როგორც მდიდარნი ისე ღარიბნი ერთნაირად შეღაღადებენ ღმერთს: მამაო ჩვენო“. - „შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედ მამაო ჩვენო, - გვასწავლის ნეტარი თეოფილაქტე, - ამიტომ უყურე ყველას, როგორც შენს ძმებს, როგორც ერთი მამის შვილებს“. - ღმერთს ევედრე: მამაო ჩვენო, შენ მშობელი მამა ხარ ჩვენი, ხოლო ჩვენ შენი მხოლოდშობილი ძის - ქრისტესმიერი ძმები; - შენ ყველანი ერთნაირად გიყვარვართ, რადგან ყველაზე ერთნაირად ფიქრობ, ამიტომაც, მე ცოდვილებს შორის პირველი ვბედავ ლოცვას არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჩემი ძმისათვის, როგორც ისინი ლოცულობენ ჩემ უღირსისათვის, - ვბედავ გთხოვო მოწყალებანი არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი შენი ეკლესიისათვის, და ისიც „ერთითა გულითა და ერთითა ბაგით“ იგივეს ითხოვს ჩემ გამოუსადეგარისათვის...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! ჩვენი ღმერთი არის ზეცაში და დედამიწაზე; იგი ყველგანმყოფია და არ არის ადგილი, სადაც არ იყოს იგი. „როცა უფალი ამბობს ლოცვაში „რომელი ხარ ცათა შინა“, ამ სიტყვებით - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - ღმერთს მარტო ზეცაში კი არ ათავსებს, არამედ მლოცველს განარიდებს მიწისაგან და მაღალ სამყოფელში ადგენს“. „უფალი, - ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, შენ მხოლოდ მიგანიშნებს შენს მშობლიურ სამყოფელსა და კერაზე: ამიტომ, თუ გსურს ღმერთი მამად გყავდეს, ზეცისაკენ იყურე და არა დედამიწისაკენ, როგორც პირუტყვნი.“ იგი გახსენებს შენ, თუ რომელი სამშობლოდან განიდევნე და როგორ კეთილდღეობას მოაკლდი შენ. ეს იგივეა, რაც ასამაღლებელი: „ზე გვაქვნდინ გულნი“! იქ, ზეცაში, უფალი უცხადებს თავის დიდებულებას სულით ნეტარებს; იქითკენ მიისწრაფის ჩვენი სულიც და ამქვეყნიური ჭირ-ვარამიდან, სადაც ჩვენ ვართ მხოლოდ უცხო მოგზაურნი და მოსულნი. მაგრამ ეს სულიერი ზეცა არ არის შორს თითოეული ჩვენთაგანიდან; იგი ქრისტიანის წმიდა გულშია. როგორც ცოდვილი მიწად იწოდა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, როცა მას ეთქვა: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“ (შექ. 3,29), ასე მართალს შეიძლება ეწოდოს ზეცა, რადგან მართალნი მოცილდებიან ცოდვილთ, როგორც ზეცა არის მიწას დაშორებული“. მსგავსადვე ხსნის წმ. სვიმეონ სოლუნელი: „ღმერთი, რომელიც წმიდაა, წმიდათა შორის განისვენებს. ანგელოზნი კი მკვიდრობენ რა ზეცაში, არინ ჩვენზე წმიდანი და ზეცაც უფრო წმიდაა, ვიდრე დედამიწა. აი რატომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ღმერთი არის ზეცაში“. რამდენი სითამამეა საჭირო. როგორ უნდა სწადდეს სინდისს, რომ გაბედოს და ღმერთს უწოდოს მამა! ებრაელნიც კადნიერად ეუბნებოდნენ მაცხოვარს: „ერთი მამა ვიცით ღმერთი“ (ინ. 8,41). მაგრამ რა უპასუხა ამაზე უფალმა? „თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ“ (ინ. 8,44), რადგან მის სურვილებსა და ნებას მისდევთ. „ღმერთს, თავის მამას ის ვერ უწოდებს, ვინც თავისი ზნეობით პირუტყვებსა და ეშმაკს მიემსგავსა, - ამბობს მღვმდელმთავარი ტიხონ ზადონელი, რადგან მათ, რომელნიც ღმერთს თავიანთ მამას უწოდებენ, უნდა ჰქონდეთ მისთვის დამახასიათებელი თვისებანიც, მას წმიდა გულით უნდა ემსახურნენ“. „ქრისტე - ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ არ ვიცრუოთ, - ამბობს წმ. გრიგორი ნოსელი, თავის თავზე არ ამბობს იმას, რაც არ არის ჩვენში, იმას არ უწოდებს თავს, რაც ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ უწოდებს რა ყოვლად კეთილსა და სამართლიანს თავის მამას, გვთხოვს ეს ნათესაობა გავამართლოთ ჩვენი ცხოვრებით“.

წმიდა იყავნ სახელი შენი. ღვთის სახელი ყოველთვის წმიდაა. იმით სრულდება ჩვენი მხსნლი საიდუმლოებანი, მისით აღიბეჭდება ჩვენი ფიცისა და დაპირების უტყუარობანი, მისით ვამარცხებთ ხილულ და უხილავ მტრებს. ღვთის სახელი იგივეა, რაც მიუწვდომელი არსება ღვთისა, თავის თავს რომ უცხადებს ადამიანებს. „ღმერთი წმიდაა და ყოვლად წმიდა, ყველა წმიდაზე უმეტესი სიწმიდეა, - ამბობს წმ. ოქროპირი. სერაფიმები დაუსრულებლივ უგალობენ მას საგალობლით: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა“ (გამ. 6,3). როგორც ისინი, რომელნიც ადიდებენ მეფეებს მეფეებად და თვითმპყრობელებად, თვითონ კი არ ანიჭებენ მათ ამ ტიტულებს, არამედ ადიდებენ მათში იმას, რაც მათ უკვე გააჩნიათ: ასევე ჩვენც, კი არ ვუცხადებთ ღმერთს მის სიწმიდეს, როცა ვამბობთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, არამედ ვაქებთ და ვადიდებთ სიწმიდეს, რომელიც აქვს მას, რამეთუ „წმიდა იყავნ“- ის ქვეშ იგულისხმება „დიდებული იყოს“. - „ღვთის სახელი არის წმიდა, - ამბობს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, წმიდაა და დიდებული ჩვენი დიდების გარშეც, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენშიც იდიდოს იგი, რათა ჩვენ არ ვეძიოთ სხვა არაფერი, გარდა ღვთის დიდებისა“. - რაც წმიდაა, იმის წინაშე გვაქვს კეთილი კრძალულება, შიში და პატივისცემა. ამიტომაც სიტყვები: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, შეიძლება ასეც იქნას გაგებული: შენი შიში ჩანერგე ჩვენს გულებში. ნეტარი ავგუსტინე განმარტავს: - „წმიდა იყავნ“ ნიშნავს: წმიდად იდიდებოდეს, და არა სიძულვილით. ხედავ ახლა, რომ შენს თავს სიკეთეს უსურვებ, როცა კი ეს გსურს? „რამეთუ შენთვისაა დამღუპველი, როცა ღვთის სახელს სიძულვილით ახსენებ და არა პატივისცემით“. ბავშვები ცნობენ და აქებენ მამას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მათი სიყვარულისათვის; მათ სურთ და ეძიებენ, რათა მათ მამას აფასებდნენ და ადიდებდნენ სხვებიც. „ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ბავშვური სიყვარულით არ ვიწვოდეთ, რომელიც გვაიძულებს ყველაფერში ვეძიოთ არა საკუთარი სარგებელი, არამედ ჩვენი მამის დიდება“, - ამბობს ღირსი კასიანე. „ჩვენი სიხარული არის ჩვენი მამის დიდება“. ამიტომაც წმიდა უნდა იყოს, ყოველ ხალხს უნდა ეუწყოს მისი წმიდა სახელი, უნდა გავრცელდეს ჭეშმარიტი რწმენა ქრისტესი ადამიანთა მთელ მოდგმაში, რათა ხალხებმა შეადგინონ ერთი დიდი ოჯახი ღვთისა, რომელთაც თავიანთ მამად ეგულებად ღმერთი, რომელსაც აღიარებენ და ადიდებენ კეთილი კრძალულებით. მაგრამ ამისათვის, ჩვენ თავად უნდა ვიცხოვროთ ღვთის მცნებების მიხედვით, რათა ჩვენი არაწმინდა და ცოდვილი ცხოვრებით არ შეურაცხვყოთ ღვთის სახელი ენით, რათა ურწმუნოებმა, ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო გაკვირვებულებმა არ იკითხონ ერთმანეთში: - სად არის ამათი ღმერთი? - პირიქით, დაინახავენ რა ჩვენ კეთილ საქმეებს, რომელთაც ვერავინ იქმს ღვთის მადლის შეწევნის გარეშე, იწყონ ჩვენი ზეციური მამის დიდება, ამიტომაც წმ. ოქროპირი, სიტყვებს „წმიდა იყავნ“ კიდევ შემდეგნაირად ხსნის: „ღირსი გაგვხადე ისე წმიდად და პატიოსნად ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გამო სხვებიც გადიდებდნენ შენ, რათა თითოეული, დაინახავს რა ჩვენს ცხოვრებას, დიდ მეუფეს აღუვლინოს საქებარი“. ანდა, როგორც ამბობს ნეტარი თეოფილაქტე: „ჩვენი ცხოვრება ისე მოაწყე, რათა იგი იყოს შენი დიდებისათვის. როგორც ჩემი უკეთური საქმეებით ილანძღება ღმერთი, ასევე ჩემი კეთილი საქმეებით წმიდა უნდა იყოს, ანუ იდიდოს, როგორც სიწმიდე დიდი“.

ყველა აღნიშნული განმარტება შეიძლება ასე გამოითქვას: ზეციურო მამავ, ინებე რათა ჩვენ შიშით და სიყვარულით მოვუწოდოთ შენს სათაყვანებელ სახელს, რათა ჩვენ მას ამაოდ არ ვახსენებდეთ, რათა არ შეილახოს მისი წმიდა სახელი ჩვენი ბიწიერი ცხოვრებით, რათა იდიდებოდეს იგი ჩვენს სულსა და სხეულში, ჩვენს საქმეებში, სიტყვებში, და შინაგან გულისთქმაში! დაე, შენი ყოვლად დიდებული სახელის არმცნობელთაც კი იცნან იგი, დაე კეთილკრძალულებით იდიდებოდეს იგი კაცობრიობის მთელ მოდგმაში, ყველასგან, ყოველ დროში და ქვეყნიერების ყოველ კუთხეში!

მოვედინ სუფევა შენი, სუფევა ანუ სამეფო ღვთისა - სამეფო მარადიული: „ღმერთი მუდამ არის მეუფე, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე: იგი ყოველთვის არის აღჭურვილი სამეფო ხელისუფლებით, მას ემსახურება ყოველივე შექმნილი, რომელ სამეფოზე ვლოცულობთ?“ - ამ კითხვაზე პასუხს იძლევა წმ. კვიპრიანე: „ჩვენ ვითხოვთ რათა დამკვიდრდეს ჩვენი სამეფო, ღმერთმა რომ აღგვითქვა, რომელიც ქრისტემ მოიპოვა თავისი წმიდა სისხლითა და წამებით; ვევედრებით, რათა ჩვენ, რომელნიც ამ ცხოვრებაში ვემსახურებოდით უფალ იესო ქრისტეს, მასთან ერთად ვიმეფოთ, როგორც თავადვე გვპირდება, როცა ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისათ“ (მთ. 25,34). ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული, ცოდვა მეფობს ცოდვილ ადამიანებზე, როგორც მის მონებზე. „სიკვდილი, - ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, ათასგვარი გზებით არის ბუნებაში შერეული; ცოდვის ყოველი სახე ხდება ჩვენთვის გზა, სიკვდილის მომყვანებელი. ვნებები ჩვენ გვხდიან სიკვდილის მონებს, ამიტომაც ვლოცულობთ, რათა ჩვენთან მოვიდეს ღვთის სამეფო, რათა არარაობად იქცნენ ჩვენზე გაბატონებული ვნებები“ - „წმიდა სულისათვის, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, დამახასიათებელია კადნიერად წარმოთქვას შემდეგი: „მოვედინ სუფევა შენი“. ვინც ყურს დაუგდებს პავლეს, რომელიც ამბობს: „ნუ უკუე ჰსუფევნ ცოდუა მოკვდავთა მაგათ ხორცთა თქუენთა“ (რომ. 6,12) და განიწმედს თავს საქმით, ფიქრითა და სიტყვით, იგი ეტყვის ღმერთს: „მოვედინ სუფევა შენი“. - და პირიქით ვერც ერთი უსჯოლო, როგორც ამბობს წმ. კასიანე, ვერ გაბედავს ეს ისურვოს, რადგან იგი, რა თქმა უნდა, არ ინდომებს დაინახოს თავისი მსაჯულის საყდარი, რადგან იცის, რომ მისი მოსვლის ჟამს, მიიღებს დამსახურებულ სასჯელს, ან გვირგვინს. - „ვისურვოთ, -ამბობს ნეტარი ავგუსტინე, რომ დამკვიდრდეს ღვთის სამეფო; იგი მოვა, ჩვენ კიდეც რომ არ გვინდოდეს, ე.ი. უმჯობესია იგი ვისურვოთ და ვილოცოთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამან თავის სამეფოში დამკვიდრების ღირსნი გაგვხადოს, რათა ისე არ მოხდეს, რომ იგი მოვიდეს, მაგრამ ჩვენთვის არ მოვიდეს. მართლაც ბევრისათვის არ მოვა უფალი, რომელთაც შეეძლოთ მიეღოთ იგი. იმათთვის მოვა, რომელთაც ეტყვის: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25,34). ხოლო იგი არ მოვა მათთვის, ვინც გაიგონებს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მთ. 25,41). ასე, რომ ჩვენ ვლოცულობთ რათა უფალმა გაგვხადოს სიკეთისანი; მაშინ უკვე საბოლოოდ ჩვენთვის მოვა ღვთის სასუფეველი“. - ვისაც სურს ზეციური სასუფეველი, - გვასწავლის მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, მან უნდა მოიძულოს აქაური დიდება, პატივი, სიამენი, სიმდიდრე, - შეიძულოს ყოველივე მიწიერი და მხოლოდ მაშინ ისურვოს ზეციური. საჭიროა კიდევ იქონიოს სუფთა სინდისი, ანუ განიწმიდოს იგი სინანულით და მაშინ ილოცოს: „მოვედინ სუფევა შენი!“ სხვანაირად, - როგორ ისურვებს და ითხოვს სასუფეველს, როცა ცოდვებით შებღალული სინდისი, ემუქრება მას ღვთის სამსჯავროთი და საუკუნო სატანჯველებით?“

არ შეუძლია ზეცის დიდების სამეფოში შესვლა იმას, ვინც აქ დედამიწაზე არაა შესული ქრისტეს მადლის სამეფოში, რაც არის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია. იგი არის ცათა სასუფევლის კარიბჭე: როგორც აყვავებული ბაღის კარებთან უკვე იგრძნობა ყვავილების კეთილსურნელება, მიუხედავად იმისა, რომ ბაღის კარები ჯერ კიდევ დახურულია და არ ჩანან ყვავილები, ასევე ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში, მის წმიდა წესებში, მის საკვირველ ღვთისმსახურებაში და ბრძნულ კანონებში, უკვე გვეძლევა საშუალება წინასწარ განვიცადოთ და ვიგემოთ მართალთა სამოთხისებრი ნეტარებანი, თუმცა თვით ეს ნეტარება ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის მიუღწეველი და მიიღება და განიცდება მხოლოდ რწმენით და არა ხედვით... მაგრამ არა ყველანი, რომლებიც თვლიან თავიანთ თავებს ღვთის სასუფეველის, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის სამწყსოდ, დაიმკვიდრებენ ნამდვილად ცათა სასუფეველს: ღვთის სიტყვის მიხედვით, იქნებიან ისეთი შვილნიც ამ სამეფოსი, რომლებიც ჩაგდებულ იქნებიან წყვდიადსა და სატანჯველში.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენთვისაც არ დაიხუროს ცათა სასუფეველის კარნი? - ამისათვის საჭიროა, რომ ღვთის სასუფეველი ადრევე შემოვიდეს ჩვენს გულში, როგორც ამას ამბობს ქრისტე: „სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს“ (ლკ. 17,21). რა ნეტარი მდგომარეობაა ეს - კარგად იციან მათ, ვინც ეს საქმით გამოსცადა, რადგან ძნელია სიტყვებით აღწერა იმ ნეტარებისა, როგორსაც განიცდის ღვთის მადლით სავსე ადამიანის გული. სადაც უფალია თავისი მადლით, სამოთხეც იქ არის, იქვეა ცათა სასუფეველიც. უფალმა თქვა: „უკეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“ (ინ. 14,23). იყავი ქრისტეს ეკლესიის მორჩილი წევრი, იზრუნე შენი გულის ვნებებისაგან განწმედისათვის, ისარგებლე საეკლესიო საიდუმლოებათა მხსნელი მადლით, ეცადე მოიპოვო ბავშვური სიმდაბლე, ბავშვური უბრალოება და უბოროტება, ბავშვური მინდობა ღვთის ნებისადმი, და მაშინ გამოცდილებით შეიცნობ, როგორ ახლოსაა შენთან ღვთის სასუფევლი, და ამ მადლიან სამეფოს მთელი გულით მოისურვებ და დღისით და ღამით ზეციურ მამას შეჰღაღადებ: „მოვედინ სუფევა შენი“, - ასე მიმართავ ყოველივეს შემქმნელ მეუფეს. შენმა სულმა დაგვმოძღვროს ჭეშმარიტებისათვის, სახიერო! დაე სიმართლემ, მხოლოდ ერთმა წმიდა სიმართლემ იბატონოს დედამიწაზე და ჩვენში, და ჩვენს გარშემო, დაე დაიღუპოს და მიწისაგან აღიგავოს ყოველი უსამართლობა, სიყალბე, ცილისწამება და სიცრუე! გამეფდეს დედამიწაზე მშვიდობა და სიყვარული და გაქრეს ყოველგვარი უთანხმოებანი, სიძულვილი, მტრობა და ძვირისხსენება! შენ აწვიმე შენს ერთგულთა გულებს მადლიანი სიხარული; დაე მამაცურად შევხვდეთ მწუხარებებს, ამ ცხოვრებაში რომ არის გარდაუვალი; დაე გავრცელდეს დედამიწაზე შენი მადლის სამეფო - წმიდა ეკლესია მართლმადიდებლური და დამკვიდრდეს ბოლოს მარად ნეტარი სამეფო შენი დიდებისა, ქვეყნის გაჩენიდან რომ არის შენს მოყვარულთათვის გამზადებული! მაგრამ ჩვენც რომ არ მოვაკლდეთ ამ სანუკვარ სამეფოს, მოგვეცი მადლი, რომ შევიძულოთ ჩვენი ბოროტი ნება და შევიყვაროთ შენი წმიდა ნება - კეთილი, სასურველი და სრული, მოგვეცი ძალა, რომ მივეკრათ შენს წმიდა მცნებებს მთელი გულით.

ჩვენ არ ვიცით, მამაო ჩვენო ზუციურო, რა არის მავნე ჩვენთვის, და რა სასიკეთო და გადამრჩენი; მხოლოდ შენ ერთმა იცი ყველაფერი, ამიტომ შენ გევედრებით: იყავნ ყველაფერში, ყველგან და ყოველთვის ნება შენი წმიდა! როგორც გსურს, ისე მოგვექეცი, ნუ უყურებ ჩვენს ცოდვიან სურვილებს, ნუ შეისმენ ჩვენს ლოცვებს, თუ არ იქნება მოსაწონი შენთვის, - მთლიანად და ყველაფერში ჩვენს თავს მივანდობთ შენს ხელთ: შენ ხომ იმით განაგებ ჩვენ ბედს, იმით წარგვიძეღვი შენი ზეციური სასუფევლისაკენ! - ერთი ძველი მასწავლებელი ამბობს: „იყავნ ნება შენი“ - ამ სიტყვებს იმიტომ კი არ შევღაღადებთ, რომ ვინმეს შეუძლია ღვთის ნებას ხელი შეუშალოს, არამედ იმისათვის ვევედრებით, რომ მან თავისი წმიდა ნება გამოგვიცხადოს და იმათ შესასრულებლად ძალა გვიბოძოს. თვითონ მან გვითხრა, რომ ვიქმოდეთ არა ჩვენს, არამედ ჩვენი მამის ნებას. და ჩვენც მოგვიწოდებს, რომ მის მაგალითს მივყვეთ და სიკვდილამდე ღვთის ნების ქვეშ ვიყოთ“. - „უფალმა, - ამბობს წმ. კვიპრიანე, დაგვანახა რა ყველა ადამიანური სისუსტე, რომელსაც თავადაც ატარებდა, გვითხრა: მამაო ჩემო! უკეთუ შესაძლებელ არს, თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე“, შემდეგ კი მისცა რა მოწაფეებს მაგალითი იმისა, რომ მათ შეესრულებინათ არა თავიანთი ნება, არამედ ღვთისა, დასძინა: „ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26,39-42).

თუ ძე ასე ისმენდა და ასრულებდა მამის ნებას, მით უფრო არ უნდა ისმინოს მონამ და შეასრულოს თავისი უფლის ნება?“ - ასე, „იყავნ ნება შენი“, მამაო ჩვენო, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა! როგორც ზეცაში ყველაფერი შეუწინააღმდეგბლად სრულდება, და არ ხდება ისე, რომ ანგელოზები ერთ რამეში დაემორჩილნენ უფალს, მეორეში კი არა, არამედ ყველაფერში ემორჩილებიან მას: ასევე ჩვენც, ადამიანებსაც შეგვაძლებინე, რათა არა მხოლოდ ნახევრად შევასრულოთ ღვთის ნება, არამედ ისე გავაკეთოთ, როგორც ეს შენ გინდა! შენი წმიდა ნება მარტო ჩემში და ჩვენში კი არ იყოს, არამედ მთელ დედამიწაზე! მოგვეცი, უფალო, რათა მივბაძოთ ზეციურ ცხოვრებას, რათა ჩვენც იგივე ვისურვოთ, რაც თავად შენ გინდა: შეეწიე ჩვენს ნებას, რომელსაც სურს შენი საქმეების კეთება, მაგრამ სხეულის სისუსტე აბრკოლებს მას. - „შენ ანგელოსნი გემსახურებიან ზეცას, შენვე გემსახურებით ჩვენც დედამიწაზე. არ შეურაცხგყოფენ ანგელოსნი ზეცას, არ უნდა შეურაცხგყონ შენც დედამიწაზე. როგორც ისინი ასრულებენ შენს ნებას, ასევე ჩვენც შეგვასრულებინე იგი აქ“ (ნეტარი ავგუსტინე). დაე აღიგავოს პირისაგან მიწისა ყოველი შენი წინააღმდეგობა, რათა არაფრით არ შეიბღალოს დედამიწისაგან ზეცა, და ზეცისაგან დედამიწა! - „უნდა ვისურვოთ, -ამბობს წმ. ოქროპირი, - ზეცა და ყოველგვარი ზეციური, მაგრამ ვიდრე მივაღწევდეთ ზეცას, საჭიროა დედამიწის გადაქცევა ზეცად, რათა მასზე ცხოვრებისას ისე ვიმოქმედოთ და ვიმსჯელოთ, რომ თითქოს ვიმყოფებოდეთ ზეცას, სწორედ ამაზე უნდა ვევედროთ უფალს“. - „ღვთის ნება სრულდება ჩვენი, ლოცვის გარეშეც, - გვასწავლის მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი; ჩვენ შევთხოვთ, რომ ჩვენ თავად შევძლოთ იმისი გაკეთება, რაც მის ნებას სწადია. აქედან ჩანს, რომ ღვთის ნების შესრულება ღვთის შეწევნის გარეშე არ შეგვიძლია. როგორც ზეცაში ანგელოსები ასრულებენ ღვთის წმიდა ნებას და ერთმანეთში აქვთ სიყვარული, მშვიდობა და თანხმობა, ასევე ჩვენც, დედამიწაზე მცხოვრებლებმა უნდა მივბაძოთ მათ, რათა შევძლოთ მისი ნების შესრულება და ცხოვრება წმიდად, მშვიდობიანად, სიყვარულითა და თანხმობით.

როცა ვლოცულობთ: „იყავნ ნება შენი“, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ნებაზე და დავთმოთ იგი. დიდ სიკეთეს ეწევა ის, რომელიც ყოვლად სრულად მიანდობს თავის თავს ღვთის ნებას. ღრმა სიმშვიდე დაისადგურებს ასეთის გულში; აღარაფერი აღარ აშინებს მას: მან იცის, რომ თავის თავს კი არ ეკუთვნის, არამედ ღმერთს, მოწყალე და ყოვლისშემძლებელ მამას, რომელიც არასოდეს მიატოვებს მას მადლიანი შეწევნისა და შეგონების გარეშე. როგორი უბედურებაც არ უნდა შეემთხვეს, როგორი სიმწარეც არ უნდა დაატყდეს, იგი ყოველთვის ლოცვით ზეცას უმზერს, და იმეორებს: „იყოს ნება შენი, მამაო ჩვენო!“ შენ ყველაფერს ხედავ, ყველაფერი იცი, ყოველივე ძალგიძს, შენ მე არ მიმატოვებ...“ როგორც ბავშვები მშვიდად გრძნობენ თავს თავიანთი დედის წიაღში, ასევე მშვიდადაა სული, რომელიც მთლიანად ღვთის წმიდა ნებასაა მინდობილი. და როგორც ბავშვები ემორჩილებიან თავიანთი მშობლების ნებას და მხოლოდ იმასღა ცდილობენ, რათა მათი სურვილი შეასრულონ, ასევე ადამიანი, რომელიც ღვთის ნებასაა მინდობილი, მთელი გულით ისწრაფვის შეიცნოს და მხოლოდ ის შეასრულოს, რაც ღვთისათვის არის სათნო. იქამდე უნდა მოვიძულოთ ჩვენი ბოროტი ნება, შემდეგ კი ღვთის კეთილი ნების ჩვენში დამკვიდრებისათვის უნდა ვილოცოთ.

ზეციური სათხოვარის შემდეგ, ანუ ღვთის დიდებაზე, ზეციურ სასუფეველსა და ღვთის ნებაზე ვედრების შემდგომ, ღვთაებრივმა სიბრძნემ ადგილი მიწიერ საჭიროებებზე თხოვნასაც დაუთმო: პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს. „პური არსობისა“ - შეიძლება გაგებულ იქნას როგორც სულიერად, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით: „ჩვენს პურს, - გვიხსნის წმ. კიპრიანე, ჩვენ ვუწოდებთ ქრისტეს, რადგან ვღებულობთ და ვჭამთ მის ხორცს, როგორც ამას თავად ამბობს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჰხედ; უკეთუ ვინმე ჰსჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,53) და გვაფრთხილებს სიტყვებით: „უკეთუ არა ჰსჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ ხორციელ საზრდელსაც ყოველდღიურ საკვებს“. - „მაცხოვარმა, - ამბობს წმ. ოქროპირი დაგვიდგინა ლოცვა არა სიმდიდრისთვის, არა განცხრომისათვის, არა მდიდრული შემოსვისათვის, არამედ მხოლოდ პურისათვის, და ამასთან მხოლოდ დღიური გამოკვებისათვის, - რათა ჩვენ არ ვიზრუნოთ ხვალისათვის. ამიტომაც დასძინა: „არსობისა“, ანუ დღიური საზრდელი. იგი ამ სიტყვითაც კი არ დაკმაყოფილდა, არამედ შემდეგ კიდევ შესძინა სხვაც: „მომეც ჩვენ დღეს“, რათა ჩვენ ზედმეტად არ შეგვაწუხოს დამდეგი დღისათვის. მართლაც რა საჭიროა ხვალინდელი დღისათვის ზრუნვა მისთვის, ვინც შესაძლოა ვერც შეესწროს მას? ის, რომელმაც მოგცა შენ სხეული, შთაგბერა სული, გაქცია გონივრულ არსებად და შენს გაჩენამდე შენთვის ყველა სიკეთე შეამზადა, - განა დაგივიწყებს შენ, თავის ქმნილებას? მას მინდობილმა, შესთხოვე საზრდელი მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, ხოლო ხვალინდელისათვის ზრუნვა მასვე მიანდე, როგორც ამბობს ნეტარი დავითი: „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ“ (ფს. 54,22).

წმ. გრიგილ ნოსელი განმარტავს: „სიტყვით „პური“ უფალი თითქოს ამბობს: „გეყოფათ, ხალხო საკუთარი თავის წამება ამაო სურვილებისათვის. შეწყვიტეთ საკუთარი თავის გარჯისათვის მიზეზების გამრავლება. ბევრი არ ჭირდება შენს ბუნებას, შენ გევალება სხეულისათვის საზრდელის მოძიება; ეს არ არის დიდი და მძიმე საქმე, თუ იმდენს დასჯერდები რამდენიც გჭირდება. რატომ იდგამ უღელს ზედმეტად და გსურს ამოდენა სიმძიმის ზიდვა? ითხოვე შენთვის მხოლოდ ერთი პური: ამაში შენ ბუნებამ მოვალე გაგხადა სხეულისა, თუ შენ ეშმაკი დაგიწყებს ჩაგონებას, რა არის თვალისათვის უკეთესი დასანახი და სასიამოვნო გემოვნებისთვის, - იცოდე, ნამდვილად გაებმები გემოთმოყვარების ხლართებში. აუცილებელი საზრდელიდან შენ გადახვალ გემრიელ საჭმელზე, იქიდან კი ფუფუნებასა და ყოველგვარ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. ამიტომ შემოიზღუდე შენი ლოცვა მხოლოდ „პურის“ მოთხოვნით“.

„როცა ვლოცულობთ“ - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, საარსებო პურზე, გამოვითხოვთ სხვა დანარჩენსაც, რაც კი ესაჭიროება ჩვენს სხეულს დედამიწაზე. ჩვენთვის აუცილებელია: საზრდელი და სასმელი, ჩასაცმელი და საცხოვრებელი. ასევე ღვთის სიტყვა, რომელიც თქვენ ყოველდღიურად გეუწყებათ - არის პური არსობისა. მასზე გონება ისევეა მოშიებული, როგორც ჩვეულებრივ პურს არის დახარბებული მუცელი კაცისა. ამიტომ ვითხოვთ მას ლოცვისას ღვთისაგან. ამრიგად, არსობის პურის ქვეშ იგულისხმება ყველაფერი სულისა და სხეულისათვის აუცილებელი“ - „როცა ვამბობთ პური ჩვენი მოგვეცი, - შენიშნავს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, ამით ვაჩვენებთ, რომ ვითხოვთ იგივეს სხვებისთვისაც. ქრისტიანული სიყვარული გვავალებს, რომ მარტო ჩვენს თავზე კი არა, არამედ ჩვენი მოყვასისთვისაც ვზრუნავდეთ.

ღმერთი თავისი უხვი სიკეთით, აძლევს ყოველივე აუცილებელს მათაც, რომელნიც მას არ ცნობენ; მაგრამ ქრისტიანებმა რწმენით უნდა გამოითხოვონ მისგან ეს სიკეთენი, როგორც პატარებმა მამისაგან, რათა აჩვენონ, რომ ისინი ყოველივე საჭირო სახმარს ცხოვრებაში თვლიან ღვთის წყალობად და მას მადლიერებით ღებულობენ ღვთის ხელიდან. ასე, რომ ამ თხოვნის აზრი შეიძლება გამოითქვას შემდეგი სიტყვებით: მამავ, ზეციურო! შენ ხედავ ჩვენს საჭიროებებს ჩვენზე უკეთესად: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. აღაღადებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ“ (ფს. 144, 15-16). ჩვენ არა გთხოვთ ფუფუნებას არც სიმდიდრეს და არც ოქროს სახურავს; არ გთხოვთ ტკბილეულობას განსაცხრომად; ნუ მოგვაკლებ ყველაზე აუცილებელს: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. პური - საკვებად, წყალი - სასმელად, ჰაერი - შესასუნთქად, ტანსაცმელი ჩვენი ცოდვილი სხეულის დასაფარად, საცხოვრებელი სადაც შეგვეძლება თავის შეფარება - აი, ყოველივე ის, ურომლისოდაც თავს ვერ გავიტანთ, ვიდრე ცხოვრება დედამიწაზე გვიხდება. შენი წმიდა სიტყვა, შენი მადლი, ეკლესიის საიდუმლოებებით რომ მოგვეცემა, უფრო კი „პური ცოცხალი“, ზეციური პური - ყოვლადწმიდა ხორცი და სისხლი შენი კურთხეული ძისა - აი, ის არსობის პური, ურომლისოდაც ჩვენი სული შიმშილით კვდება, მოგვეცი, მამაო ჩვენო, ყოველივე ეს, მოგვეც ძალა, რომ თუნდაც ოფლით, მაგრამ მაინც ჩვენით მოვიპოვოთ პური მართალი შრომით! მოგვეცი ეს დღევანდელი დღისათვის - მრავალ წელს ბეღელში შესანახად კი არა, არამედ მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, რადგან ჩვენ თვითონაც არ ვიცით... ვიცოცხლებთ კი ხვალამდე და რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, ხომ შეიძლება, რომ ხვალ საერთოდ აღარც კი ვიყოთ ამქვეყანაზე; და როცა დადგება ჩვენთვის ეს ხვალინდელი დღე, ჩვენ გვექნება რწმენა, რომ რადგან მოგვეცი დღე, მოგვცემ საზრდელსაც.

საზრდელი როდი მოიცავს ყოველივე ჩვენთვის საჭიროსა და სასურველს. იცოდა უფალმა, რომ მხოლოდ იგია უცოდველი, ადამიანები კი არა. ამიტომაც გვასწავლის ლოცვას ცოდვების მიტევებისათვის: და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა „ღმერთი გვიდგენს, - ამბობს წმ. კვიპრიანე, რათა მის სახლში ცხოვრობდნენ მხოლოდ მშვიდნი, გამგებნი და ერთსულოვანნი; ხოლო ვინც არის მტრობაში, უთანხმოებაში, ვისაც არა აქვს მშვიდობა ძმებთან, იგი, ქრისტესათვის სიკვდილიც რომ მიიღოს, მაინც დარჩება დამნაშავედ, ძმასთან მტრობის გამო; წმიდა წერილში კი ნათქვამია; „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი იგი კაცისმკვლელი არს“ (1 ინ 3, 15). კაცისმკვლელს ვერ ძალუძს ცათა სასუფეველს მიაღწიოს და ღმერთთან იცხოვროს. ქრისტესთან ვერ იქნება ის, რომელმაც ისურვა იყოს იუდას მსგავსი, და არა ქრისტესი. რა ცოდვაა ისეთი, რომ ნათლობის ცრემლითაც ვერ განიბანება იგი? რა დანაშაულია ისეთი, რომ შეუძლებელია მისი დაფარვა წამების სისხლითაც კი?.. - „გვახსენებს რა ცოდვებს, ამბობს წმ. ოქროპირი, უფალი ჩაგვაგონებს სიმდაბლეს; სხვები მიტევების მოთხოვნით, იგი ჩვენში ბოროტის ხსოვნას აღმოფხვრის, ხოლო ამისათვის საკუთარი ცოდვების პატიების აღთქმით ჩვენში განამტკიცებს კეთილ იმედებს და გვასწავლის ვიფიქროთ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე; მას შეეძლო შენი საქმის გარეშეც ეპატიებინა მთელი შენი ცოდვები, მაგრამ მას სურს ამითაც კეთილად იმოქმედოს შენზე, ყველაფერში მოგცეს შემთხვევა სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობისათვის, განდევნის შენგან მხეცობას, აქრობს შენში მრისხანებას და ყოველმხრივ ცდილობს შეგაერთოს თავისიანებს“. ვინც მთელი გულით არ მიუტევებს ძმას მისთვის მიყენებულ შეცოდებებს, - ამბობს წმ. კასიანე, - იგი ასეთი ლოცვით გამოითხოვს თავისთვის არა შეწყალებას, არამედ სასჯელს“. „ღმერთს კეთილად სურს ჩვენთან ხელშეკრულება დადოს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე: ამას გეუბნება შენ უფალი ღმერთი შენი: „მიუტევე და მოგიტევებ. არ მიუტევე შენ? - თვითონ მიდიხარ შენი თავის წინააღმდეგ, და არა მე“.

ასე, რომ მიუტევე, გულით აპატიე და გჯეროდეს, რომ ამასთან ერთად შენ გეპატიება შენი ცოდვები, სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით ჩადენილი. ვინ უნდა იყოს, რომ იცხოვროს ამ ქვეყანაზე და არ ჰყავდეს მტერი? შეეცადეთ აიძულოთ თქვენი თავი, საყვარელნო, რათა შეიყვაროთ ისინი, გეხვეწებით, არამც და არამც არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია: მე ვიცი, ვიცოდი და სინამდვილეში მინახავს ქრისტიანები, რომელთაც უყვართ საკუთარი მტრები. გწამდეთ, რომ ეს არის შესაძლებელი და ილოცეთ, რათა თქვენში შესრულდეს ნება ღვთისა. ასე რა გაღიზიანებს მაინც ასე შენს მტერში? რა თქმა უნდა არა ბუნება ადამიანური. იგი მშობლიურია შენთვის: ორივე მიწისაგან ხართ შექმნილი და შემდეგ ღვთისაგან გასულიერებულნი. ისიც ისაა რაც შენ ხარ; იგი ძმაა შენი. პირველი ადამიანები - ადამი და ევა იყვნენ ჩვენი მშობელნი: ისინია დედა და მამა ჩვენი. გამოდის რომ ჩვენ ძმები ვართ. ნუ მივატოვებთ ამ ჩვენს საერთო საწყისს, ღმერთი - მამაა ჩვენი, ეკლესია კი დედა. გამოდის, რომ ჩვენ ძმები ვართ... ღმერთი, სამართლიანად ეტყვის შეუნდობელთ: „რატომა მთხოვთ, რათა მე შეგისრულოთ აღთქმული, როცა თავად არ ასრულებთ იმას, რაც ჩემგან გაქვთ დადგენილი? - რას შეგპირდით? - მოგიტევოთ თქვენი ცოდვები. რა დაგიდგინეთ? რათა თქვენც მიუტეოთ სხვებს შეცოდებანი. მაგრამ როგორ შეიძლება თქმა, რომ თქვენ ასრულებთ ამ მცნებას, როცა არ გიყვართ თქვენი მტრები?“ - წმ. სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, როცა მას ქვებს ესროდნენ, მან მუხლი მოიყარა და ევედრებოდა ღმერთს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდუასა ამას (საქ. 7.60). მტრები მას ქვებს უშენდნენ და არც პატიებასა სთხოვდნენ, სტეფანე კი ლოცულობდა მათთვის.

ასეთი ლოცვა ასწავლა უფალმა თავის მოწაფეებსაც - თავის დიდებულ მოციქულებს, ჩვენ რომ გაგვიძღნენ წინ. არასოდეს უნდა ჩასულიყო მზე ჩვენს მრისხანებაში, იგი კი რამდენჯერ ჩაესვენა ამგვარ ყოფაში. - „ნუ იფიქრებთ, რომ მრისხანება არაფერია. ღმერთს რომ მოესურვებინა და ეზღვევინებინა ჩვენთვის, რას ვიზამდით?“ - გვამცნებს ნეტარი ავგუსტინე. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი კი ამბობს, რომ სიტყვებით: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი“, უფალი ჩვენ გვასწავლის ლოცვას არა მარტო საკუთარი თავისათვის, არამედ ერთმანთისთვის: ერთი მეორეს უნდა ვთხოვოთ პატიება ცოდვებისათვის. „ეცადე იცხოვრო ისე, - გვასწავლის წმ. გრიგოლ ნოსელი, რათა შენ შეგეძლოს უთხრა ღმერთს: „რაც გავაკეთე მე, შენც იგივე გააკეთე; მიბაძე შენს მონას, - შენ, უფალო, მიემსგავსე ღარიბსა და ღატაკს, - შენ, რომელიც ყველაზე ჰმეფობ; მე მივუტევე მას ცოდვები, ნურც შენ მაზღვევინებ; მე პატივი ვეც მთხოვნელს, შენც ნუ მომირიდებ მთხოვნელს; მე ვაპატიე მევალეს სიხარულით, შენც ასე გაახარე შენი მევალე; ნუ იზამ, რომ შენი ჩემსაზე უფრო მოწყენილი იყოს; დაე ორივენი ერთნაირად მადლობდნენ შეწყალებისათვის; მე გავხსენი კრულება, შენც გახსენი; მე მივუტევე; რა თქმა უნდა, ჩემი შეცოდებანი შენს წინაშე უფრო მძიმეა, ვიდრე სხვას რომ აქვს ჩემთვის მოყენებული... ამას მეც ვაღიარებ; მაგრამ იმასაც შეხედე, ვინ ხარ შენ და ვინ მე? მცირეოდენი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინე მე, რადგნ ბევრის დატევება არ შეუძლია ჩემს ბუნებას; შენ კი, რამდენიც არ უნდა ისურვო, შენი დიდებულება არ შეეწინააღმდეგება უხვმოწყალებას შენსას“. - ჩვენ ყველანი ვართ ისეთი მოვალენი, რომელთაც არ შეუძლიათ გადაიხადონ: გვაპატიე ჩვენი ცოდვები, რითაც ჩვენ შეურაცხგყოფთ შენ ყოველ დღე და ყოველ ჟამს. შეგვინდევ, რამეთუ შენს გარდა სხვა არავის შეუძლია შენდობა ცოდვებისა: შეგვინდევ, რადგან ჩვენც მცნებად დაგვიტოვე მოყვასს ვაპატიოთ „სამოცდაათჯერ შვიდ გზის“; მოგვიტევე, როგორც ჩვენ რომელნიც ბოროტებაში ვიყავით, მივუტევებთ სხვებს დანაშაულს, და როგორც აღგვითქვა ეს ჩვენ, ცოდვილებს, შენმა მხოლოდ შობილმა ძემ, - მარტო ჩვენ კი არ მოგვიტევო, არამედ ყველას, ვისაც კი შენთან მიუძღვის ბრალი, ნუ ჩააყენებ იმათ იგივე ცოდვაში, რითაც შესცოდეს ჩვენთან.

ხოლო თუ ჩვენ არ ვინდომებთ მათი უმნიშვნელო ცოდვების პატიებას, მაშინ იქნება სამსჯავრო შეუწყალებელი, - ბოროტ მონებს რომ არ ექნება შეწყნარება არავითარი. აი, რატომ ამბობდნენ წმიდა მამები: „ვისაც სურს, რომ ღმერთმა სწრაფად ისმინოს მისი ლოცვა-ვედრებანი, იგი, როცა დადგება ღვთის წინაშე და ზეცისაკენ აღაპრობს ხელებს, იქამდე, თავის სულზე ლოცვამდეც კი, მოვალეა მთელი გულით ილოცოს თავის მტრებისათვის“. აი, ამიტომ იყო, რომ სხვებსაც მუდამ ჩააგონებდნენ ამ მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას. როგორც წმიდა მღვდელმთავარ იოანე მოწყალის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ალექსანდრიაში იყო ერთი დიდებული კაცი, რომელსაც მიუხედავად ღვთისმოსავი მღვდელმთავრის შეგონებისა, მოსმენაც არ სურდა მტრებთან შერიგებაზე. დიდებული კაცი მივიდა ეკლესიაში. მლოცველთაგან არავინ იყო, თვით პატრიარქი წირავდა, საწიგნობელთან კი იყო ერთი მგალობელი, რომელსაც წარჩინებული კაცი მიეხმარა გალობაში, როცა იმათ დაიწყეს საუფლო ლოცვის გალობა, აგალობდა მღვდელმთავარიც, მაგრამ სიტყვებზე „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს“- წმიდა იოანე დადუმდა და ასევე ანიშნა მგალობელს, რომ ისიც გაჩუმებულიყო, ასე რომ წარჩინებულმა კაცმა მარტომ იგალობა ლოცვის დანარჩენი სიტყვები: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანანადებთა მათ ჩუენთა“... აი, მაშინ წმიდა მღვდელმთავარი მიუბრუნდა შეურიგებელ დიდებულს და მშვიდად უთხრა: შეხედე, შვილო ჩემო, როგორ საშიშ ჟამს ეუბნები შენ უფალს: მომიტევე მე, როგორც მე მივუტევებ... მართალს ამბობ შენ? პატიობ შენ?.. ამ სიტყვებმა ისე შეძრა დიდებული, რომ იგი თვალცრემლიანი ჩაუვარდა მამამთავარს ფეხებში და შესძახა: „ყველაფერს, რასაც კი მიბრძანებ მეუფეო, ყოველივეს შეასრულებს მონა შენი“. და შეასრულა კიდეც სინამდვილეში: იგი, იმავე დღეს შეურიგდა თავის მტერს და მთელი გულით შეუნდო მას ყოველი დანაშაული.

ხალხი კი არ არის ჩვენი საშიში მტერი: მათ შეიძლება სძლიო სიყვარულითა და სიმდაბლით, ჩვენ გვყავს სხვა უფრო შეურიგებელი მტრები: ეს ქვეყანა თავისი მომხიბვლელობითა და ცდუნებებით, ეშმაკი, თავისი ბოროტი განსაცდელებით და კიდევ ჩვენი საკუთარი სხეული ვნებებითა და ბოროტი გულისთქმებით. აი, როგორი მტრების წინააღმდეგ ლოცვას გვასწავლის უფალი: და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა. - „ნუთუ უფალი გვასწავლის ლოცვას იმაზე, რომ საერთოდ არ გამოვიცადნეთ? - კითხულობს წმ. კირილე იერუსალიმელი. როგორღაა ნათქვამი: „ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შეჰსცვივდეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1,2). და პასუხობს: - განსაცდელები, ემსგავსება დინებას, რომელზედაც გადასვლა არის ძნელი, ამიტომ ზოგიერთები არ იძირებიან მასში, გვერდს უვლიან მას, როგორც გამოცდილი მცურავნი, ოდნავადაც არ იდრიკებიან იმით. სხვები კი არ არიან ასეთნი: შედიან და ეფლობიან მასში. იუდა, მაგალითად, შევიდა რა ვერცხლისმოყვარეობის განსაცდელში, ვერ გადაცურა სიღრმე, - არამედ ჩაიძირა და დაიღუპა სულიერად და ხორციელად. პეტრეც მოხვდა განდგომის განსაცდელში, მაგრამ არ ჩაიძირა, არამედ მამაცურად გადაცურა სიღრმენი და თავი დააღწია განსაცდელს“.

„როცა ვევედრებით უფალს: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ -ამბობს ღირსი მამა ბარსანოფი დიდი, ჩვენ იმას არა ვთხოვთ, რომ საერთოდ არ დაუშვას ჩვენზე განსაცდელნი, რადგან ეს შეუძლებელია. არა, ჩვენ ვლოცულობთ იმაზე, რომ განსაცდელების გავლენით, ჩვენ არ გაგვიჩნდეს ღვთისათვის არასასურველი საქმის კეთების სურვილი. აი, სწორედ ეს არის -არ ჩავდეთ განსაცდელში... მაგალითად, წმიდა მოწამენი, იცდებოდნენ რა წამებით და მათგან არ იძლეოდნენ, არ ჩავარდნენ განსაცდელებში, იმის მსგავსად, ვინც მხეცს ებრძვის, და მას ვერ შეუჭამია იგი. თუ მას დაგლეჯს მხეცი, ეს ნიშნავს, რომ მოხვდა განსაცდელში. ასევეა ყოველი ვნებისას, - ვიდრე არ იძლევა მისგან ადამიანი“. „ბოროტი განსაცდელი, - ამბობს წმ. ტიხონ ზადონელი, ან ეშმაკისაგან მოდის, ან სხეულიდან, ანდა ქვეყნიდან. ღმერთი, როგორც ყოვლადკეთილი, არავის ბოროტად არ გამოცდის. „ნუ ვინ განცდილთაგანნი იტყვიან, ვითარმედ ღმრთის მიერ განვიცდები; რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა, და არავის განჰსცდის იგი, არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის-თქმისა, მიიზიდვის და ჰსცდების“ (1 იაკ. 13-14). სიტყვებით: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“, ვევედრებით ღმერთს, რათა თავისი მადლით დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისაგან, რომელიც მოდის ქვეყნიდან, სხეულიდან და ეშმაკისაგან. მაგრამ თუ მაინც ვვარდებით განსაცდელებში, შევთხოვთ, რათა არ დაუშვას რომ იმათგან ვიძლიოთ, არამედ დაგვეხმაროს, რათა მათ მოვერიდოთ და ვძლიოთ. აქედან ჩანს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უღონონი და უძლურნი, ღვთის შეწევნის გარეშე“, -„გამოცდილ იქნა იობიც, მაგრამ არ შევიდა განსაცდელში, -ამბობს წმ. კასიანე, ღვთის გმობით არ შეუბღალია მას ბაგენი, რაც ძალიან სურდა მის გამომცდელს. გამოიცადა აბრაამიც, გამოიცადა იოსებიც, მაგრამ არც ერთი იმათგანი არ ჩავარდა განსაცდელში; რადგან არც ერთმა იმათთაგანმა არ შეასრულა გამომცდელის ნება“.

„სატანას - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინცა სცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არა და მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს განსაცდელი, ყველასათვის არსებობს ერთი კანონი, როგორც ამას ამბობს წმ. მოციქული: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა, არამედ ჰყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაიცა, რათა შეუძლოთ დათმენად“ (I კორ. 10,13). ამ გამონათქვამით მოციქული ნათლად გვაჩვენებს, რომ ის კი არ უნდა ვილოცოთ, რომ საერთოდ არასოდეს გამოვიცადოთ, არამედ რათა არ ჩავცვივდეთ განსაცდელში. მაგრამ რადგან შენ, ეჭვს გარეშეა, მისგან იძლევი, თუ კეთილ შემწედ არ გეყოლება ღმერთი და დაგტოვებს იგი, ამისთვის გასწავლის ღმერთი ლოცვაში ვედრებას, „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. ღმერთი უშვებს განსაცდელს, წმ. კვიპრიანეს სიტყვით, ან ცოდვილთა დასასჯელად, ანდა დიდებისათვის, როგორც ეს შეემთხვა იობს, თანახმად ღვთის მოწმობისა, რომელმაც უთხრა ეშმაკს: „აი, ყოველივე ის, რაც მას აქვს, იყოს შენს ხელთ; ოღონდ მასზე ნუ გაიწვდი შენს ხელს“ (იობ. 1,12). - „ნუ შემიყვანებ“ - გვიხსნის ერთი ძველი მასწავლებელი: ე.ი. ნუ დაუშვებ ჩვენს განსაცდელში მოხვედრას იმათგან, ვინც ჩვენ გვაცდენს“. -„ეს ქვეყანა ბოროტებაშია ჩაფლული, - წერს წმ. გრიგორ ნოსელი, ქვეყნიური საქმეები მოიცავენ განსაცდელთა მიზეზებს: ვინც გაექცევა ამქვეყნიურ მომხიბვლელობას, მას ასცდება მტრისგან ცდუნება, რომელიც ანკესზეა წამოგებული და ამგვარად არ ჩავარდება დამჭერ ხელში“. „მაცხოვარი, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცხადად გვიჩვენებს ჩვენს არარაობას და უარყოფს სიამაყეს, და გვასწავლის, რომ უარი არ ვთქვათ საგმირო საქმეებზეც, და არც საკუთარი ნებით მათკენ მივისწრაფოთ, ამგვარი გამარჯვება ჩვენთვის იქნება უფრო ბრწყინვალე და მტრისათვის დამარცხებაც უფრო საგრძნობი. რაც უფრო მალე ჩავერთვებით ბრძოლაში, მით უფრო მამაცურად უნდა ვიდგეთ იქ: და თუ ჯერ გვაქვს მოწოდება ბრძოლისაკენ, უნდა ველოდოთ გმირობისათვის დროს, რათა გამოვაჩინოთ თავები არა ცუდად მედიდურებად, არამედ მამაცებად“. - „ჩვენ, ადამიანები ვართ სუსტნი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, ამიტომაც არ უნდა შევამთხვიოთ განსაცდელები თავს, მაგრამ თუ მოვხვდებით განსაცდელებში, უნდა ვილოცოთ, რათა იმით არ ვიძლიოთ და შთავინთქეთ, და რომ ღმერთმა მოგვმადლოს შეწევნა და მოთმინება, რომელიც განსაცდელში მოხვდა და სძლია მას, იგი იმსახურებს გვირგვინსა და დიდებას“.

„ხოლო ლოცვა მარტო იმისათვის კი არ გვმართებს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, რომ არ მოვხვდეთ განსაცდელში, არამედ იმისათვისაც, რათა თავი გამოვიხსნათ იმ განსაცდელისაგან, რომელიც უკვე თავს დაგვატყდა: არამედ გვიხსენ ჩუენ ბოროტისაგან“. - „ამ სიტყვებით, - როგორც ამბობს წმ. კვიპრიანე, ჩვენ შევთხოვთ ხსნას არა ყველა უბედურებათაგან, რომელთაც ამ ქვეყანაზე ბოროტი ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავს და რომელთაგანაც ჩვენ მხოლოდ ერთი საიმედო და ძლიერი მცველით - ღმერთით ვიცავთ თავს, რის გამოც მაცხოვარმა არ თქვა: „ბოროტთაგან“, არამედ „ბოროტისაგან“, რითაც ჩვენ გვასწავლის, რომ არასოდეს არ უნდა ვმრისხანებდეთ მოყვასზე, იმ შეურაცხყოფებისათვის, რომელთაც ზოგჯერ ვითმენთ იმათგან, არამედ მთელი ჩვენი მტრობა უნდა მივმართოთ ბოროტისაკენ, რომელიც არის მიზეზი ყოველი ცოდვისა. იგი ბოროტად იმიტომ იწოდება, რომ მიუხედავად ჩვენი მასთან უდანაშაულობისა, ჩვენს წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას ეწევა“. -„იგი, ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - ნებით თუ უნებლიედ, ჩვენზე უშვებს განსაცდელებს; ამიტომ, თუ შენ უნებურად ითმენ განსაცდელს ადამიანისაგან, ამ ადამიანს კი ნუ ჩათვლი შენი განსაცდელის მიზეზად, არამედ ბოროტი. სწორედ იგი ჩააგონებს კაცს შენზე მრისხანებასა და მტრობას“.

„ბოროტი უფრო მეტად აღდგება ხოლმე მართალ ადამიანებზე მათი სიკვდილის ჟამს“, -ამბობს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი: ამიტომ ვლოცულობთ, რათა ზეციურმა მამამ მაშინ დაგვიცვას ჩვენ მისგან და ნეტარი გარდაცვალებით „დაგვამკვიდროს ზეციურ სამკვიდრებელში თავისთან; როცა ვევედრებით: „ნუ შემიყვანებ ჩვენ“, და არა „ნუ შემიყვანებ მე“, „მიხსენ ჩუენ“ და არა „მიხსენ მე“, ამით უფალი გვასწავლის ერთმანეთისათვის ლოცვას, ღმერთს შევთხოვთ შეწევნას, დაცვასა და მფარველობას ერთმანეთისა“. „ახლოსაა უფალი და მისი დახმარებაც მზადაა. უხმეთ მას და იგი შეგეწევათ“ -ამბობს ნეტარი ავგუსტინე.

ჩვენ შეგვიძლია შევთხოვოთ ზეციურ მამას, რადგან ვხედავთ, რომ მას ეკუთვნის მთელი ქვეყანა: რამეთუ შენი არს სუფევა; „ის ჩვენი მტერიც ემორჩილება ღმერთს, თუმცა ხილულად იგი ეწინააღმდეგება კიდეც მას, რაც დაშვებულია ღვთისაგან. იგიც მონებს განეკუთვნება, თუმცა დასჯლთა და განდგომილთ; ამიტომ ვერ ბედავს ვინმეს დაესხას თავს, თუ ამისი უფლება არ ექნება მოცემული ზემოდან. მარტო ადამიანებზე კი არა, - ამბობს წმ. ოქროპირი, ღორებზეც ვერ შეძლო უფლება იქამდე, ვიდრე თვით მაცხოვარმა არ მისცა ამისი ნება. ასე, რომ შენ ძალზედ უძლურიც რომ იყო, მაინც უნდა კადნიერი იყო, რადგან გყავს ასეთი მეუფე, რომელსაც შენით შეუძლია დიდებული საქმეების მოხდენა“.

შენი არის ძალი - ყველაფერი შეგიძლია შენ - და ვინ აღუდგება წინ შენს ძალას, ყოვლადძლიერო? შენ გეკუთვნის დიდება, რითაც სავსეა ზეცა და დედამიწა; დაე იყოს, დაე იქცეს თვით ჩვენი ლოცვაც შენს დიდებად, დაუსრულებელის დიდებად, რომელიც არ შეწყდება საუკუნეთა მიმართ, ამინ! -სიტყვით „ამინ“ ბეჭედი ესმება საუფლო ლოცვას; იგი ნიშნავს: ჭეშმარიტად, იყოს ასე! ამ სიტყვით ჩვენ გამოვხატავთ იმის მტკიცე რწმენას, რომ ჩვენს ზეციურ მამას ესმის ჩვენი ლოცვა და მისი დიდებისა და ჩვენი სიკეთისათვის შეგვისრულებს მას.

„უფალმა მოგვცა ჩვენ ეს ლოცვა, - ამბობს წმ. კვიპრიანე, მოკლედ მოათავსა რა მაცხონებელ სიტყვებში ყოველი ჩვენი თხოვა და, შეკრიბა სწავლულთა და უსწავლელთათვის, ყოველი სქესისა და ასაკისათვის; ამ ლოცვაში ინება ყველა თავისი მცნების კეთილად შეკრება, რათა მოსწავლეთა გონებამ მტკიცედ შეითვისოს ყოველივე, რაც მარტივი რწმენისათვის არის აუცილებელი“... სინამდვილეში, - როგორც შენიშნავს ტერტულიანე, - საუფლო ლოცვა ეხება ყოველ ჩვენ ქრისტიანულ მოვალეობას: „ღმერთს რომ ვაღიარებთ, - სიტყვებში: „მამაო ჩვენო“; ჩვენს რწმენას რომ ვამოწმებთ საქმეებით, - სიტყვებში: „წმიდა იყავნ სახელი შენი“; რომ ვემორჩილებით მას, -სიტყვებში: „იყავნ ნება შენი“; რომ ვეძიებთ მასში ჩვენს ცხოვრებას, - სიტყვებში: „პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს“; რომ ვაღიერებთ ჩვენს ცოდვებს, - ცოდვების მიტევების თხოვნაში; რომ ვეძიებთ ზეციდან თავის დაცვას განსაცდელებისას, - ბოლო ორ თხოვნაში. ერთ ღმერთს შეეძლო ესწავლებინა ჩვენთვის, მისი მოსაწონი ლოცვით როგორ გველოცა. ამიტომ მისგან მოცემული ეს კეთილკრძალულებითი ლოცვა, რომელსაც ამოძრავებს სული ღვთისა, ჩვენს გულებში მკვიდრდება, და გამოდის გარეთ, როგორც უფლის წმიდა ბაგეთაგან, მაღლდება ზეცას და კრძალვით მიართმევს მამას იმას, რაც მისმა ძემ გვასწავლა“...