|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
მიჰხედეთ მფრინველთა ცისათა... განიცადეთ შროშანი ველისანი...
მათე 6, 26-30
შეხედეთ, როგორ იღწვის უფალი თავისი ქმნილებისათვის: მიჰხედეთ, - ამბობს იგი,
მფრინველთა ცისათა, - რომლებიც ასე უზრუნველად დაფრინავენ ჰაეროვან სივრცეში;
რამეთუ არა ჰსთესუენ, არცა ჰმკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მაინც არ იხოცებიან
შიმშილით, რადგან მამა თქუენი ზეცათა ჰზრდის მათ. თუ ღმერთი ასე ზრუნავს თავისი
შედარებით დაბალ, ნაკლებადგონიერ არსებებზე, თქვენ, ჩემი შვილები, არამე უფროს
თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? თქვენი სიცოცხლე ღვთის წინაშე უფრო ძვირფასია,
ვიდრე ფრინველებისა; თქვენი სული ატარებს ღვთის ხატებას; იგი გონიერი და უკვდავია;
განა ღმერთი დაგივიწყებს ასეთს? ნუთუ არ მოგცემთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ? „მაცხოვარმა არ თქვა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი; შეხედეთ ფრინველებს, ისინი
დაფრინავენ, - ეს ადამიანს არ შეუძლია; არამედ თქვა: შეხედეთ, ისინი უზრუნველად
იკვებებიან. ეს ჩვენთვისაც შესაძლებელია, თუ მოვიწადინებთ. ეს დაამტკიცეს იმათ,
ვინც იგი საქმით შეასრულა.
გაიკვირვე კანონმდებლის სიბრძნით, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის მაგალითად ადამიანები
დაესახელებინა და მიეთითებინა ილიაზე, მოსეზე, იოანეზე და იმათ მსგავსებზე,
რომელთაც საკვებისათვის არ უზრუნიათ; რათა მსმენელზე უფრო ემოქმედა, მან უტყვი
არსებანი მოიხსენა. უფალს რომ მიეთითებინა ღვთის რჩეულებზე, მაშინ მსმენელთ შეეძლოთ
ეთქვათ, რომ ჩვენ ჯერაც არ მიგვიღწევია იმათ სიმაღლისათვის. ეხლა კი, როცა იმათზე
დუმილი ამჯობინა, და მაგალითად ცის ფრინველები მოიყვანა, ამით გამორიცხა ყოველგვარი
თავის მართლება ადამიანთა. ასე, რომ თუ ღმერთი ასე ზრუნავს იმათზე, რაც მას
ჩვენთვის აქვს შექმნილი, რამდენჯერ უფრო იზრუნებს თავად ჩვენზე; თუ ირჯება მონაზე,
იგი მით უფრო ბატონოსათვის გაირჯება“.
ისედაც, ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია მხოლოდ თავისი ამაო ზრუნვით. აი, ამის
დამოწმება: ღმერთმა თითოეულ თქვენგანს უბოძა სული და სხეული; სული მუდამ ერთნაირად
იმყოფება, სხეული კი იზრდება ყოველდღიურად, ანუ ვინმე თქუენთაგანი ჰზრუნვიდეს -
მხოლოდ თავისი საზრუნავუსათვის და შეუძლოს შეძინებად ჰასაკისა თვისსა წყრთო ერთ? ან
ვის შეუძლია მხოლოდ თავისი გარჯით, ღვთის შეწევნის გარეშე, თავისი სიცოცხლე თუნდაც
ერთი საათით გაიხანგრძლივოს? ყოველივე ეს - არ არის ჩვენს უფლებაში: ეს არის ღვთის
საქმე. „როგორც სხეულს, - ამბობს წმ. ოქროპირი, რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერაფრით
შეძლებ სიმაღლე შემატო, ასევე არ შეგიძლია მოიპოვო სახმარი, თუმცა ამას შესაძლებლად
თვლი. ე.ი. არა ჩვენს მცდელობას, არამედ ღვთის განგებულებას მოყავს ყოველივე
აღსრულებაში, რაც გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ყოველივე ხდებოდეს ჩვენით. ღმერთს
რომ ჩვენ დავეტოვებინეთ, მაშინ არც ზრუნვა, არც გარჯა და მცდელობა, ერთი სიტყვით
არაფერი არ გვიშველიდა, არამედ ყველაფერი ამაო იქნებოდა“. რა საჭიროა ზედმეტად
გავაწვალოთ თავი უსარგებლო და ზედმეტი საზრუნავებით? აი, ამიტომაც ამბობს ღირსი ამბა
სერინი: „მთელი ჩემი ცხოვრება, ვანანობ, ვკერავდი და ვირჯებოდი, მაგრამ ამის
მიუხედავად, ღვთის ხელს რომ არ გამოვეკვებე, ვერ შევძლებდი არსებობას“.
ტანსაცმელი ისე ძალიან საჭირო არაა, როგორც საკვები, ამიტომ მასზე კიდევ უფრო
ნაკლებად გვმართებს ზრუნვა: და სამოსელისათვის რასა ჰზრუნავთ? - გვასწავლის
ღვთაებრივი მასწავლებელი. დაფიქრდით, რა არის ჩასაცმელი? „ეს - ამბობს მიტროპოლიტი
ფილარეტი, - არის ძეგლი ჩვენი ცოდვით დაცემისა; ესაა საფარველი სხეულისა სიშიშვლის გამო სირცხვილის დასაფარად, რომელსაც ადამიანი არ
იცნობდა სამოთხეში, ვიდრე არ დაარღვია ღვთის მცნებები. ეს გახსენებაა იმ
გამარჯვებისა, რომელიც მაშინ ბოროტმა მოიპოვა ჩვენზე; ეს არის სუსტი საშუალება,
რითაც დროებით უნდა დავიცვათ ჩვენი ხრწნადი სხეული სიცივისა და სისველისაგან,
სნეულებისა და სიკვდილისაგან“. რას აკეთებენ ამის შემდეგ ისინი, რომლებიც დიდი
მონდომებით, სხვაზე მეტად ცდილობენ გამოირჩნენ სილამაზითა და თავიანთი
ჩაცმულობის ბრწყინვალებით? რით ამაყობენ ისინი? განა შეიძლება ავადმყოფი თავს
იწონებდეს იმ სახვეველთა სილამაზით, რითაც მისი ჭრილობებია შეხვეული, ანდა მონა -
თავისი ბორკილებით, თუნდაც ისინი წმინდა ოქროსაგან ან ძვირფასი ლითონისაგან იყოს
დამზადებული? ამასთან შეხედეთ, ზოგჯერ ქუჩაში როგორ უყურადღებოდ ჩაუვლიან ხოლმე
ღატაკებს, რომლებიც პურისათვის მცირეოდენ მოწყალებას თხოულობენ, მაშინ როცა
თავიანთი სხეულის შესამკობად, ათასებს არ იშურებენ! და რამდენი მიაქვს ამ უაზრო
საზრუნავებს, ამ სამკაულებსა და მორთულობებს? შეიძლება ეს მისაღები იყოს ქრისტეს
მიმდევარისთვის? განა ეს არ არის ქრისტე მაცხოვრისათვის შეურაცხმყოფელი?
მოისმინეთ, როგორ არცხვენს უფალი მთელ ამ უაზრო საზრუნავებს: განიცადენით, ამბობს
იგი, შროშანნი ველისანი. შეხედეთ ამ მშვენიერ მინდვირს თეთრ შროშანებს, სხვა ურიცხვ
ყვავილებს, დედამიწას რომ ამკობენ: ვითარ იგი აღორძინდეს? მათთვის არ ირჯება
ადამიანის მზრუნველი ხელი, არ ირჯებიან თავიანთი სილამაზისათვის თავიანთი
ყვავილებიც: არა ჰშურებიან, არცა ჰსთავნ, და სხვათა შორის - შეათვალიერეთ
ყურადღებით მათი საკვირველი სამოსელი, თავად შემოქმედის ხელით რომ არის მოქსოვილი:
როგორი დაუსრულებელი ნაირსახეობაა ნახატებისა, როგორი შეუდარებელია ეს ადამიანური
ნახელავისათვის საღებავებში! თქვენი მზერა მათში იპოვის მეწამულს ცისკრის ნათელში
და ცის ლაჟვარდს, თოვლის სითეთრესა და ჰაერის სილურჯეს, ცეცხლის სილამაზეს და ოქროს
ბრწყინვალებას... ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ, ეს დიდებული და უმდიდრესი
მეფეთა შორის, ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, მთელი თავისი სამეფო
დიდებულებისას არ იმოსებოდა ასე მშვენივრად და მდიდრულად, ვითარცა ერთი ამათგანი,
როგორც ერთი ამ უფაქიზეს და ულამაზეს ყვავილთაგანი „თუ კი, - ამბობს წმ. ოქროპირი,
ეს უბრძნესი მეფეც კი, თავისი ბრწყინვალე სამეფო შესამოსელის სილამაზით ვერ
მიედრება მინდვრის ყვავილსაც კი, შენ მით უმეტეს განა შეძლებ ოდესმე იმის სილამაზეს
გარდაამეტო? სამოსელსა და ყვავილებს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც
ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის“, როგორ ოსტატურადაც უნდა იყოს სამოსელი შეღებილი,
ყოველივე ეს მაინც იქნება უსულო მიმბაძველობა ადამიანური ხელოვნებისა ბუნებისადმი,
და არა ცოცხალი ბუნება - ყოვლადბრძენი შემოქმედის ნახელავი. „განა სოლომონ მეფეს
არ ჰქონდა ოქროთი ნაქარგი სამოსელი, ძვირფასი მარგალიტებითა და ფერადი თვლებით
შემკობილი? - აღნიშნავს წმ. დიმიტრი როსტოველი. რა უცნაური შედარებაა ამ უბრალო
მინდვრის ყვავილსა და მდიდარ მეფე სოლომონთან? სოლომონი - სამეფო პორფირითაა,
ყვავილი კი - თავის ფოთლებში; სოლომონი მშვიდ სამეფო პალატებშია, ყვავილი -
მინდორშია, ქარისაგან შერყეული; სოლომონი სამეფო ტახტზეა, ყვავილი კი ქვევითაა,
მიწაზე; სოლომონთან ვერვინ ბედავს მიახლოებას; ყვავილს კი ნებისმიერმა შეიძლება
გადაუაროს ფეხით; სოლომონი მეფობს თავისი დიდებისათვის მრავალ წელს, ყვავილი კი -
რამოდენიმე დღით ანუ კვირით თუ ყვავის?“...
რატომ აყენებს უფალი მინდვრის ყვავილს სოლომონის ყველა დიდებაზე მაღლა? იმიტომ, რომ
სოლომონს მართალია ჰქონდა უამრავი სიმდიდრე, ოქროთი ნაქარგი სამოსელი, ძვირფასი
სამეფო სამკაულები, და მაინც ყოველივე ეს მას არ ჰქონდა ბუნებით მიმადლებული,
არამედ სხვა მხრიდან შეძენილი: იგი დაიბადა ისეთივე შიშველი, როგორც სხვა დანარჩენი
ადამიანები. ყვავილს კი არავისგან აქვს თავისი სილამაზე ნასესხები, სხვისაგან არაფერი აქვს მიღებული, არამედ რაც აქვს, ყველაფერი მისთვის
ბუნებრივი და საკუთარი არის, რამეთუ ღვთისაგან აქვს მიცემული, ამიტომ იგი უფრო
მდიდარი, ლამაზი და დიდებულია, ვიდრე სოლომონი. უკეთუ თივა იგი ველისა, რომელი დღეს
არს, თუ კი ამ უბრალო მინდვრის ყვავილს, რომელიც ეხლა ასე იკაზმება, და ხვალე
თორნესა შთაეგზნოს, - რომელიც გახმება, თივად იქცევა და ცეცხლში ჩაეგდება, ღმერთმან
ესრეთ შეჰმოსის, ასე საოცარი მშვენიერებით მოსავს, არა მე უფროს თქუენა, მცირედ
მორწმუნენო! „ნუთუ, - ამბობს წმ. ოქროპირი, იგი არ იზრუნებს შენზე, ქვეყნიურ
არსებათა შორის ყველაზე უკეთესზე, მარადიულ ცხოვრებისათვის შექმნილზე? ნუთუ ღმერთი
თივას აძლევს იმას, რაც მას არც კი სჭირდება, - განა ცეცხლს არგია რამეში მისი
სილამაზე? – როგორ არ მოგცემს იგი იმას, რას შენთვის არის საჭირო? თუ უკანასკნელი
თავისი ქმნილება მან შეამკო მოჭარბებით, და ეს საჭიროების გამო კი არა, არამედ
დიდებულებისათვის, რამდენჯერ უფრო მეტად შეგამკობს შენ - არსებათა შორის ყველაზე
უძვირფასესს. მაშ რაღატომ გინდა იტანჯო თავი ამაო საზრუნავებით, ისე თითქოს ღვთის
განგება ნაკლებად ზრუნავდეს შენთვის, ვიდრე დამჭკნარი ბალახისათვის?
როგორი სიმშვიდითაა წარმოთქმული მაცხოვრის ეს მხილება! იგი მსმენელს
ურწმუნოებისაკენ არ უბიძგებს. როგორი ღვთიური სიბრძნე ჩანს თვით ბუნების
მინიშნებაშიც: როცა მსჯელობს საკვებზე, იგი მიუთითებს ფრინველებზე; მაგრამ,
რატომაა, რომ როცა ლაპარაკობს სამოსელზე, იგი მაგალითად იგივე ფრინველს არ
წარმოგვიდგენს ანდა ცხოველებს? შეეძლო მას ბევრი დასახელება შეულამაზებლივ. -
იმიტომ, რომ სურს დაგვანახოს არარაობა ბალახისა და ელვარება იმ სილამაზისა, რომელიც
ამ უმნიშვნელო არსებისათვის აქვს მიცემული. „აღწერა რა შროშანის სილამაზე, -
ამბობს წმ.ოქროპირი, იგი მას აღარ იხსენებს შროშანად, არამედ მინდვრის უბრალო
ბალახად; იგი ამ სახელსაც არ სჯერდება და სხვა მხრიდანაც გვაჩვენებს იმის არარაობას,
და გვეუბნება: „დღეს არს“. შემდეგ, არ ამბობს: მეორე დღეს ეს ბალახი უკვე აღარაა,
არამედ კიდევ უფრო ამდაბლებს მას, და ამბობს: „თორნესა შთაეგზის“. ასევე მან
უბრალოდ არ თქვა: „შეჰმოსის“ არამედ „ესრეთ შეჰმოსის“. ხედავ, მაცხოვარი როგორ
თანდათან აძლიერებს თავის აზრს? და ამას იგი აკეთებს იმისათვის,რომ ძლიერ იმოქმედოს
თავის მსმენელებზე. ამიტომაც მან განსაკუთრებული გამომხატველობითა და ძალით
დაუმატა: „არა მე უფრო თქუენა“, თქვენ, რომელნიც ღმერთმა დაგასაჩუქრად სულით,
რომლისთვისაც შექმნა სხეული, ვისთვისაც შექმნა ყოველივე ხილული, ვისი გულისთვისაც
მოავლინა წინასწარმეტყველნი, რომელთაც მისცა სჯული და შესძინა სიკეთე ურიცხვი, -
რომელთათვისაც გაიმეტა თავისი მხოლოდშობილი ძე და მისი მეშვეობით მიანიჭა ურიცხვი
წყალობანი? ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება, არ გიწოდოთ თქვენ
მცირედმორწმუნენი?“
„ნუთუ, - კითხულობს მიტროპოლიტი ფილარეტი: ყველამ უნდა მოიცილოს ყოველგვარი
მშვენიერება და შეიმოსოს ძონძებით? არა, არავინ ამას არ ითხოვს, ღვთაებრივი
მასწავლებელი ამხელს მხოლოდ ზედმეტ, უაზრო და ვნებიან საზრუნავებს, ცნობილია, რომ
თავადაც ატარებდა ძვირფას უკერველ პერანგს, რომლის გაყოფაც კი დაენანათ მათ, ვინც
ინაწილებდნენ მის სამოსს“ -სამოსელშიც უნდა იგრძნობოდეს ზრდილობიანობა, მაგრამ
საზიანოა დაუსრულებელი საზრუნავები, უზომო ფუფუნება, უმიზნო ფლანგვა, სამოსელის
ყოველდღიური ცვლა, ჩაცმა-დახურვის მონება - აი, რას ამბობს მაცხოვარი.
| |