|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ნუ ჰსცნობენ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯუენე შენი
მათე 6, 1-4
„დიდ საქმეებს ახდენს სიყვარული, დიდ საქმეებს ახდენს სიამაყე“, - ამბობს ნეტარი
ავგუსტინე; აძღობს მოშიებულს სიყვარული, აძღობს სიამაყეც; შიშველს ჰმოსავს
სიყვარული, ჰმოსავს სიამაყეც; მარხულობს სიყვარული, მარხულობს სიამაყეც, სიყვარული
ყოველივეს აკეთებს ღვთის დიდებისათვის, სიამაყე კი - საკუთარი დიდებისათვის. აი,
რატომაა, რომ არცერთი კეთილი საქმე არ არის ღვთისათვის სათნო, თუ იგი არ სრულდება
ქრისტიანული სიმდაბლის სულით. ამიტომაა, რომ უფალმა, მას შემდეგ რაც გვასწავლა: რა
არის საჭირო ღვთის გულის მოგებისათვის, შემდეგ განგვიმარტა: როგორ უნდა გავაკეთოთ
სიკეთე, იგი უპირველესად სათავეშივე აღმოფხვრის იმ წყლულს, რომელიც შეუმჩნევლად
აავადებს სიკეთეს. ეს წყლული არის ფუჭი დიდების სული, რომელიც შეუმჩნევლად სტაცებს
კეთილისმოქმედს მის სულიერ საფასურს - ყოველი სათნოების ღირებულებას.
წმ. იოანე კიბისაღმწერი ამბობს: „ცუდად ვმედიდურობ, როცა ვმარხულობ, მაგრამ როცა
ვიხსნილებ მარხვას, რათა სხვებისათვის ჩემი თავშეკავება დავფარო, ისევ
ცუდადვმედიდურობ, რადგან ბრძნად მიმაჩნია თავი; ფუჭი დიდებისაგან ვიძლევი ხოლმე,
როცა კარგი სამოსით ვიმოსები, მაგრამ მაშინაც ცუდად ვმედიდურობ, როცა უბრალოთი
ვიმოსები; ... ვიწყებ საუბარს და ისევ იმისაგან ვარ დამარცხებული; როგორც უნდა
დავიმდაბლო რქები ჩემი, იმათგან ერთი მაინც მაღლდება ზევით.
ცუდად მედიდური კაცი არის კერპთაყვანისცემელი: იგი ფიქრობს, რომ ემსახურება ღმერთს,
მაგრამ სინამდვილეში ღვთის გულის მოგებას კი არ ცდილობს, არამედ ადამიანებისას“.
ყველა სათნოებათაგან, ფუჭი დიდების ტრფიალება განსაკუთრებით ძარცვავს მარხვას,
ლოცვასა და მოწყალებას. „მარხვით, - ამბობს წმ. ოქროპირი, გაამაყდა ფარისეველი,
როცა ამბობდა: „ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა, და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან
მონაგებისა ჩემისა“. იგი თვით ლოცვაშიც კი ეძებდა ფუჭ დიდებას, ლოცვით სურდა თავის
გამოჩენა და როცა სხვა აღარავინ იყო, შეეცადა ცოდვილ მეზვერესთან გამოედო თავი“.
ასეთი დამღუპველია ფუჭი დიდება კეთილი საქმისათვის. აი, რატომაა, რომ მაცხოვარი,
როცა საუბარს მასზე იწყებს, ისე ხდება, რომ „თითქოს რომელიღაც მეტად გაიძვერა და
საშიშ მხეცზე ამბობდეს, რომელსაც შეუძლია ნაკლებად ფრთხილი უცაბედად მოიტაცოს“.
ეკრძალენით, ამბობს იგი: თავი დაიცავით, იყავით ყურადღებიანი და ფრთხილნი. ნუ
გააკეთებთ ქუელის-საქმესა თქუენსა, რათა არა ჰყოთ წინაშე კაცთა. „მხეცი იგი
-
ფუჭი დიდება, - საიდუმლოდ მოგეახლება, და ყოველივე კარგს, რაც კი არის ჩვენში,
წყნარად განაბნევს და შეუმჩნევლად წაიღებს“. სიტყვებს „რათა არა ჰყოთ წინაშე
კაცთა“, - მაცხოვარმა დაურთო: სახილუელად მათდა, ნუ მოიმოქმედებთ კეთილ საქმეებს
ხალხის დასანახად. ხალხის წინაშეც შეიძლება კეთილი საქმის კეთება, მაგრამ იმისათვის
არა, რომ ხალხმა დაინახოს შენი გაკეთებული; თუ სიკეთეს აკეთებ ადამიანური
ქება-დიდებისათვის, ეს იგივეა, შენ რომ იგი გეკეთებინა ჩაკეტილ საკუჭნაოში, - სულ
ერთია, შენ მას ღმერთისათვის კი არ აკეთებ, არამედ შენი დიდებისათვის; ღმერთი კი
ხედავს შენს გულს. და ჯილდოსა თუ სასჯელს შენს საქმეს კი არა, შენს განზრახვას
ანიჭებს, არა ყოველთვის, არც ყველგან და ყველასათვისაც არაა შესაძლებელი, რომ
სამოწყალო საქმე საიდუმლოდ შეასრულოს. და აი, შენ რომ არ თქვა: რა სარგებელი
მექნება მე, თუ სხვა დაინახავს, როცა ქრისტე თავად გეუბნება შენ: მე ამას კი არ
ვითხოვთ შენგან, არამედ შენს აზრებს, შენ განზრახვებს, რითაც კეთილ საქმეს აკეთებ,
აკეთე იგი ღვთის წინაშე ღვთისათვის, დაივიწყე ის, გიყურებს ხალხი თუ არ გიყურებს.
უკეთუ არა, თუ არ გექნებათ სულში ასეთი გრძნობა, სასყიდელი არა გაქუს მამისა
თქუენისაგან ზეცათასა. თქვენ ეძიებთ ადამიანურ ქებას: ხალხი მართლაც გიხდით თქვენ ამ
ამაო ქებით და თქვენთვის ეს საკმარისი იქნება: ნუღარ ელით სხვა ჯილდოს ღვთისაგან,
რათა უფრო მეტად ჩაგვაგონოს ამაო კაცობრიული დიდებიდან განდგომა, მაცხოვარი
მიანიშნებს პირმოთნეებზე, როგორც ზემოთ, როცა გველაპარაკებოდა მტრის სიყვარულზე,
იგი მიუთითებდა მეზვერეებსა და წარმართებზე:
ხოლო რაჟამს იქმოდე ქუელის-საქმესა. ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა,
ნუ გააცხადებ, ნუ გაირჯები იმისათვის, რომ ყველამ შენ გიყუროს, რათა ყველა შენს
მოწყალებაზე ამბობდეს, მოწყალების გასაცემად ნუ შეარჩევ ისეთ ადგილებს, სადაც უფრო
დასანახი გახდება იგი; ნუ გამოიყენებ ისეთ საშუალებებს, რომ შენი კეთილი საქმე
ყველას წინაშე დასანახი გახდეს, .... ნუ მოიქცევი ასე, ვითარცა იგი ორგულთა
ჰყვიან, განსაკუთრებით ფარისევლებივით შესაკრებელთა მათთა, სამლოცველო სახლებში
და
უბანთა ზედა - ყველას დასანახად, მოწყალება ყველგან შეგიძლია გასცე, ხალხმრავალ
ქუჩაშიც კი, მაგრამ არა იმ მიზნით როგორც ამას აკეთებენ ფარისევლები - რათა იდიდნენ
კაცთაგან, ასეთი პირმოთნე და ფარისევლური მოწყალების მოქმედთა მისაგებელი
უმნიშვნელოა: ამინ გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი, რადგან ჯილდოს აქვე
ღებულობენ, ეხლავე იღებენ იმას, რასაც ეძებენ: იმათ ხალხი აქებს და ადიდებს: სხვა
ჯილდო, ღვთისაგან რომ უნდა ყოფილიყო აღარ იქნება: ისინი იმას არ იმსახურებენ,
ღმერთი აჯილდოვებს მხოლოდ სუფთა, ჭეშმარიტ სიკეთეს, რაც მათ არ გააჩნიათ. შენ
გააკეთე სიკეთე - ეს კარგია; მაგრამ თუ თავს მოიწონებ ამ სიკეთით, იგი მაშინვე
იკარგება, ისე, თითქოს იგი შენ არც კი გქონია გულში: იქ ფუჭი დიდებაა, და რაც ფუჭი
დიდებისგანაა, უკვე აღარ არის წმიდა სიკეთე: იმას ადამიანებიც კი არ თვლიან
სიკეთედ, რადგან შეგაქებენ რა თვალწინ, მიღმა ისინივე განიკითხავენ შენს ფუჭს
დიდებასა და მოჩვენებით სიკეთეს: „უფალმა კარგად მოიხსენა ასეთი თვალთმაქცები, -
შენიშნავს წმ. ოქროპირი, იმათ მოწყალებას მხოლოდ გარეგანი საფარებელი ჰქონდა
მოწყალებისა, ხოლო გული მათი სავსე იყო შეუბრალებლობითა და არაადამიანობით,
უკიდურესი სისასტიკეა - ეძიო შენთვის პატივი და ქება, და არ მოაკლო სხვას
უბედურება, როცა იგი კვდება შიმშილისაგან“.
მაინც როგორ უნდა გავცეთ მოწყალება? ხოლო შენ, გვასწავლის ქრისტე, რაჟამს ჰყოფდე
ქუელის-საქმესა, ნუ ჰსცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯუენე შენი. მარტო
ხალხისათვის კი არ უნდა დაჰფარო, არამედ შენი ახლობლებისთვისაც, როგორიცაა შენი
მარჯვენა და მარცხენა ხელი, და თუ კი შესაძლებელია, შენი კეთილი საქმე დაუმალე შენს
თავსაც, გახსოვდეს, რომ შენში ცხოვრობს ძველი, ცოდვილი ადამიანი, რომელიც მოქმედებს
შენს ცოდვიან ფიქრებსა და სურვილებში; დაჰფარვე ამ ძველი ადამიანიდან ის, რასაც
შენში აკეთებს შენი ახალი ადამიანი - შენი სინდისი, რომელიც სახარების ნათლითაა
განათლებული და ღვთის სულით განმტკიცებული. ამიტომაც: აკეთე კეთილი საქმე და
მაშინვე ეცადე, თუ შეძლებ, რომ აღარ გახსოვდეს იგი, რათა იყოს ქუელის-საქმე
შენი ფარულად ყველასათვის. იფიქრე, რომ შენ შეასრულე მხოლოდ ღვთისაგან დადგენილი,
როგორც გამოუსადეგარმა მონამ: რით შეგიძლია იამაყო? განა ყველაფერი კი ისე
გააკეთე, უფალს რომ სურს? მოწყალება - ეს არაა შენი საქმე, არამედ ღვთისა, შენ რომ
დაგევალა მისგან: შენ შეასრულე ღვთის საქმე, ამიტომ დიდებაც უნდა მიუძღვნას ღმერთს:
„ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი“ (ფს. 113,9). საბოლოოდ, შენც არ მოაკლდები დიდებას: ღმერთი
ყოველივეს ხედავს, ყველგან იმყოფება: მის საშინელ სამსჯავროზე, როგორც გინდა ეცადო, ვერ დაჰმალავ ვერც დიდ, და ვერც პატარა საქმეს შენსას: ამიტომ იცოდე, რომ
მამამან შენმან ზეციურმა, რომელი ჰხედავს დაფარულთა, ვისგანაც ვერსად ვერაფერი
დაიმალება, - მოგაგოს შენ ცხადად. ეს მოგება ზოგჯერ ამ ცხოვრებაშივე ხდება, როცა
ხელი გამცემისა არა თუ ცარიელდება, არამედ ცხადად ივსება. მაგრამ ეს განსაკუთრებით
მაინც ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე გაცხადდება, როცა ყოველი შენი საქმისა და
განზრახვისთვისაც კი, ცხადად მოგეგება.
„რა გსურს შენ?“ - გვეუბნება წმ. ოქროპირი. ნუთუ ის, რომ გყავდეს შენი საქმეების
მაყურებლები? ასეთად შენ გყავს არა ანგელოზები, არა მთავარანგელოზები, არამედ თვით
ღმერთი ყოველივესი. თუ გინდა, რომ ხალხიც გყავდეს მაყურებლად, იგი შეგისრულებს ამ
სურვილსაც: თუ შენ ეხლა გინდა, რომ სხვების წინაშე ჩანდე, შეგიძლია გამოჩნდე მხოლოდ
ათი, ოცი ან ასი კაცის წინაშე; ხოლო თუ ეხლა ცდილობ შენს დაფარვას, მომავალში თვით
ღმერთი ამცნებს მთელს ქვეყანას შენს შესახებ. ეხლა ვინც გხედავს, ისინი შენ ფუჭ
დიდებაში დაგადანაშაულებენ, ხოლო მომავალში შენს გამო გაიკვირვებენ. ღმერთმა კიდეც
რომ არ დაგსაჯოს ამაო დიდებისათვის, მომავალში დიდების მაძიებელისათვის უხერხული
იქნება ღმერთის გაცვლა ადამიანებში, რომლებსაც გვსურს, რომ დავინახოთ ჩვენი კეთილი
საქმე. თვით ზეციურ მეუფეს უნდა შენი გმირობა იხილოს: რატომ ერიდები მას და
გინდა, რომ მხოლოდ ადამიანებმა დაგინახონ?“ თვით ზეციური მამა გიმზერს შენ: იყავი
ასეთი მამის ღირსი. ასე უკეთებდნენ ღვთის ადამიანები სამოწყალო საქმეებს ახლობლებს.
იმათი ცხოვრებანი სავსეა მეტად შემძვრელი, ფარული მოწყალების მაგალითებით.
გავიხსენოთ, ქრისტეს ერთგულმა, დიდმა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა, შუაღამისას, როგორ
შეუგდო ღარიბ კაცს ქოხში ოქრო, რათა დახმარებოდა სამი ქალიშვილის დაბინავებაში;
გავიხსენოთ, როგორ ფარულად გასცა მოწყალება ღარიბებისთვის, თავისი მორჩილის ხელით,
წმინდა მღვდელმთავარმა ტიხონ ზადონელმა. ღვთის მადლით, ჩვენს დროშიც არიან ასეთი
მოწყალე ადამიანები. მათ შესახებ მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის. მათ იციან, რომ
ჭეშმარიტ სიღატაკეს რცხვენია მოწყალების თხოვნა; ღარიბს უჭირს იმისი წარმოდგენა,
რომ მას უხდება სხვის ხარჯზე ცხოვრება, სხვის ნარჩენებზე არსებობა. რატომ უნდა
შევაწუხო უბედური. რატომ უნდა განვაცდევინო მას ეს ტკივილი? არა, უმჯობესია მისთვის
ისე გასცე მოწყალება, რომ მასაც არ შერცხვეს მისი მიღება და შენც არაფერი გქონდეს
თავმოსაწონებლად. სამაგიეროდ, როგორ ტკბილ გრძნობას განიცდის შენი სული, როცა შენ
კეთილ საქმეს აკეთებ ფარულად: შენი გული გაგრძნობინებს, რომ მასზე ღვთის კურთხევაა
გადმოსული, როგორც ზეციური ნამი: ეს მადლი ზეციდან გადმოვიდა სწორედ იმ ღარიბის
ლოცვით, რომელიც შენ გაახარე შენი კეთილი დახმარებით. და შენი კეთილი საქმე,
ხალხისათვის რომ არის დაფარული, შენი სულისათვის იქცევა ზეციურ მანანად, შენი
გულისათვის კი სიხარულის საცხებლად. და შენ შეიგრძნობ მაშინ, რამდენი სიხარული და
ნეტარება შეიძლება მიანიჭოს ადამიანს ერთმა ქრისტიანულმა სიყვარულმაც კი. მართლაც
არ უნდა იცოდეს შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
| |