მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


არა ცილი ჰფუცო
მათე 5, 33-37

დედამიწაზე რომ არ ყოფილიყო ცოდვა, მაშინ აღარც სიცრუე იქნებოდა, აღარც სიცრუის მიმართ ეჭვს ექნებოდა ადგილი, ამიტომ აღარ იქნებოდა საჭირო ფიცი. მაგრამ ხალხმა შესცოდა, დაიწყეს ცრუობა და ერთმანეთის მოტყუება. ხოლო სადაც ტყუილი შეიძლება, იქ ბუნებრივია ადგილი აქვს ეჭვსაც. რით შეეძლოთ ხალხს დაემოწმებინა თავიანთი დაპირების უტყუარობა, როცა ამას აუცილებლობა ითხოვდა? რა ძალას უნდა აეძულებინა ისინი, რომ წმიდად და პატიოსნად შეესრულებინათ თავიანთი დაპირება? რჩებოდა ერთი: მათი სინდისი ღვთის სამსჯავროს შიშით უნდა შეეკრათ. და აი, როცა ეს აუცილებელი იყო, ადამიანი თავის თავს წარმოიდგენდა ყოვლისშემძლე ღმერთის წინ და თითქოს ასე ეუბნებოდა მოყვასს: „შენ შეგიძლია არ მენდო მე, რადგან მეც შენსავით ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემზე და შენზე მაღლა ღმერთია, რომელიც ყოველივეს ხედავს, ყოვლადძლიერი და სამართლიანია. დაე, ის იყოს მოწმე და თავდები ჩემი დაპირებისა. მე მოვუწოდებ მის საშინელ სახელს, და შევთხოვ მას, რომ დამეხმაროს, რათა შევასრულო ჩემი სიტყვა და არ დამინდოს, თუ არ შევასრულებ მას. ერწმუნე ღმერთს - სამართლიან მსაჯულს, რომ მე ერთგული ვიქნები ჩემი დაპირებისა“. ასე წარმოიშვა ფიცი ღვთის სახელით.

ხალხი, - ამბობს წმ. მოციქული პავლე, - „კაცთა უფროსისა მიმართ ჰფუციან, და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებლად ფიცი არს“ (ებრ. 6,16), ამ ფიცით იფიცებოდნენ პატრიარქები: აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, ფიცს დებდა მეფე დავითი და ძველი აღთქმის სხვა მართალნი. ასეთი ფიცი ცოდვა რომ ყოფილიყო, მაშინ წმიდანები არავითარ ფიცს არ დადებდნენ თავიანთ ცხოვრებაში. კეთილკრძალულებით ფიცით მოწოდება ღვთის სახელისა, არსებითად იგივე ლოცვა არის: ეს არის, ყოვლისშემძლე ღვთისადმი ცოდვილი კაცის სულის ამოკვნესა, რათა მან განაძლიეროს იგი როგორც სუსტი, რომ შეასრულოს კეთილი დანაპირები, ღვთის წმიდა სახელის დიდებისათვის, რათა მან აღმოფხვრას წინააღმდეგობანი, რომელიც ხშირად ხვდება ადამიანს კეთილი საქმის კეთებისას. ეს არის სათხოვარი, რომელსაც მიართმევს ცოდვილი კაცი ღმერთს თავისი ცოდვებისათვის. „აი, უფალო, სადამდე მივიყვანე თავი ჩემი ცოდვებით: ახლობელსაც კი არ სჯერა ჩემი .... იყავი შენ, ყოვლადძლიერო, შუამდგომელი ჩვენს შორის და მოწმე ჩემი დაპირებისა“. და უფალმაც, არა მარტო დაუშვა, არამედ თავად, გამომდინარეობდა რა ადამიანური სისუსტეებიდან, თავისი ღვთაებრივი მაგალითით განსწმიდა ფიცი: „თავს გეფიცები“ (შექ. 22,16). „დავდე პირობა ჩემს რჩეულთან“ (ფს. 88,4), ამბობს უფალი სხვა მსგავს ფიცზეც. - „ღმერთმა, - ამბობს წმ. მოციქული პავლე, - სურდა რა აღთქმის შთამომავალთათვის ეჩვენებინა უტყუარობა თავისი ნებისა, გამოიყენა ფიციც კი“ (ებრ. 7,17).

ამრიგად, ღვთის საშინელი სახელი არის მიუწვდომელი და ყოვლისმომცველი ღვთის ძალა, რომელიც მართალთ აკურთხებს და წყევლის ფიცის გამტეხთ. აი, ასეთი წმიდაა ღვთის სახელის მოწოდება. მაგრამ რაც წმიდა იყო ძველ აღთქმაში, განა შეიძლება იგი იყოს ცოდვა ახალ აღთქმაში? ქრისტე მაცხოვარი თვითონ ამბობს საკუთარ თავზე, რომ იგი დასარღვევად კი არ მოვიდა, არა შესაცვლელად ძველი აღთქმის წმიდა მცნებებისა, არამედ იმისათვის, რომ უფრო გარკვევით გაეხსნა ჩვენთვის მათი სულიერი მნიშვნელობა, რომელიც იუდეველთა განმმარტებლებს დაებნელებინათ. ძველი აღთქმის სჯული ამბობდა: „უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე“ (მეორე სჯ. 6,13). „ცრუ ფიცი, არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს“ (ლევ. 19,12). „ვინც იფიცება დაუფიქრებლად, ანდა არღვევს კანონიერად მიცემულ აღთქმას, იგი ამით აცხადებს, რომ მას ღმერთი არ სწამს: იგი არაფრად აგდებს და ამით შეურაცხყოფს ღვთის სახელს; ხოლო ვინც კეთილკრძალულებით ეფიცება ღვთის სახელს და წმიდად ინახავს დადებულ აღთქმას, იგი განადიდებს ღმერთს, აღიარებს ღვთის ყოვლისმხილველობას, ყოვლისშემძლეობასა და სამართლიანობას; რისთვისაც თავადაც ხდება ქების ღირსი, რადგან იგი ამით დაჰფარავს პირს „რომელი იტყოდა სიცრუესა“ (ფს. 62,11).

ფიცი ასწავლის კაცს ღვთის წინაშე სიმდაბლესა და ღვთის შიშს. ბევრი უძლური მხოლოდ მის მიმართ სინდისის გამო თავს იკავებს ცოდვისაგან. მაცხოვარს რომ საერთოდ სრულიად გაეუქმებინა ფიცი, ეს მხოლოდ ხალხის ზნეობას თავაშვებულობისაკენ მიმართავდა; ქრისტეს კი, ახალ აღთქმაში, თავისი ღვთაებრივი მცნებებით, სრულყოფილებისაკენ მიჰყავს ხალხი. აი, რატომ აუწყებდა საზეიმოდ წინასწარმეტყველი ისაია, რომ ქრისტეს სამეფოში ახალი სახელით წოდებულთ (ქრისტიანებს), „ყველას, მის გამხსენებლებს, შეაძრწუნებს საბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა“ (ის. 19,18). და მართლაც: წმ. მოციქული პავლე ამოწმებს, რომ პირველი ქრისტიანები ფიცულობდნენ ღვთის სახელით, და თავადაც არა ერთხელ მოუწოდებს ღვთის სახელს თავისი სიტყვების დასამოწმებლად. მახარებელმა იოანე ღვთისმეტყველმა ჩვენებაში იხილა ანგელოზი, რომელმაც ზეცისაკენ აღმართა თავისი ხელი „და ჰფუცა მისსა, რომელი იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე“ (გამ. 10,5-6). ბოლოს, თვით ქრისტე მაცხოვარმა არ უარყო, ადამიანურად რომ ვთქვათ, ფიცი მიეღო, როცა მღვდელმთავარმა კაიაფამ განსჯისას უთხრა მას: „გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რათა მითხრა ჩვენ, უკეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა?“ (მთ. 26,63) და მან მაშინვე უპასუხა ისე, როგორც მაშინდელი ებრაული კანონი ითხოვდა მისგან: „შენ ჰსთქუ“, ანუ: დიახ, მართალია, სწორედ ასეა. ებრაელებს ღვთის მცნება, რომელიც ცრუ ფიცს კრძალავდა, მეტად სიტყვა-სიტყვით ესმოდათ: თვით ღვთის სახელი (იაღვე) იმდენად წმიდად მიაჩნდათ, რომ ცხოვრებისეული საუბრებისას ეშინოდათ მისი წარმოთქმა, მაგრამ სიყალბე და სიცრუე, რომელიც ხალხში არსებობდა, მაინც იძულებულსა ხდიდა მათ, რომ ფიცისათვის მიემართათ. და აი, იმათმა მწიგნობრებმა მოიგონეს უამრავი თვითნებური ფიცი, სადაც ღვთის სახელი საერთოდ არც კი იხსენიებოდა: ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი გამოყენებით ღვთის მცნებები ფიცის შესახებ არ ირღვეოდა. სადამდე მიდიოდა უგუნური ფიცის ჩვევა, იროდის მაგალითიდანაც ჩანს, რომელმაც ლამაზი ცეკვისათვის ფიცით აღუთქვა მოცეკვავე გოგონას ნახევარი სამეფო. მაგრამ ყველაფერი შექმნილია ღვთისაგან, ამიტომ ნიშანდობლივია: ვინც ფიცულობს ქმნილებას, იგი თვით შემოქმედსაც ეფიცება. აი რატომაა, რომ მაცხოვარს თავის მცნებებში არ მოყავს: „მისი სახელით დაიფიცე“, არამედ მიუთითებს სხვა მცნებაზე – ყალბ ფიცზე. კვალად გესმა, ამბობს იგი, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰპუცო, - ფიცი მხოლოდ ჭეშმარიტების დასამოწმებლად წარმოსთქვი, არამედ მაგრამ თუ დაიფიცე, მიჰსცე უფალსა ფიცი შენი.

იცოდა რა ფარისეველთა ცრუ განმარტებანი ამ მცნებისა, მან გადაჭრით აკრძალა ყველა მათ მიერ მოგონილი ფიცი: ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა ფუცუად ყოვლადვე, - ნუ დაიფიცებთ სინდისის წინააღმდეგ არა მარტო ღვთის სახელით, არამედ არავითარი სახით, ნუცა ცასა რამეთუ საყდარი არს ღუთისა, რადგან ცის დაფიცებით, ადამიანი იფიცებს თვით ღმერთს, რომელიც ზეციურ საყდარზე ბრძანდება, ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერხთა მისთა; ნუცა იერუსალიმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისა, ე.ი. ღვთისა. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, - ისე ნუ იტყვი, როგორც ამბობდნენ იუდეველები: „დაე მოვკვდე, თუ სიმართლეს არ ვამბობ“; შენი ცხოვრება შენ არ გეკუთვნის, იგი მთლიანად ღვთის ხელშია: რამეთუ შენ თვითონ ვერ ძალ-გიძს ერთისა თმისა განსპეტაკებად, გინა დაშავებად, როგორ უნდა დაიფიცო ის, რაც შენს უფლებაში არ არის? ამასთან: როგორც არ უნდა სცოდავდე შენს სინდისში, ყველა მსგავს ფიცს ისეთივე ძალა აქვს, როგორც ღვთის სახელით წარმოთქმულ ფიცს. ფიცი - ეს წმინდა საქმეა, ეს არის დიდი ამბავი: არ შეიძლება იგი წარმოითქვას დაუფიქრებლად, არ შეიძლება მისი თვითნებურად შეცვლაც. ყველაზე უკეთესია ეცადოთ იცხოვროთ ისე წმინდად, მართლად და პატიოსნად, რომ თქვენ აღარც კი დაგჭირდეთ დაფიცება, რათა ფიცის გარეშეც სჯეროდეთ თქვენი. ვინც ხშირად იფიცებს ღვთის სახელს, მისი ნაკლებად სჯერათ. ასე, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმეებში ნურასოდეს ნუღარ დაიფიცავთ, არამედ ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე: არამედ იყავნ სიტყუა თქუენი ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესი ამათსა, ყოველი დაუფიქრებელი დაპირება ღვთისა, ფარისეველთაგან მოგონილი ყოველგვარი ფიცი უკეთურისაგან არს. ის ფიციც კი, რომელიც ღმერთმა მოსეს მიერ დაუდგინა ადამიანთ „მის სახელს ფიცულობდე“, ესეც კი, კეთილკრძალულობით რომ წარმოითქმება, როგორც ლოცვა, დაშვებულია მხოლოდ ადამიანებში არსებული ბოროტებისა გამო, მხოლოდ იმისათვის, რომ დედამიწაზე მრავლადაა სიყალბე და სიცრუე, და ვიდრე ეს უკეთურებანი იარსებებს, იქამდე საჭირო იქნება აღნიშნული ფიციც, რათა ამით გადაეღობნენ ცოდვასა და სიცრუეს.

ასე ესმოდათ წმიდა მამებს ქრისტეს სიტყვები: „არა ცილი ჰფუცო“. ასე ამბობს წმ. ოქროპირი: „ვინც ცხოვრობს ისე, როგორც იესო ქრისტე თხოულობს, მას ყველა პატივს სცემს და მისგან ფიცს არ ითხოვენ. ეს საშიში საქმეა: მსახური ვერ ბედავს თავისი ბატონის სახელის ხსენებას საჭიროების გარეშე, როგორც მოხვდება, ჩვენ კი ანგელოსთა მეუფის სახელს მეტად მოურიდებლად წარმოვთქვამთ! ქრისტე ისე გვიფრთხილდება, რომ გვიკრძალავს საკუთარი თავის დაფიცებასაც კი, ჩვენ კი იქამდე არ ვინდობთ ღვთის დიდებას, რომ ყველაფერში გვინდა იგი გამოვიყენოთ! შენ ხარ მატლი, მიწა, მტვერი, კვამლი, და მიისწრაფი შენი მეუფის თავსმდებობისაკენ! როგორი სითამამე და კადნიერებაა! შენ რომ არასოდეს გეცრუა, უბრალოდ რომ გენიშნებინა, უფრო მეტად დაგიჯერებდნენ, ვიდრე იმათ, ათას ფიცს რომ სდებენ“. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ღვთის წმიდანებისთვისაც კი უცხო არ იყო ფიცი. აი მაგალითად, როგორც ამბობდა ღირსი მამა ეფრემ ასური თავის სიკვდილისწინა ანდერძში: „მე ეფრემი ვკვდები და ვტოვებ ანდერძს… ვფიცავ სინას მთაზე შეწყნარებულებსა და ქვეყნიდან მაუწყებლებს,… რომ არ განვდგომილვარ ეკლესიას“... ეფიცებოდნენ ღმერთს წმიდა მოწამეები იამბლიქე და აპოლონი. ფიცულობდნენ ღირსი მამები – ზოსიმე, პავლე და სხვები. ფიცი გამოიყენებოდა მსოფლიო კრებებზე (მეხუთესა და მეექვსეზე); იგი ეძლევათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მეტად მნიშვნელოვან და საჭირო შემთხვევებში, როცა ამას ითხოვს კანონიერი უფლება, როცა იგი უნდა წარმოითქვას კეთილკრძალულებითა და მტკიცე რწმენით, რომ არ შეიცვალოს იგი.