|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
არა იმრუშო
მათე 5, 27-32
გესმა, ამბობს უფალი, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ეს მეშვიდე მცნებაა სჯულისა,
რომელიც სინას მთაზე მიეცა ხალხს და ყველასათვის ცნობილი იყო ძველი დროიდან. ღვთის
ეს აკრძალვა საკმარისი იყო ძველი ხალხებისთვის, რათა მას სული სუფთად დაეცვათ. ასე
დიდად ბრძენი იოსები გაექცა პენტეფრის უსირცხვილო მეუღლეს, რითაც შეინარჩუნა
სისუფთავე არა მარტო ხორცისა, არამედ სულისაც. ეხლა კი ფარისეველს შეეძლო საქმით არ
შეეცოდა, მაგრამ სულსა და გულში დამღუპველი არაწმიდება ეტარებინადა ამავე დროს,
ღვთის წინაშე, თავისი თავი მართლად წარმოედგინა; აი რატომ განგვიმარტა ქრისტე
მაცხოვარმა, როგორც უმაღლესმა კანონმდებელმა, ეს მცნება და შეავსო კიდეც მან, ხოლო
მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა, - უყურებს ხილული
თვალით თუ თავის გონებაში წარმოიდგენს ქალს ან გოგონას, გულის-თქმად, - ვინც უმზერს
მის სილამაზეს და ამით აღვივებს ხორციელი ნდომის ცეცხლს და საკუთარი ნებით იზიდავს
ამ მხეცს თავის დაწყნარებულ გულში, იგი უკვე ეხება ქალს, თუ ხელით არა, ცოდვიანი
ხედვითა და ნდომით, - მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. მართალია მან ცოდვა
საქმით არ ჩაიდინა, მაგრამ რაღა ეკლდა მას? მას ეს არ შეეძლო: რომ შეძლებოდა,
მაშინვე საქმით ჩაიდენდა მას. „ასევე ქალებიც, იკაზმებიან რა იმისათვის, რომ თავი
მოაწონონ სხვას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სცოდავენ, თუმცა შეიძლება ისინი
არავის მოსწონთ: მათ უკვე მოამზადეს საწამლავი, რომელიც უმოქმედოდ დარჩა მხოლოდ
იმიტომ, რომ ის არავინ შესვა“.
როცა ჩვენ ვხედავთ, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ბავშვი თამაშობს შუბით, ჩვენ მას
ვუწყრებით და ვსჯით და ვუკრძალავთ მას შეხებას: ღმერთი ასევე ჩვენც გვიკრძალავს
ცოდვიან ხედვას, რათა ოდესმე არ ჩავცვივდეთ დანაშაულში. ამიტომაც იყო, რომ მართალ
იობს უმთავრეს კანონად ჰქონდა დადგენილი - არასოდეს მიეცა ასეთი ხედვის უფლება
თავისათვის. მაცხოვარი ამბობს: ნუ იმრუშებ თვალებით, მაშინ არ იმრუშებ
გულით. შეიძლება შენ იკითხო: რატომაა, რომ იესო ქრისტე თავის სიტყვებში არ ეხება
ქალებს? - იმიტომ რომ - პასუხობს წმ. ოქროპირი, იგი ყოველთვის იძლევა ზოგად
კანონებს, და როცა იგი დარიგებას აძლევს თავს, ე. ი. ქმარს, მასთან ერთად არიგებს
მთელ სხეულს, ანუ ცოლსაც. რადგან მან იცის, რომ ქმარი და ცოლი ერთი არსებაა, ამიტომ
სქესს არსად არ ასხვავებს“. თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაარღვიოს კაცმა
ეს მცნება და ცოდვაში არ ჩაიგდოს თავი, იესო ქრისტე ცხადად აჩვენებს შემდეგი
მაგალითით: „რა შეიძლება შენთვის იყოს უფრო ძვირფასი, ვიდრე მარჯვენა ხელი ან
თვალი? და მაინც, ამბობს იგი, უკეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე
იგი და განაგდე შენგან: რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარჰსწყდეს ერთი ასოთა
შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეენიასა, და უკეთუ მარჯუენე ხელი
შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან; რამეთუ უმჯობეს არს შენდა,
რათა წარჰსწყდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეენიასა.
სხეულის ორგანოებზე კი არ ამბობს აქ მაცხოვარი, რადგან ისინი არ არიან დამნაშავენი:
ისინი ისე მოძრაობენ, როგორც ამას ჩააგონებს მათ სული. „შენი თვალი კი არ იხედება,
- ამბობს წმ. ოქროპირი, არამედ მისი მეშვეობით იხედება გონება და გული შენი.
ქრისტეს რომ ეთქვა სხეულის ნაწილებზე, მაშინ მარტო მარჯვენა თვალზე კი არ იტყოდა,
არამედ ორივეზე: თუ ვინმე ცდება მარჯვენა თვალით, იგი უდავოდ ცდება მარცხენითაც.
მაშ ასე, რატომ მოიხსენა მაცხოვარმა მარჯვენა თვალი და მარჯვენა ხელი? რათა შენ
იცოდე, რომ საუბარი სხეულის ორგანოებს კი არ ეხება, არამედ ადამიანებს, რომლებიც
ბევრი რამით არიან ჩვენთან დაკავშირებულნი.
ამრიგად, შესაძლოა შენ ვინმე ისე გიყვარს, რომ მას ენდობი, როგორც შენს მარჯვენა
თვალს, და შენთვის იმდენად საჭიროდ თვლი, რომ შენს მარჯვენა ხელად მიგაჩნია იგი, -
მაგრამ თუ იგი შენს სულს ვნებს, მაშინ შენ ასეთი ადამიანიც კი უნდა მოიკვეთო.
შეამჩნიე აქ, როგორ გამოთქვამს: მაცხოვარი არ ამბობს: მოერიდე, არამედ, სურს რა
დაგვანახოს თუ როგორ ძალიან საჭიროა მისგან მოშორება, ამბობს: „აღმოიღე და
მოიკუეთე და განაგდე შენგან“. შემდეგ კი, როცა ასეთი მკაცრი მცნება მოგვცა, იქვე
გვაჩვენებს მის სარგებელსაც: უმჯობესია შენთვის, რათა ერთი რომელიმე ასო შენი
სხეულისა დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული
ჩააგდონ საუკუნო ცეცხლში, როცა შენი მეგობარი თავის თავს ვერ შველის და შენც
თავისთან ერთად გღუპავს, - რანაირად შეიძლება ამაში დავინახოთ კაცთმოყვარეობა, თუ
ორივეს დაღუპვა გელით? ხოლო თუ შენ დაშორდები მას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი
თქვენგანი მაინც გადარჩება. მაცხოვარმა თქვა: არა მარტო აღმოიღე, არამედ განაგდე
შენგან, რათა აღარასოდეს განაახლო ასეთთან მეგობრობა, თუ იგი არ გამოსწორდება. ამ
გზით, შენ დაღუპვისგან იხსნი შენს თავს და მასაც გაათავისუფლებ შენი
დაბრკოლებისათვის დიდი სასჯელისაგან. თუ შენთვის აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთის
არჩევა - ან თვალის შენარჩუნებით დაღუპვა, ანდა თვალის მოცილებით, ცოცხლად დარჩენა,
რაზე დათანხმდებოდი შენ? ცხადია - უკანასკნელზე. ასევე განსაჯე ადამიანებზეც. ეხლა
ხედავ რამოდენა სიყვარულითაა სავსე ქრისტეს მცნება? ხედავ, რამოდენა
კაცთმოყვარეობაა ჩადებული მის მოჩვენებით სიმკაცრეში?“ ასე ხსნიან მაცხოვრის
სიყვარულს წმინდა მამები: ოქროპირი, ათანასი, კირილე, ნეტარი თეოფილაქტე და სხვები.
მართლაცდა, თუ ამ სიტყვებს გავიგებთ პირდაპირ, მაშინ საჭირო გახდებოდა ენის
ამოგლეჯაც, როცა იგი ცუდ სიტყვებს წარმოსთქვამდა; მოსაკვეთი გახდება სხეულის სხვა
ნაწილებიც. მაგრამ იქნება კი სიკეთე აქედან, თუ ცოდვის სურვილი არ შეწყვეტდა გულში
არსებობას? მუნჯსაც ხომ შეუძლია ბოროტსიტყვაობა და ბრმასაც შეუძლია ხორციელი
ტკბობა. აი რატომაა საჭირო მაცხოვრის სიტყვები გავიგოთ შემდეგნაირად: „გაექეცი
ყოველივეს, რასაც კი შეუძლია შენს გულში არაწმინდა გრძნობების აღძვრა, როგორიცაა:
ვნებიანი სიმღერა, ცეკვა, ბილწსიტყვაობა, მოურიდებელი თამაშობა და ხუმრობა,
მოურიდებელი სანახაობა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ვნებიანი სიყვარულია, და სხვა.
ეცადე არც კი შეხედო იმას, რასაც შეუძლია შენი დაბრკოლება. თუ მტკიცედ განიზრახავ,
რომ არ შეხედო იმას, რაც შენთვის დამაბრკოლებელია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ
ამოიგდე დამაბრკოლებელი თვალი შენგან. შენ სხეულით არ სცოდავ: „ეს კარგია, დაიცავი
გულიც ისეთ ქალწულებრივ სიწმინდეში, როგორშიც სხეული დაგიცავს“.
ვინც შეასრულებს ქრისტეს ამ მცნებას გულის სიწმინდეზე, მას აღარ დაჭირდება იმ
შეწყნარებით სარგებლობა, რომელსაც მოსეს სჯული გულქვა ებრაელებს აძლევდა. თქმულ
არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, ვინც მოინდომებს ცოლთან განშორებას და
სხვის შერთვას, იმან მიჰსცეს მას განსატევებელი - გაყრის საბუთი. ეს გაყრა
დასაშვები იყო ძველ დროს იმიტომ, რომ მკაცრ ქმარს, რომელსაც ემორჩილებოდა ცოლი,
როგორც მონა, შეეძლო მისი მოკვლა დაუცველად. ქრისტეს დროს ებრაელები ისე
გადაგვარდნენ, რომ დაიწყეს ცოლების შეცვლა თავნებობით, სრულიად უმნიშვნელო მიზეზით,
ოღონდ კი ყოფილი მეუღლისათვის მიეცათ განქორწინების საბუთი. ამრიგად, ისინი უკვე
არაფრად აგდებდნენ ღვთისაგან დადგენილ მცნებას ქორწინებაზე, და ამავე დროს
ცდილობდნენ ამოფარებოდნენ მოსეს სჯულს. ხდებოდა, რომ ვიღაც გემოთმოყვარე იუდეველი
რამოდენიმე ცოლს ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა, გაგდებულ ცოლებს მიყვებოდნენ
ბავშვებიც და ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ქალი უსახლკაროდ ქუჩაში დარჩა, რამდენი
ბავშვი მოაკლდა მშობლის მფარველობასა და ზრუნვას. და აი, იესო ქრისტემ, როგორც
სრულუფლებიანმა კანონმდებელმა ახალი აღთქმისა, სრულიად შეცვალა ძველი აღთქმის მოსეს
მცნება, და გვაჩვენა როგორი სიწმინდე და ძალა გააჩნია თავდაპირველ კანონს
ქორწინებისა: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი
თვინიერ სიტყვისა სიძვისა, როცა ცოლი ვერ ერთგულებს ქმარს, როცა იგი ღალატობს მას,
- მან იმრუშა იგი - ასეთი აძლევს მას საბაბს მრუშობისა, ქმრის სიცოცხლეში სცოდავს
სხვასთან, - და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. იმიტომ, რომ მას რომ
არ შეერთო, იგი შეიძლებოდა დაბრუნებოდა პირველ ქმარს და შერიგებოდა მას. ასეთი წმინდა და დაურღვეველია კავშირი ცოლ-ქმრობისა. ღმერთმა შექმნა რა
ქმარი და ცოლი, აკურთხა და განსწმიდა მათი კავშირი მთელი ცხოვრება: „რათა
ერთხორცად იქცნენ“; რაც ღმერთმა შეაერთა, ადამიანმა არ უნდა განაშოროს.
ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი უშვებს გაყრას - ესაა ღალატი ცოლისა, ან
ქმრისა: მაშინ თავისთავად ირღვევა ქორწინების წმინდა კავშირი და დასაშვებია
გაყრა, მაგრამ მაშინაც, ეკლესიის კანონით, რომელიც იცავს და განმარტავს ქრისტეს
მცნებას, დამნაშავეს, ცოლი იქნება თუ ქმარი, ერთმევა უფლება ხელახალი
ქორწინებისა. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცოლისათვის დახშო სხვა კაცთან
შეუღლების კარი იმისათვის, რომ იგი ქმრისთვის უფრო ერთგული და უმწიკვლო
გაეხადა, მისი სურვილის წინააღმდეგაც კი.
ამრიგად, აქაც ქრისტე მაცხოვარი არ არღვევს ძველ სჯულს, არამედ მას შესძენს
თავდაპირვანდელ სიმკაცრეს, სისუფთავესა და სიწმიდეს. - ბოლოს, დაუშვა რა
განქორწინება მრუშების შემთხვევაში, აქაც მას მეტად ბრძნული მიზანი
ამოქმედებდა. ქმრისთვის რომ სავალდებულო ყოფილიყო მოღალატე ცოლის სახლში
გაჩერება, ამით მრუშებას თითქოს დასაშვებსა ხდიდა“.
| |