|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
არა კაც-ჰკლა... დაუტევე შესაწირავი... მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა...
მათე 5, 20-26
თუ გსურს იყო ცათა სასუფეველის შვილი, მაშინ შენც შეასრულე და სხვებსაც ასწავლე
დაიცვან ღვთის მცნებები. ამისათვის უნდა ვიცოდეთ: როგორ შევასრულოთ ისინი? მცნებებს
ასრულებდნენ ებრაული სჯულის მცოდნენი, ფარისევლები და მწიგნობრები, მაგრამ ქრისტე
მაცხოვარი პირდაპირ ამბობს: ხოლო გეტყვი თქუენ: უკეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი
უფროს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. ღვთის
მცნებებში ფარისევლები ხედავდნენ მხოლოდ ცოდვის შედეგებს, თვით ცოდვის შედეგებს,
თვით ცოდვის საქმეს, უნდა დაენახათ კი მისი სათავე - სურვილი ცოდვისა, ცოდვილი აზრი
და გულისთქმა. კარგია, რომ საქმით არ შესცოდო, მაგრამ ეს ცოტაა: არ უნდა შესცოდო
ფიქრითაც კი. თუ შენი გონება არაწმინდა აზრებითაა დაკავებული, თუ შენი გული
შებღალულია ცოდვილი გულისთქმებით, მაშინ შენი კეთილი საქმეები იქნება მოჩვენებითი,
არაწმიდა, ვერ გადამრჩენი. ამიტომ არაწმიდად იყო მიჩნეული ღვთისათვის ფარისეველთა
სიმართლე, რადგან ისინი მხოლოდ გარეგნულად, ხალხის დასანახად ასრულებდნენ ღვთის
მცნებებს, ხოლო მათი ამაყი გულები სავსე იყო უსჯულოებითა და ყოველგვარი ბოროტებით.
და ამ მოჩვენებითი, ყალბი კეთილმსახურებით ისინი ფიქრობდნენ რომ გამართლდებოდნენ
ღვთის წინაშე. ის კი ავიწყდებოდათ, რომ ქრისტე მაცხოვრის რწმენის გარეშე, ღვთის
წინაშე ვერაფრით გამართლდება ადამიანი, რომ ყოველი ჩვენი სიმართლე, უფლის
მაცხოვნებელი რწმენის გარეშე არარაობაა; ძველი აღთქმის მართალნი იმიტომ იყვნენ
მართლალნი, რომ სწამდათ დიდებით მომავალი მაცხოვარი, როგორც დღეს გვწამს იგი უკვე
მოსული. აი რით განსხვავდებოდა ძველი აღთქმის თავმდაბალ მართალთა სიმართლე,
ქედმაღალ ფარისეველთა სიმართლისაგან: ძველი აღთქმის მართალნი ცხოვრობდნენ მომავალ
ქრისტეს რწმენით და საერთოდ არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ცხონდებოდნენ თავიანთი
კეთილი საქმეებით; ისინი არ ემსახურებოდნენ ღმერთს ანგარებით, არამედ
კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ღვთის მცნებებს, რადგან უყვარდათ იგი: ღმერთმა
დაადგინა, - მაშასადამე, ასე უნდა ვიცხოვროთ. ძველ აღთქმაშიც კი, ისინი
ცხოვრობდნენ ახალი აღთქმის სულით, რა თქმა უნდა იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო ეს
მათთვის შესაძლებელი. ფარისევლებს კი, - წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ სულზე,
ამაყობდნენ სჯულის მხოლოდ გარეგნული შესრულებით და დავიწყებოდათ ყველაზე უმთავრესი,
რომ ქრისტეს რწმენის გარეშე, არ იქნებოდა მათი ცხონება. შეეძლო ასეთ სიმართლეს
გადაერჩინა ისინი? რა თქმა უნდა - არა. აი, რატომ აფრთხილებს უფალი თავის
მოწაფეებს, რომ ფარისეველთა ასეთი სიმართლისაგან დაიცვან თავი.
ძველი აღთქმა არ იძლეოდა ისეთ დაპირებას, რასაც ახალი: ძველი პირდებოდა დიდხანს
სიცოცხლეს, მრავალშვილიანობასა და სხვა ქვეყნიურ სიკეთეებს, ახალი აღთქმა კი
მცნებათა შესრულებისათვის გვპირდება საუკუნო სიცოცხლეს, ზეციურ სასუფეველს, ღვთის შვილად გახდომას. ამიტომაც
ითხოვს ახალი აღთქმა ადამიანისგან მეტ გმირობას, ვიდრე ძველი. თუ რაში მდგომარეობს
ეს უმეტესი სიწმიდე, ამას უფალი ხსნის შემდგომში: მას მოჰყავს ექვსი მაგალითი,
რომლებშიც ადარებს ძველი აღთქმის მცნებებს ახალი აღთქმის მცნებებთან. გესმა,
გაგონილი გაქვთ, რა წერია სჯულში, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ - მოსეს
მეშვეობით გადაეცა ძველად ხალხს: არა კაც-ჰკლა (გამ. 20,13), არ წაართვა კაცს
სიცოცხლე უდანაშაულოდ, სიძულვილისა და სიხარბის გამო: ხოლო რომელმან მოჰკლას,
თანამდებ არს სასჯელისა. სამსჯავრო კი მას სიკვდილს მიუსჯის. ასე იყო ძველად
ხალხისათვის ნათქვამი და ეს საკმარისი იყო მათთვის, ისინი იყვნენ როგორც პატარა
ბავშვები: თუ მოარიდებდნენ მათ ცუდ საქმეებს, ამით ისინი ცუდ ფიქრებსაც მოირიდებენ.
ესავს უნდოდა მოეკლა თავისი ძმა იაკობი, მაგრამ გაშორდა და მას ესავშიც დაცხრა მის
მიმართ მღელვარება, შემდეგ კი შეხვდა იაკობს გულში ჩაკვრითა და ძმური სიყვარულის
ცრემლებით.
მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო იყო გასული. ხალხმა დაუტევა ბავშვობა; ეხლა უკვე
ფარისეველი არ კლავდა თავის ძმას, მაგრამ მასზე ბოროტს ფიქრობდა გულში, და
ამაყობდა კიდეც თავისი სიმართლით: მან ხომ არ დაარღვია სჯული, მან არ მოკლა კაცი...
მაგრამ ეს ხომ აღარ არის შესრულება, არამედ შერყვნა და დამახინჯებაა თავად ღვთის
მცნების არსისა, ამიტომაც განმარტავს უფალი ძველი სჯულის არსს და ითხოვს, რომ
მოყვასს არ დაურღვიოთ სიმშვიდე და სიყვარული - არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით და
გულისთქმითაც კი, ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა
-
ნებისმიერ ადამიანს, რადგან ხალხები - ზეციური მამის შვილებია და ერთმანეთის ძმები
არიან; ყოველი, რომელიც თავის ძმას ურისხდება ცუდად, უდანაშაულოდ, თანამდებ არს
სასჯელისა. „ხედავ სრულ უფლებას? - კითხულობს წმ. ოქროპირი: ასე რომელი
წინასწარმეტყველი ამბობდა? ან რომელი მართალი? ან რომელი პატრიარქი? - არავინ
„უფალი ამბობს“, - ამბობდნენ ისინი. მაგრამ ასე არ ამბობს ღვთის ძე. ისინი როგორც
მონები აუწყებდნენ ღვთის სჯულს ისეთსავე მონებს, ქრისტე კი აცხადებს თავის ნებას
როგორც სრული ხელმწიფების მქონე მეუფე და სჯულისმდებელი: „მე გეტყვი თქუენ...“
მაინც რას ამბობს იგი? იგი არ გვაძლევს ნებას, რომ თუნდაც გავუბრაზდეთ ჩვენს ძმას
ტყუილუბრალოდ. არის გარისხება კანონიერი, სამართლიანი, როცა ადამიანი ურისხდება
ცოდვას, მანკიერებას, რომელიც ღუპავს ხალხს, როცა თავგამოდებით მრისხანებს ღვთის
დიდებისათვის. თვით ღმერთი უწყრება ცოდვილებს, თვით ქრისტე მაცხოვარი რისხვით
უმზერდა ფარისეველთა სიცბიერეს და ღვთის ტაძარში მოვაჭრეებს შოლტით განდევნიდა.
„შეხდეთ, ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ კეთილად იმოქმედა კორინთელებზე პავლე
მოციქულის განრისხებამ: ისინი მან დიდი უბედურებისგან იხსნა“. სცოდავს ის მამა,
რომელიც არ უწყრება ავი საქმეებისათვის თავის შვილებს, ცუდად იქცევა ის
ხელმძღვანელი, ვისაც არ სურს გამოიყენოს სიმკაცრე თავის ქვეშევრდომებზე, სადაც ეს
აცილებელია,... ასეთ რისხვაზე არ ლაპარაკობს აქ მაცხოვარი. იგი გმობს უაზრო
რისხვას, საჭიროების გარეშე განრისხებას, რომელიც ხდება თავისმოყვარეობითა და
სიამაყით, ანდა მოყვასის შურითა და სიძულვილით. ასეთებს უნდა მივმართოთ წმ. ბასილი
დიდის სიტყვებით: „განურისხდებით თქვენს ცოდვებს და არა ახლობლებს“. გახსოვდეთ, რომ
ქრისტე ასეთ რისხვას ისევე მკაცრად სჯის, როგორც ძველად მკვლელობისათვის ისჯებოდნენ, ქრისტეს მოციქულიც ამბობს:
„ყოველსა, რომელსა ჰსძულდეს ძმაი თვისი, იგი
კაცისმკვლელი არს“ (1ინ. 3,15).
ეხლა, წმ. ოქროპირის მსგავსად, დავსვათ კითხვა: არ განურისხდე და არა კაც-ჰკლა
- ეს
ორი მცნება ხომ არ ეწინააეღმდეგება ერთმანეთს? ცხადია, რომ პირველი წარმოადგენს
მეორის დამატებას. ვინც ლაგამს ამოსდებს თავის მრისხანებას, იგი თავის ხელებს
მოქმედების ნებას არ მისცემს. არ არის გასაგები, რომ ქრისტე ძველი აღთქმის მცნებას
არ არაღვევს, არამედ კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს?“. ამრიგად, უფლის სიტყვების
მიხედვით, ვინც თავის ძმაზე უსაფუძვლოდ მრისხანებს გულში, მას უკვე ეკუთვნის
სასჯელი, თუმცა გარეგნულად არაფრით გამოუხატია თავისი მრისხანება. გულთამხილავის
გარდა, სხვას არავის შეუძლია განსაჯოს ასეთი ცოდვა, ამიტომაც უფლის სიტყვები
„თანამდებ არს სასჯელისა“ შემდეგნაირად უნდა იქნას გაგებული: განისჯება
გარდაცვალების შემდგომ, საზვერეთა გავლის შემდეგ, როცა მისი სული განეშორება
სხეულს. თუ შენ გულიდან თავიდანვე არ განდევნი მრისხანების პირველ შეგრძნებას,
მაშინ ის იქ ფესვებს გაიდგამს: მრისხანების ბოროტი შენგან გამოხეთქავს გარეთ და
შენ უკვე შენს ძმას უკადრებელი სიტყვებით შეაწუხებ, ამისთვის კი ღვთისაგან კიდევ
უფრო მძიმე სასჯელს მიიღებ: რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა, რაკა - უგუნურო კაცო,
- თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსლუად.
სიტყვა „რაკა“, ამბობს წმ. ოქროპირი, არ შეიცავს დიდი წყენას; იგი გამოხატავს
გარკვეულ სიძულვილსა და უპატივცემულობას ადამიანის მიმართ. მაგრამ ამისთვისაც კი
უფალი მკაცრად გვიწყრება. სამსჯავრო, რომელიც ზემოთ მოიხსენია, ებრაელებთან სამი
პირისაგან შედგებოდა, ხოლო სინედრიონი იყო უმაღლესი სამსჯავრო ებრაელთა, რომელიც 72
უხუცესისგან შედგებოდა და რომელსაც თავად მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა. აქ
ასამართლებდნენ ღვთის ავად მახსენებლებსა და სხვა სახის დამნაშავეებს; სინედრიონის
ქვეშ გულისხმობენ ქრისტეს საშინელ სამსჯავროსაც, რომელზედაც ქრისტეს თორმეტი
მოციქული ისრაელთა თორმეტ ტომს გაასამართლებს, როგორც ეს თქვა თვით უფალმა. -
მაგრამ ეხლავე, უფრო მკაცრად, უფრო გადაწყვეტით წარმოსთვამს უფალი თავის მსჯავრს
მათზე, ვინც ამაყი სიძულვილითა და ბოროტებით ეკიდება თავის მოყვასს: და რომელმან
ჰრქუას ძმასა თვისსა, ცოფ, - უწმიდურო, უსინდისო, მოყვასის ასეთი დამამდაბლებელი
თანამდებ არს იგი გეენიასა მას ცეცხლისასა - ე. ი. ჯოჯოხეთში საუკუნო ტანჯვისა.
ასე, რომ ქრისტეს სამართლით, ადამიანის მოკვლა შეიძლება სიტყვითაც, ხოლო მოყვასის
ყოველგვარი უპატივცემულობა და დამდაბლება ღვთის მცნებით ისჯება.
„არა კაც ჰკლა“. - „ნახე, - ამბობს წმიდა ოქროპირი, როგორ თანდათან გადადის მცირე
სასჯელიდან დიდზე, და ამით თითქოს იცავს თავს შენს წინაშე, რითაც უნდა გაჩვენოს,
რომ მას საერთოდ არ სურდა გამოეყენებინა მსგავსი მუქარა, რომ ჩვენ თავად ვაიძულებთ მას გამოგვიტანოს ასეთი
მკაცრი განაჩენი. შენ არ დამიგდე ყური და ნახე რა მოიტანა შენმა რისხვამ. მან
გაიძულა გეთქვა შენი ძმისათვის: „რაკა“, ამისათვის კი მე დასასჯელად სინედრიონს
გადავეცი შენი თავი. მაგრამ თუ შენ ამის შემდგომაც არ მოხვალ გონს, მაშინ მე მოგცემ
გეენის საუკუნო სატანჯველს, რათა შენ თვითმკვლელობა არ იგემო: რამეთუ, არაფერი არ
არის ისე მძიმე დასათმენი, როგორც ლანძღვა. ასე, რომ, არ ჩათვალო უმნიშვნელოდ ის,
რომ შენს ძმას უგუნური უწოდე: ამით შენს ძმას იმას ართმევ, რითაც ჩვენ
განვსხვავდებით პირუტყვთაგან, და რაც ჩვენ ადამიანებად გვხვდის, ანუ გონება და
განსჯა, და ამით შენ მას უკარგავ ყოველგვარ კეთილშობილებას. ნუ იფიქრებ, რომ
ქრისტეს სიტყვებში რაიმე გაზვიდებულია; პირიქით, გაიკვირვე მათი სიმშვიდითა და
უწყინარობით. არაფერზე ისე ძალიან არ ირჯება ღმერთი, როგორც იმაზე, რომ ჩვენ
ერთმანეთის მიმართ სიყვარულით ვიცხოვროთ. აი რატომაა, რომ იესო ქრისტე მთელი
მონდომებითა ცდილობს მოგვარიდოს იმას, რაც არღვევს სიყვარულს“ ასე გვასწავლის წმ.
ოქროპირი.
როცა უფალი ამბობს: „არა კაც-ჰკლა“, იგი გვიკრძალავს ბოროტად განზრახულ მკვლელობასა
და მოყვასის მიმართ რისხვას, მაგრამ არ გვიშლის მამულის დაცვას მტერებისა და
დამნაშავეებისაგან. სამხედრო სამსახური არის გმირობა მოყვასის სიყვარულისათვის,
პირდაპირი შესრულება ქრისტეს მცნებისა: „უფროსი ამისა სიყვარული არავის აქუს, რათა
სული თვისი დაჰსდუას მეგობართა თვისთა-თვის“ (ინ. 15,13). დამნაშავეთა დასჯაც არ
არის დანაშაული. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს, რომ ღვთისაგან დადგენილ უფროსს,
ამიტომ აქვს მახვილი მოცემული, რომ ბოროტებს მისი ეშინოდეთ (რომ, 13,4). დავუშვათ,
- ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ყველა უზნეოს ყოველგვარი შეზღუდვისა და შიშის გარეშე
მიეცეს ცხოვრების უფლება, განა მაშინ არ აღივსებოდა მთელი ქვეყანა უთვალავი ბოროტი
საქმეებითა და მკვლელობებით? ეს ყველასთვის ცხადია. თუ ეხლაც, მკაცრ კანონებშიც კი,
ძლივს ხდება ბოროტების შეკავება, რამდენი უბედურება დაატყდებოდა ადამიანთა
ცხოვრებას, თუ კი ბოროტება არ შეიზღუდებოდა. მარტო ის კი არ არის სისასტიკე, როცა
ბოროტებს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, არამედ ისიც, როცა უდანაშაულო ადამიანს
ტოვებენ სატანჯად სრულიად დაუცველად“. უბრალო ადამიანური სიყვარულიც კი გვავალებს,
რომ ასეთები გავარიდოთ ბოროტებას და თავად ბოროტები დავატყვევოთ, რათა მათ არ ავნონ
სხვებს.
ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ღვთისათვის მიერთმიათ მსხვერპლი და იმავე დროს
მოყვასზე გულში ძვირი ჰქონოდათ. რას ეუბნება ქრისტე მაცხოვარი მათ? უკეთუ
შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, - და აქ,
მსხვერპლის შეწირვის წინ, უცებ გაგახსენდა - ვითარმედ ძმა შენი, - ყოველი ადამიანი,
ვინც გინდა იყოს, - გულ-ძვირ რამე არს შენთვის; სამართლიანად თუ უსამართლოდ შენს
წინააღმდეგ რაღაც წყენა აქვს, შეიძლება უმნიშვნელოც, შენ მასზე რომ არც კი
განრისხდებოდი, - დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა, მაშინვე მიატოვე
იქვე, წმიდა საკურთხეველთან, შენი შესასაწირი და, - მივედ და დაეგე პირველად ძმასა
შენსა, და მხოლოდ მაშინ, როცა შეურიგდები მას, მოვედ, დაბრუნდი ღვთის შესაწირთან,
და შეჰსწირე უკვე დამშვიდებული სინდისით შესაწირავი შენი.
რატომ ითხოვს ჩვენგან უფალი ასეთ მოქმედებას? პირველად იმიტომ, რათა დაგვანახოს,
რომ სიყვარული უდიდესი მსხვერპლია და მის გარეშე არანაირი მსხვერპლი ღმერთთან არ
შეიწირება; მეორედ კიდევ იმისათვის, რომ გვაიძულოს მოყვასს შევურიგდეთ, - თუ მისი
სიყვარულით არა, უკიდურეს შემთხვევაში იმისათვის მაინც, რომ მსხვერპლის შეწირვას
არაფერი დავაკლოთ. იგი გვაჩვენებს ამით, რომ უფლის საკურთხეველთან არ დაიშვებიან
მტრად გადაკიდებულნი და დამდურებულნი. თუ შენ ლოცვებს აღავლენ კეთილი განწყობილების
გარეშე, მაშინ შენთვის უმჯობესია ის მიატოვო, წახვიდე და შენს ძმას შეურიგდე და
ლოცვა მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულო. რასაც ქრისტე ეუბნება მწუხარეთ, იგივე ეკუთვნით
სხვებისგან შეურაცხყოფილებს. თუ შენ, - ამბობს უფალი, შეურიგდები მას მისი
სიყვარულის გამო, მაშინ მეც შენს მიმართ მოწყალე ვიქნები. მე თავად დაგთანხმდები იმაზე, რომ შენ დროებით შესაწირი მიატოვო, ოღონდ კი შენი ძმა
მეგობრად შეიძინე. როგორც ბრძენი მკურნალი, ქრისტე არა მარტო გვთავაზობს
სნეულებისაგან დამცველ საშუალებას, არამედ მსახურთაც, რომელთაც სნეულებას უნდა
უმკურნალონ. აკრძალვა იმისა, რომ სხვას უგუნური ვუწოდოთ - აი მკურნალობა,
მტრობისაგან დამცველი, ხოლო მოყვასთან შერიგების მოთხოვნა, განკუთვნილია იმ
სატკივრის აღმოსაფხვრელად, რომელიც აღმოცენდება მტრობით. ნახე, როგორი სიმკაცრით
ითხოვს იგი როგორც ერთი, ისე მეორის შესრულებას. იქ გვაშინებს ცეცხლითა და გეენით.
აქ კი შერიგებამდე არ უნდა მიიღოს ჩვენგან ძღვენი, რითაც გვაჩვენებს, როგორი დიდია
მისი რისხვა სამტროდ გადაკიდებულებზე“.
აბა, როგორ იქნება, - შეიძლება იკითხო შენ, თუ ის, ვისთან შერიგებაც მეკუთვნის,
ცხოვრობს შორს, და მე არ შემიძლია მივატოვო ღვთის მსახურება, რათა დაუყოვნებლივ
შეურიგდე მას? - მაშინ მიდი მასთან სხეულით კი არა, არამედ სულით, მიდი მასთან
გულითა და გონებით, და ღვთის წინაშე მდგარმა, მთელი გულით შეუნდე მას და შესთხოვე
გულთამხილავს, რათა დაგეხმაროს მტრობის ამ კრულების გახსნაში, როცა კი ეს იქნება
შესაძლებელი, რაც შეიძლება მალე. თუ მოხდება ისე, რისგანაც მოწყალე და
მშვიდობისმოყვარე ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, რომ შენი ძმა შენთნ შერიგებას არ
ისურვებს, მაშინ სთხოვე სხვებს, რომ მასთან შესარიგებლად დაგეხმარნენ, და თუ იგი
ამასაც არ ინებებს, „ მაშინ მშვიდად ევედრე ღმერთს, რათა მან სიკეთე თვითონ
ჩააგონოს, და შენ ამაზე აღარ იზრუნო“ - (ღირსი პიმენი დიდის დარიგება). ხალხი კი
მუდამ ხალხია, და ყოველთვის ქვეყანაზე კეთილ ადამიანებს ბოროტები სჭარბობენ. შენი
ზნეობით ანგელოზიც რომ იყო, ვინმესთან მაინც არ გექნება მშვიდობა: შეურიგდი
საჩქაროდ. იყავ კეთილად-მცნობელ წინა მოსაჯულისა მის შენისა შენს შეურაცხმყოფელს,
ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა გზასა ზედა, ვიდრე მასთან ერთად იმყოფები იმ დროებით
ცხოვრებაში; ამ დროით ისარგებლე, ვიდრე გაგასამართლებდნენ, შენ შენს თავზე მთლიანად
უფლებ; მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ, რამდენიც არ უნდა ეცადო, ვეღარ
შეძლებ შენი თავი განაგო. ასე, რომ ეცადე ნუ უკუე მიგცეს შენ წინა-მოსაჯულმან მან
შენმან მსაჯულსა, - რათა შეურაცხყოფილმა არ გადაგცეს შენ ღვთის სამსჯავროს, და ამ
მართალმა მსაჯულმან მსახურსა - თავის ანგელოზს, და ზეციური მეუფის ამ მსახურთ
საპყრობილედ შეჰვარდე - საუკუნო სატანჯველში ჩაგაგდონ... ამინ გეტყვი შენ: ვერ
გამოხვიდე მიერ ვერ გათავისუფლდები იქიდან, ვიდრე არა მიჰსცე უკანასკნელი კოდრატი,
ვიდრე ყველაზე უკანასკნელსაც კი არ მისცემ. მაგრამ სად იშოვი იქ, რომ გადაუხადო? იქ
ვერსად ვერაფერს მოიძიებ, ამიტომ ვერც ვერაფერს გადაიხდი და გამოდის, რომ
ვერასოდეს, უკუნითი უკუნისამდე ამ ჯოჯოხეთური სიბნელიდან ვერ გათავისუფლდები, და თუ
შენთვის არ გადაიხდიან სხვები, თუ შენთან დასახმარებლად არ მოვა წმიდა ეკლესია
ღვთის წინაშე თავისი ძლიერი ლოცვებით, თუ თვით უფალი არ მოალბობს შენით
შეურაცხყოფილის გულს, რათა შენთვის წმიდა ეკლესიასთან ერთად იმანაც ილოცოს, -
მოწინააღმდეგედ შეიძლება სინდისიც მივიჩნიოთ: შეურიგდი შენი საქმეების ამ
მოუსყიდველ მოწმეს, ვიდრე არ წარგადგინეს მართალი მსაჯულის წინაშე.
| |