მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ქადაგება მთაზე. ნეტარების მცნებები
მათე 4,25 - 5,12

სინას მთაზე, არაბეთის უნაყოფო უდაბნოებში, ზღვის მახლობლად, მოსეს მიეცა სჯული. გალილეის მთაზე, რომელიც გალილეის ზღვის ნაპირზე მდებარე მშვენიერ და მეტად ნაყოფიერ ველზე იყო აღმართული, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვამცნო მისი სახარების მადლიანი სჯული. მოსეს სჯული მოიცავდა თავის თავში ღვთის ათ მცნებას; ქრისტეს სჯული კი ცხრა ნეტარებაშია გადმოცემული. არსებით, ორივე სჯული ერთი და იგივეა. ქრისტე მაცხოვარი თავად ბრძანებს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჰხსნად ჰსჯულისა, გინა წინასწარ-მეტყუელთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად“ (მთ. 5,17); მაგრამ ამავე დროს, როგორი დიდი განსხვავებაა ამ ორ სჯულს შორის! მოსეს მკაცრი სჯული წარმოითქვა ჭექასა და ქუხილში, საყვირების ხმაზე, მრისხანედ რომ გაისმოდა უდაბნოს მთების ნაპრალებში; მადლიანი სჯული სახარებისა კი წარმოთქმულ იქნა გაზაფხულის მშვენიერ დღეს (ფიქრობენ, რომ ეს მოხდა მაისის თვეში), ბალახებითა და ყვავილებით დაფარული მთის ფერდობზე, სადაც ზღვიდან უბერავდა გრილი ჰაერი; იქ, სინას მთის წვერი სქელი და ავი ღრუბლებით იყო დაფარული; უხილავი ღმერთის ხმა აძრწუნებდა ისრაელის შვილთა გულებს საშინელებით; - აქ, მეტად მშვიდი და გულით მდაბალი მაცხოვრის ტკბილი ბაგეებიდან გაისმოდა გულისათვის გასახარი სიტყვები მარადიული ცხოვრების შესახებ; იქ სიკვდილის შიშით შეპყრობილნი, ვერ ბედავდნენ წმიდა მთასთან მიახლოებასაც კი, რომელიც ძრწოდა იმის გამო, რომ მასთან იმყოფებოდა თვით ღმერთი - შემოქმედი და სჯულის მომცემელი; აქ კი ხალხის გროვა მჭიდროდ გარშემოტყმოდა ქრისტეს, და ცდილობდა უფალთან მეტად მიახლოებას, რათა ოდნავ მაინც შეხებოდა მადლით სავსე სასწაულმოქმედსა და სჯულის მომცემს; და რამდენი სნეული განიკურნა, რამდენმა მწუხარებაში მყოფმა მიიღო მისგან შვება მისი ღვთაებრივი და ყოვლისმომცველი სიყვარულით, მისი ყოვლადძლიერი და ყოველივეს განმკურნებელი სიტყვით! წინ, ძველ აღთქმაში, სჯულის დაცვა შემოსაზღვრული იყო მრისხანე მსჯავრით: „სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (გამოს. 21,12,15,16). ახლა კი როგორ სასიამოვნოდ გვასწავლის ზეციური მასწავლებელი! იგი არ ზღუდავს მოწაფეების თავისუფლებას მკაცრი განგებულებით, არ აშინებს მუქარით; იგი მხოლოდ უჩვენებს იმაზე, რასაც ყველა ეძიებს: ნეტარებას, შემდეგ კი მიუთითებს ამ ნეტარებისაკენ მიმავალ გზაზეც, - მისი მცნებების შესრულებაზეც. თავისი წმიდა მცნებების შესრულებას იგი აღვივებს, როგორც სათუთად მოყვარე მამა, ტკბილი სიტყვით - ნეტარი, ბედნიერი: ვინ არის, რომ არ უსურვოს ბედნიერება-ნეტარება საკუთარ თავს? ჭეშმარითად ნეტარია ის, რომელსაც ყოველი კეთილი აქვს და არაფერი ცუდი არ უნდა, ვისაც სინდისი დამშვიდებული აქვს, გულში კი სიხარული და მომავალი სანეტარო ცხოვრების რწმენა. ყოველივე ამას ქრისტე პირდება თავისი წმიდა მცნებების ერთგულ შემსრულებელებს. სინას სჯული იყო მკაცრი სამართლის სჯული; სახარების სჯული - ღვთაებრივი სიყვარულის სჯული. მასში გაერთიანდნენ ძველი აღთქმის ჭეშმარიტება და ახალი აღთქმის მოწყალება, სიმართლე და მშვიდობა შეერწყნენ ერთმანეთს. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა; ძველი სჯული ამბობდა: ნუ ჩაიდენ ბოროტებას; ახალი სჯული ამბობს: ბოროტებაზე არ იფიქრო და მასზე აზრები გულამდე არ მიუშვა. ძველმა მოკვეთა ბოროტებას ნაყოფი, ახალი კი ამოძირკვავს ბოროტების ფესვებსაც, ბოროტების თესლს აღმოფხვრის ადამიანის გულიდან. ძველი სჯული ვერ ანიჭებდა ადამიანს ძალას, რათა შეესრულებინა მცნება; ახალი, მადლიანი სჯული ქრისტესი, თავის თავში ინახავს მაცოცხლებელ ღვთის ძალას, რასაც შეუძლია განწმიდოს, განაახლოს, აღაორძინოს მცნებათა შემსრულებელი. აი, რატომ უწოდებენ წმიდა მოღვაწე მამები მათ მაცოცხლებლებს: დაიწყებ თუ არა ცხოვრებას ამ მცნებებით, მაშინვე თავად დარწმუნდები, გულით შეიგრძნობ, როგორ ახლოსაა შენთან ღვთის მადლი, და გსურს აღარასოდეს მოაკლდე მათ დაცვას, არაფერი დაიშურო ღვთის მცნებათა შესასრულებლად.

მათეს სახარებაში, მთასა ზედა, ანუ მთაზე წარმოთქმული მაცხოვრის საუბარი უფრო სრულად არის აღწერილი, ვიდრე სხვა მახარებლებთან; წმ. მათე სახარებას წერდა ებრაელთათვის, ამ საუბარში ყველაზე უკეთ ჩანს ახალი აღთქმის სახარების უპირატესობა ძველი აღთქმის მოსეს სჯულთან შედარებით. მახარებელს აქვს ნათქვამი, რომ მიჰსდევდა მას ერი მრავალი, რომელთაც იზიდავდა ღვთის სასწაულების ყოვლისშემძლეობა, და სურვილი, რათა დამტკბარიყვნენ იესო ქრისტესაგან ღვთაებრივი სიტყვის მოსმენით, მისდევდნენ გალილიაით და ათქალაქით, ე. ი. იმ ათი ქალაქიდან, რომლებიც უმეტესად იორდანის იქითა მხარეს იყო მოქცეული, გალილიის ზღვის აღმოსავლეთით, სადაც ბლომად სახლობდნენ წარმართები. მართალია მაშინ უფალი მიმოდიოდა მხოლოდ გალილიაში, მაგრამ მასთან მიდიოდნენ იერუსალიმით, და ჰურიასტანით და წიაღ-იორდით. და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აგრძელებს თხრობას მახარებელი, იგი აღვიდა მთასა, რათა აქედან უფრო მოხერხებული ყოფილიყო ქადაგება შეკრებილი ხალხისათვის. და როცა დაჰსჯდა იგი მუნ - იგი ჩვეულებრივ ასე წარმოსთქვამდა ხოლმე თავის ხანგრძლივ საუბრებს, მოუხდეს მას მოწაფენი მისნი: მარტო თორმეტი კი არა, არამედ ყველა, ვისაც კი სურდა მოესმინა მისი სწავლებისათვის. ხალხი მშვიდად და კეთილად მოეწყო მთის მწვანე კალთაზე, და აღიღო პირი თვისი, - იგი ასწაულიდა პირის გაღების გარეშეც, საკუთარი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით; თავის დროს მან გაახსნევინა ბაგენი წინასწარმეტყველებს, ეხლა კი თავად გახსნა ისინი, რომლის მიღმაც როგორც ბრძანებს მოციქული „რომელსა შინა არიან საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ (კოლ. 2,3). - თავიდან სიტყვით მან მიმართა მოწაფეებს, მაგრამ ისე წარმოსთქვა, რომ მისი სწავლა სხვა მსმენელთათვისაც შეიქმნა სასურველი, ამიტომ მან ყველას მიმართა თავისი საკვირველი სიტყვები, ვისაც კი სურდა მოსმენა მათი.

ასწავებდა მათ და ეტყოდა ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ნეტარნი ისინი კი არ არიან, რომელნიც ქვეყნიური საფასის უქონლობით არიან ღატაკნი, ცხოვრობენ უნუგეშოდ და დახმარებას გამოითხოვენ ქრისტეს მოყვარეთაგან; იმათი სიღარიბე შეიძლება იყოს სიზარმაცით, ან მოუქნელობით. - არც ისინი არიან ნეტარნი, რომელნიც ხალხის წინაშე იმდაბლენ თავს მოსაჩვენებლად და უნებურად; - ნეტარნი არიან „გლახაკნი სულითა“, გულით მდაბალნი, - ისინი, რომელნიც თავიანთ თავს ყველა ცოდვილზე უარესად თვლიან, რომელნიც თვიანთ თავში ვერაფერს ხედავენ ცოდვისა და საკუთარი უმწეობის გარდა, ხვდებიან სისუსტეს ადამიანური გონებისა და უბრალო გულით სჯერათ ღვთის სიტყვა; რომლებიც გრძნობენ თავიანთ დაუცველობას და ამიტომაც მარად ისწრაფიან უფლისაკენ და მადლიან შეწევნასაც გამოითხოვენ მისგან, ისე როგორც ღატაკნი მდიდართაგან. ასეთი ღატაკნი შეიძლება იყვნენ როგორც ღარიბები, ისე მდიდარნიც: ღარიბები, როცა ღვთისადმი მადლიერებით ეწევიან თვიანთი სიღარიბის სიმძიმეს, შეძლების მიხედვით შრომობენ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, მოყვასს სთხოვენ დახმარებას; მდიდარნი კი - როცა ისინი მეუფეებად კი არ მიიჩნევენ თავს, არამედ ზედამხედველებად ქვეყნიური სიმდიდრისა, ღმერთმა რომ მიანდო მათ; თავიანთი სიმდიდრით არ ამაყობენ და ამ სიმდიდრეს ღვთის დიდებისა და მოყვასის სასიკეთოდ იყენებენ. მდიდარი იყო აბრაამი, მაგრამ თავის თავზე ამბობდა: „მე მტვერი ვარ და ნაცარი“ (შექ. 18,27), მეფე იყო დავითი, მაგრამ სიმდაბლით მიმართავდა ღმერთს: „ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“ (ფს. 21, 6). ასე მდაბალნი გულით, - მდიდარნიც და ღარიბნიც, უბრალონიც და ბრძენნიც, მონანიცა და თავისუფალნიც. - ყველა, ვინც კი მოიპოვა სიმდაბლის სათნოება, ჭეშმარიტად ნეტარია, რადგან მათ ეკუთვნით სასუფეველი კაცთა. „გული შემუსვრილი, სული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფს. 50). დედამიწაზე ყოფნისასვე, ისინი შეიგრძნობენ გულში მადლიან სიმშვიდესა და სიხარულს, რაზეც ამაყ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ. მომავალ ცხოვრებაში კი მათ ელით ზეციური სამეფო, ქვეყნის შექმნიდან რომ არის გამზადებული. ჭეშმარიტად, ღვთისათვის არაფერია თავმდაბლობაზე უფრო ძვირფასი.

წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სიმდაბლეს შეუძლია გადაარჩინოს კაცი, თუმცა სიძნელით. სიმდაბლის გარეშე კი ხსნა არ არის, რადგანაც არცერთი კეთილი საქმე მის გარეშე არ არის ღვთისათვის მოსაწონი და ადამიანის გადამრჩენი. აი, რატომ შენატრის მაცხოვარი გულით მდაბალთ ყველაზე უწინ. ყველა უბედურებანი, რითაც კაცობრიობაა დათრგუნული, სიამაყისგან არის წარმომადგარი; თვით ეშმაკი შეიქმნა სიამაყით ბოროტად, ადამიანიც გაამაყდა, რომ იქნებოდა, როგორც ღმერთი, სინამდვილეში კი გახდა მოკვდავი. სიამაყე არის ყოველივე უწმინდურების სათავე, ამიტომაც ქრისტე მაცხოვარი უპირველესად ცდილობს ადამიანის გულიდან ამოძირკვოს იგი, სიმდაბლეს კი მიიჩნევს, როგორც მტკიცებას, რომელზედაც უკვე შეიძლება უსაფრთხოდ აიგოს სხვა დანარჩენი სიკეთენი. „როცა არ არის ეს საფუძველი, - ამბობს წმიდა ოქროპირი, შენ კიდეც რომ იყო გამორჩეული მარხვით, ლოცვით, მოწყალებით, სიბრძნით, რომ გქონდეს სხვა დანარჩენი სათნო საქმენიც, ყველაფერი ეს სიმდაბლის გარეშე დაირღვევა და დაიღუპება. ასე შეემთხვა ფარისეველს“. აი, სამი უმთავრესი ნიშანი ჭეშმარიტი სიმდაბლისა, რაზეც მიანიშნებს წმ. იოანე კიბის აღმწერი: პირველია, როცა სული სიხარულით ღებულობს ყოველგვარ დამცირებას, როგორც სამკურნალო საშუალებას, რამაც უნდა განკურნოს მისი ცოდვის სნეულებანი; მეორეა, როცა არაფერზე და არავიზე არ მრისხანებს; და მესამე, - როცა საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს შეიძინოს ისინი.

საჭიროა კი ღვთისათვის სათნო სიმდაბლის მაგალითების მოტანა? ყველა წმიდანი იყო თავდამბალი, მაგრამ უმაღლესი მაგალითი სიმდაბლისა ჩვენ მაინც მოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თავისი ცხოვრებით; „ისწავეთ ჩემგან“, ამბობს იგი, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. და ჰპოვოთ განსვენება სულით თქუენთა“ (მთ. 11,29). თუ მან, უცდომელმან, ასე დაიმდაბლა თავი ადამიანურად, ჩვენ ცოდვილთ გვეკუთვნის თავის ამაღლება? უდიდესი იყო სიმდაბლე მისი ყოვლადუწმინდესი დედისა: მოხედა უფალმა, - ამბობს იგი თავის თავზე, - „სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა“ (ლკ. 1,48). თუ ეს, კაცობრიობის მოდგმისაგან ღვთისაგან გამორჩეული მარად ქალწული ასე მდაბლად სჯიდა საკუთარ თავს, ჩვენ ვინა ვართ, რომ საკუთარ თავზე გვქონდეს დიდი წარმოდგენა?..

ვინც შეიცნო თავისი სულიერი სიღატაკე, იგი მოუკლებლად ხედავს თავის ცოდვებს, ხედავს და ტირის მათზე, ტირის შეუჩერებლად. აი, რატომაა, რომ ქრისტე მაცხოვარი სულით გლახაკთა შემდგომ ნეტარებას მტირალთა და მგლოვიარეთ ჰპირდება: ნეტარ იყუნენ მგლოვარენი: ისინი კი არა, რომლებიც დაუცხრომელი ტირილით დასტირიან სიკვდილით ახლობელ ადამიანებთან განშორებას, ანდა ქვეყნიური სიმდიდრის, პატივისა და დიდების დაკარგვას; ისინი კი არ არიან ნეტარნი, რომელთაც თავად შეამთხვიეს თავს სიმწარე და უბედურება, არა, ნეტარნი მხოლოდ ისინი არიან, რომელნიც თავიანთ ცოდვებს დასტირიან, და მარტო საკუთარს კი არა, არამედ სხვებისასაც, როგორი მშვენიერი იყო სული ადამიანისა შეცოდებამდე! იგი ღვთის მსგავსად ბრწყინავდა, როგორც ნათელი-სახე ღვთისა; ადამიანის გული სავსე იყო სიმართლით, სიმშვიდითა სიხარულით, მაგრამ ცოდვამ წაგვართვა ჩვენ ეს სიხარული, ეს სულიერი სიმშვიდე; მან დაამახინჯა ჩვენში ხატება ღვთისა, და მოგვაშორა ღმერთს. როგორ არ უნდა ვიტიროთ ცრემლით შემუსვრილი გულით? სწორედ ეს დარდი უფალზე, - დარდი ღმერთთან განშორებაზე იქცევა ჩვენში საცხონებელ სინანულად, რასაც მივყევართ ღმერთთან. ვისაც თავისი ახლობლები უყვარს, მან არ შეიძლება არ იდარდოს იმათ ცოდვებზედაც. ასე წუხდა მოსე, როცა ებრაელებმა თაყვანი-სცეს ოქროს ხბოს; ასე ტიროდა წინასწარმეტყველი იერემია იერუსალიმის ნანგრევებზე; ასევე ტიროდა თვით მაცხოვარიც, იცოდა რა იერუსალიმის დაქცევა. აი, ასეთი მგლოვიარენი არიან ნეტარნი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ, - ნუგეშს მიიღებენ აქაც და იქაც, როგორც ძლიერი წვიმის შემდეგ ჩვეულებრივ დგება კარგი ამინდი, ასევე ცრემლებს მოყვება სიხარული და სიმშვიდე სულისა, მეფე დავითი ყოველ ღამით ცრემლებით დაალბობდა თავის სარეცელს, და სწორედ შემუსვრილი გულითა და ცრემლებით ღებულობდა მადლიან შვებას. დაუცხრომლად ტიროდა ცოდვილი ქალი ქრისტეს ფეხებთან და მას მოესმა: „მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“ (ლკ. 7,48). მწარედ ტიროდა პეტრე უფლის უარყოფის გამო და უფალიც აღდგომის შემდეგ პირეველივე დღეს ეჩვენა მას. ასე ამშვიდებს უფალი აქვე იმათ, რომელნიც თავიანთ ცოდვებს დასტირიან, მაგრამ რა შეიძლება მიედაროს იმ გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც მათ ელით ზეცას, ღვთის სასუფეველში? ოხ, როგორი საკვირველია მოწყალება ჩვენი ღმრთისა! ადამიანი დასტირის თავის ცოდვებს; მისი დამშვიდებისათვის საკმარისი იყო ცოდვების პატიება, მაგრამ უფალი მას აძლევს კიდევ ნეტარებას ზეციურ სამეფოში, სადაც თავად იგი შეუმშრალებს თვალებზე ცრემლებს მონანულ ადამიანს. „ხოლო როცა ღმერთი ანუგეშებს კაცს, - ამბობს წმ. ოქროპირი, ათასობით მწუხარებაც რომ ჰქონოდა, იგი ყველაფერს ერევა“.

თუ ვინმე იკითხავს: როგორ ვისწავლოთ ასეთი სულისათვის სასარგებლო გლოვა? წმინდა ისააკ ასური პასუხობს ამ კითხვებს: „ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ყავს, იმას განა დაჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი ასული ასვენია, იგი შენთვის მთელ ქვეყანაზე ძვირფასია: ნუთუ არ იტირებ მისთვის?“ იყვნენ ღვთის ისეთი მონებიც, რომელთაც მთელი თავიანთი ცხოვრება სინანულის ცრემლებში გაატარეს; ერთ მათგანს ძილში ეჩვენება თვით უფალი და უთხრა: „რაზე ტირიხარ და მწუხარებ?“ - „როგორ არ ვიტირო, როცა მე ასე შეურაცხგყავი, უფალო?“ - უპასუხა მან, მაშინ ქრისტე მაცხოვარმა ხელი შეახო მას და უთხრა: „ნუ დარდობ, რახან შენ თავად შეურაცხყავი შენი თავი, ამისათვის მე არ შეურაცხგყოფ შენ. მე შენი გულისათვის დავღვარე ჩემი სისხლი, ამიტომაც შეგიწყალებ შენ, როგორც ყველა მონანულ სულს...“

ვინც ჭეშმარიტად შემუსვრილია და დასტირის თავის ცოდვებს, იგი ყველა უბედურებისა და დარდისათვის ღირსად თვლის თავს, ამიტომაც სიხარულით ხვდება ყოველგვარ ტკივილს. ასეთი არავის აყენებს წყენას, არავიზე არ რისხდება; მას ყველა უყვარს, ცდილობს სხვების გულის მოგებას, თავის შეურაცხმყოფლის დამშვიდებასაც კი ცდილობს ყველანაირად. „ღმერთი იყოს მათთან“ - ამბობს იგი: „მე ჩემი ცოდვების გამო იმადაც კი არ ვღირვარ“. იგი აკურთხევს თავის მოძულეთ, მტრებისთვის ევედრება უფალს, როგორც თავისი კეთილისმყოფელებისა და ახლო მეგობრებისათვის. იგი უბრალო და მეგობრებისმოყვარეა თავის საქმიანობაში, ნაკლებადმოლაპარაკე და საუბარში თავშეკავებული. სულის ასეთ მდგომარეობას სიმშვიდე და სიწყნარე ეწოდება. - ეს არ არის გულჩვილობა, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს ადამიანი ყველაფრის მიმართ გულგრილობამდე; მღვდელთმთავარი ელი თვითონაც დაიღუპა და შვილებიც დაღუპა ასეთი სიმშვიდით. ის კი არ არის მშვიდი და უწყინარი, ვისაც საერთოდ არ შეუძლია განრისხება, არამედ ის, რომელიც გრძნობს მრისხანების მოქმედებას, მაგრამ შლის მას და მასზე იმარჯვებს. ასეთი სიმშვიდე ნაყოფია ცოდვების გამო ჭეშმარიტი სიმდაბლისა და შემუსვრილებისა.

„მშვიდ გულში, - ამბობს წმ. იოანე კიბის აღმწერი, - უფალი მკვიდრდება, ხოლო მეამბოხე სული საყუდარია ეშმაკისა“. - მშვიდი ადამიანი ყველაფერში ეყრდნობა ღმერთს; მძიმე განსაცდელების ჟამსაც, იობის მსგავსად, აკურთხევს ღვთის სახელს. აი რატომ შენატრის ასეთებს თავად გულით მშვიდი და მდაბალი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ნეტარ იყუნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანა. როცა უფალმა მოგვცა ეს მცნება, მაშინ მთელს ქვეყანას ფლობდნენ ურწმუნო წარმართები; დიდხანს და დაუნდობლად დევნიდნენ შემდგომში ქრისტიანებს ისინი, ქრისტეს მიმდევარნი ეწამებოდნენ, ბოროტებაზე პასუხობდნენ სიკეთით, ლოცულობდნენ მტრებისათვის და - გაიმარჯვეს. ასე აღსრულდა მშვიდობისმოყვარეებზე ღვთაებრივი სიტყვა ქრისტესი. იგი სრულდება დღესაც; უფალს უყვარს მშვიდი და კეთილი ადამიანები. თუ ასეთსას შეემთხვევა რაიმე უბედურება, მას სწრაფად უწევენ დახმარებას, ვიდრე ამაყსა და ჭირვეულს. თავად უფალი ბრძანებს: „ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ის. 62,2). მაშასადამე, მშვიდი ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არის, ქრისტე მათ პირდება ქვეყნის დამკვიდრებას:

აქვს კი მას ძალა თავისი აღთქმის შესასრულებლად? თუ მისი გამოუკვლეველი განგებულებით, შენ რაღაც წაგერთმევა, მაშინაც არ უნდა მოიწყინო მარტომ ამ ცოდვილ ქვეყანაზე. როდი ამბობს უფალი: იგი მშვიდთ პირდება „ცოცხალთა მიწასაც“, რომელზედაც მართალნი „დაემკვიდრებიან უკუნითი უკუნისამდე“ (ფს. 36,29), არამედ იმ ახალ მიწას, სადაც მუდამ იცოცხლებენ და არ მოკვდებიან. აი, სად არის ჭეშმარიტი, წაურთმეველი ქონება მშვიდთა - ზეციური მამის მარადიულ სამეფოში. შენც, მშვიდო ქრისტიანო, იქ ასწილად იპოვი იმას, რაც აქ დაგიკარგია. წმიდათა ცხოვრებაში მრავალი მაგალითი შეიძლება ამოვიკითხოთ მათი სიმშვიდისა და უბოროტებისა. თითოეული მათგანი მზად იყო თავისი შეურაცხმყოფელისათვის ეთქვა, როგორც წმიდა მღვდელთმთავარმა ტიხონმა უთხრა მას, რომელმაც ყბაში გაარტყა: „შემინდევ, ღვთის გულისათვის რომ აქამდე მიგიყვანე შენ“.

რაც უფრო მეტად შეიცნობს კაცის სული თავის ცოდვებს, მით უფრო ხედავს, რომ ღმერთთან „არა განმართლდეს ყოველი ხორციელი“ (რომ. 3,20), რომ ყოველი ჩვენი სიმართლე, იგივეა რაც არაწმიდა ძონძი მის წინაშე; ამასთან სინდისი ითხოვს სჯულის შესრულებას, სულს სწყურია და ეშურება ღვთის სამსჯავროზე გამართლებას, ისევე, როგორც მშიერი ეხარბება პურს, ან მწყურვალე წყალს. და აი, გულის სიღრმიდან გამოდიან ღვთისადმი შემდეგი სიტყვები: „უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ და „ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (ფს. 129,3; 142,2); როგორი ბედნიერები არიან ისინი, ვისაც აქვს ეს წყურვილი! ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს: ნეტარ იყუნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს. - ისინი კი არ არიან ნეტარნი, რომელთაც შიათ პური და სწყურიათ წყალი, რადგან პურისა და წყლის მიღება ნეტარება ჯერ კიდევ არ არის; ნეტარნი არ არიან ისინი, რომელთაც შიათ ქვეყნიერი ბედნიერება, პატივი, სიმდიდრე, ამაო, უსარგებლო ცოდნა; ყოველივე ამაში არ არის ნეტარება ადამიანის სულისა; - ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლისათვის, ესენია: სათნოებები, ქრისტეს მცნებების შესრულება, გამართლება ღვთის წინაშე. უფალმა არ თქვა უბრალოდ: რომლებიც ეძებენ, არამედ თქვა - რომლებიც ითმენენ შიმშილსა და წყურვილს, ანუ ძალის დატანებით ეძიებენ ღვთის სიმართლეს, ეძებენ სიმართლეს თავიანთ თავში, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობენ, რომ სხვებმაც იცხოვრონ ქრისტეს მცნებებით. ღვთის ნება - აი, ის საზრდო, რასაც არიან ისინი მოშიებულნი. სწორედ ამ საზრდელზე ამბობს უფალი: „ჩემი ჭამადი არს, რათა ვჰყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი“ (ინ. 4,34). მაგრამ ეს სიმართლე შეიძლება შეიცნოს კაცმა მხოლოდ ღვთის სიტყვიდან, ამიტომაა ღვთის სიტყვა უხრწნელი საზრდო სულისა. როგორც ამბობს უფალი: „არა პურითა ხოლო ჰსცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მთ. 4,4). ღვთის ნება რომ შევასრულოთ, არ კმარა მისი ცოდნა: საჭიროა გვქონდეს ძალა მის შესასრულებლად. ეს მადლიანი ძალები კაცს ეძლევა ეკლესიური საიდუმლოებებიდან. ამიტომ ნეტარნი არიან მშიერნი და მწყურვალენი იმ პურისა და სასმელისა, რომელზედაც ქრისტე ამბობს: „მე ვარ პური ცხოველი... ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს“. (ინ. 6,51-55). „მიიღეთ და ჰსჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი... და ჰსუთ ამისგან... ესე არს სისხლი ჩემი“ (მთ. 26,26-27). ეს ზეციური პური ჭეშმარიტად ამტკიცებს კაცის გულს და ანიჭებს უნარს მცნებათა შესასრულებლად.

მაგრამ ადამიანი, მაინც უძლურია, - მას ყოველი დადგენილი კიდეც რომ შეესრულებინა, ეს იქნებოდა მხოლოდ მოვალეობის მოხდა და არა დამსახურება, ამიტომ მთელი იმედი ღვთის სასმსჯავროზე გამართლებისა უნდა ჰქონდეს ქრისტე მაცხოვარზე, რომელსაც ადამიანი უერთდება მის ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოებებთან ზიარებით. ასე აღსრულდება მასზე ქრისტეს სიტყვები: „ნეტარ იყუნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“, რამეთუ იგინი განჰსძღნენ. ისინი ნაწილობრივ ძღებიან აქაც, ამ ცხოვრებაში, ქრისტეს მადლის მიღებით, მაგრამ სრულად გაძღებიან იქ, მომავალ ცხოვრებაში, როგორც ამბობს დავითი: „განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა“ (ფს. 16,15). „არღარა მოემშიოს მათ მერე, არცა მოეწყუროს მერე“ (გამ. 7,16).

ვინც იცის საჭიროებათა შესახებ, ვინც საკუთარ თავზე გამოცდით იცის, თუ როგორ სჭირდება კაცს ღვთისაგან წყალობა, იგი მზადაა დაეხმაროს სხვებს. ვისაც შია და სწყურია სიმართლე, იგი თავადვე შეეცდება მართლად იმოქმედოს თავისი შესაძლებლობების მიხედვით, შეეწიოს მოყვასს, რითაც კი შესძლებს. „სხვადასხვაგვარია მოწყალებათა სახეები, - ამბობს წმ. ოქროპირი, - და ფართოა ეს მცნება“. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეეძლოს მოწყალების გაცემა მოყვასისათვის, ამიტომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც არ შეეძლოს მოწყალე ღმერთის მიერ აღთქმული ნეტარების მოპოვება. ამიტომაც ამბობს უფალი: ნეტარ-იყუნენ მოწყალენი. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც მოყვასს, ანუ ახლობელს უწევენ როგორც ხორციელ ისე სულიერ დახმარებას. ნეტარნი იქნებიან, რომელნიც მშიერთ აპურებენ, მწყურვალთ - ასმევენ, შიშველთ შემოსენ, უცხოებს ღებულობენ, სნეულებსა და საპატიმროში მყოფთ ნახულობენ და ნუგეშსა სცემენ. ნეტარნი იქნებიან, რომლებიც ობლებს გამოკვებავენ, ქვრივებს დაეხმარებიან, მოხუცებსა და დავრდომილებს უპატრონებენ! ნეტარ არიან, რომლებიც გზააბნეულთ ჭეშმარიტ გზაზე აყენებენ, ურწმუნოებს რწმენაზე მოაქცევენ, ჭეშმარიტების ვერმცნობელთ, ასწავლიან სიკეთეს და განსაცდელებს არიდებენ, კეთილ რჩევებს აძლევენ, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობენ და წყენას გულით პატიობენ! ნეტარ არიან, რომლებიც ტირიან მტირალებთან, გულით თანაუგრძნობენ უბედურებაში მყოფთ, მათ ვინც ცოდვებით არიან დამძიმებულნი! ნეტარ არიან ისინი, რომლებიც უყურადღებოდ არ ტოვებენ მიცვალებულებსაც კი: ღატაკებს ქრისტიანულად კრძალავენ, მოწყალებას გასცემენ მიცვალებულთა სულებისათვის, ყველას იხსენებენ წირვა-ლოცვებში: ეს მოწყალება არის ყველაზე უანგარო, ყველაზე სუფთა და ყველაზე წმიდა! არავის და არასდროს ისე არ სჭირდება მოწყალება, როგორც ეს ესაჭიროება მიცვალებულთა სულებს. ასე, ნეტარნი იქნებიან ყველა ასეთი მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ ღვთისაგან. ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, დღეს კი თვითონ ჩავარდა გასაჭირში მას ხალხიც ხალისით ეხმარება; და ადამიანებსაც რომ დაევიწყებინათ ეს, უფალი მის სიკეთეს მაინც არ დაივიწყებს: ღვთისაგან შეწყალება და კაცთა მოწყალება, როგორც ამბობს წმ. ოქროპირი, ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც სიკეთე და ბოროტება. თვით უფალი დაიცავს და შეიწყალებს ასეთებს ჭირსა და უბედურებაში: - „დღესა ბოროტსა იხსნას იგი“, არ მისცემს მას მტრებს ხელში, დაეხმარება „ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა“ (ფს. 40,2-4). იგი, საშინელ სამსჯავროზე უდაოდ გამოაჩენს თავის მოწყალებას მოწყალეებზე: მოყვასისათვის გაწეულ ყოველგვარ სამოწყალო საქმეებს, იგი თავისად მიიღებს და ამიტომ იმათ, როგორც კურთხეულებს, ისე მოუწოდებს თავისი ზეციური მამის სამეფოში. მაგრამ სამსჯავრო მაშინ იქნება შეწყალების გარეშე!

საჭიროა კი მოყვანა ამ უდიდესი ქრისტიანული სათნოების მაგალითებისა? ვინ არ იცნობს საკვირველ ცხოვრებას ისეთი დიდი მოწყალე ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ მართალი ფილარეტი, წმინდა მღვდელმთავარი იოანე მოწყალე და სხვები? საკმარისია აქ მოვიტანოთ ერთი იმათთაგანის, ღირსი მამა აღათონის სიტყვები: „მე რომ შემხვედროდა კეთროვანი და შემძლებოდა მისთვის მიმეცა ჩემი სხეული, ხოლო მისი დამეტოვებინა ჩემთვის, მე ამას გავაკეთებდი სიყვარულით“. ასე რომ, ცოდვილო კაცო, მშიერი და მწყურვალი შეწყალებულია ღვთისაგან! დამშვიდდი, აი შენი გზა შეწყალებისა: დაეშურე მოყვასს გაუკეთო სიკეთე, თუნდაც მცირეოდენი, რაც შეგიძლია, და ღმერთი ამისთვის მოგაგებს დიდ წყალობას! „ღატაკი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი“...

ყოველი სათნოება უფალთან გვაახლოებს, მაგრამ უმაღლესი ნეტარება იმაში მგომარეობს, რომ ვუმზერდეთ ღმერთს, გადავაქციოთ ჩვენი გული წმინდა სულის მადლის სამკვიდრებლად, ღვთის სამყოფელად, როგორც თქვა ქრისტემ: „მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“ (ინ. 14,23). ამისთვის საჭიროა გული გავწმინდოთ ვნებათაგან. როგორც სარკე, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - მხოლოდ მაშინ გვაძლევს ზუსტ გამოსახულებას, როცა იგი სუფთაა, ისევე ღმერთის შეცნობა და საღვთო წერილის გაგება შეუძლია მხოლოდ წმინდა სულს. - ზოგჯერ, აქვს ადამიანს მოწყალება, მაგრამ თვითონ არაწმინდად ცხოვრობს და ამიტომაც ვერ ჭვრეტს ღმერთს. ჩვენ გულები ყოველგვარი არაწმინდებითა გვაქვს სავსე; მაგრამ ვხედავთ კი ყოველივე იმას, რაც გულებში გვაქვს?.. აი ამიტომ ლოცულობდა მეფე დავითი: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმინდე მე“ (ფს. 18,12). აი, რატომ ამბობს მართალი იობიც: „ვინ შექმნის წმინდას უწმინდურისაგან“ (იობ. 14,4). „გულისაგან“, ამბობს გულთამხილველი, „გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცისკლუანი, მრუშებანი, სიძუანი, პირვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა“ (მთ.15,19-20). შენ შეიძლება არ მოგიკლავს კაცი, მაგრამ გულში დაღუპვა გისურვია მისი: იცოდე, რომ ამ ბოროტ ფიქრსაც კი, უფალი უწოდებს მკვლელობას. იგივე იფიქრე ყოველგვარ ცოდვიან სურვილზე. ადამიანი სახეში უყურებს, ღმერთი კი - გულში. ადამიანი სჯის მხოლოდ საქმეებს, ღმერთი კი - შინაგან გულისთქმებსაც. „შვილო, მომეც მე გული შენი“ (იგავ. 23, 26) - ამბობს უფალი. როგორც მისცემ უფალს შენს გულს, თუ იგი არაწმინდაა და ცოდვილი გულისთქმებითა და სურვილებითაა აღვსილი? ალბათ იკითხავ: შესაძლებელია კი, რომ სრულიად განიწმინდოს კაცმა გული? - რადგან ქრისტე მცხოვარი ამას ჩვენგან თხოულობს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია. გესმის? ქრისტე ამბობს: ნეტარ იყუნენ წმინდანი გულითა. „შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმერთისა მიერ“ (ლკ. 18,27). „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მრკ. 9, 23). მართალია, ძალზედ დიდი შრომა და გმირობა მოუწევს მას, ვინც ისურვებს საკუთარი სულის განწმენდას, მაგრამ ამისათვის ჯილდოც დიდია: რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. აბა დაფიქრდით: „თუ კი, - როგორც ამბობს მღვდელმთავარი ილია, - ღვთის უწმიდესი სახე ერთი წუთითაც რომ დაფარულიყო მართალთა თვალთათვის, თვით სამოთხეც კი ჯოჯოხეთად იქცეოდა მათთვის, და თუ ჯოჯოხეთში მყოფთ ერთი წუთით ეჩვენებოდა იგი, თვით ჯოჯოხეთიც კი სამოთხედ იქცეოდა მათთვის“. - იკითხავ: როგორღა არის ნათქვამი: „ადამიანს არ ძალუძს ჩემი დანახვა“? ეს სიტყვები იმას აღნიშნავს, რომ ადამიანს ღვთის არსის შეცნობა არ შეუძლია, მაგრამ გულით წმიდანებს აქვე, დედამიწაზე, თავიანთსავე გულში, შეუძლიათ ღვთის ჭვრეტა, ანუ განცდა უხილავი ღმერთის მადლიანი სიახლოვისა; ისინი ხილული თვალითაც კი შეამჩნევენ ღვთის გამოცხადების ზოგიერთ ნიშანს: ისე, როგორც სამოთხეში მყოფ ადამიანს, რომელსაც გული ჰქონდა წმინდა, ღმერთი ეცხადებოდა და როგორც კეთილი მამა ესაუბრებოდა მას. ღმერთი გამოეცხადა აბრაამსაც სამი მოგზაურის სახით, მოსეს მაყვლოვანში, ილიას ქარის ნელ ბერვაში და სხვა. მაგრამ ყველა ეს გამოცხადება მხოლოდ აჩრდილია იმისა, რასაც მართალნი იხილავენ მომავალ ცხოვრებაში: „ეხლა ჩვენ ვხედავთ“, - ამბობს მოციქული პავლე, - „რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირის-პირ“ (1 კორ. 13,13), - მაშინ „ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს“ (1 ინ. 3,2).

როგორი დიდებულია ეს ნეტარება, შეიძლება განვსაჯოთ იმის მიხედვით, რაც განიცადეს მოციქულებმა თაბორის მთაზე: „კეთილ არს ჩუენდა აქ ყოფა“ (მთ. 17,4), - ამბობდა ყველა იმათ მაგივრად მოციქული პეტრე. მაგრამ თუ ეს ნეტარება ასეთი სანუკვარია, როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი? როგორ განვიწმიდოთ გული ვნებებისაგან? - ღმერთმა ამისათვის მოგვცა თავისი მადლიანი საშუალება: ეს არის საიდუმლო ნათლობისა, სინანული და ქრისტეს წმიდა საიდუმლო - ზიარება; ისარგებლე ამ მხსნელი საშუალებებით და გაისარჯე თავადაც: მშვიდად შეასრულე ღვთის მცნებანი, კეთილკრძალულებით იკითხე ღვთის სიტყვა, ყოველნაირად მოიცილე თავიდან ყოველგვარი ცოდვილი განზრახვა: ყოველი მისი შემოტევა მოიგერიე უძლეველი იარაღით - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მხსნელი სახელის ხშირი მოწოდებით, - ამ იარაღზე უფრო მეტს ვერაფერს მოიძიებ ვერც ზეცაში და ვერც დედამიწაზე, როგორც ამბობენ წმინდა მამები, და კიდევ - მოითმინე მწუხარებანი, რასაც ღმერთი გამოგიგზავნის, ყველაფერი მიიღე ღვთისადმი მადლიერებით, როგორც სამკურნალო მალამო შენი ცოდვების ჭრილობებისა. იშრომე ასე და გახსოვდეს „სასუფეველი ცათა იიძულების“ ( მათ. 11,12). ე.ი. თვითძალისდატანებით მოიპოვება, რომ იგი „არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით“ (ლკ. 17,20); უფალი შენთან მოვა, უგრძნობლად, როგორც ამბობს ღირსი ისააკ ასური, მხოლოდ მაშინ, როცა შენს გულში მისთვის ადგილი იქნება სუფთა და შეუბღალავი.

როცა განიწმენდ გულს ყოველგვარი ცოდვისაგან და იქცევი, როგორც ამბობს ღირსი მამა ბარსაფონი დიდი, „საკუთარი გულის მშვიდობისმყოფელად“, მაშინ შესძლებ უკვე სხვათა დამშვიდებასაც და მტრების შერიგებას. აი რატომაა, რომ ქრისტე მაცხოვარი, გულით წმიდათა ნეტარების შემდგომ შენატრის მშვიდობისმყოფელებსაც: ნეტარ იყუენ მშვიდობის-მყოფელნი თავად იგი, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე სწორედ იმისათვის მოვიდა დედამიწას, რომ შეერიგებინა ღვთიური სიმართლე ღვთის მოწყალებასთან, რათა დაეყუჩებინა ზეციური მამის ჩვენზე სამართლიანი რისხვა, ამიტომ იგი უდიდესი მშვიდობისმყოფელია, „თავადი მშვიდობისა“, როგორც მას უწოდებს ძველი წინასწარმეტყველი (ისაია 6,9). ჯვარზე დაღვრილი სისხლით მან ყოველივე დაამშვიდა როგორც ზეცას, ისე დედამიწას (1 კორ. 14, 33). ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რომელთაც დამშვიდებული სინდისი აქვთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, რომლებიც პირველნი ეძიებენ შერიგებას და ლოცულობენ თავიანთი მტრებისთვისაც; ისინი „მშვიდობის მოძულეებსაც“ (ფს. 119, 6) კი უსურვებენ მშვიდობას, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, რომელსაც ზედმეტი და უსარგებლო სიტყვის თქმაც კი აშინებდა, რათა იმით მოყვასისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ნეტარნი არიან, რომელნიც მთელი ქვეყნის მშვიდობას შესთხოვენ უფალს, და მტრულად განწყობილთ არიგებენ ერთმანეთთან, მშვიდობასა და სიყვარულს ამკვიდრებენ ყველგან. ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც ცოდვილებს სინანულისაკენ მიაქცევენ, და არიგებენ უფალთან; ნეტარნი არიან, რომელნიც ურწმუნოებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოაქცევენ. ეკლესიის ურჩ შვილებს - სექტანტებსა და განხეთქილებათა შემომტანებს არიგებენ თავიანთ მშობელ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ყველა ეს მშვიდობისმოყვარენი ემსგავსებიან თვით ღვთის ძეს, - ჩვენ უფალ იესო ქრისტეს: აი ამიტომ პირდება მათ ასე დიდ საბოძვარს: რამეთუ იგინი ძედ ღმრთისაგან იწოდნენ; მარტო სახელით კი არა, არამედ სინამდვილეში მადლით იქნებიან ღვთის შვილნი. „იხილეთ“, ამბობს ქრისტეს საყვარელი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ“ (1 ინ. 3,1), რა შეიძლება ადამიანს ამაზე მეტი მიეცეს? რა შეიძლება საკუთარი თავისთვის კაცმა ამაზე მეტი ისურვოს?