მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


პირველი მოციქულების მოწოდება
მათე 4, 18-24

კაპერნაუმში ყოფნის პირველივე დღეებში იესო ქრისტემ მოუწოდა მოციქულებს: პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს: საჭირო იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ მოწმენი მისი ცხოვრებისა, სწავლებისა და სასწაულებისა, მის ზეცაში ამაღლებამდე. და იქცეოდა რა იესო ზღვის კიდესა მას გალილეასასა, გვიყვება მახარებელი, - უფალმა იცოდა, რომ იმ დროს, მის მომავალ მოციქულთაგან ოთხი, დაკავებული იყო თევზის ჭერით, და მივიდა მათთან, რათა მოციქულებად გამოერჩია: იხილნა ორნი ძმანი, სვიმონ, რომელსა ეწოდა, - რომელსაც უფალმა უფრო ადრე, პირველი შეხვედრისთანავე უწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაი მისი, რომელსაც ეკლესიამ უწოდა პირველწოდებული, ითხევლიდეს რა სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყუნეს მესათხევლე. - მოწოდებულნი იყვნენ ღარიბები, უბრალონი და უსწავლელნი: აი, როგორი ხალხიდან გამოირჩია უფალმა თავისთვის პირველი მოციქულნი; ვერც ერთი ბრძენი ვერ მოიწონებს უფლის წინაშე თავს სიბრძნით.

და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყუნე თქუენ, მესათხევლე კაცთა. ქვეყანა მთელი თავისი ამაოებით, იგივეა, რაც ბობოქარი ზღვა; ადამიანთა სულები კი იგივეა, რაც ცხოვრებისეულ ზღვაში თევზები. ბადე, რითაც მოციქულნი იჭერდნენ ხალხს, ეს არის წმიდა სახარება. როგორც მებადურს ბადით ზღვიდან თევზი გამოყავს, ასევე მოციქულთაც, ქრისტეს სახარების ქადაგებით, კაცთა სულები ამოყავთ ცოდვის ამაოებისაგან, ურწმუნოების უფსკრულიდან, ქრისტეს მადლმოსილ ხომალდში, ანუ ღვთის წმიდა ეკლესიაში, რომელმაც უნდა მიიყვანოს ისინი ბრწყინვალე ზეციურ სამეფოში. ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვინც ქრისტეს ბადეშია მოყოლილი და მართლმადიდებლური ეკლესიის დიდ ხომალდშია მოქცეული. ზეციური მესაჭე არ დაუშვებს, რომ იგი მოხვდეს უბოროტესი გველის ყბაში, თუ კი იქნება ქრისტეს ხომალდზე, ანუ არ მიატოვებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და არ მოხვდება განხეთქილებასა და ერესში. - მაგრამ მიხვდნენ კი მეთევზე-მოციქულები, თუ რას ნიშნავდა ეს დაპირება ქრისტესი - გაეხადა ისინი ადამიანთა მონადირენი? - საეჭვოა ეს... თუმცა, ისინი არ ჩაფიქრებულან ერთი წუთითაც კი, არ შეყოვნებულან მცირე ხნითაც, რათა ვინმესთვის გადაებარებინათ თავიანთი სათევზაო ბადენი, რომ არ დაკარგულიყო ისინი: მათ ყველაფერი დაყარეს და მთელი მონდომებით, მაშინვე გაყვნენ იესოს: ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადეი მათი და შეუდგეს მას. ასეთია იესოს ღვთაებრივი სიტყვის ძალა. დიდი იყო ასევე მათი რწმენია ქრისტეს მიმართ: მართალია მათ მოუწოდა მაცხოვარმა, მაგრამ ძალა არ დაუტანებია; შეეძლოთ არ გაყოლოდნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ, და ეს გააკეთეს მაშინვე. აი, ასეთ მორჩილებასა და მიყოლას ითხოვს ქრისტე ჩვენგანაც, რათა ჩვენც ერთი წუთითაც არ გადავდოთ ის, რასაც უფლის კანონი ითხოვს ჩვენგან. და როგორც მაშინ უთხრა მოციქულებს: „მოვედით და შემომიდექით მე“, ეხლაც ისევე მოგვიწოდებს ყველას თავისკენ: „მოვედით ჩემდა ყოველნი“... (მთ. 11,28). თუ შენც, ქრისტიანო, გაიგონებ ღვთის სიტყვას, ან შენი სინდისის ხმას, რომელიც გიხმობს ლოცვის ან კეთილი საქმისაკენ, ღვთისათვის რომ არის მოსაწონი, ირწმუნე, რომ ეს უხილავად ქრისტე მოგიახლოვდა, გიმზერს და გიხმობს შენ. - მოციქულები შეუდგნენ ქრისტეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი გახდნენ ქრისტეს მოუცილებელი თანამგზავრნი, მის მოწაფეებად იქცნენ, და მის წმიდა ნებას მთელი გულით მიენდვნენ. მათთან ერთად გაუყვა იგი ზღვის ნაპირს.

და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმაი მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, განრააგდებდეს ბადეთა მათთა. მათ არაფერი გააჩნდათ, რომ ეყიდათ ახალი ბადე, ამიტომაც ძველს, დაწყვეტილ ბადეს აკერებდნენ. ასეთ სიღარიბეში იაკობი და იოანე თავიანთი ალალი შრომით თავს ირჩენდნენ და ძმური სიყვარულით დაკავშირებულნი, თავიანთ მოხუც მამას არ ტოვებდნენ და მას, როგორც მოსიყვარულე შვილები, ისე ემსახურებოდნენ. მათი კეთილმსახური დედა სალომეა, შემდგომში თვითონაც დაყვებოდა უფალს და ემსახურებოდა სხვა წმიდა დედებთან ერთად. და უწოდა მათ - იესომ, რა თქმა უნდა, იგივე უფლების სიტყვებით მოუხმო მათ; „შემომიდექით მე“. იგი იმასაც კი არ შეპირებია მათ, რასაც შეპირდა სვიმონსა და ანდრეას; მაგრამ ისინიც, თავიანთი მეთევზე მეგობრების მსგავსად, უყოყმანოდ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე, შეუდგნენ მაცხოვარს. ამასთან ერთად, ისინი უნდა დაშორებოდნენ მეთევზის ბადეზე უფრო ძვირფასს, - თავიანთ მამას, მაგრამ ეს მშობლიური გრძნობაც კი წინ ვერ აღუდგა ღვთის მაცხოვნებელ სიტყვას: მათ მეყსეულად დაუტევნეს ნავი და მამა მათი, და მიჰსდევდეს მას.

უნდა აღინიშნოს, რომ უფალი არ ეუბნება მოციქულებს: „მიატოვეთ ბადე, დატოვეთ ნავი და თქვენი მამა“, არამედ უთხრა: „შემომიდექით მე“ (მკ. 1,17). მაგრამ როცა კი მოიწადინებენ ამის შესრულებას, მაშინღა მიხვდებიან, რომ ამისათვის მათ უნდა დაეტოვებინათ მამაცა და ბადეც. მაშასადამე: ვისაც სურს ნამდვილად იყოს ზეცის გზაზე, მისთვის აუცილებელია დათმოს ყოველგვარი ქვეყნიური მიჯაჭვულობანი, ყველაფერი, რაც დაბრკოლებაა სულის ცხონებისათვის. „აი შემთხვევა, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, - როცა უნდა დატოვო მამა: როცა იგი გეწინააღმდეგება სათნოებებსა და ღვთის გულის მოგებაში“. უნდა გწამდეს, რომ ზეციური მამა, მისი ნებისადმი შენი კეთილი მორჩილებისათვის, მარტო შენ კი არ აგიყვანს ზეცას, არამედ შეუძლია შენი მოწინააღმდეგე ქვეყნიური მამაც მოსდრიკოს ზეცისაკენ რწმენით. - ამრიგად, მოისმინეს რა ღვთის ხმა, ახლადმოწოდებული მეთევზე-მოციქულები გამოეთხოვნენ ტბას, ყველა თავიანთ უწინდელ საზრუნავს, მამას და შეუდგნენ მაცხოვარს. შეიძლება ითქვას, რომ მათი თევზსაჭერი ნავი იყო აკვანი ქრისტიანობისა, მისი სახვევებით - ბადით.

და მოვლიდა იესო ყოველსა გალილეასა, ყოველი ადგილი მოიარა ამ კუთხისა, რათა ხალხს შეწეოდა სხვადასხვა სულიერი და ქვეყნიური ნუგეშით. მოწაფენი კი არ იკრიბებიან მასწავლებელთან, რომელიც მათ ესაჭიროებათ, არამედ მასწავლებელი დაიარება ყველგან, რათა შეკრიბოს მოწაფენი. ავადმყოფები კი არ ეძიებენ მკურნალს, რათა იღონ მისგან კურნება, არამედ მკურნალი ეძებს ავადმყოფთ, რათა განკურნოს ისინი. ჭეშმარიტად, როგორც თვითონ თქვა „ძე კაცისა არა მოვიდა, რათამცა იმსახურა, არამედ მსახურებად“ (მთ. 20,28). და ეწეოდა გალილეაში მსახურებას ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა, ე.ი. იქ, სადაც დღესასწაულზე იკრიბებოდნენ ებრაელნი სალოცავად, და ღვთის სიტყვის წასაკითხად და მოსასმენად. სინაგოგები ებრაელთათვის თითქმის იგივე იყო, რაც ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ღვთის ტაძრები, ოღონდ მსხვერპლის შეწირვა არ შეიძლებოდა სინაგოგაში, - მსხვერპლი ღვთისადმი უნდა შეწირულიყო მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში. ქრისტე მაცხოვარი ყოველ შაბათს მიდიოდა სინაგოგაში, აქ ლოცულობდა იგი, როგორც ყველა კეთილგონიერი ისრაელთაგანი, რითაც მოგვცა მაგალითი იმისა, რომ მარტო სახლში ლოცვა არ კმარა, არამედ სალოცავად უნდა მივიდეთ ღვთის ტაძარში, განსაკუთრებით კი ეკლესიაში უნდა დაენახათ, რომ იგი არ იყო სჯულის წინააღმდეგი, რომ იგი მონდომებით ასრულებდა მის მცნებებს; ებრაელებს უშუალოდ მისგან შეეძლოთ მოესმინათ, რომ იგი არ იყო მოსეს წინააღმდეგი, რადგან ლოცვის შემდეგ, მაცხოვარი გაცხადებით ასწავლიდა ხალხს, - ჰქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა, ახარებდა სასიხარულო უწყებას, რომ დადგა დიდხანს ნანატრი დრო, რაზეც წინასწარმეტყველებდა მოსე და ყველა წინასწარმეტყველი, რომ ზეციური სასუფეველი იწყება დედამიწაზე. უხილავია ღვთის ეს სამეფო, რომელზეც ამბობდა მაცხოვარი; არასოდეს ჰქონდათ მსგავსი რამ ებრაელებს მოსმენილი.

და აი, რათა დაერწმუნებინა ისინი თავისი ღვთაებრივი სწავლების ჭეშმარიტებაში, მან ნათქვამი სიტყვების დამოწმება იწყო საკვირველი სასწაულებით. და განჰკურნებდა ყოველსა სენსა, ყოველგვარ ძველ და უკურნებელ სატკივარს, და ყოველსა უძლურებასა, ყოველგვარ სისუსტეს, ერსა შორის. სწრაფად გავრცელდა ხალხში ცნობა ახალი სასწაულმქომედი წინასწარმეტყველის გამოჩენაზე: და განითქუა ამბავი მისი, მისი დიდების შესახებ, ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა, რომის იმპერიის მთელ იმ მხარეში, რომელიც გადაჭიმული იყო მდინარე ევფრატიდან ხმელთაშუა ზღვამდე, და მცირე აზიის მიწებიდან, არაბეთის უდაბნოებამდე და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა, თითო-სახეთაგან სენთა, და გუემითა შეპყრობილთა, და ეშმაკეულთა, - მიყავდათ მასთან შეპყრობილნი ბოროტი ძალებისაგან, ღვთის დაშვებით რომ ეუფლება ხალხს მათი არაწმიდა და ცოდვილი ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით კი სიამაყისა, და მოუნანიებლობისთვის, ძლიერ რომ ტანჯავენ მათ; - მაცხოვარი კურნავდა ასევე ცისად ცისად გუემულთა, რომელთაც ეშმაკი განსაკუთრებით აწვალებდა სრული მთვარისას, ძილის დროს რომ იწყებენ კედლებსა და სახურავებზე ცოცვას, და განრღუეულთა, ანუ ისეთებს, მოძრაობის უნარი სრულიად წართმეული რომ ჰქონდათ, და განჰკურნა იგინი. უფალი ყველას კურნავდა არა ადამიანური ძალით, არა რაიმე სამკურნალო ხელოვნებით, არამედ თავისი ყოვლისმომცველი ღვთაებრივი ძლიერებით, - ერთი შეხებით, ან ერთი სიტყვით. იმდენად ბევრი იყო ეს სასწაულები, რომ მახარებელი მათე საჭიროდ არ თვლის ცალ-ცალკე აღწერო თითოეული, არამედ მათ იხსენიებს მხოლოდ მოკლედ, და როგორც წმ. ოქროპირი ამბობს, ქრისტეს გარშემო იყო ზღვა სასწაულებისა, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელიც კი არის.