|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის პირველი ქადაგება გალილიაში
მათე 4, 12-17
უდაბნოში ქრისტე მაცხოვრის გამოცდის შემდგომ საკმაო დრო გავიდა. იესო პასექის
დღესასწაულზე იერუსალიმში ჩავიდა. დიდხანს არ დარჩა იქ. იგი ხედავდა, რომ ამაყი
მწიგნობრები და ფარისევლები, და მათ შემდგომ უბრალო იუდეველები, ძნელად შესძლებდნენ
მისი ღვთაებრივი მოძღვრების მოსმენას, ვიდრე უბრალო და გულმართალი გალილეველნი. იმ
ხანებში იროდი მეოთხედმთავარმა დააპატიმრა თავისი მოუსყიდველი მამხილებელი,
წინამორბედი იოანე და ჩააგდო საპყრობილეში. წმიდა ოქროპირი შენიშნავს, რომ ამისკენ
იროდის უბიძგეს იუდეველთა მთავრებმა, რადგან წმიდა წინასწარმეტყველი მათაც
დაუნდობლად ამხელდა. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ქრისტეს წინააღმდეგაც
აღსდგებოდნენ, ამიტომ უფალი განერიდა იუდეას და გალილიაში გადავიდა, რითაც ჩვენ
გვასწავლა ის, რომ განსაცდელში არ უნდა ჩავიგდოთ თავი, თუ ეს ძალზედ საჭირო არაა.
ესმა რა იესოს, ამბობს მახარებელი მათე, ვითარმედ იოანე მიეცა, შეპყრობილ იქნა,
განეშორა იუდეას და წარვიდა გალილიად. ეს მშვენიერი მხარე მდებარეობდა სამარიასა,
სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ლიბანის მთებს შორის. რბილი, კეთილადშეზავებული ჰავა,
არაჩვეულებრივი ნაყოფიერება და მდიდარი მცენარეულობა მისი მთებისა და ველებისა,
გალილიას აყვავებული ბაღის სახეს აძლევდა. ქრისტეს დროს იქ ორასზე მეტი ქალაქი და
სოფელი იყო, მოსახლეობის რიცხვი ოთხ მილიონს აღწევდა. სწორედ ეს ქვეყანა აირჩია
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის სამკვიდრებლად: აქ ქადაგებდა იგი უმეტესად, აქ
ახდენდა სასწაულებს, აქვე, უბრალო გალილეველი მეთევზეებიდან, მან ინება გამორჩევა
მოციქულებისა. მართალია, გალილიაში ღვთის სწავლებისადმი უფრო ნაკლები მორიდებულობა
ჰქონდათ, რის გამოც იუდეველები გალილეველთ უყურებდნენ ეჭვით: „გალილეადან
წინასწარმეტყველი არ გამოვა; გალილიის ქალაქიდან შეიძლება რაიმე კარგის გამოსვლა?“
- ასეთი იყო საერთო აზრი იუდეველებისა გალილეველებზე, ეს აზრი მათ გამოთქმადაც კი
ექცათ. გალილიაში არ იყვნენ ისეთი სწავლულები და მწიგნობრები, როგორებიც იყვნენ
იერუსალიმსა და იუდეაში; მაგრამ სამაგიეროდ გალილეველნი ისე ძალიან არ იყვნენ
დაავადებულნი სხვადასხვა მოსაზრებებითა და ყალბი წარმოდგენებით მომავალ მესიაზე,
როგორც იუდეველები. მართალია, არც ისინი იყვნენ მთლად თავისუფალნი ამ
წარმოდგენებისაგან, მაგრამ მათი ამგვარი წარმოდგენები უფრო უხეშობიდან
მომდინარეობდა, მაშინ როცა იუდეველებისათვის იგი იყო ფარისევლური სიამაყისა და
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ნაყოფი. აი, რატომ გამოარჩია უფალმა გალილიიდან
თავისი მოწაფენი; აი, რატომ უხდებოდა მაცხოვარს უმეტესად გალილიაში ყოფნა -
ადამიანთა მოდგმის გადარჩენისათვის საკაცობრიო საქმის აღსრულებისას. მხოლოდ დრო და
დრო ჩადიოდა იგი იუდეასა და იერუსალიმში, დიდ დღესასწაულებზე.
და დაუტევა ნაზარეთი, სადაც იგი არ მიიღეს, მოვიდა და დაემკვიდრა პატარა ზღვისპირა
ქალაქ კაპერნაუმში, გალილიის ტბის ან ზღვის ნაპირზე, საზღუართა ზაბულონისა და
ნეფთალემისთა იმ ადგილებში, რომლებიც უწინ ეკუთვნოდა იაკობის ორი შვილის,
ზაბულონისა და ნეფთალემის შთამომავლებს. თავისი ადგილმდებარეობით ეს იყო ულამაზესი
კუთხე წმიდა მიწაზე: გალილიის ზღვის მრავალფეროვან ნაპირებზე ყვაოდნენ და
სურნელებას გამოსცემდნენ მშვენიერი ბაღები ფორთოხლის, მანდარინისა და ბროწეულის
მსხმოიარე ხეებით; ყველგან მოჩანდა მაღალი პალმები, ვენახები, და ზეთისხილი; ხეებს
ნაყოფი ება წლის მანძილზე თითქმის ათი თვის განმავლობაში. შუა ზღვას ნათელი,
ვერცხლისფერი ზოლივით კვეთდა ჩქარი მდინარე იორდანის წყალი, რომელიც მიექანებოდა
სამხრეთისაკენ, მკვდარი ზღვისაკენ. ასეთი იყო ის ადგილები, სადაც დამკვიდრდა უფალი,
თავისი მშობლიური, მაგრამ ნაკლებადსტუმართმოყვარე ქალაქ ნაზარეთიდან წამოსვლის
შემდეგ. რათა აღესრულოს, შენიშნავს მახარებელი, თქმული იგი ისაია
წინასწარმეტყუელისა, რომელსა იტყვის: ქუეყანა ზაბულონისა და ქუეყანა ნეფთალემისი,
გზა ზღვისა წიაღ იორდანესა, გალილეა წარმართთა, ერი რომელი ჰსხდა ბნელსა, იხილა
ნათელი დიდი. და რომელნი ჰსხდეს საფლავსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი
აღმოუბრწყინდა მათ (ის. 9,1-2).
გალილიაში, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, ბევრი წარმართი ცხოვრობდა: აქ
ადვილად შეხვდებოდით უდაბნოს ველურ არაბებსაც და განათლებულ ბერძნებსაც, მეურნე
ფინიკიელებსა და სირიელებს, და მაღალი წარმოდგენის მქონე რომაელებსაც... აი, რატომ
იწოდებოდა ეს მხარე გალილიად წარმართთა. ყველა ეს წარმართები
კერპთთაყვანისმცემლობის წყვდიადში იყვნენ გახვეულნი: მათ არ იცოდნენ ჭეშმარიტი
ღმერთი, და როგორც სიბნელეში მოარულნი ვერ ხედავენ, თუ საით მიდიან, ასევე ისინიც,
არ იცნობდნენ რა ღვთის მცნებებს, იმყოფებოდნენ ღრმა სიბნელესა და სიკვდილში.
ამიტომაც წინასწარმეტყველი მათ მოიხსენებს, როგორც საფლავებსა და სიკვდილის
აჩრდილებში მსხდომთ. არ ეძებდნენ ისინი ჭეშმარიტ ნათელს, - თვით ჭეშმარიტი ნათელი,
ყოველი ადამიანის განმანათლებელი, თავად ქრისტე გამოუბრწყინდა მათ, - გამოჩნდა,
მივიდა მათთან და გაანათლა ისინი თავისი სინათლის მფრქვეველი ქადაგებით სინანულზე.
„სინამდვილეშიც, - აღნიშნავს წმ. ოქროპირი, ქრისტეს მოსვლამდე ადამიანთა მოდგმა
იმყოფებოდა მეტად მძიმე მდგომარეობაში: კერპთაყვანისმემლობის სიბნელით მოცული
ხალხი, არ იცოდა რა საით წასულიყო, უკვე კი აღარ დადიოდა, როგორც ამას ამბობს
წინასწარმერტყველი, „ჰსხდა ბნელსა“. რაც ნიშნავს, რომ იმათ იმედიც კი აღარ
შერჩენოდათ, რომ სიბნელისაგან თავს დაიხსნიდნენ“, „ჰსხდეს საფლავსა და აჩრდილთა
სიკუდილისათა, ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, ე.ი. იყვნენ ცოდვებში, რაც იწოდება
სიკვდილის აჩრდილად, რადგან სიკვდილი შლის სხეულს, ცოდვა კი სულს ართმევს სიცოცხლეს,
ანუ, ღვთის მადლს, მაგრამ მას არ შლის, რადგან იგი უკვდავია. და მათ „ნათელი
აღმოუბრწყინდა“, ანუ მათთვის მოულოდნელად გამოჩნდა ქრისტე და გაანათლა წარმართები,
რომელნიც მას არ ელოდნენ ისე, როგორც ებრაელნი“. მიერითგან, როცა შეწყდა
სინანულისაკენ მომწოდებელი ხმა მღაღადებლისა უდაბნოში და იოანე საპყრობილეში იქნა
ჩაგდებული, იწყო იესო ქადაგებად - იგი აქამდეც ქადაგებდა, მაგრამ არა გალილიაში,
არამედ მხოლოდ იუდეაში, იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე, და ამასთან ისე ძლიერ
არა, როგორც ამის შემდგომ - ეხლა მან უფრო გარკვევით და ხშირად იწყო უწყება იმისა, რასაც აუწყებდა მისი წინამორბედი, და უკვე უდაბნოში კი არა, როგორც ამას
აკეთებდა იოანე, არამედ ყველგან, სადაც კი მსმენელს იპოვიდა იგი: სოფლებშიც და
ქალაქებშიც, სინაგოგაშიც და სახლებშიც, მინდორშიც და მთაშიც, ზღვის ნაპირზეც და
ნავიდანაც კი, - იგი არსად არ ჩერდებოდა ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ
მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. აქამდე დედამიწაზე იყო მეფობა ცოდვისა, მეფობა
ეშმაკისა: ეხლა დგება დრო ღვთის მეფობისა, დრო ზეციური სამეფოს დაფუძნებისა. ვისაც
სურს შევიდეს ამ სამეფოში, მან უნდა დაუტეოს ყველა ცოდვილი ჩვევა აქამდე რომ
ჰქონდა, უნდა შეინანოს, შეიცვალოს. თავის თავზე იგი ჯერ კიდევ არაფერს ამბობდა,
არამედ მხოლოდ აგრძელებდა ნათლისმცემლის ქადაგებას: ვიდრე ხალხს არ შეეძლო გაეგო,
თუ ის თავად ვინ იყო, კარგი იქნებოდა ის, რომ ხალხს იოანეს მიერ უკვე ნაქადაგები
მიეღო. იგი თითქოს იკავებდა თავს ქადაგებისგან და არც ბევრ სასწაულებს ახდენდა,
ვიდრე იოანეს არ დააპატიმრებდნენ, რათა, როგორც აღნიშნავს წმ. ოქროპირი, ხალხის
გაყოფა არ მოეხდინა. და მაინც, მისი ქადაგება თავიდანვე განსხვავდებოდა იოანეს
ქადაგებისგან: მან დაიწყო სასიხარულო უწყებით ზეცასა და ზეციურ სასუფეველზე,
რომელიც მის მსმენელთათვის იყო გამზადებული. იგი ჯერ კიდევ არაფერს ამბობდა მომავალ
სამსჯავროზე, რაზეც ქადაგებდა იოანე, რათა თავიდან არ დაემძიმებინა მსმენელთა
გულები. მოწყალების ხმით მოუწოდებდა იგი ცოდვილებს სინანულისაკენ. იგი ჩვენც
გვიხმობს, ჩემო მკითხველო, - მოგვიწოდებს თავის ზეციურ სასუფეველში: შეინანეთ,
მხოლოდ სინანულს შეუძლია გაგიხსნათ თქვენ მარადიული სამეფოს კარნი...
| |