მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


უფლის წინამორბედის ქადაგება
მათე 3, 1-12

როგორც მზის ამოსვლამდე ცისკრის ვარსკვლავი, ისე გამოჩნდა უფლის წინამორბედი და ხმამაღლა აუწყა ყველას მოსვლა სიმართლის მზისა - იესო ქრისტესი. მათ დღეთა შინა, მოგვითხრობს წმ. მათე მახარებელი, ე.ი. იმ დროს, როცა იესო ქრისტე ჯერ კიდევ ცხოვრობდა ნაზარეთში, მოვიდა, ღვთის განგებით, განმარტოებიდან გამოვიდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებად, რათა ხმამაღლა გაეცხადებინა თავი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა, რომელიც მდებარეობდა მკვდარი ზღვის დასავლეთით. ღვთის სულის მატარებელმა გაიარა იორდანის ველი ამ ზღვიდან მეორე - გალილეის ზღვამდე. ქრისტეს წინამორბედმა იუდეველთა ქალაქებსა და სოფლებს კი არ მიაშურა თავისი ქადაგებით, როგორც აკეთებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, არამედ ქადაგება იწყო უდაბნოში: აქ ბუნებაში, მკაცრ მდუმარე კლდეებსა, და მთის ნაპრალებში, მდინარე იორდანის აყვავებულ ნაპირებზე, მასთან ყოველი მხრიდან იკრიბებოდნენ მომავალ მესიაზე სიტყვას მოწყურებულნი; მათში ცნობისმოყვარეობას ნაკლებად ჰქონდა ადგილი, აქაურ მწიგნობრებსა და ფარისევლებში არ აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობას იგი. აქ, თავისუფლებაში, მისთვის მშობლიურ და ახლობელ გარემოში - უდაბნოში, რომელიც თავისი სიმკაცრით, ქალაქური შფოთისაგან მორიდებით, მსმენელთ უკეთ განაწყობდა ცოდვებსა და სინანულზე ფიქრისათვის, ხმამაღლა ღაღადებდა იგი და იტყოდა: შეინანეთ! თქვენ შემცდარნი ხართ მესიის ქვეყნიურ მეფობაზე ოცნებებით; იგი იმისათვის კი არ მოვა თქვენთან, რომ რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლოს ქვეყანა თქვენი, არამედ იმისათვის, რომ ცოდვის ტყვეობისაგან გამოიხსნას თქვენი სულები. შეინანეთ! ასეთ არასწორ ოცნებებს დაანებეთ თავი, უმჯობესია გაიხსენოთ თქვენი ცოდვები, მოინანიეთ და სამუდამოდ მოიშორეთ თავიდან ისინი. დაიმდაბლეთ გული, ცოდვათა სიბილწეთაგან განწმიდეთ იგი, მოიცილეთ თქვენს თავზე ამაყი წარმოდგენები: წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იხილავთ ღვთის სასუფეველს, რომელიც თქვენგან არც ისე შორს არის, ამიტომ შეინანეთ: რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

რომელ სამეფოზე ანუ სასუფეველზე ეუბნება ებრაელებს ქრისტეს წინამორბედი? რა არის სასუფეველი ღვთისა, ზეციური სამეფო? იუდეველებს, ისე როგორც საერთოდ ძველი აღთქმის ხალხებს, არ შესწევდათ უნარი გაეგოთ სულიერი სწავლება გრძნობადი საგნების წარმოდგენის გარეშე: ამიტომ მათთან რომ გელაპარაკა ნეტარებასა და სულის გადარჩენაზე, საჭირო იყო მათთვის გეთქვა სამეფოზე. - რა თქმა უნდა, ეს ის სამეფოა, სადაც თვით იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლისას მართალთ მოუწოდებს, როცა ეტყვის მათ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ“ (მთ. 25,34). მაგრამ რომ შევიდეს კაცი დიდების ამ სამეფოში, ჯერ მის ზღურბლს უნდა მიუახლოვდეს, რაც მადლის სამეფოა. ეს სამეფო არის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყანაზე თვით უფლის მიერ რომაა დაფუძნებული. იყავი მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილი შვილი და შენთვის შეუმჩნევლად, მოვა შენთან ღვთის სასუფეველი, ქრისტეს მადლი შემოვა შენს გულში, გაგწმენდს, განგაახლებს, ღვთის სამწყსოდ გაქცევს, შეგიყვანს საუკუნო ცხოვრებაში და მიიღებ ცათა სასუფეველს. გასაგებია, რომ ეკლესიის წევრად გასახდომად, საჭიროა სინანული, რომელსაც თხოვდა ქრისტეს წინამორბედი მის მსმენელებს. მაგრამ ასეთ სამეფოზე არ ოცნებობდნენ ებრაელნი: ისინი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე მათ გაათავისუფლებდა რომაელთა უღლისაგან, რომ მისი მოსვლისას აღსდგებოდნენ მიცვალებულნი, იქნებოდა სამსჯავრო და მათი მტრები განადგურდებოდნენ, ხოლო თავად ებრაელნი გახდებოდნენ დიდებულნი, და მათ დაემორჩილებოდნენ დედამიწის სხვა ხალხები. იკვებებოდნენ რა ასეთი იმედებით, მათ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ მართლად გაეგოთ იოანეს ნაქადაგები: მაგრამ მაინც უკვე კარგი იყო ის, რომ წინამორბედის ქადაგებამ ღვთის სასუფეველზე, გააღვიძა მათში სურვილი იმის გაგებისა, თუ რა გაეკეთებინათ მათ, რომ მოხვედრილიყვნენ იქ.

უდაბნოში იოანეს ეს ქადაგება ახსენებდა ებრაელებს უძველეს წინასწარმეტყველებას ქრისტეს წინამორბედზე: რამეთუ ესე არს, გვიხსნის მახარებელი, რომელ იგი თქმულ-არს ისაია წინასწარმეტყუელისა მიარ და იტყვის: ხმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა; განმზადენით გზანი უფლისანი; მოამზადეთ გზა დიდებით მომავალი უფლისათვის, და წრფელ-ჰყუენით გამართეთ ალაგნი მისნი. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს ებრაელთა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებაზე: თვით ღმერთი, როგორც მეფე, თავის ხალხს მოუძღოდა მშობლიურ ქვეყანაში; ხალხს წინ უსწრებდა მაცნე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ყველაფერი მოემზადებინა მათთვის, გაემართა და გაესწორებინა გზები. ებრაელთა ტყვეობიდან დაბრუნება იყო პირველსახე ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვის ტყვეობიდან, წყევისა და სიკვდილისაგან გამოხსნისა და გათავისუფლებისა. ეს მაცნე კი პირველსახე იყო ქრისტეს წინამორბედ იოანესი. მოამზადეთ გზები, - თითქოს ასე ამბობდა იოანე, - მოემზადეთ ახალი, მადლიანი ცხოვრებისათვის სახარებისეული მცნებების მიხედვით, გამართეთ მისი ალაგნი - ძველი აღთქმის კანონი გაიგეთ არა მარტო ასოებით, რაც დამღუპველია, არამედ სულით, შინაგანი სულიერი აზრითა და ხედვით, რომელიც არის მაცოცხლებელი. უფალი ახლოსაა: იგი თქვენი გულის კარებთანაა მომდგარი, მოემზადეთ, რათა მიიღოთ იგი! - ხოლო თავადსა იოანეს, თავისი სიტყვებით, რომ ემსგავსებოდა ისაია წინასწარმეტყველს, მეტად უხეში ჩაცმულობითა და მკაცრი უდაბნური ცხოვრებით წააგავდა მეორე დიდ, უძველეს, ილია წინასწარმეტყველს; როგორც დედის მუცლიდან ნაზორეველი, იგი საერთოდ არ იჭრიდა თმას, მისი მკაცრი, მზისაგან გარუჯული და მარხვისაგან გატანჯული სახე, მისი ანთებული თვალები, მთელი მისი გარეგნობა, უნებურად აიძულებდა მნახველს, რომ ყური დაეგდო მისთვის: ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა, ისეთივე როგორსაც ატარებდა წინასწარმეტყველი ილია, წელთა მისთა. სარტყელი საერთოდ ნიშნავს შრომისათვის მზადყოფნას, ხოლო ტყავის ქამარი - სხეულის მოკვდინებასაც. ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი - განსაკუთრებული სახე კალიისა, რომელსაც ეხლაც იყენებენ საკვებად არაბები; წმ. ათანასე დიდისა და წმ. ისიდორე პელუსიოტის განმარტებით, ეს არის უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები, რითაც თავისი სულიერი მასწავლებლის მსავსად, შემდგომ იკვებებოდა წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, როგორც წერს კლიმენტი ალექსანდრიელი, და თაფლი ველური, - ე.ი. უდაბნოს ფუტკრების თაფლი, მეტად მწარე და არასასიამოვნო გემოსი. საცხოვრებელზე, ქრისტეს წინამორბედი კიდევ უფრო ნაკლებად იწუხებდა თავს, ვიდრე სამოსელზე. ასეთი მქადაგებლის ბაგეებიდან ნაქადაგები უდავოდ მოიზიდავდა მსმენელს. მისი სიტყვა ემსგავსებოდა ჩაქუჩს, რომელსაც შეეძლო გაეტეხა ყველაზე გაქვავებული გულიც კი, მსგავსად ალისა, რომელიც იჭრება ყველაზე დაფარულ ზრახვებში. და, აი შორს გავრცელდა ცნობა, რომ იუდეას უდაბნოში გამოჩნდა კაცი, რომელიც ძველი დიდი წინასწარმეტყველების მსგავსია. მაშინ, ამბობს მახარებელი, განვიდოდა მისა იერუსალიმი, ე.ი. იერუსალიმში მცხოვრებნი, და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისა - იუდეასა და წმიდა იორდანის ორივე მხარის მკვიდრნი. ყოველი მხრიდან, როგორც იუდეველთაგან, ისე გალილეველებისგან ხალხი ქარავნებით მიედინებოდა იქით, სადაც ქადაგებდა იოანე წინამორბედი. მათში იპოვიდი წარჩინებულთა და უპატიოთ, მოხუცებსა და ახალგაზრდებს, მდიდართა და ღარიბთ, სწავლულებსა და უსწავლელებს, კეთილმორწმუნეთა და ურწმუნოთაც. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ ძლიერ იმოქმედა წინასწარმეტყველის გამოჩენამ ხალხზე, როგორ შეძრა მან ისინი, როგორ განაცდევინა მათ საკუთარი ცოდვები. ჭეშმარიტად, საკვირველი სანახავი იყო ებრაელთათვის ყურება იოანესი, რომელიც ყველას მოურიდებლად ამხელდა როგორც ბავშვებს და სახე უბრწყინავდა ღვთის განსაკუთრებული მადლით“.

მგრძნობიარე იუდეველისათვის არ იყო საკმარისი სინანულზე ქადაგება მხოლოდ სიტყვით; საჭირო იყო ეს ქადაგება რაღაც ხილული ნიშნებითაც ჩაბეჭდილიყო მსმენელთა გონებაში, რომ მათ აღუთქვეს ღმერთს დაეტოვებინათ ძველი ცოდვები, ერწმუნათ დიდებით მომავალი მაცხოვარი, მთელი გულით მიეღოთ მისი სწავლა-მოძღვრება, და ეხლავე შეეცვალათ თავიანთი ცხოვრება. ამიტომ დააწესა მან ნათლობა: და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან, და აღუარებდეს ცოდუათა მათთა. როგორ ასრულებდა ქრისტეს წინამორბედი ნათლობას? იგი წყალს არ ასხამდა თავზე მოსანათლს, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია და როგორც ეს ზოგიერთ არამართლმადიდებლურ მხატვრობაში გვხვდება: ამისათვის მას არ დასჭირდებოდა ბევრი წყალი. მახარებელი იოანე პირდაპირ ამბობს იმას, რომ იოანე იქ ნათლავდა, სადაც ბევრი წყალი იყო, და თვით სიტყვა ნათლობა ბერძნულად ნიშნავს შთაფლვას და არა სხურებას. წინამორბედი თავად შედიოდა წყალში მოსანათლთან ერთად, ხელს თავზე ადებდა და მოითხოვდა მისგან ცოდვების აღიარებას, რის შემდგომაც მოსანათლს წყალში ფლავდა და ეუბნებოდა, რომ მას ეწამა მომავალი მესია ქრისტე, ამის შემდგომ კი მონანული მდინარიდან გამოჰყავდა, სადაც მონათლული ლოცულობდა (საქ. 8,38).

საკუთარი ცოდვების სრულად აღიარება, არის მონანული გულის ძირითადი მოთხოვნა. სული ხარობს, როცა სინდისი მონანიებით თავისუფლდება. უფრო ადვილი ხდება ცოდვიანი ჩვევის მოცილება, როცა მთლიანად გახსნი გულის ამ წყლულს სულიერი მამის წინაშე ან თუნდაც მოკეთე ადამიანთანაც. გულის ამ მოთხოვნის შესახებ იცოდა ქრისტეს წინამორბედმა და ამიტომაც თხოულობდა აღსარებას მონანულისაგან. მართალია, მის ნათლობას არ შეეძლო წმიდა სული მიენიჭებინა მონათლულისათვის, რადგან მას არ შეეძლო ცოდვათა პატიება, რამეთუ მაშინ ადამიანთა ცოდვებისაგან გამოსახსნელად უფალს ჯვარზე წამება ჯერ კიდევ არ დაეთმინა; მაგრამ ეს აღსარება, დიდებული წინასწარმეტყველის წინაშე, ცოდვილ სულს ამდაბლებდა, აახლოვებდა მას უფალთან და უფრო ვარგისსა ხდიდა მადლის მისაღებად თავად იესო ქრისტესაგან. აი ამიტომაც ამბობდა წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ იოანეს ნათლობას ისევე მიჰყავდა კაცი ქრისტეს ნათლობასთან, როგორც მოსეს სჯული ქრისტეს სახარებისათვის ამზადებდა ხალხს. ყველა, ვინც კი იოანესაგან ინათლებოდა, წყალში შთაფლვით აჩვენებდა, რომ იგი, სხეულის განმანვის მსგავსად, პირობას დებდა მუდამ ეზრუნა სულის განწმენდაზეც. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, იოანეს ნათლობაში, ხალხი სულიერად არ იბადებოდა, არამედ მხოლოდ მზადდებოდა უფალთან შესახვედრად, რადგან მხოლოდ მასში უნდა მომხდარიყო ჩვენი განახლება. ამაზე თვით წინამორბედიც მიუთითებს: მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო როემლიც შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთუად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა - ანუ წმიდა სულის მადლით, რომელიც იმოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში.

იმდენად დიდი იყო ხალხის საერთო მისწრაფება იოანესაკენ, რომ ამაყი ფარისევლები და სადუკეველნიც კი მიდიოდნენ მასთან იორდანეზე. ეს იყო იმ დროის ორი სექტა, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მდიდარი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა წეს-ჩვეულებების მკაცრი შესრულებით. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ არა მარტო იმას, რაც მოსეს სჯულში იყო ჩაწერილი, არამედ თავიანთ დადგენილ, ვითომ წინაპართაგან გადმოცემულ წესებსაც; ამ გადმოცემების გულისათვის, ისინი თვით სჯულსაც კი ხელახლა განმარტავდნენ. ისინი, რომლებიც იყვნენ ამაყნი, თავის და პატივისმოყვარენი, ცდილობდნენ ყველგან გაეცხადებინათ სხვებისათვის თავიანთი მოჩვენებითი კეთილკრძალულება, მართლად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდათ, და ამაყად დასცქეროდნენ უბრალო ხალხს. თვით სიტყვა „ფარისეველი“ ნიშნავს: გამოყოფილს, წმიდანს. - სადუკეველებს, მათგან განსხვავებით, არ სურდაც ეცნოთ არავითარი გადმოცემა, არ სწამდათ ცხოვრება მომავალი და არც აღდგომა მკვდრეთით. ამბობდნენ, რომ არ არსებობენ ანგელოსები და ეშმაკები, რომ ადამიანის სიკვდილთან ერთად კვდება მისი სულიც, და რომ იმ ქვეყნად არ არსებობს არც ჯილდო და არც სასჯელი. თავიანთი სახელწოდება მათი მიიღე სადოკ რაბინისგან, რომელიც 260 წლით ადრე ცხოვრობდა ქრიტეს შობამდე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გულები სინანულისთვის გამოუსადეგარნი იქნებოდნენ: ფარისეველს ეჩვენებოდა, რომ მას არაფერი ჰქონდა მოსანანიებელი, რომ ის იყო საკმაოდ წმიდა, რათა, დამკვიდრებულიყო მესიის სამეფოში. სადუკეველები შინაგანად დასცინოდნენ ფარისეველთა სიწმიდესა და იოანეს სწავლას. მათი ფიქრით, რადგან აბრაამის შთამომავალნი იყვნენ, უდავოდ დაიმკვიდრებდნენ ადგილს მესიის სამეფოში. ისინი იოანესთან მიდიოდნენ მხოლოდ იმისათვის, რათა ხალხისათვის ეჩვენებინათ გადარჩენის დიდი სურვილი, ანდა შესაძლოა სურდათ კიდეც რაიმეში ემხილებინათ ქრისტეს წინამორბედი: რადგან რაც უფრო ისწრაფოდა  იოანესკენ ხალხი, მით უფრო ეცემოდა მათზე წარმოდგენა ხალხში. მაგრამ იოანე ხედავდა მათ დაფარულ ზრახვებს, უფალი უხსნიდა ამას. შეეძლო განა ყოველივე ამისადმი გულგრილი ყოფილიყო? ამიტომ აღსდგა იგი მათ წინააღმდეგ მხილებით, ემუქრებოდა ღვთის სასჯელით და მოითხოვდა დაუყოვნებლივ მოენანიებინათ ცოდვები. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ისაიას მკაცრი მხილებანი ისმოდა მის სიტყვებში. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო უსარგებლო შვილებო გულბოროტი მამებისანო! თქვენ სიტყვებით წამლავთ ხალხს საცდუნებლებით, უღრენთ და ხოცავთ წმიდანებსაც კი, თქვენი ცილისწამების შხამით! როგორ მოხდა, რომ თქვენ, ბოროტი მამების შვილებმა, იწყეთ სინანული? საიდან მოხდა ასეთი ცვლილება თქვენში? ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ნუთუ ფიქრობთ, რომ გაექცევით ღვთის საშინელ სამსჯავროსა და საუკუნო ცეცხლს მხოლოდ იმის გამო, რომ გარეგნულად მოინათლეთ, მაგრამ სულითა და გულით არ გინდათ შეიცვალოთ, განახლდეთ, არ გსურთ შეინანოთ? „არა, ეს არ კმარა; არ არის საკმარისი მარტო ცოდვა დაუტეოთ, საჭიროა კიდევ სათნოებანი შეიძინოთ, ნათქვამია, არა მარტო „მოიქეც ბოროტისაგან“, არამედ ესეც: „ჰქმენ კეთილი“ (ფს. 33,15). დაუტევეთ მაჩვენებლობა და მიმსგავსებულობა. ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა, იცხოვრეთ ისე, როგორც შვენის მონანულ ადამიანს, მოიმოქმედეთ სიყვარულის საქმენი“. იოანე ხალხს ნათლავდა ბიფავარში; ეს იყო ის ადგილი, სადაც გავიდნენ მდინარე იორდანეში, ისუ ნავინის დროს. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ქვები, რომლებიც წმიდა მდინარეში იქნა მოთავსებული, წყალზე საკვირველი გადასვლის მოსახსენებლად, მოჩანდნენ იოანეს დროსაც. მიუთითებდა რა ამ ქვებზეც, სინანულის დიდი მქადაგებელი მკაცრად აგრძელებდა თავის მამხილებელ საუბრებს ფარისევლებთან: და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამა გვივის ჩუენ აბრაამი, ნუ გექნებათ მარტო იმის იმედი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, რომ თუ თქვენ დაიღუპებით, წმიდა მამამთავარი დარჩება შვილების გარეშე, თქვენს გარეშეც მოიძებნებიან მესიის სამეფოს ღირსეული მკვიდრნი, რამეთუ გეტყვი თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არსა ღმერთი აღდგინებად ქუათა ამათგან, სწორედ ამ ქვებიდან, რომელზედაც თქვენ დგახართ მდინარეში, ღმერთს შეუძლია გაქციოთ შვილად აბრაამისა. - ისეთ სამწყსოდ, რომელიც მიბაძავს მას რწმენაში და კეთილ საქმეებში, და მასთან ერთად გახდება ცათა სასუფევლის ღირსი. ღმერთს ქვებიდანაც შეუძლია მისცეს კაცს შვილები, ისე როგორც თავის დროს უნაყოფო დედისაგან შესძინა შვილი. თქვენ კი მაინც დაიღუპებით, თუ არ შეიძინეთ წრფელი სინანული: დაეშურეთ მონანიებას, ეხლა ყველაზე კარგი დროა სინანულისათვის, ნუ გაუშვებთ ხელს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუნანიებელთა დაღუპვა გარდუვალია. რამეთუ აწვე ესერა ცული, ანუ ქრისტეს სამსჯავრო, ძირთა თანა ხეთასა ჰსძეს - ე.ი. ახლოსაა მსჯავრი, მარტო ტოტები კი არ მოიჭრება, არამედ თვით ხის ძირი მოეკვეთება და ყველა უნაყოფო ხე ცეცხლში ჩაიგდება დასაწველად. ეხლა უკვე წინასწარმეტყველი ან მონა კი არა, არამედ უფალი მოდის ყველას განსასჯელად, და მას ხელთ აქვს საშინელი და შემაძრწუნებელი მსჯავრი. ვიდრე კიდევ გვიან არ არის, ვიდრე ბასრი ცული ჯერ კიდევ ხის ძირში დევს და არ შეხებია მის ფესვებს, შეიძლება სინანული, ამიტომ იჩქარეთ, თორემ ნახავთ: ყოველმან ხემან, რომელმაც არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. იყავი კიდეც აბრაამის ჩამომავალი, თუნადაც დიდი მამამთავრები იყვნენ შენი წინაპრები, თუ შენ თვითონ არ გამოიღებ კეთილ ნაყოფს, იცოდე რომ ღირსეულად დაისჯები, - „როგორი სიმაღლეა სულისა“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორ თამამად და პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომელსაც მუდამ სწყუროდა წინასწარმეტყველთა სისხლი, რომლებიც არაფრით იყვნენ გველზე უკეთესნი!.. როგორ თავისუფლად ამხელდა იოანე არა მარტო მათ, არამედ მათ შვილებსაც კი!“ - ისინი ფიქრობდნენ, რომ იოანე მათთვის იქნებოდა როგორც ქარისაგან შერყეული ლერწამი, სინამდვილეში კი იგი წარსდგა მათ წინაშე, როგორც მუხა შეუძვრელი. ამიტომაც ვერ აიძულებდნენ თავს, რომ წინამორბედთან ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და მისგან მიდიოდნენ ნათლობის გარეშე.

ამის მიუხედავად, დიდებით მომავალი ღმერთი სამსჯვაროს შიშით შეპყრობილი ხალხი, მაინც გამოხატავდა დიდ სურვილს, აერიდებინათ თავიდან ყველა მოსალოდნელი უბედურებანი; და აი იოანე უჩვენებს მათ, რომ სრული შინაგანი განახლებისა და აღორძინებისათვის, აუცილებელია ღვთის სულის შეწევნა, ამიტომ იწყებს ხალხთან საუბარს ქრისტე მაცხოვარზე. მე, - ეუბნებოდა იგი ხალხს, ვარ მხოლოდ წინამორბედი მისი; მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, და ჩემი ნათლობა არ არის საკმარისი: იგი თქვენში აღძრავს მხოლოდ სინანულს, მაგრამ თქვენს სულს ხელახლა არ ბადებს, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს: ჩემსა - ადამიანსა, და მას - ღმერთკაცს შორის არ შეიძლება იყოს შედარება: მე ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთუად, მე არა ვარ ღირსი ვიყო მისი უკანასკნელი მსახურიც კი. ცნობილია, რომ აღმოსავლეთის ფეხსაცმლის ნაცვლად ატარებდნენ სანდალს, ანუ პატარა ხის ან ტყავის დაფას, რომელსაც საბლებით იმაგრებდნენ. სახლში შესვლისას, ამ სანდლებს იხდიდნენ, ხოლო გამოსვლისას - ისევ იცვამდნენ. მსახურნი ხსნიდნენ და კრავდნენ საბელებს. ეს ითვლებოდა ყველაზე უკანასკნელი მონის საქმედ. წინასწარმეტყველი იოანე, თავისი უფლისა და მაცხოვრის წინაშე თავს ისე უღირსად წარმოიდგენდა, რომ ამ უკანასკნელი მონის მსახურების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა თავს. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა - იგი გადმოაქცევს თქვენზე ცხოველმყოფელი წმიდა სულის ყველა წყალობას, ცეცხლის მსგავსად, მისი მადლი წვდება ადამიანის მთელ არსებას, წმედს მას ცოდვის ყოველგვარ სიბილწეთაგან. და ანთებს მასში სიყვარულს ღვთისა და ადამიანის მიმართ. მათ კი, ვინც წინ აღუდგება ამ მადლის მოქმედებას, ცეცხლით საუკუნო გეენიაში დაღუპავს, რადგან უფალი მარტო მხსნელი კი არა, მკაცრი მსაჯულიცაა. მთელი ქვეყანა კალოა. კეთილისა და ბოროტის სალეწი. ბოლოს ყოველივე განცალკევდება: რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განსწმიდოს კალოი თვისი. როგორც სრულუფლებიანი ბატონი საკუთარი კალოსი, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი, იგი გალეწავს, გაანიავებს და ხორბალს მოარიდებს ბზეს, მართალთ ცოდვილთაგან განაცალკევებს; და შეკრიბოს იფქლი ანუ მართალნი საუნჯესა - ზეციურ სამეფოში, ხოლო ბზეი - ანუ ცოდვილები დაჰსწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. საოცარია, როგორი ძალით აღწერს წმ. იოანე აქ ქრისტეს უძლეველობას, მისი სიტყვები გვახსენებს წმ. ისაიას წინასწარმეტყველებას: „მისი მეუფება - მის საკრველებზეა“, მისი უძლეველობა მას ეკუთვნის, და წინამორბედიც ამბობს, რომ მის შემდგომ დიდებით მომავალი განსწმედს არა ღმერთის, არამედ საკუთარ კალოს, და ხორბალს შეკრებს არა ღმერთის, არამედ საკუთარ ბეღელში, რადგან იგი თავად არის უძლეველი ღმერთი. იგი განსწმედს კალოს, „თანმიმდევრობით, განჭვრეტს და გამოიკვლევს ადამიანის გულის ნადებს, სხვანაირად როგორ შეიძლება მართლმსაჯულება დადგინდეს? ასე, „სად არიან ისინი, ვისაც არ სჯერა გეენია? - კითხულობს წმ. ოქროპირი. წმ. იოანე იესო ქრისტეს ორ მოქმედებას მიაწერს: „სული წმიდით ნათვლასა და ურწმუნოთა ცეცხლში ჩაყრას. ასე, რომ თუ პირველს უნდა ვენდოთ, მაშინ უკანასკნელიც უნდა ვირწმუნოთ. ნუ ფიქრობთ, რომ ცხონებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი ნათლობა, თუნდაც ეს ქრისტესაგან იყოს. თუ მონათვლის შემდგომ არაწმიდა ცხოვრებით ვიცხოვრებთ, მაშინ აუცილებლად ცეცხლში ჩავიყრებით“. ნუ იქნებით მსუბუქი ბზე ან ნამჯა, ნუ მიეცემით ცოდვილი სურვილების ქარს; იყავით მძიმე მარცვალი ღვთის კალოზე და ყოველი განსაცდელის პირისპირ იდექით მხნედ. - ღვთის ასეთი მონები შეადგენენ სწორედ ქრისტეს ბეღელს. როცა იმპერატორმა ტრაიანემ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილს მიუსაჯა ლომებისაგან შეჭმა, მაშინ წმიდა მღვდელმოწამემ აი რა მისწერა რომაელ ქრისტიანებს: „ოხ, ნეტავი კი ღირსი შევიქნე მხეცებისა, ჩემთვის რომ არიან მომზადებულნი! მე ვარ ღვთის მარცვალი და მხეცების კბილებით უნდა დავიფხშვნე, რათა ქრისტეს წმიდა პურად ვიქცე“. - „ნუ ვიქნებით უზრუნველნი, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, ვიდრე კალოზე ვიმყოფებით, ჩვენ კიდევ შეგვიძლია, რომ ბზედან ხორბლისაკენ მივიქცეთ. ამიტომაც არ არის ჯერ სამსჯავრო, რომ ბევრმა ბოროტებიდან კეთილ საქმეებს მიაშუროს. ასე, რომ საშინელ ცეცხლზე წინამორბედის სიტყვის მოსმენის შემდგომ მაინც, შიში შევიძინოთ; ეს ცეცხლი არის ჩაუქრობელი. შეიძლება შენ იკითხო: როგორ არის ეს ცეცხლი ჩაუქრობელი? - ხომ ხედავ მზეს, ყოველთვის რომ იწვის და არ ქრება? არ გახსოვს მოსეს მაყვალი, ასევე ანთებული და დაუწველი?“ - დიდებული იოანე წინამორბედის ლოცვით მრავალმოწყალე ღმერთმა გვაშოროს ეს ჩაუქრობელი ცეცხლი და სატანჯველი.