|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ქრისტეს საფლავის დაბეჭდვა
მათე 27, 62-66
როგორც კი დადგა შაბათის დილა - ხოლო ხვალისგან, რომელ არს შემდგომად
პარასკევისა, - „მახარებელი შაბათად არ იხსენებს შაბათ დღეს, - შენიშნავს
ნეტარი თეოფილაქტე, - არამედ ამბობს: „რომელ არს შემდგომად პარასკევისა“,
იმიტომ რომ იუდეველთა ბოროტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არც იყო შაბათი:
სჯული ადგენდა, რომ შაბათ დღეს არავინ გადაადგილებულიყო თავისი ადგილიდან,
უსჯულო იუდეველები კი ეშურებოდნენ უცხო ტომის პილატესთან მისვლას, ნაცვლად
კანონიერი ერთად შეკრებისა“, - შეჰკრბეს მღვდელთ-მთავარნი იგი და ფარისეველნი
შეიკრიბნენ, რათა განეხილათ კიდევ ერთი რამ: მათ კარგად ახსოვდათ, რომ
დაავიწყდათ მწუხარებით შეპყრობილი იესოს მოწაფენი, - ახსოვდათ ქრისტეს
წინასწარმეტყველება მისი მესამე დღეს აღდგომის შესახებ. საჭირო იყო ზომების
მიღება, რათა მისგან ადრე უწყებული არ მომხდარიყო. ვინ იცის, იქნებ მათ ცოდვილ
სულებში იყო რაღაც წინასწარი გრძნობა, რომ ქრისტე აღდგებოდა; მათ არ სურდათ
ამის აღიარება, ცდილობდნენ ამ გრძნობის ჩაკვლას, შიშის გრძნობის ჩახშობას,
უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ იესოსთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ
შეიძლება მომხდარიყო სხვაც: ქრისტეს მოციქულთაგან მოტყუება. „იყვნენ რა
მიჩვეულნი უსამართლოდ მოქმედებას, ვნებების კარნახითა და გამორჩენის მიზნით, -
ამბობს მთ.ეპ. ინოკენტი, - კაიაფა და მისი თანამზრახველები ფიქრობდნენ, რომ
იესოს მოწაფენი, თავიანთი მასწავლებლის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით,
ხელიდან არ გაუშვებდნენ იესოს წინასწარმეტყველების გამოყენებას, ანუ ფარულად
წაიღებდნენ იესოს გვამს საფლავიდან და ეტყოდნენ ხალხს, რომ იგი აღდგა
მკვდრეთით, და ამით გამოიწვევდნენ სინედრიონისათვის საშიშ მღელვარებას. ამიტომ
კაიაფას საიდუმლო შეკრებისას სასწრაფოდ გადაწყდა, - სამი დღის განმავლობაში
იესოს საფლავის გარშემო დაეყენებინათ ძლიერი დაცვა, და ამასთან რომაელთა
მხედრობა, რადგან იგი ბევრად უფრო საიმედო იყო, ვიდრე იუდეველთა, პრეტორიაში
გამოცხადებულმა მღვდელმთავრებმა წესრიგისა და სიმშვიდის მოსურნეებისა და ასევე
რომაელთა ინტერესების დამცველებისა და მიმართეს პილატესა და ჰრქუეს: უფალო:
მოვიხსენეთ, რამეთუ მან მაცდურმან, რომელსაც ისინი სახელით მოხსენების ღირსადაც
არ თვლიდნენ, ჰსთქუა, ვიდრე ცოცხალიღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა
აღვჰსდგეო მკვდრეთით. ფხიზლად ადევნებდნენ რა ყოველივეს თვალს, რასაც იკეთებდა
და ამბობდა იესო, მის მტრებს უფლის წინასწარმეტყველებათა შესახებ შეეძლოთ
გაეგოთ იუდა გამცემლისაგან, ანდა იმ ხმებიდან, რომლებიც მოდიოდა მოციქულთაგან.
- აწ უკუე ბრძანე ეუბნებიან ისინი პილატეს, დაკრძალუად საფლავი იგი, ვიდრე
მესამედ დღედმდე, ნუ უკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი, და უთხრან
ერსა, ვითარმედ აღჰსდგა მკვდრეთით, და იყოს უკანასკნელი საცდური უძვირეს პირველისა,
როცა იგი თავს მესიად აცხადებდა იმიტომ, რომ ცნობა აღდგომის შესახებ უფრო ძლიერ
იმოქმედებს ხალხზე, ვიდრე უბრალო სიტყვები თავის თავზე, როგორც მესიაზე.
„უცნაური საშიშროება სინედრიონისა! იესო საფლავშია და მაინც თითქოს
შესაძლებელია, რომ მოწაფეებს სურთ მისი გვამის მოპარვა? - კითხულობს მთ. ეპ.
ფილარეტი (ჩერნიგ.), - თუ იგი მატყუარაა, განა ღირს მასზე ზრუნვა? თუ იგი ამასთან
მკვდარიცაა, მით უფრო საჭირო იყო მისი საერთოდ დავიწყება. „მოწაფენი
მოიპარავენ? მაგრამ სად არიან ისინი? განა არ გაიქცნენ ისინი, როგორც ცხვრები?
დაინახა კი რომელიმე მათგანი სინედრიონმა იოანეს გარდა ჯვართან? დაინახა
რომელიმე მათგანი ვინმემ საფლავთან? საცოდავი ხალხი, ისინი გრძნობენ, ისინი
აღიარებენ იესოს დიდებულებას საფლავშიც კი, მათ ეშინიათ მიცვალებული იესოსიც
კი, მაგრამ შეუპოვრად აგრძელებენ ბრძოლას ზეციურ ჭეშმარიტებასთან. ისინი
ებრძვიან მას, მაგრამ ამარცხებენ მხოლოდ საკუთარ თავს“. მათ ავიწყდებათ, რომ
მათი საკუთარი სჯული მიცვალებულის შეხებას უკვე უთვლიდა შებილწვად, რომელიც
შვიდ დღემდე გრძელდებოდა და ითხოვდა განწმედას, ხოლო ის ვინც არ
განიწმინდებოდა, სიკვდილს იმსახურებდა. „სიცრუე, - ამბობს წმ. ოქროპირი,
ყველგან ყველაფერს აკეთებს თავის საწინააღმდეგოდ და უნებურად თითქოს იცავს
კიდეც ჭეშმარიტებას. საჭირო იყო იმის რწმენა, რომ უფალი მოკვდა, დაიმარხა და
აღსდგა, და ყოველივე ამას თვით მტრები ხდიან ღირსად რწმენისა. ჩაწვდი ამ
სიტყვებს: „ჩვენ მოვიხსენეთ“, ამბობენ „რამეთუ მან მაცდურმან ჰსთქუა, ვიდრე
ცოცხალღა იყო“, - მაშასადამე იგი გარდაიცვალა, აწ უკუე ბრძანე დაკრძალუად
საფლავი იგი“ - მაშასადამე - იგი დაიკრძალა, „ნუ უკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი
და წარიპარენ იგი“. ამრიგად, თუ საფლავი დაბეჭდილია მაშინ, როგორღა ექნება
ადგილი მოტყუებას? ეს ხომ შეუძლებელი საქმეა! ხოლო თუ არ შეიძლებოდა მოტყუება,
ხოლო საფლავი ცარიელი ნახეს, მაშინ ცხადია, რომ იგი აღსდგა, არ შეიძლება ამისი
დაუჯერებლობა. ხედავ, როგორ ირჯებიან ჭეშმარიტების სასარგებლოდ, თავიანთი ნების
საწინააღმდეგოდ? ნახე ასევე, როგორ უფრთხილდებიან ჭეშმარიტებას მოწაფენიც,
როგორ არაფერს მალავენ მტრებისგან ნათქვამიდანაც კი, კიდევ რომ იყოს იგი
სასირცხვინო. აი, მტრები უწოდებენ მას მატყუარას, მოწაფენი ამაზე არ ჩუმდებიან.
ეს ამასთან აჩვენებს იმათ ულმობელობას, რადგან სიკვდილის შემდეგაც ვერ
გათავისუფლდნენ მრისხანებისაგან“.
პილატეს არ სურდა მათთან ახალი შეკამათება, მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი,
რასაც ითხოვდნენ მისგან. ჰრქუა მათ პილატე, გაქუს თქუენ დასი, თქვენ გაგაჩნიათ
სამხედრო ძალა ტაძართან, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ: წარვედით და
დაჰკრძალეთ ვითარცა იცით, და დაიცავით საფლავი. „პილატე, - შენიშნავს წმ.
ოქროპირი, - არ აძლევს მარტო მხედრებს ნებას, რომ დაბეჭდონ საფლავი, არამედ
ეუბნება: თქვენ როგორცა გსურთ, ისე დაბეჭდეთ, რათა შემდეგ არ დაადანაშაულოთ
სხვები. ნამდვილად, მხედრებს რომ მარტო დაებეჭდათ საფლავი, მაშინ იუდეველებს
შეეძლოთ ეთქვათ, რომ მხედრებმა დაუშვეს გვამის წაღება“ დაბეჭდვაზე ადრე. „ახლა, როცა თვითონ დაბეჭდეს საფლავი, უკვე აღარ შეუძლიათ ამისი თქმა. ხედავ,
როგორ უნებურად ირჯებიან ჭეშმარიტებისათვის? თვითონ დაცვასთან ერთად, რათა ამ
სახით ყოფილიყვნენ დამდანაშაულებლები და მამხილებლები თავიანთი თავისა“. მაგრამ
ღვთის განგებულება ამითაც აკეთებდა თავის საქმეს: მეფის სიმშვიდის დასაცავად
საჭირო იყო არა უბრალოდ დაცვა, და აი, დაინიშნა ის მხედრობა, რომელიც თავად
ტაძარს იცავდა. „დადგა თუ არა საღამო შაბათისა, როცა სჯული ნებას იძლეოდა
ჩვეულებრივ საქმეების კეთებისა, მღვდელმთავრებმა იახლეს საჭირო რიცხვი
მხედრებისა და გაეშურნენ იოსების ბაღისაკენ - ამბობს მთ. ეპ.ინოკენტი, იქ,
უეჭველია არ დააყოვნეს მთელი გამოქვაბულის გულდასმით შემოწმება შიგნიდან,
დარწმუნდნენ იესოს ცხედრის მთლიანობაში, როგორც იმაში, რომ გამოქვაბულიდან სხვა
გამოსასვლელი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომელიც ამოვსებული იყო უზარმაზარი
ქვით. ამაში დარწმუნების შემდეგ, ქვა ისევ შესასვლელთან დადეს, და საერთოდ
უსაფრთხოების მიზნით, რათა არავის შეძლებოდა იქ შესვლა, სინედრიონის ბეჭდით
იქნა დაბეჭდილი“. ხოლო იგინი წარვიდეს, და დაჰკრძალეს საფლავი იგი, და
დაბეჭდეეს ლოდსა მას დასისათანა. „იესოს საფლავთან ორი დაცვაა: სინედრიონის
ბეჭედი და მხედარნი. ორივე ერთმანეთზე უფრო საიმედო იყო. რომაული სამხედრო
წესდებით მხედარნი მთელი სიმკაცრით ისჯებოდნენ მოვალეობის სულ უმნიშვნელო
შეუსრულებლობისათვისაც, აქ კი იყვნენ ისეთი მხედრები, რომლებიც იმყოფებოდნენ,
როგორც რომის სამხედრო წესების ქვეშ, ასევე სინედრიონის ქვეშევრდომობაში,
ამიტომ ცხადია მათ ექნებოდათ ორგვარი შიში. ასე, რომ სინედრიონმა თავად მიიღო
ზომები, რათა ქრისტეს აღდგომის რწმუნებისათვის არ დარჩენილიყო არავითარი ეჭვი“
(მთ. ეპ. ინოკენტი). ასე, ღვთის სიბრძნე, არ ზღუდავდა რა ადამიანის
თავისუფლებას, განაგებდა ადამიანთა უბოროტეს საქმეებსაც კი, რითაც ისინი
აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტებას, რათა ამავე საქმეებითვე
დაემოწმებინათ თავად ჭეშმარიტება. „თუკი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაშინ არ
აღსდგა, როცა ისინი საფლავს ასე საგანგებოდ იცავდნენ, მაშინ როცა სამი დღის
შემდეგ მას განეშორებოდნენ, კიდეც შეეძლოთ რაღაც ეთქვათ ჩვენს საწინააღმდეგოდ,
თუმცა კი განუსჯელად: სწორედ იმისათვის დაასწრო მოვლენებს და აღსდგა, რათა არ
ჰქონოდათ მათ უსირცხვილო საბაბი. ამიტომ დაუშვა უფალმა ყოფნაც. ისინი ამასთან არ
ზრუნავდნენ იმაზეც, რომ შრომობდნენ შაბათ დღეს, არამედ მხედველობაში ჰქონოდათ
მხოლოდ თავიანთი ბოროტება, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ბოროტი მოესწროთ. აი,
უკიდურესი უგუნურება და საშინელება, ასე რომ აძრწუნებდა მათ. ისინი, რომელთაც
თავხედურად შეიპყრეს იგი ცოცხალი, ახლა შიშობენ, როცა იესო მოკვდა. თუ ეს იყო
უბრალო კაცი, მაშინ რატომ იყვნენ მოსვენება დაკარგულნი? დაე, იცოდნენ, რომ მან
საკუთარი ნებით დაითმინა ყველაფერი, რომ მხოლოდ ითმენდა: აი, ბეჭედიც, ქვაც და
დაცვაც, და ყოველივე ამან მიცვალებული მაინც ვერ დააკავა!“
| |