|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
წმინდა დედანი ქრისტეს ჯვართან
მათე 27, 55-56
უფლის ახლობლებიდან, მის მოციქულთაგან, იოანეს გარდა ჩვენ ვერავის ვხედავთ
ჯვართან. ჩანს მათი შიში სიყვარულზე ძლიერი იყო, მისი ჯვარზე წამების ამ მეტად
საშინელ საათებში. პეტრეს ჰქონდა თავისი ჯვარი: იგი ტიროდა განმარტოებით...
სამაგიეროდ სიყვარულმა წმიდა დედებისამ, რომლებიც იყვნენ უფლის მოწაფენი,
გარდაამეტა ყოველგვარ შიშს: ჯვართან მიახლოების უფლებას მათ არ აძლევდნენ
რომაელი მხედრები, რომლებიც იცავდნენ ჯვარს, ამიტომ ისინი შორიდან ადევნებდნენ
თვალს თავიანთ წამებულ მასწავლებელსა და უფალს და თავადაც ეწამებოდნენ სულით:
იყუნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესოს
გალილიათ, და მსახურობდეს მას, ვისაც როგორც შეეძლო, რომელთა თანა იყო მარიამ
მაგდალინელა, რომლისგანაც უფალმა განდევნა შვიდი ეშმაკი, და მარიამ იაკობისი და
იოსეს დედა, წმ. ოქროპირისა და ნეტ. თეოფილაქტეს აზრით, მახარებელი ასე უწოდებს
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რადგან იაკობი და იოსია - იყვნენ იოსების შვილები
პირველი მეუღლისაგან; ხოლო სხვა განმმარტებელთა აზრით, ეს იყო ცოლი ალფეზისა
ანუ კლეოპასი, ღვთისმშობლის ნათესავი, და დედა ძეთა, ზებედესთა, იაკობ და იოანე
მოციქულების დედა სალომე.
რა უნდა ითქვას ებრაელთა მღვდელმთავრებსა და უხუცესებზე, შეიგნეს რამე
სასწაულებიდან, რომლებიც მოხდა იმ დროს? შიში მაინც არ დაეუფლათ? „ამაოდ... იმ
დროს, როცა დაბნელდა ზეცა, შეირყა მიწა, დაირღვა კლდენი, გაიხსნა საფლავები და
აღდგნენ მკვდრები, იმ დროს მღვდელმთავრები ზრუნავდნენ დღესასწაულის გარეგნულ
მხარეზე, რომელიც ითხოვდა, რომ ჯვარცმულთა გვამები დიდხანს არ დარჩენილიყო
მოზეიმე იერუსალიმელთა თვალწინ, - იმ საშუალებებზე, როგორ შეემცირებინათ
მომაკვდავთა სიცოცხლე, - იესოს სხეულის ხელახალ შერცხვენაზე, მისი გვამის
მიწაში დაფლვაზე ბოროტმოქმედთა გვამებთან ერთად! ეს იყო საშინელი ხილვა
კაცობრიობის მოყვარე გულისთვის, რომელსაც არ სურს დაინახოს ადამიანებში
მტარვალნი, ღირსნი ჯოჯოხეთისა“ (მთ.ეპ. ინოკენტი). „ასეთია, - ბრძანებს წმ.
ოქროპირი, შურის ძალა! იესო ქრისტეს მტრებმა ერთხელ და სამუდამოდ გაწირეს თავი
ბოროტი საქმეებისთვის!“ იერუსალიმი სავსე იყო ასობით ათასობით მლოცველით;
უხერხული იქნებოდა ასეთ დიდებულ დღეს ჯვარცმულების ასე დატოვება. საჭირო იყო
მათი სიცოცხლის მოსწრაფება, და აი ისრაელის ღმერთის მსახურებს არ შერცხვათ
ეთხოვათ პილატესათვის, რათა მას ებრძანა ჯვარცმულთათვის გადაეტეხათ წვივები და
მზის ჩასვლამდე ჯვარიდან ჩამოეხსნათ ისინი. პილატემ შეასრულა მათი თხოვნა;
გააგზავნა მხედრები გოლგოთაზე, რათა ჯვარზე გაკრულთათვის გადაეტეხათ წვივები.
წმ.იოანე ღვთისმეტყველი იყო თვითმხილველი, თუ როგორ გადაუტეხეს წვივები
მხედრებმა ავაზაკებს, და შემდეგ როგორ მივიდნენ იესოს ჯვართანაც და დაინახეს
რომ იესო უკვე მომკვდარიყო... „მხედრებმა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს ეწამებინათ
უსულო სხეული და მოეკდინათ უკვე მომკვდარი. მხოლოდ ერთმა მათგანმა, რომელსაც
ალბათ სურდა ბოლო მოეღო სიკვდილის ყოველგვარი ეჭვისთვის, ანდა შესაძლოა მხოლოდ
თავხედობით, იესო ქრისტეს მარჯვენა გვერდში უგმირა ლახვარი. რამდენადაც ამ
დარტყმას არ მოყოლია არავითარი მოძრაობა, და რადგანაც დარტყმაც იყო ძლიერი და
სასიკდინო, აღარა რჩებოდა არავითარი ეჭვი მტრებისთვის და არც იესოს
მეგობრებისთვის, რომ იგი მოკვდა სინამდვილეში. და მაინც ჭრილობებიდან მაშინვე
გადმოდინდა სისხლი და წყალი“ (მთ.ეპ.ინოკენტი). ჩანს ეს ჭრილობა ღრმა იყო,
რადგან
უფალმა თავისი აღდგომის შემდეგ უთხრა თომას: მოიღე ხელი შენი და დამსდევ
გუერდსა ჩემსა“ (ინ.20,27). ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე განსაკუთრებული
გამომსახველობით შენიშნავს, რომ მან საკუთარი თვალით იხილა ეს ამბავი, რომლითაც
აღსრულდა ღვთის სიტყვა ჭეშმარიტ ტარიგზე: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“
(გამ. 12,46) და ზაქარიას წინასწარმეტყველება (12,10) „იხილონ, რომელთა იგი
უგმირეს“. საღვთო წერილის ამ სიტყვების აღსრულებამდე, შეიძლება არავის ესმოდა.
რატომ დაადგინა მოსემ, არ შეემუსრათ ძვლები საპასექო ტარიგისა? ახლა ცხადი
გახდა, რომ ამით წინასწარ მიანიშნებდა უფლის ძვლების შეუმუსრველობას, ხოლო ეს
საჭირო იყო მისი უწმიდესი სხეულისათვის, რადგან იგი უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით.
ასე, რომ ქრისტეს წამების უმნიშვნელო ვითარებანიც კი ღვთის განგებულებით ადრევე
იყო მინიშნებული, რათა განემტკიცებინა ჩვენი რწმენა, რომ გაეღვივებინა
სიყვარული ჩვენთვის ჯვარცმულისათვის...
| |