|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
კრეტსაბმელის ორად გაპობა. მიწისძვრა. მიცვალებულთა აღდგომა
მათე 27, 51-53
ვიდრე ღმერთკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ბუნებას თითქოს არ სურდა აშფოთება მისი
უკანასკნელი წუთებისა არაჩვეულებრივი ნიშნებით და ეწამებოდა თავის უფალთან ერთად
უსიტყვოდ; მხოლოდ ერთ მზეს, - წმ. ოქროპირის გამოთქმით - არ შეეძლო გაენათებინა
არაადამიანური სანახაობა, მაგრამ ის იყო უფალმა სული მიაბარა მამას, რომ დაიწყო
მთელი რიგი ნიშნებისა, რომელთაც მთელ ქვეყანას დაანახეს, რომ გოლგოთაზე მდგარ
ჯვართაგან ერთი, შეუდარებლად უფრო წმიდა იყო, ვიდრე იერუსალიმის ტაძარი“ (მთ.ეპ.
ინიკენტი) და აჰა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისა, წმიდა ფარდა, რომელიც წმიდათა წმიდას
გამოყოფდა ტაძრის დანარჩენი ნაწილისაგან, ფარდა, რომელიც ჰფარავდა ღვთის საიდუმლობას
ადამიანთა თვალთაგან, რომელიც წელიადში მხოლოდ ერთხელ იხსნებოდა, განწმენდის
დღეს, როცა მღვდელმთავარი შედიოდა კრავის სისხლით წმიდათა წმიდათაში, - ეს ფარდა
რომლის სიგრძე იყო 25 არშინი და 12 არშინზე მეტი სიგანე - მღვდლების გასაოცრად, უცებ
განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე, ისე რომ აღთქმის კოდობანი, ქერუბიმები და სხვა
სიწმინდენი, რომელთა დანახვის უფლებაც არავისა ჰქონდა სიკვდილის შიშით, დასანახი
გახდა ტაძარში მდგარი თითოეული მღვდლისათვის. „ღვთის ტაძარმა, რომელიც დიდად
იგლოვდა განხორციელებული ღმერთის სიკვდილს, თითქოს დაიფხრიწა თავისი სამოსელი, ანუ
ფარდა“. (ნეტ. თეიფილაქტე). ასე რომ, როგორც წმიდათა წმიდათა განასახიერებდა ზეცას,
ამიტომ კრეტსაბმელის გაპობა მიანიშნებდა იმას, რომ ახლა ზეცასა და დედამიწას შორის
გამყოფი ზღუდე დაირღვა, გაქრა მტრობა ღმერთსა და ადამიანს შორის, რომ ზეცა მისაღწევი
გახდა ადამიანისათვის, იმიტომ რომ იქ შევიდა მღვდელმთავარი იესო ქრისტე, ერთი
ყველასათვის, თავისი საკუთარი სისხლით. ყველაფერი, რაც უწინ იფარებოდა სჯულის ქვეშ,
თითქოს ფარდის უკან, ყველაფერი გაურკვეველი და საიდუმლოებით მოცული ძველ აღთქმაში,
ახლა გასაგები გახდა, რაც ქრისტეზე აღსრულდა. ძველი აღთქმის მსხვერპლი ახლა
უსარგებლო გახდა, რადგან შესრულდა ის, რასაც ისინი განასახიერებდნენ; გოლგოთაზე
შეწირულ იქნა ერთი დიდი მსხვერპლი მთელი ქვეყნიერებისათვის: იქ დაიკლა ტარიგი
ღვთისა, რომელმაც იტვირთა ქვეყნის ცოდვები, და ამიტომაც, აქამდე მიუღწეველი მკაცრი
იეღოვას საყდარი გახდა საყდარი მაღლისა, ყველასათვის მისაღწევი, დაე, აარონის წესის
მღვდლებმა იცოდნენ, რომ მოვიდა დიდი მღვდელმთავარი მელქისედეკის ნიშნით და მოიტანა
თავისი მსხვერპლი. კრეტსაბმელის გაპობა ჭეშმარიტად სასწაულებრივი იყო, რადგან თვით
ტაძარი გადარჩა, მაშინ როცა უზარმაზარი ფარდა გაიპო ორად.... და ქუეყანა შეიძრა
ისეთი დიდი ძალით, რომ და კლდენი განჰსქდეს, კლდეები შეირყა, დაირღვა, და დღემდეც
კი გოლგოთის ძირას შეიძლება გადახეთქილი კლდის დანახვა, განსაკუთრებით რომ
იმსახურებს ყურადღებას, იმიტომ რომ ამ ადგილას კლდე ქანების მიხედვით კი არ არის
დარღვეული, არამედ იმათ საწინააღმდეგოდ; ცხადია, რომ ეს მიწისძვრა იყო ღვთის
სასწაული, რომელზეც შემდგომ მიუთითებდნენ წმ. კირილე იერუსალიმელი და მოწამე
ლუკიანე. „ქვებიც ირღვევა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მიწაც იძვრის, რათა შეეგნოთ,
რომ უფალს შეეძლო ისინიც დაებრმავებინა და გაეწყვიტა. მას, რომელმაც დაარღვია
ქვები და ქვეყანა დააბნელა, მით უფრო არ შეეძლო ეს ჩვენზე გამოეჩინა თუკი
მოისურვებდა? მაგრამ არ ინება; თავისი რისხვა გადაანთხია რა სტიქიას, მას
სურდა ჩვენი სიმშვიდით გადარჩენა“.
და საფლავნი აღეხუნენ გაიხსნა სამარხი გამოქვაბულები, რომლებიც ჩვეულებრივ იყო
გამოკვეთილი კლდეებში; მძიმე ქვები, სამარხების შესასვლელთან მიდგმული, რყევისაგან
მოწყდა ადგილს; ამ გამოქვაბულებში გაჩნდა ნაპრალები, რომელთაც ღიად დატოვეს
სამარხები. მაგრამ საფლავების გახსნა იყო მხოლოდ მომზადება ახალი, უფრო მეტი
სასწაულებისათვის ჯვარზე გაკრულის ყოვლისშემძლეობისა: და მრავალნი გუამნი
შესუენებულთა წმიდათანი აღჰსდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით, და შემდგომად
აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა იერუსალიმში და გამოეცხადნეს მრავალთა,
გამოეცხადნენ ხალხს, „რათა სინამდვილე არ მიეღოთ ოცნებად“. - როგორც ამბობს წმ.
ოქროპირი. ასე, ქრისტეს ძალამ, რომელმაც საფუძველში დაამსხვრია სიკვდილის სამეფო
„დაუყოვნებლივ შეაღწია იქ სადაც კი შეეძლოთ მისი მიღება, და მაშინვე გააცხადა თავი
მაცოცხლებელი მოქმედებით“ - ასე იმ დროს, როცა უფალი ჯვარზე ძალისაგან იცვლებოდა და
დუმდა, - „ზეცა და დედამიწა აძლევენ მას თავის ხმას, და მომკვდარნი იწყებენ
ქადაგებას ჯვარცმულის აღდგომისა, და თვით ქვებიც ღაღადებენ მასზე“ (მიტრ.
ფილარეტი), რომ მას მიცემული აქვს ყოველგვარი უფლება ზეცაში და დედამიწაზე, რომ
მასთანაა გასაღებები სამოთხისა და ჯოჯოხეთისა... ასე აღსრულდა ქრისტეს სიტყვა
იუდეველების მიმართ: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისა, მაშინ ჰსცნათ, რამეთუ მე ვარ“
(ინ. 8,28), მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ ჭეშმარიტი ძე ღვთისა, იცნობთ ჩემს ძალასა
და უფლებას. წმ. მახარებელი არ ამბობს, ვინ იყვნენ აღდგომილი წმიდანები, იმიტომ რომ
ძალა არა აღდგომილთა სახელებშია, არამედ თვით აღდგომის სასწაულში. „ქრისტე, -
ამბობს წმ. გრიგორი დეოლოღოსი, ერთი მოკვდა, მაგრამ ერთი არ აღსდგა, - მან აღადგინა
თავისთან ერთად ბევრი სხვაც, რათა ჩვენი მსგავსი ადამიანების აღდგომით ჩვენთვის,
ადამიანთათვის, განემტკიცებინა იმედი ჩვენი აღდგომისა“. - „უფლის სიკვდილით
აღმდგარი მართალნი აღდგნენ განახლებული სხეულით, ისეთით, როგორიც იქნება წმიდანთა
სხეული საყოველთაო აღდგომისას, ამიტომაც წმიდა მამები ფიქრობენ, რომ ისინი აღარ
დაიხოცნენ ხელახლა, არამედ უხილავად გააცილეს უფალი ზეცას, მისი ამაღლებისას,
შეადგინეს რა მათგან უფლის გარშემო საწყისი განახლებული კაცობრიობისა, რომელსაც
შემდგომ შეუერთდა დედა ღვთისა, ხორციელად რომ იქნა ზეცას აღყვანილი“ (მთ. ეპ. ინოკენტი).
| |